ძებნის რეზულტატი:

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც  სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის  ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის.  მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ახალი ესტაკადის და წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ „შიმალის ელექტროსადგურის“ ახალი წყალმიმღები კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს არა უცხოური, არამედ ადგილობრივი კომპანია, ამჟამად სამუშაოები ვადას ერთი თვით უსწრებს. ამდენად, 2023 წლის პირველ ნახევარში დიდი პროექტის დასრულება იგეგმება“, - აცხადებენ „აზერენერჯიში“.  

ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელის წერილობით განცხადებაშია ნათქვამი. ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია ოსტინის განცხადებით, მისი ტესტი COVID-19-ზე, რომელიც მან 15 აგვისტოს დილით გააკეთა, დადებითი იყო. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავა და სახლში დარჩება.   

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებულებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. მოსარგებლეებს მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეუძლიათ. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი. მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.  

ავღანეთში, წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, 100-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება.  ამ ეტაოზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მთელი მსოფლიო ვერ შეძლებს ერთი ატომური სადგურის დაცვას, მაშინ ის წააგებს

რუსეთის ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და მიმდებარე ტერიტორიები ყოველგვარი პირობის გარეშე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „საკითხი უკვე მიყვანილია უმაღლეს საერთაშორისო დონეზე - გაეროს და IAEA-ს დონეზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებს შორის, რუსული ბირთვული შანტაჟიც განიხილება. შესაბამისი განცხადება არის G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. მათ აშკარად ესმით, რომ ამ ბირთვულ კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. მაგრამ დისკუსიებიდან და მოწოდებებიდან რუსეთის წინააღმდეგ, Rosatom-ის და ტერორისტული სახელმწიფოს მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ მკაცრ სანქციებზე უნდა გადავიდეთ, ყველა რუსი ჯარისკაცი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს ქარხნიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. მსოფლიო მრავალი ათწლეულის განმავლობაში იბრძოდა ბირთვული მასალების ყველა აქტივობის სათანადო კონტროლისთვის და რადიაციული უსაფრთხოებისთვის. თუ ახლა მსოფლიოს აკლია ძალა და მონდომება ერთი ატომური სადგურის დასაცავად, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო წააგებს. წააგებს ტერორისტებს. ემორჩილება ბირთვულ შანტაჟს. და ეს შეიძლება იყოს პრეცედენტი, რომელსაც სხვა ტერორისტები ნახავენ. ამ დამარცხების თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ბახმუტისა და ავდიივკასის მიმართულებით ბრძოლას განაგრძობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ. "მტრის ქვედანაყოფებმა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ჩაატარეს ვლადიმეროვკა - ბახმუტსკოესა და სტრიაპოვკა - სოლედარის მიმართულებებით, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები უკუაგდეს. პოკროვსკოე - ბახმუტსკოესა და გორლოვკა - ჟელეზნოიეს მიმართულებებით სამხედრო ოპერაციები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის ქალაის (აზოვის) დასახლებაში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია, - ამის შესახებ უკრაინული მედია ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეზე, რეფატ ჩუბაროვზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით ისმის აფეთქებების ხმა. „წარმატებული დარტყმა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ ქალაიში (ახლანდელი აზოვი)", - აცხადებს ჩუბაროვი.  

244 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელების ჯამური ღირებულება იზრდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესსახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, დამტკიცდა გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება 135 272 350 ლარს შეადგენს. განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფენ შესაბამისი რესურსის მოძიებას და 2022-2024 წლებისთვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინებას. ასევე, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან დაფინანსდება. ცვლილება შევიდა „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის N2120 განკარგულებაში.  

სომხეთში გლოვის დღე ცხადდება

სომხეთის მთავრობა ერევანში, სურმალუს სავაჭრო ბაზრობაზე კვირას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მთავრობა გლოვის თარიღს გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო დასრულდება. აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.

