ძებნის რეზულტატი:

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული

24 აგვისტოს დილის 6:55 საათისთვის, საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა თითქმის მთელ უკრაინაში გაისმა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუკის მიხედვით, უკრაინაში, ხერსონის რეგიონისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.  

გენშტაბი: უკრაინულმა ძალებმა მტერი აიძულეს, რიგი მიმართულებით უკან დაეხიათ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით მტრის შეტევითი ოპერაციები მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 აგვისტოს დილის 06:00 საათისთვის, მტერი აგრძელებდა ძალისხმევას დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, ასევე, ხერსონის ოლქის, ხარკოვის ოლქის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლისა და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენაზე. რუსული ჯარები უკრაინის მასშტაბით, სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებენ. მისივე თანახმად, ბელორუსული ძალები ასრულებენ ამოცანებს უკრაინა-ბელორუსის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ბრესტისა და გომელის რეგიონებში. „სლოვიანსკის მიმართულებით, კრასნოპილიასა და მაზანივკას მახლობლად, რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. მტერმა სცადა დაზვერვის ჩატარება ბოხოროდიხნის ახლომდებარე ტერიტორიებზე. უკრაინულმა ძალებმა ცეცხლის ზარალი მიაყენეს მტრის ქვედანაყოფებს და აიძულეს, უკან დაეხიათ“, - აცხადებს გენშტაბი.  

ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

23 აგვისტოს, რიგის გამარჯვების პარკში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო სამუშაოები ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება. ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს. მას შემდეგ, რაც 10 მაისს დილით ყვავილები ბულდოზერით ჩამოხსნეს, საბჭოთა სიმღერებით და პრორუსული სიმბოლოების გამოყენებით ძეგლთან სპონტანური აქცია გაიმართა, რამაც ლატვიის საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევის ნებართვა გასცა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან

ყირიმის პლატფორმის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს რუსეთს, სასწრაფოდ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. ამის შესახებ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე სამიტის მონაწილეების მიერ შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში წერია. „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები მზად არიან, გააგრძელონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება. ყირიმის პლატფორმის მონაწილეები უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩებიან. „მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან თავისი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ ამ ფონზე სიტუაცია დროებით ოკუპირებულ ყირიმში კიდევ უფრო გაუარესდა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია, რათა აღდგეს უკრაინის კონტროლი მის ტერიტორიაზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და მის ომს, განსაკუთრებით კი მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და უკრაინის ტერიტორიული წყლების გამოყენებას“.  ყირიმის პლატფორმის მონაწილეები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ სამხედრო ავიაციისა და ხომალდების ფართო გამოყენებას სარაკეტო დარტყმებისა და თავდასხმებისთვის, რაც აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ომის დანაშაულის ჩამდენი ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. „მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. რუსეთის ფედერაციის მიერ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის ხალხის გვერდით, რადგან ისინი მამაცურად უპირისპირდებიან რუსეთის სამხედრო აგრესიას და გამოვთქვამთ სოლიდარობას ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი პირადი რისკის ფასად იმაღლებენ ხმას რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის და რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ“, - წერია განცხადებაში. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

შვედეთის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდება დააანონსა

შვედეთი უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა. შვედეთის მთავრობა მალე გამოაცხადებს დამატებითი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ანდერსონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აქვს გლობალური შედეგები, როგორიცაა, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისი, რაზეც რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას.  

რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში, 6 თვის წინ დასახული მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა

6-თვიანი აგრესიული ომის ფონზე, რუსეთმა უკრაინაში თავისი მიზნების უმეტესეობა ვერ განახორციელა. ამასთან შეასუსტა თავისი დიპლომატიური, ეკონომიკური მდგომარეობა და ჯარის შესაძლებლობები. ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.  „2014 წლიდან პუტინი აპირებდა ძალისა და იძულებითი დიპლომატიის ნაზავის გამოყენებას, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გავლენის გასაზრდელად და გასაძლიერებლად. ნახევარი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რათა დაემხო მთავრობა და ქვეყნის უმეტესი ნაწილის ოკუპაცია განეხორციელებინა“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.  ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობამ 2022 წლის აპრილში, უკრაინაში შეჭრიდან ორი თვის შემდეგ, გააცნობიერა, რომ თავდაპირველი გეგმები არ სრულდებოდა და ყურადღება უფრო მოკრძალებულ ამოცანებზე (აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში) გადაიტანა. „დონბასში შეტევა მინიმალური პროგრესით მიმდინარეობს და რუსეთი უკრაინისგან მასიურ კონტრშეტევას ელის. რუსეთის ჯარი განიცდის საბრძოლო მასალის, ტრანსპორტის და პერსონალის ნაკლებობას. მორალი ბევრ ქვედანაყოფში დაბალია, არმიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დიპლომატიური გავლენა შემცირდა და გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივები ბნელია. ექვსი თვის შემდეგ რუსეთის ფედერაციისთვის ომი უკრაინაში, ძვირი აღმოჩნდა და სტრატეგიული ზიანი მიაყენა“, - ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.    

სახელმწიფო დეპარტამენტი: კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე შიშის დანერგვის მიზნით, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. შესაბამისი ამონარიდი განცხადებიდან საელჩომ გაავრცელა. „იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. დეზინფორმაციის განიარაღება ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა“, - წერია ტექსტში. მისივე თანახმად, სიმართლე განაიარაღებს რუსეთის დეზინფორმაციის მანქანას.  

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების დაძლევის მიზნით, თხევად გაზს კანადისგან იყიდის. ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა  ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს ტორონტოში გერმანულ-კანადურ ბიზნეს-კონფერენციაზე განაცხადა. „გერმანიის მიერ რუსულ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში, კანადა ჩვენი პარტნიორია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანადური LNG ამაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ციტირებს როიტერს შოლცს. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „კანადას აქვს ყველაფერი, რაც რუსეთს აქვს”, - თქვა შოლცმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არის დემოკრატია და საიმედო პარტნიორი. კანადამ და გერმანიამ ასევე გააფორმეს შეთანხმება, ბერლინისთვის კანადური წყალბადის საწვავის მიწოდების შესახებ.  

ფინეთი უკრაინის გვერდით დგას

ფინეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას დამოუკიდებლობისდ დღე მიულოცა. საული ნიინისტოს თქმით, ფინეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს თქვენი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ფინეთი უკრაინის გვერდით დგას და გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.  ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. 

ნაუსედა: დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს და ასევე აღნიშნავს რუსეთის სასტიკი ომის დაწყებიდან 6 თვეს. ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა

ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გიტანას ნაუსედამ პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. „დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს და ასევე აღნიშნავს რუსეთის სასტიკი ომის დაწყებიდან 6 თვეს. ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა. ძალას ვუსურვებ ზელენსკის და უკრაინას, რომლებიც წარმოუდგენელი გამბედაობით, დაუმორჩილებლობით, ღირსეულად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, - წერს ნაუსედა.  

სანდუ: აღფრთოვანებულნი ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მაია სანდუს თქმით, მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ, აღფრთოვანებულნი ვართ უკრაინელი ხალხის - თავიანთი სამშობლოს დამცველების და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს სანდუ Twitter-ზე.  

ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში, ყაზახეთის ლიდერს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. სახელმწიფოს მეთაურები მრავალმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა. ღარიბაშვილის თქმით, კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია. უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას – თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის. იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; განსაზღვრავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების მიმართულებებს; კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში. უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა”, - აცახდებს ღარიბაშვილი.  

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: კრემლი ლუგანსკში ძალებს გზავნის. იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში

აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი იუწყება, რომ ლუგანსკის ოლქში რუსმა მარიონეტებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქის პოლიციის რაზმებთან ერთად, ერთობლივი პატრულირების შესახებ გამოაცხადეს, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ომის მხარდაჭერა მცირდება. ISW ასევე ვარაუდობს, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა, დონეცკში, კრემლის მარიონეტების ლიდერის შტაბ-ბინაზე „ცრუ დროშის ოპერაცია“ განახორციელეს, რათა გაემართლებინათ თავდასხმა უკრაინის სამთავრობო შენობებზე დამოუკიდებლობის დღეს. ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად. ჯერჯერობით, რუსეთის მთავრობის წყაროებმა დაადასტურეს, რომ 1000-ზე მეტი ბავშვია გადაყვანილი რუსეთის ტეტორიაზე.  

ჩავუშოღლუმ დარჩიაშვილს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღუთქვა

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის საკითხი განიხილეს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოში ხანძრების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა. მანამდე, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.  22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან. Eledyne Flir Black Hornet თვითმფრინავების ღირებულება, რომელიც დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, 9,26 მილიონი დოლარი იქნება.  

ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და „მშვიდობიანი ცა“ უსურვა

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მთავარი მოკავშირეა, უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი, 24 აგვისტოს ლუკაშენკოს გვერდზე გამოქვეყნდა.  ალექსანდრ ლუკაშენკო: უნდა დავმშვიდდეთ, ბელორუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძოლებს „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელორუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი ბელორუსის სამხრეთით, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს - მედია „მილოცვაში“ ლუკაშენკო უკრაინას „ ღირსეული ცხოვრების აღსადგენად, მშვიდობიან ცას, შემწყნარებლობას, გამბედაობას, ძალასა და წარმატებებს“ უსურვებს.   უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან, ბელორუსიდან, უკრაინის მიმართულებით სულ მცირე 631 რაკეტა გაუშვეს. მონაცემები ბოლოს მაისში განახლდა.  

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობს დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის დამოუკიდებლობის ფასი და ის ყოველთვის უკრაინასთან ერთად იდგება. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს „გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა! უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უკრაინა და საქართველო ახლობელი, მოძმე ერები არიან საერთო ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით.#სლავაუკრაინა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე. უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გადის. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე.  დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.  

ზელენსკი: 24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს, ჩვენ ვამბობთ - უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. ვერ წარმოედგინათ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების მოსმენა: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს". 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ჯერ არ გვქონდა HIMARS-ი, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, შიშველი ხელით შეეჩერებინათ ტანკები. ისინი მზად არ იყვნენ ჩვენთვის ცის დაკეტვისთვის, მაგრამ ჩვენ გვყავდა ხალხი, ვისაც სურვილი ჰქონდა, საკუთარი მიწა დაეცვა.   უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო. და, მასში არა ძალა, არამედ სიმართლე იმარჯვებს. ფული კი არა, ღირებულებები იმარჯვებს. ჩვენი დროშა იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს. როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერს ეგონა, ყვავილებით და შამპანურით დავხვდებოდით, ამის ნაცვლად, გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს. ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ის ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა. დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ. მტკიცებულება იმისა, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასეთი ფორმით შეიძლება, გამოჩნდეს. დამწვარი, დანგრეული და განადგურებული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯარი გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ზელენსკი.