ძებნის რეზულტატი:
ივლისში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებში რუსეთი, $100 მილიონით პირველია
ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს. ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა სებ–ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა. გზავნილების მოცულობის ზრდით, წინა წლის ივლისთან შედარებით, 1 244%–ით ბელარუსი ლიდერობს, საიდანაც საქართველოში $10,34 მლნ გადმოირიცხა. ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა: რუსეთი - $100,59 მლნ; იტალია - $35,96 მლნ; აშშ - $28,56 მლნ; საბერძნეთი - $19,17მლნ; ისრაელი - $16,72 მლნ; 2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა. ამის შესახებ პორტალი Countrymetrics.info, რომელის ვებგვერდზეც ვირტუალური მრიცხველია გამოსახული, სადაც ონლაინ რეჟიმში, რეალურ დროში სტატისტიკური მონაცემები ახლდება. პორტალის მონაცემებით, დედამიწაზე კაცების რაოდენობა ქალებისას 1%–ით აჭარბებს. TOP 10 ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობით Countrymetrics.info-ს მიხედვით: ჩინეთი - 1,456 მლრდ. ადამიანი;ინდოეთი 1,419 მლრდ. ადამიანი;აშშ - 336 მლნ. ადამიანი;ინდონეზია - 281 მლნ. ადამიანი;პაკისტანი- 231 მლნ. ადამიანი;ნიგერია - 218 მლნ. ადამიანი;ბრაზილია - 216 მლნ. ადამიანი;ბანგლადეში - 169 მლნ. ადამიანი;რუსეთი - 146 მლნ. ადამიანი;მექსიკა - 132 მლნ. ადამიანი;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარბაშვილი: რთველი წელსაც დასუბსიდირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხდებით, რთველი 2022 წელსაც დასუბსიდირდება და ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 150 მილიონი დაიხარჯება. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნი 90 თეთრი ეღირება. პრემიერის თქმით, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით - დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა
საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 5 ფაქტი გამოავლინა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით. დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 28 პირი და სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ლ.ვ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 259,25 გრამი) გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23 768,03 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $1 მლრდ 618 მლნ შეადგინა
ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება. „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა განაცხადა ღარიბაშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილი: იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს 20-30 თეთრით შეამცირებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ. „ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასები და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე ფასების დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერმა. „ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან - დღეს დილითაც მქონდა მათთან საუბარი.მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლატსის ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჯერაც არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება. ამიტომაც საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რაიმე სახის გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ფინეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე, რუს ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან
ფინეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ადგილზე ვიზიტისას, რუსეთის ფედერაციიდან ჩასულ ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან. ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინეთის ქალაქ იმარტში, ყოველდღიურად, 100 წლიანი დამბისის საკეტები იხსნება და იან სიბელიუსის მუსიკა ისმის. ივლისის ბოლოდან შოუ უკრაინის ჰიმნით იხსნება. ასევე, მეზობელ ქალაქ ლაპენრანტაში, უკრაინის ჰიმნი მერიასთან ყოველ საღამოს ჟღერს. მუნიციპალიტეტის შენობა რუს ტურისტებში პოპულარულ სავაჭრო ცენტრებს გადაჰყურებს. „მიზანი არის უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა და აგრესიის ომის დაგმობა“, - განაცხადა ლაპენრანტას მერმა კიმო იარვამ. ახლა ბევრი რუსისთვის ფინეთი ევროპის კარიბჭეა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაკეტილია. თუმცა ვიზების მქონე რუსებს შეუძლიათ, სახმელეთო საზღვარი გადაკვეთონ და ევროპის მასშტაბით იმოგზაურონ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
Reuters: ისრაელმა სირიაში, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა
ისრაელმა სირიაში, ირანულ სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ისრაელმა ბოლო წლებში ირანულ სამიზნეებზე ასობით დარტყმა განახორციელა, მაგრამ ამ დრომდე თავს არიდებდა რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშებს. დარტყმები ქალაქ ტარტუსში განხორციელდა, სადაც რუსული საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს. მოსკოვის მთავარი საჰაერო ბაზა ასევე მდებარეობს ლატაკიის პროვინციაში. ისრაელსა და რუსეთ შორის დაძაბულობა ებრაული სააგენტოს საკითხის გარშემო გაიზარდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს სოლიდარობას ვუცხადებთ
ოფიციალური თბილისი უსამძიმრებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მომხდარი აფეთქების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა „ინფორმაცია სომხეთში, ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების წერილში. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„თალიბანს“ რუსული ნავთობის ბარტერით ყიდვა სურს
„თალიბანის“ მთავრობის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთი ავღანური პროდუქციით დაინტერსდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „თალიბანის“ დელეგაცია მოკსოვში 14 აგვისტოს ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთი 2021 წლის აგვისტოში დატოვა. აშშ-ის და NAT0-ს სამხედროები ქვეყნიდან გავიდნენ. „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში ამის შემდეგ დაბრუნდა. ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. საერთაშორისო თანამეგობრობა თალიბანის მიერ შექმნილ მთავრობას ლეგიტიმურად არ ცნობს.
სირიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
სირიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალებზე მედია ჯერ არ წერს. ცნობისთვის, ინციდენტი სირიაში განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.
ზელენსკიმ რეგიონებში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ოფისების ხელმძღვანელები ტერნოპოლის, ლვოვისა და კიევის რეგიონებში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, ლვოლვის სამსახურის ხელმძღვანელი კიევში გადაინაცვლებს. დანარჩენი ორი ოფიციალური პირის შემთხვევაში დეტალები არ ვრცელდება.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „წყალქვეშა შეტევა“ მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სწავლება - „წყალქვეშა შეტევითი და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, „ბრძოლა საცხოვრებელ ადგილებში“ და სანაპირო შეტევა“ აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ტარდება.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა
რადას გადაწყვეტილებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. მანამდე, შესაბამისი წინადადებით, უკრაინის პარლამენტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა და შვეიცარია რუსი ოლიგარქების ქონების იდენტიფიცირებას ერთობლივად გეგმავენ
უკრაინა რუსი ოლიგარქების კუთვნილი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, შვეიცარიასთან მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შვეიცარიაში, არტემ რიბჩენკომ რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შვეიცარიაში რუსული ინვესტიციები „საკმაოდ ბევრია", მაგრამ ამ თანხების ინვესტირება სხვადასხვა გზით ხდება, ამიტომ, ყოველთვის არ არის მკაფიო, არის თუ არა ის რეალურად, რუსული ფული. ამ კონტექსტში დიპლომატმა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში პირველი აგვოსტოდან ფულის გათეთრების შესაჩერებლად ახალი ზომა ამოქმედდა. ახალი სისტემა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე დაინერგა. ამიერიდან, ნებისმიერ უცხოური კომპანია, რომელიც დაინტერესებულია მიწის ან ქონების შეძენით დიდ ბრიტანეთში, რეალური მფლობელები უნდა გაამჟღავნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა დაახლოებით, დღეში 2500 ფუნტს შეადგენს, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის გამო, ერთ-ერთი ენერგობლოკი გათიშულია
უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდულმა დაბომბვამ სადგურის უსაფრთხო მუშაობას სერიოზულ საფრთხე შეუქმნა. ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ავარიულმა დაცვამ იმუშავა და სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან, ერთი ახლა გამორთულია. 14 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, მსოფლიოს ქვეყანებმა, მათ შორის, საქართველომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
პროკურატურამ დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრი: საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა
"საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა - აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით არის გამოთქმული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.