ძებნის რეზულტატი:

სლოვაკეთი უკრაინას 30 ერთეულ T-72 ტიპის ტანკს მიაწვდის - მედია

სლოვაკეთი უკრაინას 30 T-72 ტიპის ტანკს მიაწვდის. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Business Insider-ის წყაროების ცნობით, გერმანია წელს სლოვაკეთს 15 მთავარ საბრძოლო ტანკს, თანამედროვე ტიპის Leopard 2-ს გადასცემს. სანაცვლოდ, სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა პერიოდის 30 ტანკს გაგზავნის. გაცვლის შესახებ სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება. Т-72 „ურალი“ მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკია. შედიოდა საბჭოათა შეიარაღებაში, 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ, ქვემო ტაგილში. T-72 შედის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყსა და სირიაში. განახლება სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ამ დროისთვის სლოვაკეთი „არ განიხილავს T-72 ტანკების გაგზავნას უკრაინაში“. ამის ნაცვლად, სლოვაკეთს შეუძლია, 30-ზე მეტი BVP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანა მიაწოდოს უკრაინას და სანაცვლოდ მიიღოს 15 Leopard 2 ტანკი, საჭირო საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები გერმანიიდან.  

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს

თუ ევროკავშირი მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით აკრძალვას არ აამოქმედებს, ბალტიის ქვეყნებმა, ფინეთმა და პოლონეთმა შესაძლოა, რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ.  ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.  აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას არ ემხრობა რუსებისთვის ვიზების გაცემის რეგიონალური აკრძალვის საკითხს, ხუთი ქვეყნის მინისტრები მომავალ ორშაბათს გეგმავენ. ლანდსბერგისის განცახდებით, გამოყენებული იქნება საერთო ნორმები, რათა აკრძალვა მხოლოდ ტურისტებს შეეხოთ და ამ ქვეყნებში დისიდენტებმა შესვლა შეძლონ.  „რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ ევროკავშირში, მათი ქვეყანა ჩადის გენოციდს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსაზღვრე ხუთი ქვეყნიდან შედიან, რადგან სანქციების გამო  რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე პირდაპირი ფრენები აიკრძალა. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

კელი დეგნანი: ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითა "მთავარს", "ფორმულასა" და "TV პირველს" სანქციები დაეკისრა. „მართლაც სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება. მედიისა და სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, მთავრობის მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმა.ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავზე და ყოველთვის. ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ეს არის უფლება, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი, წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა.  

სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: ყირიმი უკრაინაა

„ყირიმი უკრაინაა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეკრებილებს.  მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში გასულ თებერვალს არ დაწყებულა. „თქვენი ბრძოლა უკვე გამარჯვებაა“, - მიმართა პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და უკრაინა, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს დგას, გამარჯვებული გამოვა. „21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც 5 წუთიანი გამოსვლა დაასრულა შემდეგი ფრაზით - „სლავა უკრაინა“. სრული ტექსტი ჩვენ აქ უკვე მეორედ ვართ გაერთიანებული ყირიმის პლატფორმისთვის. გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა. დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, სამიტზე წარმოვადგენდე საქართველოს და მის ხალხს. აუცილებელია, ერთად ვიდგეთ იმ ფასეულობების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი. ყირიმი უკრაინაა! ამ ღონისძიებაში მონაწილეობისას, დღეს, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღესა და რუსეთის აგრესიისადმი მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობის ექვს თვეს აღნიშნავს. ეს თარიღები უბრალოდ დამთხვევა არაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა და ყირიმი მართლაც იყო საწყისი გამოწვევა. ეს ძალიან კარგად გვახსენებს, იმას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უპასუხო გამოწვევები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპასუხო აგრესია, მხოლოდ მეტ აგრესიას და მეტ არასტაბილურობას იწვევს. საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, კარგადაა ცნობილი და ხელახლა გაიხსნა მრავალი ჭრილობა, რადგან, კრემლის აგრესია მისი მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც საქართველომ 1921, 1992 და 2008 წლებში განიცადა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა და ოკუპაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა ფასი გადაიხადეს და იხდიან თქვენი ჯარისკაცები და მთლიანად თქვენი მოსახლეობა. მინდა ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო აღფრთოვანება თქვენი ვაჟკაცური ბრძოლისადმი და გამოვთქვა ჩვენი მტკიცე რწმენა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება! თქვენი ბრძოლა უკვე მოგებულია, რადგან ის დაუპირისპირდა რუსეთის უძლეველობასა და დაუსჯელობის გრძნობას. თქვენი ბრძოლა უკვე მოგებულია, რადგან მან გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი - ძლიერი და ერთიანი პასუხი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პრეზიდენტ პუტინის მიერ, ისეთი ტიპის პასუხი, რომელიც არ გვინახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიისას, ან 2008 წლის აგვისტოში. დღევანდელი პასუხი ის პასუხია, რომელიც შეცვლის მომავალს! ეს იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინის ომი, ყირიმის ოკუპაცია და დღევანდელი თავდასხმები ოდესაზე, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას, და შესაბამისად, გლობალურ უსაფრთხოებას. მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებით გამოწვეული საკვების დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას. (ეს) ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ძალიან ელემენტარულ პრინციპს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაყოფა არ შეიძლება. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ! ამ რთულ დროს უკრაინელი ხალხი კიდევ უფრო გაერთიანდა თავისი ევროპული მისწრაფებების გარშემო. მინდა მთელი გულით მივულოცო უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება და გამოვთქვა ჩემი რწმენა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ჩვენს ორ პარტნიორს - უკრაინასა და მოლდოვას ამ საერთო გზაზე. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და ისტორიის სწორ მხარეს მდგომი უკრაინა გამარჯვებული გამოვა. ოკუპაციის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის!  ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოწმენი ვიქნებით, რომ ჩვენი ერები დაიბრუნებენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, Slava Ukraini! ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.  

