ძებნის რეზულტატი:

წითელ ზღვაში აშშ-სა და საუდის არაბეთის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო

წითელ ზღვაში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება.  საუდის არაბეთის მედიის ცნობით, საზღვაო-სამხედრო სწავლებები ქალაქ იანბუში დაიწყო, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.  სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას, საუდის არაბეთის დასავლეთი რეგიონის სარდალი აჰმედ ალ-დები, აშშ-ს საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური პოლ ჯოზეფ როკი, ასევე ორი ქვეყნის უფროსი ოფიცრები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ. წვრთნების მთავარი მიზანია, ორ მხარეს შორის ოპერატიული გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი სამხედრო გეგმების განხორციელების შემუშავება. 2021 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ფლოტებმა 10-დღიანი ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რომლის მიზანიც „ნავიგაციის  თავისუფლების უზრუნველყოფა“ იყო.   

შუა დერეფნის მოთამაშე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფს ამცირებენ - უზბეკეთი

უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, საქართველოს, თურქეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის რკინიგზებმა საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მიერ სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფების 70%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინეს.  ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ უზბეკეთი წარმატებულად იყენებს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მარშრუტსა და „ალიატის“ საზღვაო პორტს.  „ამჟამად ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეტაპობრივ ზრდას. ქვეყნის სატვირთო გადამზიდველები ზრდიან ტვირთის გადაადგილებას უშუალოდ კასპიის ზღვის გავლით. ამასთან ჩვენ ვგეგმავთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებზეც ეს დერეფანი გადის, ურთიერთობისთვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ", - ნათქვამია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.   შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების პრაქტიკა „ნებართვის ფორმების“ საფუძველზე დაინერგა. ასევე შეიქმნა საერთაშორისო გადაზიდვების შერეული კომისია.  უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  „სანებართვო სისტემა“ ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილების სტატისტიკის ფორმირებას, რათა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის შესაბამისი ანალიზი მომზადდეს.  

წლის დასაწყისიდან თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 1,8 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა

2022 წლის იანვარ-ივლისში თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 1 826 242 გარიგება განხორციელდა.  მხოლოდ ივლისში 222 ათასი გარიგება დაიდო და 578 უძრავი ქონება გაიყიდა.   მთლიანობაში, 2022 წლის იანვარ-ივლისში თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 1 მილიონ 826 ათას 242 ტრანზაქცია განხორციელდა. გადასახადების სახით ბიუჯეტში 2 მილიარდ ლირაზე მეტი შევიდა.  აქედან 798 840 სახლი გაიყიდა, 314 ათასი მიწის ნაკვეთი, 496 ათასი სახნავ-სათესი მიწა, ხოლო 84 ათასი გარიგება კომერციულ ობიექტებთან დაიდო.  ყველაზე მეტი 240 ათასი ტრანზაქცია სტამბოლში განხორციელდა. გარიგებების მოცულობით მეორე ადგილზეა ანკარა (123 ათასი); მედსამეა იზმირი(99 ათასი); შემდეგ მოდის ანტალია (75 ათასი); ბურსა (69 ათასი); კონია (54 ათასი); კოჯაელი (50 ათასი); და ბალიკესირი (49 ათსი).     

ირაკლი ღარიბაშვილი: ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როცა აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ქვეყნის შენება

დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. „მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ხოლო უკრაინის სამხრეთიდან კარგი ამბები ისმის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „სასტიკი ბრძოლებია დონბასში. ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია ამ მიმართულებაზე - ავდეევკა, მარინკა, პესკი, ბახმუტი და სხვა შესაბამისი მიმართულებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ ამ მიმართულებებზე მთელი რესურსი მიმართა. „ხარკოვში უკრაინის დაცვის ხაზი ძლიერია. ოკუპანტებმა ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კარგი ამბებია. განადგურებულია რუსეთის ჯარის ნაწილები“, - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა არ კარგავს არცერთ დღეს და ოკუპანტების პოტენციალს ამცირებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, ომს 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა. „ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო. დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა.  

ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალმა სანქციებმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრია დაბლოკოს

უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ახალმა სანქციებმა რუსეთის ატომური ინდუსტრია დაბლოკოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები უკიდურესად ცინიკურად ცდილობენ ხალხის დაშინებას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამოყენებით. „ისინი აწყობენ მუდმივ პროვოკაციებს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვით და ცდილობენ, დააშანტაჟონ ჩვენი სახელმწიფო და მთელი თავისუფალი სამყარო. რუსეთის მხრიდან შანტაჟი ტერორთან დაპირისპირებისთვის კიდევ უფრო მეტი გლობალურ ძალისხმევის მობილიზებას გამოიწვევს. რუსეთის კონტინგენტის ყოფნის ყოველი დღე ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის მეზობელ რაიონებში, აძლიერებს რადიაციულ საფრთხეს ევროპისთვის იმდენად, რომ ეს ცივი ომის დროს დაპირისპირების პიკის მომენტებშიც კი არ მომხდარა.  რა თქმა უნდა, ამაზე მტკიცე პასუხი უნდა იყოს. უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აუცილებლად დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია. ტერორისტული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ისევე როგორც ის, ვინც მათ ეხმარება ატომური ელექტროსადგურის შანტაჟის ოპერაციაში, უნდა გაასამართლოს საერთაშორისო სასამართლომ. ეს აუცილებლად მოხდება და ყველა რუსიმა ჯარისკაცმა, რომელიც ესვრის ქარხანას უნდა გაიგოს, რომ ის ხდება ჩვენი დაზვერვის, ჩვენი საიდუმლო სამსახურის, ჩვენი ჯარის განსაკუთრებული სამიზნე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის შსს-მ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ემზადება. გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა. უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა დაბომბვაში ადანაშაულებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს აცხადებს, რომ კახეთის პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ მამაკაცს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.