2008 წლის ომი და ოკუპაცია - რა საკითხები განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების - იაპონიის და მალტას წარმომადგენლები. ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, მათ შორის ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიც არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა. განცხადებაში მხარეებმა გაიხსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე. „ღრმად შეშფოთებულნი ვრჩებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არცერთ საერთაშორისო მექანიზმს არ მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მიეცეთ [ამ რეგიონებში] დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ხაზგასმულია საჭიროებაში მყოფი ყველა სამოქალაქო პირისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის გადაუდებელი აუცილებლობა. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის საჭიროება. განცხადებაში ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები აღინიშნავენ, რომ რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში უწყვეტ შეხვედრებს, როგორც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე საპასუხო, მნიშვნელოვან ფორმატებს. „ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რაც მოიცავს გაეროს წესდებას და ჰელსინკის დასკვნით აქტს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაყოვნების გარეშე გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. „კვლავ ვიმეორებთ 14 წლის მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. თავის მხრივ, ამერიკის ხმის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათქვამი იყო, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი არამხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ, ევროპის უსაფრთხოების მიმართაც. „საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი აგრესიული ტენდენციისა რუსეთის პოლიტიკაში, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო. ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენტიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს. ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვგმობთ რუსების მცდელობას, რომელიც ამ რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს გაეროში ალბანეთის ელჩმა ფერიტ ხოჯამ გააცნო. კიდევ ერთი საკითხი რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო განხილული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებია. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრულად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს, გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინაში არაპროვოცირებული, გაუმართლებელი რუსული ომის პარალელურად მიმდინარეობს. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მართავს სამხედრო წვრთნებს, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა გალსა და ახალგორში. ადგილობრივებს არ ეძლევათ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ხდება ადამიანების გატაცება და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მათი დაკავება. ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები. ამ დრომდე დასჯილი არ არიან დამნაშავეები". ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და სწორედ ამიტომ ის არის პასუხისმგებელი არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე,  - თქვა ელჩმა ხოჯამ. გაეროში ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლობის აზრით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და შესრულდეს 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაერო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სახელმწიფოებად აღიარება. გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემაც. დიმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსთან დაკავშირებული კრემლის რიტორიკა. მან მიანიშნა, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განხილულიყო. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის შეჭრა და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში საველე პრაქტიკული სწავლება პირველად ტარდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა საველე სწავლების ღონისძიება გახსნა და აშშ-იდან საგანგებოდ ჩამოსულ სპეციალისტებსა და სწავლებაში ჩართული უწყებების პასუხისმგებელ პირებს სიტყვით მიმართა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზასა და სხვადასხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება სწავლება, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა. სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. სწავლების შედეგად გადამზადებული სპეცსამსახურების თანამშრომლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში“. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები. სუს-ის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით და წარმატებით საქმიანობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიას შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება 19 აგვისტოს დაიხურება.

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 28 556 ლარის ღირებულების 6 490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო

დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთში გლოვის დღე ცხადდება „დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“,- წერს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, სომხეთში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.  

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება

ბოლო პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე. ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: კოვიდიინფიცირების შემთხვევების პიკი დაანონსდა  

ოლექსი რეზნიკოვი: ლატვიიდან მიღებულმა ჰაუბიცებმა ბრძოლის ველზე შედეგი უკვე გამოიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ლატვიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან მიღებული ჰაუბიცები უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე. „კიდევ ექვსი M109 ჰაუბიცა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა უკრაინაში ლატვიიდან, უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. როგორც ცნობილია, უკრაინის საჰაერო ძალებმა ლატვიიდან ოთხი შვეულმფრენი მიიღო, რომლებიც მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ფლოტს შეუერთდება.    

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება "7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 766 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 398 ტესტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  ამასთან, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პირი, გარდაიცვალა რვა პაციენტი.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს.  გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ამ დროისთვის ლიეტუვა არ გასცემს ტურისტულ ვიზებს. „ჩვენ ვიზებს მხოლოდ ჰუმანტარული მოსაზრებების საფუძველზე გავცემთ. ჩვენთვის ეს არაა ახალი დისკუსია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა იყოს საერთი ევროპული გადაწყვეტილება. „შენგენი“ ახლა ისე მუშაობს, რომ ჩვენი საზღვრები ადამიანებს, როგორც ღრუბელი წყალს ისე ატარებს. ზოგიერთები შედიან ერთ ქვეყანაში, ზოგიერთები მეორეში. დიახ ეს ასეა. ჩვენც ვნახეთ ასეთი შემთხვევები. ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ლიეტუვაში, ჩვენს ქვეყანაში არიან, ან სხვა ქვეყნებში ხვდებიან. ამიტომ, ჩვენ რუსეთის მოქალაქეებითვის შენგენის ვიზების შეჩერებას საერთო ევროპულ დონეზე მხარს ვუჭერთ. ამასთან, საკითხს აქვს პოლიტიკური და მორალური მხარეც“, - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.  ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს. „ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.  

რუსეთთან $227,35 მილიონიანი გარიგების გაუქმების შემდეგ, ფილიპინები შვეულმფრენების შესაძენად მოლაპარაკებებს აშშ-სთან მართავს

ფილიპინებმა რუსეთთან $227,35 მილიონიანი გარიგება გააუქმა და შვეულმფრენების შეძენას აშშ-სან გეგმავს. ვაშინგტონში მანილის ელჩის განმარტებით, რუსეთთან შეთანხმების გაუქმების მიზზეზი სანქციების თავიდან აცილებაა.  Reuters-ის ცნობით, ივნისში, პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ექვსწლიანი ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილიპინებმა 16 რუსული სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენის მი-17 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება აშშ-ის სანქციების შიშის გამო გააუქმა. ენტონი ბლინკენი: აშშ დაიცავს ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო გარიგებების გარდა, ფილიპინებს, ახალი პრეზიდენტის პირობებში ასევე სურს, გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მათ შორის წარმოების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და სუფთა ენერგიის სფეროებში, მოდულარული ბირთვული ენერგიის ჩათვლით.  

რას მოიცავს პოლონეთის მიერ სამხრეთ კორეასთან გაფორმებული $14,5 მილიარდიანი შეთანხმება

პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ $14,5 მილიარდიანი გარიგება გააფორმეს ეს არის პოლონეთის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება და ყველაზე დიდი შეთანხმება სამხრეთ კორეის თავდაცვის სექტორისთვის პოლონეთი თავდაცვის მოდერნიზაცია განაგრძობს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან, მეტი არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების შესახებ ერთ-ერთ უმსხვილეს შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარიგება მოიცავს 1000 K2 Black Panther ტიპის ტანკს, თითქმის 700 K9 თვითმავალ ჰაუბიცას და 48 FA-50 მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავს. „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კრიმინალური თავდასხმა უკრაინაზე და პუტინის არაპროგნოზირებადი ბუნება ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ ტექნიკის მოდერნიზაცია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონურ გამოცემა Defense 24-თან ინტერვიუში. პოლონეთის საჰაერო ძალების სწრაფი მოდერნიზაცია ვარშავისთვის პრიორიტეტია. პოლონეთი ცდილობს, შეცვალოს თავისი 23 MiG-29 და 18 Su-22 - საბჭოთა დიზაინის დაძველებული მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელთა შენარჩუნება სულ უფრო რთულია. პოლონეთი უკვე აწარმოებს 36 ამერიკულ F-16-ს და 32 F-35A ტიპის თვითმფრინავი აშშ-ს 2020 წელს შეუკვეთა, მაგრამ ეს არის NATO-ს სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც ფლობს MiG-29-ებს და ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ Su-22-ს იყენებს. ახლად შეძენილი FA-50 იქნება მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს ზებგერით სიჩქარეს, ატაროს სხვადასხვა ბომბი და რაკეტები. მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთი მიიღებს დახმარებას, რომელიც თავსებადია NATO-ს სისტემებთან.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა ოთხმა დეპუტატმა კიდევ ერთი ანტიდასავლური განცხადება გაავრცელა

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს მორიგ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაშია ნათქვამი, რომ აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. „ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთ დოკუმენტს არა „რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ „ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს. რა თქმა უნდა, საელჩო შეიძლება გამოთქვამდეს მოსაზრებებს საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. თუმცა, სუვერენულ სახელმწიფოში მოქმედი და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული საელჩო რეკომენდაციების გაცემისას მხოლოდ სამართლიანობის ასპექტით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. კერძოდ, საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული. რადგან კონსტიტუციაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე აღვნიშნავთ, რომ საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული. ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება. კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. როდესაც საელჩო გამუდმებით ცდილობს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აიძულოს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია. საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი, თუმცა, საზოგადოების ყურადღებას დღეს მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ. ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა. საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია. გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი, წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის, გირაოსა და ჯარიმის შეფარდების უმძიმესი სტატისტიკა 2004-12 წლების პრობლემების მასშტაბურობასა და სისტემურობას უტყუარად ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ძალაუფლების უზურპაცია ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მითვისებით დაიწყო. ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული. გარდა ამისა, სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ქვეყანაში სერიოზული არეულობისა და რყევების შეტანა შეუძლია. ასეთ პირობებში, საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რისთვის და როგორ გამოიყენებენ საელჩო და ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მათ მიერ შეყვანილ რამდენიმე ათეულ მოსამართლეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი. სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია. საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე – ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული. P.S. ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.