ყაზახეთს რუსულ მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვის პრობლემა აქვს. შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე“ კონტრაქტი დაჩქარდეს

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით მსოფლიო ბაზარზე ყაზახური ნავთობის მიწოდება შესაძლოა, 15 მილიონ ტონამდე  შემცირდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზად კონსორციუმმა ნოვოროსიისკში ნავთობის ორი ნავმისადგომის დაზიანება დაასახელა.  ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის მთავარ მარშრუტზე, კასპიის მილსადენის კონსორციუმს (CPC) ნავთობსადენი, ნოვოროსიისკის ტერმინალში ტექნიკური პრობლემები, წელს მეოთხედ ექმნება და იძულებულია, გადაზიდვა შეზღუდოს. რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქარიშხლის სეზონის დაწყებიდან კონტრაქტორის არჩევის გამო, აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა, გაზაფხულამდე გადაიდოს. ამ ყველაფერმა შეიძლება, გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბაზარი ყაზახეთიდან 15 მილიონ ტონაზე ნაკლებ ნავთობს მიიღებს.  ცნობისთვის, CPC ყაზახეთის ნავთობის მთავარი საექსპორტო მარშრუტია. ამ წლის სატუმბი გეგმა 67 მილიონი ტონაა. მოცულობების ძირითად ნაწილს აწვდის გიგანტური „თენგიზის საბადოს“ ოპერატორი Tengizchevroil, სადაც ყველაზე დიდი წილს ამერიკული Chevron-ი ფლობს. თავად CPC-ის აქციონერები არიან რუსეთი (31%), ყაზახეთი (20,75%), Chevron (15%), LUKARCO B.V. (12,5%), Mobil Caspian Pipeline Company და Rosneft-Shell Caspian Ventures (7,5%), BG Overseas Holding და Eni International (თითო 2%) და Oryx Caspian Pipeline LLC (1,75%). რა ალტერნატივა აქვს ყაზახეთს ყაზახეთს შეუძლია, მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები CPC-ის შემცირებული გამტარუნარიანობის გამო ნავთობის რუსულ სისტემაში გადამისამართებით და მისი ექსპორტით ბალტიისპირეთის პორტებით. ყაზახური ნავთობის ტრანსნეფტის სისტემაში გადამისამართების უფასო სიმძლავრეები შეადგენს დაახლოებით, 20 მილიონ ტონას წელიწადში. ალტერნატიული მარშრუტი გულისხმობს ყაზახური ნავთობის მიწოდებას კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში ტანკერებით, შემდეგ კი, მის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა". Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

ზელენსკი: ანდჯეი დუდასთან განვიხილე ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან განიხილა ორმხრივი საკითხების მთელი სპექტრი, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდაჭერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში პოლონეთის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ნაყოფიერი მოლაპარაკება და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები: „ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, დახმარებაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. დუდას ოფისში განაცხადეს, რომ მისი ვიზიტი მოიცავს ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დუდა ასევე აპირებს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას, საერთაშორისო სამიტს, რომელიც პირველად, 2021 წელს გაიმართა. 23 აგვისტოს დაგეგმილ მეორე სამიტს ონლაინ შეუერთდებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გაუფასურდა და $1 ოფიციალური ღირებულება 2.8000 ლარი გახდა. ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.17 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარია. 0.08-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2931 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1541 ლარი შეადგინა.  

NATO-ს ბომბდამშენები და დამხმარე თვითმფრინავები აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგდნენ

მოკავშირეთა მებრძოლებმა, ბომბდამშენებმა და დამხმარე თვითმფრინავებმა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარეს. NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის განცხადებით, მოკავშირეთა თვითმფრინავების ასეთი განლაგება ადასტურებს ალიანსის უნარს, რეაგირება მოახდინოს ევროატლანტიკურ ზონაში, NATO-ს ქვეყნებში ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე. წვრთნებში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა თვითმფრინავები სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან. შორ მანძილზე ოპერაცია, რომელსაც მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ხელმძღვანელობდა, სლოვაკეთის თავზე განხორციელდა, სადაც  მრავალი მოკავშირე თავის მხრივ, შიდა ბაზებიდან დაფრინავდა. მონაწილეებმა ისარგებლეს ძირითადი ერთობლივი ტრენინგით, მათ შორის იყო ზუსტი დარტყმის შესაძლებლობების გამოყენება, ალიანსის თავსებადობის გაძლიერება და მზადყოფნის გაუმჯობესება. ეს არის პირველი მისია USAF B-52-ის ბომბდამშენებისთვის, რომლებიც 18 აგვისტოს ევროპაში, კიდევ ერთი  სამუშაო ჯგუფის როტაციის მიზნით ჩავიდნენ. ისინი მოკავშირეებთან ერთად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებენ. ამ რთული მრავალეროვნული მისიის მიზანია NATO-ს ძალების მომზადება საფრთხის გარემოში მოქმედებისთვის, რაც უზრუნველყოფს პოტენციურ აგრესიაზე ქმედუნარიან და სარწმუნო პასუხს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობის ფონზე. ალიანსი განმარტავს, რომ წვრთნები NATO-ს საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

უცებ, „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით - ოთარ პატარიძე საფრანგეთში ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრას იხსენებს

ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მეორე თაობის წარმომადგენელი, ოთარ პატარიძე დიდ მაესტროსთან, ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს: ძვირფასნო მეგობრებო და მკითხველებო! ამ მოგონებას ვუძღვნი ქალბატონ ლალის და ჩემს მეგობარს თამაზ ანდღულაძეს, ანსამბლ „გორდელას“ მემკვიდრეს. ამ წლის 10 აგვისტოს, ანზორ ერქომაიშვილი 83 წლის გახდებოდა, და, მის მოსახსენებლად და ყოფილ გარდავალებულ იმ დროინდელ (1970წ) გორდელას ანსამბლის წევრებიდან, სახელდობრ: თამაზ ანდღულაძე ┼ გომარ სიხარულიძე ┼ კუკური ჭოღონელიძე ┼ თემურ ქევხშვილი ┼ ბადრი თოიძე ┼ ანზორ ერქომაიშვილი ┼თამაზ პავლოვი ┼ ალბერტი დანელიანი სად და როგორ გავეცანი ცხონებულ ანზორს 52 წლის წინ და რა იყო შედეგი ამ შეხვედრისა? მსურს, გაგიზიაროთ 1970 წლის 7 ნოემბრის მომხდარ მოვლენის შესახებ.   • მაშინ, „გორდელა“ საფრანგეთში იყო გასტროლებზე, რომელიც თავდებოდა ცნობილ „Salle Pleyel“ ის საკონცერტო დარბაზში პარასკევს, 7 ნოემბერს 1970 წ. საღამოს.         ზედმეტი იქნება, რომ აღვწერო, რა ტაშის გრიალით დასრულდა ეს გამოსვლა და ერთხელ კიდევ გომარ სიხარულიძემ ქართული მრავახმიანობა აიყვანა უმაღლეს წერტილზე, მისი გუნდის დახმარებით !   • მოგახსენებთ რომ 1967 წლიდან შევქმენი ჩემი ანსამბლი „მერანი“ ცხონებული ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით, „ოთარ ,რაკი ხალხური სიმღერა ასე გიყვარს და ქეც ასრულებ ოჯახურ წრეში, გთხოვ ჩვენს ახალგზრდებს ასწავლო, რაც იცი ქართულ სიმღერინად და გალობიდანო“. რა თქმა უნდა, შევასრულე მისი თხოვნა და ასე ვთქვათ „ბრძანებას“.   • მაშასადამე ამ კონცერტს „მერანიდან“ ესწრებოდნენ სალომე და ოთარ ზურაბიშვილები, გურამ ასატთიანი, მიხეილ ვოდე გოგიტიძე, თინა და დარეჯან ბერეკაშვილები, ცხონებული გივი ბეგიაშვილი და თქვენი მონამორჩილი ოთარ პატარიძე.   • კონცერტი რომ დამთავრდა, მივვარდით კულისებში უკეთესად რომ გაგვეცნოთ ჩვენი „იდოლები“ ჩვენ გვსურდა, მათთან გაგვეტარებინა ერთი ან ორი საათი, სუფრის ირგლივ. ოთარ ზურაბიშვილმა შესთავაზა ჩვენი სურვილი ... ცხადია, რომ იმ დროს, გასტროლებებზე „სუკის“ ( K.G.B ) აგენტები ჯაშუშობდნენ.   • ანზორი დათანხდა, მაგრამ გვითხრა, ერთ საათში მოგვაკითხეთ ჩვენს სასტუმროში, მაგრამ ყველა ვერ გაგვაცილებსო“.   • მივაკითხეთ მარტო 4 კაცი - გომარ სიხარულიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ბადრი თოიძე და თამაზ ანდღულაძე -...12 საათზე საღამოს და წავიყვანეთ ჩვენი სტუმრები ერთ ერთ « Montparnasse » ის რესტორანში « Le Maronnier » ში ცნობილ « La Coupole »ის ახლოს, სადაც პიკასო (Picasso), ელზა ტრიოლე (Elza Triolet), ჟან პოლ სარტრ (Jean Paul Sartre), სიმონ დე ბოვუარ (Simone de Beauvoir), როდინი (Rodin) და მისი მოწაფე იაკობ ნიკოლაძე ხშირად ატარებნენ დროს.   • შევაერთეთ 3 მაგიდა, დავსხედით და შევუკვეთეთ მენიუ...კარგად გვახსოვს, რა მოწიწებით, გორდელას წევრებმა შეუკვეთეს ლოკოკინა და ბაყაყის ბარძაყები! და წარმოიდგინეთ, რომ მოეწონათ!!!   • ორას მაგიდიანი რესტორანი გაჭედილი იყო, სანთლები ყველა მაგიდაზე სუსტად განათლებულ დარბაზში.   სანამ კერძებს მოგვიტანდნენ, „გორდელას“ წევრებმა ფეხზე ადგომით ჩუმად შეასრულეს „შენ ხარ ვენახი“ ჩვენც ავდედექით . ხალხმა იგრძნო, რომ რამე არაჩეულებრივი ტარდებოდა მანდ და დანა ჩანგლების ჟღარუნი მოისპო...დარბაზში დუმილი დაარსდდა ...ტაშის გრიალით დამხარდდა !   თამადად ავირჩიეთ ანზორი, მოადგილე - თამაზი, მაგრამ სუფრის ირგლივ ტრადიციული ქეიფი არ ტარდებოდა...სიტყვები...ჩვენ მათ სიტყვებს ვსვამდით ღვინის მაგივრად (ღვინო თითქმის არ დაგვილებია), ...