ევროკავშირი: საქართველომ რუსეთსა და ბელორუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად

რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. ამის შესახებ ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. „რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით, რაც გამწვავდა თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების ყოფნით. ამან ასევე იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. მთავრობამ რუსეთსა და ბელორუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 2021 წლის 6-7 ივლისს საქართველოს ეწვია ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, რათა წარედგინა რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი საფლაგმანო ინიციატივები საქართველოსთვის. 26 ივნისს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ვიცე-პრეზიდენტის დავალებით სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ავსტრიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. მათ საქართველოს ევროპის სოლიდარობა და ჩართულობა, რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი მისი ერთგულება აღუქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს შიდა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკავშირი: პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას

ევროკავშირის შეფასებით, პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. ევროკავშირის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს დიდი პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავება აღინიშნებოდა. „პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და 2021 წლის თებერვალში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისმა დაკავებამ შემდგომი პოლარიზაცია გამოიწვია. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, მისი გირაო ევროკავშირში დაფუძნებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ გადაიხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო თიბისი ბანკის დამფუძნებლები და პოლიტიკური პარტია ლელო 2022 წლის იანვარში; ბრალდება და პროცესი სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დაპატიმრეს. 2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებგადაწყვეტილება გამოგზავნა. მან დაავალა მთავრობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან ასევე ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო

2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო. ეს აჩვენებს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს. ამის შესახებ ნათქვამი ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. „ევროკავშირმა კვლავ განაგრძო ევროპის გუნდის (Team Europe) მიდგომა COVID-19 პანდემიის დასაძლევად, მათ შორის მჭიდრო და რეგულარული დიალოგის საშუალებით წევრ ქვეყნებთან კოორდინაციისა და წარმატებული ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, 2021 წლის საქართველოს მხარდაჭერის პრიორიტეტები ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ მედეგობის შესახებ ხელშეკრულების (Resilience Contract) განხორციელების გაგრძელებაზე (საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით), არამედ მისი თანმდევი მედეგობის პროგრამის (Resilience Facility) ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებაზე (12.7 მილიონი ევროს ღირებულებით). ეს დამატებითი ღონისძიებები მიმართულია შემდეგ სფეროებზე: გარემოს დაცვა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა (ტელემედიცინა) და სოციალური დაცვა (ახალი სოციალური კოდექსისშემუშავება). გარდა ამისა, 2021 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რვა არსებითი გრანტი გადაეცა, რომელიც მოიცავს ზედამხედველობას, გენდერს, ადამიანის უფლებებს და შესაძლებლობების განვითარებას, და ასევე მხარს უჭერს ამ ორგანიზაციებს COVID-19 პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევაში. კიდევ ერთი პრიორიტეტი იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზისა და "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის" (EU 4 Integrated Territorial Development) პროგრამის ფარგლებში ძირითად პროექტებთან კონტრაქტების გაფორმება, რაც შესრულდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეასრულა თავისი ვალდებულებები საბიუჯეტო დახმარების კუთხით, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გადმოირიცხოს. საბიუჯეტო დახმარების ხუთი პროგრამის ფარგლებში 46 500 000 ევროდან (ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა) გაიცა 34 750 000 ევრო. COVID-19 პანდემიის გამკლავებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის 2020-2021 წლებში 150 მილიონი ევრო გახდა ხელმისაწვდომი. პირველი ტრანში (75 მილიონი ევრო) 2020 წლის ნოემბერში გაიცა. საქართველოს მთავრობამ მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) მოთხოვნისგან თავი შეიკავა“, - წერია დოკუმენტში.

მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა

მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი მთასვლელები აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ ესაჭიროებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი დასახლებული პუნქტის მიმართულებით დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს“,-აღნიშნულია განცხადებაში. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა.  

ევროკავშირი: სახალხო დამცველი სენსიტიურ საკითხებზე გამოხმაურებების გამო ზეწოლას განიცდიდა

ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშში მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები კი, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. „ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები“, - წერია დოკუმენტში. შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნინო ლომჯარიას ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებენ და საქართველოს სახალხო დამცველს „ნაციონალური მოძრაობის“ ომბუდსმენს უწოდებენ. ლომჯარია თვლის, რომ „დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს“.

