ძებნის რეზულტატი:
ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა
ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს მასზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. ამასთან, მაშველებმა ორივე მძღოლის გადარჩენა შეძლეს. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია 150 მეტრის სიგრძის ხიდის ჩამონგრევა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთისთვის და საქართველოსთვის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო. მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. „რუსული ჯარები საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მალავენ. დე ფაქტო ქარხანა დანაღმულია. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მთელი მსოფლიო ვერ შეძლებს ერთი ატომური სადგურის დაცვას, მაშინ ის წააგებს ეს ყველაფერი მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის - სულ 42 - უსაფრთხოების მოთხოვნებზე, რომლებმაც რუსეთს ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს. კერძოდ, ესენია თურქეთი, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, კორეა, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები. თუ ტერორისტული სახელმწიფო საკუთარ თავს უფლებას აძლევს, სრულად უგულვებელყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნები, განსაკუთრებით ასეთ სენსიტიურ თემაზე, ეს მკაფიოდ მიუთითებს სასწრაფო მოქმედების აუცილებლობაზე. ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერმა რადიაციულმა ინციდენტმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ევროკავშირის ქვეყნებზე, ასევე, თურქეთზე, საქართველოსა და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებზე. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე. თუ რუსეთის ქმედებები კატასტროფას გამოიწვევს, შედეგებმა შეიძლება, დააზარალოს ის, ვინც აქამდე დუმს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო
დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება „საშიშია“. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. ის ქალაქის ევაკუაციის გეგმაზე საუბრობს. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. „ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რაც შეეხება რადიაციის დონეს ატომურ ელექტროსადგურზე, მისი თქმით, „ვითარება სტაბილურია. ინდიკატორები არ აღემატება ნორმას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, იქ შეჭრილი ძალების უაზრო ქმედებების გამო“. ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთის და საქართველოსთვის უკრაინა რუსთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს, მათ შორის, ატომური სადგურის უშუალო სიახლოვეს, რომელიც ევროპაში უდიდესია. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
ეროვნული ვალუტა 15 აგვისტოს აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა. 2022 წლის მარტიდან ლარის აღმავალი ტრენდი 15 აგვისტოს შეჩერდა. ლარის კურსის დინამიკა 2022 წლის იანვრიდან 12 აგვისტოს ჩათვლით. ეროვნული ბანკი. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8000 ლარად ივაჭრებოდა. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8000 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7877 ლარია, ერთი ევრო კი 2.8426 ლარი ღირს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ შესაძლოა, ლარის ნახტომისებური გაუფასურება გარკვეულწილად, გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციას უკავშირდება. „ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $70 მილიონი ამოიღო, რასაც შესაძლოა, ეს გაუფასურება უკავშირდებოდეს. სებ-ის ამ გადაწყვეტილებამ სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების გარკვეული მოლოდინი შეიქმნა“, - ამბობს კეპულაძე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში სებ-მა $70 მილიონი ეტაპობრივად შეისყიდა. პირველ აგვისტოს ბაზრიდან $10 მილიონი ამოიღო, 5 აგვისტოს -$20 მილიონი, ხოლო 10 აგვისტოს ერთბაშად $40 მილიონი შეისყიდა. ივლისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $110 მილიონი შეისყიდა. „ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები, დოლარის ყიდვა ან გაყიდვა, როგორც წესი გრძელვადიან და საშუალოვადიან კურსზე, განსაკუთრებულ ეფექტს ვერ ახდენს. ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორც განსაზღვრავს ბაზარი. ის რომ ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა, ამის მიზეზია გაზრდილი ფულადი შემოსულობები. ფულადი გზავნილების 2022 წლის მონაცემებმა. 2019 წლის ივლისის (პანდემიამდე პერიოდი) მაჩვენებლებსაც კი აჯობა“, - ამბობს კეპულაძე. სებ-ის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა: რუსეთი - $100,59 მლნ; იტალია - $35,96 მლნ; აშშ - $28,56 მლნ; საბერძნეთი - $19,17მლნ; ისრაელი - $16,72 მლნ; „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ გამოითქვა ექსპერტული მოსაზრებები, რომ ლარი უფრო მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ამის საფუძველს ქმნის ეკონომიკა. „ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს ზაფხულში და ზამთარში, როცა კრიზისული პერიოდია ყიდის. ეს ყოველთვის ასეა, რადგან ზაფხულში სავალუტო შემოდინებები უფრო აქტიურია“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე. აშშ დოლართან მიმართებით, ლარის ნახტომისებურ, ერთბაშად 8 თეთრიან გაუფასურებაზე, ეროვნულ ბანკს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ დრომდე, საკითხზე შეფასება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებით სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება უზრუნველყოფს. „ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია. როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებით. შემდგომ სტაბილურად დაახლოებით 3.05 ფარგლებში იყო და დღეს ბოლო ვაჭრობის შედეგად 2.80-ის ფარგლებშია. ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვავს, იქნება ეს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თუ ფულადი გადმორიცხვების მზარდი მონაცემები, უზრუნველყოფს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ყოველდღიურად შესაძლოა ლარის კურსი მერყეობდეს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება და ამას ის ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ომის დაწყების შემდეგ, ლარის დაახლოებით 60-თეთრიანი გამყარება გვაქვს, რაზეც ვერ იტყვით რომ არ არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
ერევნის მეტროსა და საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, ერევნის მეტროს ყველა სადგურსა და ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სომხური მედიის ცნობით, მეტროს მუშაობა შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები ევაკუირებულნი არიან. ზვარტნოცის აეროპორტში, ისევე როგორც ერევნის მეტროს ბარეკამუტიუნის, ჩარბახის, შენგავიტის და მარშალ ბაღრამიანის სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. ასაფეთქებელი ნივთიერების ძებნა ერევნის მეტროს სხვა სადგურებში გრძელდება. ერევანში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.
სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი
სამგზავრო ვადიანი აბონემენტების საბანკო პლასტიკურ ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ორ ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი პირველი სექტემბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვებიან. მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული. „ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაისში გაკეთდებოდა, თუმცა, ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო და დღეის მდგომარეობით, ყველაფერი შეთანხმებულია, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“. პირველი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება და სამგზავრო ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათზე იქნება მიბმული. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოთ ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი და ინტეგრირება გაუკეთოთ საკუთარ საბანკო ბარათზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა შეეძლებათ. თუ სხვა ბანკები სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, მათ მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა ვიდეოჩართვისას ახალი სისტემის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გადახდის ახალი სისტემა ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მის აღდგენას ამარტივებს. „ახალ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ ხარვეზი გაგვაჩნდა. ბარათი თუ დაიკარგებოდა და გადახდის ქვითარი არ ჰქონდათ მოქალაქეებს, იმ თანხას და ნაყიდ პერიოდს კარგავდნენ. ამ შემთხვევაში კი, დაკარგული ბარათის აღდგენა შესაძლებელია, როდესაც ბანკის პლასტიკურ ბარათზე გაქვს მიბმული“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა თბილისის მერიის ცნობით.
ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო
ესტონეთში, ქალაქ ნარვაში საბჭოთა ტანკის Т-34-ის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქებში ნარვასა და ნარვა-იესუში საჯარო სივრციდან აიღოს არა მხოლოდ ტანკი, არამედ დანარჩენი საბჭოთა ძეგლების დემონტაჟიც განახორციელოს. საბჭოთა ტანკი, საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ესტონეთში, ქალაქ ნარვაში იდგა, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) ეთნიკური რუსია, ხოლო დაახლოებით 36%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
ჩავუშოღლუ: თურქეთი სირიის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას მხარს უჭერს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა ყოველთვის მხარს უჭერდა სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას. თურქი დიპლომატის შეფასებით, „სირიის რეჟიმს არ სჯერა პოლიტიკური გადაწყვეტის, მას სჯერა სამხედრო გადაწყვეტის“. "თურქეთი თვლის, რომ შერიგება აუცილებელია სირიაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „სირიაში არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ასევე გვემუქრება: PKK/PYD/YPG. დაეშის და სხვა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციების ნარჩენებისგან ქვეყანა სრულად უნდა გაიწმინდოს. ეს მნიშვნელოვანია თურქეთის უსაფრთხოებისა და სირიის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ლატვიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ედიტ მედნი იქნება. შესაბამისი ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა. მისივე თანახმად, ედიტ მედნი მანამდე ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ასევე, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს. სამინისტროს პოსტს თან ერთვის ახალი ელჩის განცხადებაც. „ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების მხარდამჭერი. მე მხარს ვუჭერ ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას. ჩემი მიზანია ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – აღნიშნავს ედიტ მედნი.
შემოსავლებს სამსახურმა განმარტა, რატომ არ ვრცელდება სანქციები ფოთსა და ბათუმში შემოსულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედიაში, ფოთისა და ბათუმის პორტებში, ტვირთების განბაჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით უწყება შესაბამის განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემები (BLACKSEA EAGLE, SVL UNITY, BAKU STAR, NEONILA). აღნიშნული გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი 5 000,306 ტონა და ხორბალი 3 299,100 ტონა ) კომპანიებისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით. თანმხლები დოკუმენტების მიხედვით ზემოაღნიშნული ხორბალი არის რუსული წარმოშობის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთებზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენა. ადვოკატებმა კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვეს. პროკურატურამ დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს ბრალი წარუდგინა ადვოკატების ინფორმაციით, დედის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მისი მეგობარი კი დუმილის უფლებას იყენებს. თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა
საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების სამხედროებმა ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2002 წლიდან სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად „კომანდოს“ ბატალიონი კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. მათ შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ორი დღით ადრე დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბრძოლის ველზე დარჩა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ოკუპირებული ყირიმის ავიაბაზაზე კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა - მედია
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაონის სოფელ გვარდეისკში მდებარე ავიაბაზაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია. დაახლოებით ამავე პერიოდში, ჯანკოიში მდებარე ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. „დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მომხდარს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ. „ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონის შეძენის მიზნით, ლატვიელები თანხას აგროვებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონის შეძენის მიზნით, ლატვიაში ფონდების მოზიდვის კამპანია დაიწყო. მთლიანობაში, „ლატვიური ბაირაქტარის“ შესაძენად 5 მილიონი ევრო უნდა შეგროვდეს. ინიციატივის პირველ საათებში დაახლოებით, 80 000 ევრო შეგროვდა. ლატვია არ არის პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც უკრაინის მხარდაჭერა ამ ფორმით გადაწყვიტეს. მსგავსი კამპანიები უკვე ჩატარდა პოლონეთში, ლიეტუვაში, ნორვეგიასა და კანადაში. ლატვია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გაუწია. მან უკრაინას მიაწოდა იარაღი და პირადი აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, (Stinger) საზენიტო რაკეტები, ასევე Mi-17 და Mi-2 ტიპის ვერტმფრენები.
ყაზახეთში ლიცენზირებული კრიპტობირჟები ამუშავდება
ყაზახეში, ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში, მალე ლიცენზირებული კრიპტობირჟები ამუშავდება. ამის შესახებ მედიას AIFC-ის ფინანსური მომსახურების რეგულირების კომიტეტის (AFSA) ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა იაგუბ ზამანოვა განუცხადა. AFSA-ამ ლიცენზია 6 კომპანიაზე გასცა, რათა ციფრული აქტივების პლატფორმის (კრიპტობირჟის) მართვისთვის ფინანსური მომსახურება უზრუნველყონ. აქედან 3 კომპანია 2022 წლის მარტიდანაა ლიცენზირებული. ამჟამად, კრიპტობირჟების უმეტესობა მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებს, რაც დამატებითი მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას უკავშირდება. კრიპტობირჟებმა უნდა უზრუნველყონ პრევენციული ზომები, რათა არ მოხდეს მათი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენება.
ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა
16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა.0.46-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3682 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1560 ლარი შეადგინა. რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა
გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟებზე, ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს. ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე $2 500-ზე მეტი, ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო ევროკავშირის სანქციების ფარგლებში არასოდეს ყოფილა განხილული, რუსეთმა ბლოკის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება დამოუკიდებლად დაიწყო. ამრიგად, ტრანზიტი უკრაინული GTS-ით და Nord Stream-ით საგრძნობლად დაეცა. რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს. ივლისის ბოლოს, გაზის ფასი ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე $2300-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Siemens-ის ტურბინა შეწყვეტს მუშაობას, რის შედეგადაც 27 ივლისიდან Nord Stream 1-ით მიწოდება დღე-რამეში 33 მილიონ კუბურ მეტრს გაუტოლდა. რაც გაზსადენის სიმძლავრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ყოფილმა მეუღლემ ჩვენება მისცა, ბრალდებებს უპასუხა ჩოგბურთელმაც
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა ჩვენება მისცა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, რომელშიც ისმის საუბარი, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით - რატომ ძალადობდა მასზე. დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული, როცა მათ შორის კპნფლიქტი აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა - „ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდეოში არაფერი ჩანს“. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზეგაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს. ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება. ფინეთის მინისტრთა კაბინეტი გამოდის ინიციატივით, რომ რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზა შემოიღოს, რაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მგზავრობას გააიოლებს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემას ზღუდავს
ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. „სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა. მისი თქმით, უახლოეს კვირებში მთავრობა ამ საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. კარინსმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზა გამონაკლის შემთხვევებში, ხოლო ბინადრობის ნებართვა პრაქტიკულად არ გაიცემა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.