სიმღერები, ხან ჩვენ (მერანი) ხან გორდელა და ზოგჯერ შეერთებულად.   ჩვენი რეპერტუარი (МЕЛОДИЯ ს ფირფიტებიდან ნასწავლი) არ იყო მდიდარი, მაგრამ მაინც ვამაყობდით რომ ამ სუფრაზე ჩვენი წილი შევიტანეთ! ბევრი ღვინო არ დაგვილევია...   • დადგა დილის 3 საათი და სასტიკად განვიცდიდით ამ მომენტის შეწყვეტას...და აი, ანზორის იუმორით სავსე ბოლო სიტყვა:     „ბარნებო, თუ ოდესმე საქართველოში გვესტუმრებით, გთხოვთ, იქ ნუ გაგვცემთ... ნუ იტყვით რომ ბაყაყების ბარძაყები და ლოკოკინა ძალიან მოგვეწონა! თქვენ რომ გაგიცანით და მოგისმინეთ, მწამს რომ ქართული გალობა და სიმღერა კარგ ხელშია...თუ გსურთ, მუდამ მზად ვიქნებით ამ დარგში დაგეხმაროთ და რჩევა დაგირიგოთ. გჩუწნით ამ ორ ფანდურს, ერთი ჩემია და მეორე გომარის...ისინიც კარგ ხელშია!   ჩვენ დღეს ვტოვებთ საფრანგეთს, მაგრამ პარიზიდან ვერ წამოვალთ თუ ჩვენი სურვილი არ შეგვისრულეთ: ჩვენ გვურს ლევილში როგორმე წაგვიყვანოთ და სასაფლაოს და „შატო“ს გავეცნოთო!“   • გავედით რესტორანიდან ნახევარ საათის შემდეგ, ძლივს ჩავეტიეთ ჩვენს 3 პატარა მანქანებში და გავეშურეთ ლევილისკენ. • ლევილში რომ ჩავედით, შავი ღრუბლებიანი ცა იყო, მაგრამ უზარმაზარი მთვარე აშუქებდა საფლავებს. გორდელას წევრები გიჟებივით დარბოდნენ სანთებელებით საფლავების ირგლივ და კითხულობდნენ გარდავალებულ ქართველების სახელებს და გვარებს ! • უცებ, ანზორმა გამონახა მისი მემორიალური ბიძის დათიკო ერქომაიშვილის სამარე რომელზედაც მისი თეთრჩოხიანი სურათი დაინახა.     • უცებ „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით... ძნელი იქნება აღვწერო, რას განვიცდიდით ამ ემოციურ დაუვიწყარ მომენტებში. • რომ დაამთავრეს მათი გალობა, მივედით ლევილის „შატოში“ და გავაღეთ დიდი რკინის ჭისკარი... ამ დროს, გორდელამ დაიწყო კახური „იავ ნანა“... მე ვუთზარი: „უფრო ჩუმად იმღერეთ თორემ ბებრებს გააღვიებთ არ შეაშინოთო!“ „პირიქით, ამ იავნანას რომ მოისმინენ, ვითომ ეგონებათ კარგი სიზმარიაო!“ მიპასუხა ანზორმა. და სიმღერა ტკბილად გააგრძელეს.   • ერთი საათის დავათვალიერეთ განმავლობაში ლევილის ყველა კუთხეებში, ჩავედით ყანებში და რადგან 6 საათს მივუახლოვდით, „მამლის ყიყლიყომ“ გადაგვაწყვეტინა პარიზისკენ დავბრუნება.   •სასტუმროსკენ მწარე დუმილით ვიჯექით მანქანებში, რის შემდეგ ჩავეხუტეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი < ასე დამთავრდა ჩვენი „ჟრუანტელით“ სავსე შეხვედრა, •კარგი ხნის (32 წლის) ანზორმა მოგვიწვია 2002 წლის პირველ ტრადიციულ მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე (The First International Symposium on Traditional Polyphony), რის შემდეგ კონტაქტი არ დაგვიკარგავს.    ამ პირველ სიმპოზიუმის შესახებ ახლო მომავალში გიამბობთ ოთარ პატარიძე საფრანგეთი 23 აგვისტო 2022წ  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსეთის 62 მოქალაქესა და ერთ საწარმოს, რომელიც თავდაცვის სექტორში საქმიანობს, სანქციები დაუწესა.  კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, დღეს ყირიმის პლათფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა „ჩვენ ვუწესებთ სანქციებს დამატებით 62 პირს და თავდაცვის სექტორის ერთ ორგანიზაციას, რადგან ისინი იყვნენ თანამონაწილეები რუსეთის უკანონო შეჭრაში უკრაინაში და უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმებში“, - თქვა ტრიუდომ.  ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცახდა, რომ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, სანქციები რუსეთის 1 750 ფიზიკურ პირსა და კომპანიებს დაუწესა.   

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულ ესკორტის ოფიცერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულ ესკორტის ოფიცერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე ესკორტის ოფიცერი დააკავა გამოძიება დაკავებულ ოფიცერს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. უწყების ცნობით, სწორედ ბრალდებულის არასათანადო ყურადღების გამო, კლინიკაში მყოფმა პაციენტმა მოახერხა, დაუფლებოდა ოფიცრის სამსახურებრივ იარაღს, საიდანაც ჯერ ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. დაკავებული ოფიცერი 1998 წელს დაბადებული პირია. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ბრალდება დღეს წარუდგინა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან)  ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა  ჭრილობა და  კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ვ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა - „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა. მან სწავლების მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიფინგზე დასასწრებად არმიჰოლში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნული სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.  

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი, წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების მოტივით, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი, მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს და განმარტავს, რომ საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. „რეკლამის სტატუსის განსაზღვრისთვის კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ყურადღება როგორც სარეკლამო რგოლის შინაარსზე და კონტექსტზე, ასევე მის მიზანზე გაამახვილა. ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი ერთის მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების საკითხს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე და დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში - მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე. ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლებს არ ჰქონდათ უფლება განეთავსებინათ პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილი 4-ჯერ იყო, ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული სანქცია, წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118,688.67 ლარი დააკისრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. თავად ტელევიზიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობაზე საუბრობენ.

უკრაინული მედია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება

უკრაინული მედია იტყობინება ორი აფეთქება სევასტოპოლში დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. 23 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქის თავზე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სხვა დეტალებზე ჯერ მედია არ წერს.  

საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება. „თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ. მისი თქმით, რაც მეტი იქნება ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნები, მით უფრო ძლიერი იქნება სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფანი და აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის, ისე უწყვეტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ლონდონამდე. „ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება. აქედან გამომდინარე ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სატვირთო გადაზიდვებთან ერთად დაიწყოს სამგზავრო გადაყვანებიც“, - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას. შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე საუბრობს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი. რაშად ნაბიევის განცხადებით,  მსოფლიოში არსებული მკაცრი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. „ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია“, - აღნიშნა რაშად ნაბიევმა.

ჯონსონი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოების დახმარება, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გაგრძელებაა ახლანდელი ომი, თუმცა მაშინ ყველას არ ესმოდა, ამის მნიშვნელობა. „მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა გააძლიერა, საერთაშორისო საზოგადოებამ ძლიერად და ერთიანობით მოახდინა რეაგირება. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის სხვა ტერიტორიის ანექსიას. პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

მაკრონი: რუსეთმა უნდა შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. „რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები... საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე იქნება. მინდა, რუსეთს შევახსენო საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.  

ლევან დავითაშვილი: შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზრდოს და ტვირთბრუნვა დაჩქარდეს

„სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის  იმისთვის, რომ ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს კლიენტებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელზეც სამი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამმხრივი შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით და ამ ფორმატში იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. მისი განმარტებით, საუბარი შეეხო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის საკითხს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი სატვირთო ნაკადების ოპტიმალურად გადაზიდვა მოხერხდეს. „ზოგადად, შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას კონკრეტული პრობლემებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს. „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სტოლტენბერგი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში დაგეხმარებით

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას. გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ალიანსმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. „ივნისში, მადრიდის სამიტზე, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ დახმარების გაძლიერებულ პაკეტზე. ჩვენ უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორობის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, გავაგრძელებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმას და დაგეხმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე“, - დაამატა ალიანს გენმდივანმა.  ამავდროულად, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთში, „რადგან ალიანსის უსაფრთხოების გარანტიები მოსკოვში არასწორი გათვლების ადგილს არ ტოვებს და ისინი მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ უკრაინის თავდაცვის უფლებას“. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას.   „ეს არის ნებისყოფის და ლოგისტიკის ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.   ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.  

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, სომხური წარმოშობის პირი თანამდებობაზე დანიშნეს

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, რაიონის გამგებლად დანიშნეს პირი, რომელიც თურქეთში, სომხურ თემს წარმოადგენს.  ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა პროფესიით იურისტი, 27 წლის ბერკ აკარი ქალაქ დენიზლის ბაბადაღის რაიონის უფროსად დანიშნეს. აკარმა ბილგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მანამდე კი სტამბოლში სწავლობდა.  მედიის ცნობით, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 67 300 სომეხი ცხოვრობს. მევლუთ ჩავუშოღლუ: სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებითაა შესაძლებელი თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