ევროკავშირის ანგარიშში მედიის თავისუფლების საკითხები და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ ცნობები მოხვდა

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზედ პოლარიზებული. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. მისივე თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით. „თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 20228 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა. 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“, - წერია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. „მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებით ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

ევროკავშირი: სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სასამართლო სისტემაში რეფორმებს ცალკე თავი ეთმობა. დოკუმენტში წერია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებასა და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება, მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა კი, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, პირველ დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლად არჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოებისშესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად. ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის11 თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე. მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი. ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოთხოვნილ დასკვნაში12, გამოთქვა შეშფოთება გადამეტებულ დაჩქარებასთან, ინკლუზიური და ეფექტიანიკონსულტაციების ნაკლებობასთან და ამ ცვლილებების მოტივების გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესასრულებლად პარლამენტს 2021 წლის ივლისში წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესებს. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. მომავალი გენერალური პროკურორების არჩევისთვის, 2021 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას. თუმცა, ვენეციის კომისიის არსებული რეკომენდაციების და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, ეს დებულება პარლამენტში პირველი კენჭისყრის შემდეგ არ შენარჩუნდა“, - წერია დოკუმენტში.

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მეუღლე ამბობს, რომ პროკოპენკო სავარაუდოდ, რუსეთში წაიყვანეს

„რუსული მედია იტყობინებოდა, რომ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ ამას ჯერ არც უკრაინის სამთავრობო უწყებები და არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ადასტურებენ“, ამის შესახებ დენის პროკოპენკოს მეუღლემ, კატერინა პროკოპენკომ Suspilne-თან ინტერვიუში განაცხადა. კატერინა პროკოპენკო ამ ცნობებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მისი ქმარი რუსეთშია გადაყვანილი. მისივე განმარტებით, სხვა ინფორმაციას არ ფლობს. უკრაინის შს მინისტრი: „აზოვის“ პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კავშირზე, უკრაინის დაზვერვის ოფიცრები არიან „ძირითადად, ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) მოცანაა, გამომეხმაუროს, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცი, სად არის ჩემი ქმარი. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან არის გარკვეული შეთანხმება, რომ არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ. მოხარული ვიქნები, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმა მოხდება. მათ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ადამიანის სიცოცხლე“, - აღნიშნა კატერინა პროკოპენკომ.    

ქობულეთში მკვლელობა მოხდა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.  

ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები ჩატარდა

ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები დასრულდა. წვრთნები თავსებადობისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი მართვადი რაკეტების გამანადგურებელი - USS Forrest Sherman-ისგან, ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - Almirante Juan de Borbon-სგან, თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - TCG Kemalreis-სა და საბერძნეთის საზღვაო ძალების ფრეგატ  - HS Kountouriotis-სგან შედგებოდა. ალიანსის განცხადებით, SNMG2-ის წევრებმა შეასრულეს უნიკალური და ტაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები, ელექტრონული ომის წვრთნები, საჰაერო თავდაცვის წვრთნები და საკომუნიკაციო წვრთნები. NATO-ს საზღვაო ჯგუფი (SNMG2) არის მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ალიანსის უწყვეტ საზღვაო შესაძლებლობებს, რათა შეასრულოს ამოცანების ფართო სპექტრი, მათ შორის, წვრთნები და რეალური მსოფლიო ოპერაციები კრიზისისა და კონფლიქტის პერიოდში. NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა მადრიდში 29 ივნისს დაამტკიცეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც ასახულია ალიანსის პრიორიტეტები, ძირითადი ამოცანები და მიდგომები მომდევნო ათწლეულისთვის. სტრატეგიული კონცეფცია აღწერს უსაფრთხოების გარემოს, რომლის წინაშეც დგას ალიანსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ღირებულებებს და ასახავს ალიანსის მთავარ მიზანს  კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე აყალიბებს NATO-ს სამ ძირითად ამოცანას - შეკავება და თავდაცვა; კრიზისის პრევენცია და მართვა; და კოოპერატიული უსაფრთხოება.

სანქციების გამო, გერმანიას ათი რუსული თვითმფრინავი ვერ ტოვებს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ათი რუსული თვითმფრინავი გერმანიის აეროდრომებზე რჩება. DW-ს ცნობით, ძირითადად საუბარია საქმიანი მიზნით გამოსაყენებელ თვითმფრინავებზე ან ჩარტერულ ფრენებზე. კერძოდ, თვითმფრინავები გაჩერებულია ლაიფციგში, კიოლნში, ფრანკფურტსა და ბადენ-ბადენში. გარდა ამისა, RND Group-ის თანახმად, Airbus A320 თვითმფრინავი, რომელიც ოდესღაც იჯარით იყო გაცემული რუსული გადამზიდავის მიერ, მიუნხენშია გაჩერებული. ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ. გერმანიამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ჩაკეტა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ, მიიღონ მხოლოდ ძირითადი ტექნიკური მომსახურება. აკრძალულია ნებისმიერი სხვა ზომა, ისევე როგორც სათადარიგო ნაწილების მიწოდება. Reuters-ი 9 აგვისტოს იუწყებოდა, რომ რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო.  

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინგს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე განაცხადა. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, ამ დრომდე, ოფიციალურ პრესრელიზებში საუბარი არ იყო. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი