ძებნის რეზულტატი:
ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს უკრაინის წინააღმდეგოს მხარდასაჭერად. „ჩვენი მისიაა ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა იყოს - ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობის. სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის გვერდით კრემლის აგრესიის დაწყებიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად. იმიტომ, რომ მეგობრებო, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება. მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან მათი გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ტაივანის სრუტეში შედიან
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები ტაივანის სრუტეში შევიდნენ, რაც აშშ-ის პირველი საზღვაო ტრანზიტია მას შემდეგ, რაც ამ თვეში აშშ-ჩინეთის დაძაბულობა კუნძულზე ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაიზარდა. „სარაკეტო მართვადი კრეისერები USS Antietam და USS Chancellorsville მოგზაურობენ „წყლებში, სადაც ღია ზღვაში ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლება მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - ნათქვამია იაპონიაში აშშ-ის მე-7 ფლოტის განცხადებაში. მისივე თანახმად, ტრანზიტი მიმდინარეობს და აქამდე უცხოური სამხედროების ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. „გემების ტრანზიტი ტაივანის სრუტეზე, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებას ცხადყოფს. შეერთებული შტატების სამხედროები მოქმედებენ ყველგან, სადაც ეს საერთაშორისო კანონმდებლობის არის დაშვებული, - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ სრუტის უმეტესი ნაწილი საერთაშორისო წყლებშია.
მედია: ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ „დანიშნული“ „პოლიციის უფროსი“ გარდაცვლილი იპოვეს
ზაპოროჟიეს ოლქში, დროებით ოკუპირებულ მიხაილივკაში „პოლიციის უფროსი“ გარდაცვლილი იპოვეს. Ukrinform-ის ცნობით, ანდრი რიჟკოვი წარსულში უკრაინელი მესაზღვრე იყო. „ჩვენ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ანდრი რიჟკოვი, რომელიც თავს ოკუპირებული მიხაილივკის პოლიციის უფროსს უწოდებდა, ჩამოხრჩული იპოვეს მიხაილივკაში“, - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რიჟკოვმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „მიხაილივკის რეგიონის მესაზღვრეები“ დააარსა და მტერს საკუთარი თავი „პოლიციის უფროსად“ შესთავაზა. ცნობისთვის, 24 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ მიხაილივკაში, რუსი მარიონეტი ლიდერი ივან სუშკო დაიღუპა მანქანის აფეთქების შედეგად. 26 აგვისტოს აფეთქება მოხდა ოკუპირებულ ბერდიანსკში, ამავე ოლქში. 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ხერსონის ოლქში ააფეთქეს კოლაბორანტი, რომელიც ე.წ. „შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის“ „მოადგილის“ თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ის გადარჩა.
თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა
თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აივანი ჩამოინგრა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრველებს და ამბობს, შემთვევას 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივების თქმით, ქალი სარეცხს ფენდა, როდესაც საყრდენის ჩამონგრევის გამო, აივნიდან გადავარდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაწყებულია გამოძიება.
აშშ-ის, ბელგიისა და გერმანიის საჰარეო ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
სტრატეგიულ სასწავლო ღონისძიებაზე, მინოტის საჰაერო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების ორმა ბომბდამშენმა (B-52) ბელგიის f-16 ტიპის გამანადგურებელთან და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებთან (Eurofighters/Tornados) ერთად კომბინირებული წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბი ავრცელებს. თავის მხრივ, NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ცნობით, მსგავსი მისიები განამტკიცებს ალიანსის ტრანსატლანტიკურ კავშირს და ცხადყოფს მოკავშირეების უნარს, ითანამშრომლონ საერთო ტაქტიკებზე, ტექნიკასა და პროცედურებზე დაყრდნობით.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სანდუმ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და ევროკავშირში მისი გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომი მკაფიოდ გვაჩვენებს თავისუფლების ფასს. კიშინიოვში, ეროვნული საბჭოს მოედანზე მოლდოვის დამოუკიდებლობის 31-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ „ეს ომი დასრულდება და შევძლებთ, ამ კრიზისებიდან გავიდეთ უფრო გაძლიერებულები. წელს მოლდოვა გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. მოლდოვა მხოლოდ ევროპული ქვეყნების ოჯახში შეძლებს, იყოს რეალურად ძლიერი და დაიცვას თავისი მოქალაქეები", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. მოლდოვას გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან და ომის დაწყების შემდეგ ასი ათასობით უკრაინელი მიიღო. რუსეთს მოლდოვის სეპარატისტულ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის რეგიონში 1500-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. სანდუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა და პარლამენტის სპიკერი, იგორ გროსუ.
ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს აკვირდებიან
ჩინეთის სამხედროებმა კვირას განაცხადეს, რომ აკონტროლებენ აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს, ინარჩუნებენ მზადყოფნას და მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. ინფორმაციას Aalarabiya ავრცელებს. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები ტაივანის სრუტეში შევიდნენ, რაც აშშ-ის პირველი საზღვაო ტრანზიტია მას შემდეგ, რაც ამ თვეში აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობა კუნძულზე ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაიზარდა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
CNN: უკრაინა რუსეთთან ომში იყენებს ამერიკულ დოქტრინას, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ განვითარდა
უკრაინაში ომიდან 6 თვის შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინა წარმატებით იყენებს წინააღმდეგობის კონცეფციას, რომელიც აშშ-ის სპეცოპერაციების ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი არმიის დასამხობად შემუშავდა. ამის შესახებ CNN წერს. ოფიციალური პირების თქმით, წინააღმდეგობის დოქტრინა 2013 წელს ჩამოყალიბდა, საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ, ხოლო მისი მნიშვნელობა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ აღიარეს. დოქტრინა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც - ROC, ინოვაციურ და არატრადიციულ მიდგომას გვთავაზობს ომისა და ტოტალური თავდაცვის მიმართ, რომელიც რუსეთის არმიის წინააღმდეგ შეთანხმებული წინააღმდეგობის ფარგლებში არამხოლოდ უკრაინის სამხედროების, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს, მთლიანობაში, წინააღმდეგობის კონცეფცია უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადობის, მისი უნარის გაძლიერებას, გაუძლოს გარე ზეწოლას. ის მოიცავს წინააღმდეგობის დაგეგმვას, მთლიანი ქვეყნის ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით. „თავდაპირველად, მხოლოდ ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოხატეს რეალური ენთუზიაზმი ახალი დოქტრინის მიმართ. 2014 წელს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის თითქმის უსისხლოდ აღებამ და ანექსიამ გააოგნა უკრაინა და დასავლეთი. გაააქტიურა კვლევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეექმნათ გეგმა ტოტალური თავდაცვისთვის, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ სამხედროებს, არამედ, მშვიდობიან მოსახლეობასაც“, - წერს CNN. „ისინი [უკრაინელები] იყენებენ ყველა რესურსს, მათ შორის, არატრადიციულსაც, რათა ძირი გამოუთხარონ რუსი სამხედროების ძალისხმევას“, - განაცხადა თავის მხრივ გადამდგარმა გენერალმა მარკ შვარცმა, რომელიც ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობას დოქტრინის შემუშავების დროს ხელმძღვანელობდა. გადამდგარი არმიის პოლკოვნიკი კევინ სტრინგერი კი, რომელიც წინააღმდეგობის კონცეფციის განვითარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ამ დოქტრინის ყირიმში გამოყენების ნიშნებს ხედავს. „ზოგადად, წინააღმდეგობის კონცეფცია იძლევა ქვეყნის მდგრადობის ამაღლების საფუძველს, ომის დროს კი, მედეგობა იქცევა მტრის წინააღმდეგობის ინსტრუმენტად. ამავდროულად, ეს დოქტრინა არ არის გამიზნული აჯანყების შესაქმნელად ან მხარდასაჭერად“, - წერს CNN. „მდგრადობა არის საზოგადოების ძალა მშვიდობის დროს, რომელიც ომის დროს აგრესორის წინააღმდეგ სიმტკიცით გამოირჩევა“, - განმარტა დალია ბანკაუსკაიტემ (ყოფილი პრეზიდენტი) ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელმა, რომელმაც შეისწავლა წინააღმდეგობის დაგეგმვის საკითხი ლიეტუვაში. „უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა, ვიდრე უბრალოდ მკაცრი წინააღმდეგობა ოკუპაციის წინააღმდეგ. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინას ბენდიკასმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობისთვის მზადება, ქვეყნის დასაცავად ნების განვითარებას, მოქალაქეთა სამხედრო და არასამხედრო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას მოიცავს. მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის დოქტრინის არსებობა და წინააღმდეგობის ირგვლივ დაგეგმვის საკითხი მიზანმიმართულად საჯაროა და მისი მიზანია, შემაკავებელი ზომის მოქმედება პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და არა, ტრადიციულ, სამხედრო ან ბირთვულ შეკავებას. სტატიის გაგრძელება რას გულისხმობს სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ლიეტუვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიმუშავა
პატრიარქი: კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა, რომ „კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს“. „გილოცავთ მარიამობას, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს სიონობაც მიულოცა „დღეს ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია - ზეციური და ქვეყნიერი. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. თქვენ ახლა იგალობეთ „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა. ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წაიკითხოთ „ღვთისმშობლის დაუჯდომელი“. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მერი: უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს
უკრაინულმა ძალებმა წუხელ მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ტელეკომპანია Freedom-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, განადგურებულია მელიტოპოლში მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა. „ამასთან, მელიტოპოლის რეგიონის სოფელ მირნეში აფეთქებების ხმა გაისმა. ერთ-ერთი შენობა, სადაც „რეფერენდუმისთვის“ მზადება მიმდინარეობდა, განადგურებულია", - განაცხადა ფედოროვმა.
რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში: პუტინმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინის პასპორტის მქონეებს, რომლებიც „სამხედრო ოპერაციის შემდეგ“ „რუსეთში მოხვდნენ“, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიეცემათ. უკრაინა განმარტავს, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მიზნების მისაღწევად განკარგულება უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას კრძალავს, თუ საქმე არ ეხება „ციხიდან გათავისუფლებულ ან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირებს“. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: კრემლი ლუგანსკში ძალებს გზავნის. იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში შეგახსენებთ, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშიც იყო მითითებული, რომ მოსკოვს იძულებით გადაჰყავს უკრაინელები რუსეთში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს 25 აგვისტოს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანალენა ბერბოკი: მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში გრძელვადია პერსპექტივაში მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ DW იტყობინება. მინისტრის თქმით, ეს მხარდაჭერა მოიცავს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასაც. „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს თავისი მეგობრებისგან. უკრაინა ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ მათ თანხებითა და სამხედრო საშუალებებით ვუჭერთ მხარს. მხარდაჭერა გაგრძელდება, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
პრინცესა დიანას ავტომობილი აუქციონზე 650 000 ფუნტად გაიყიდა
Ford Escort, რომელსაც პრინცესა დიანა თითქმის სამი წლის განმავლობაში მართავდა, ინგლისში, აუქციონზე 650,000 ფუნტად (დაახლოებით 764,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. პრეტენდენტები მთელი მსოფლიოდან ცდილობდნენ მანქანის შეძენას. Silverstone Auctions-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომისტორიული შავი Ford Escort RS Turbo, აუქციონზე გაიყიდებოდა. „ჩვენ გავყიდეთ რამდენიმე ავტომობილი, მაგრამ ეს მანქანა ისტორიის, მდგომარეობისა და გარბენის თვალსაზრისით საუცხოაა“, - განაცხადა Silverstone Auctions Classic Car-ის სპეციალისტმა არველ რიჩარდსმა.
მეუფე იაკობი: შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში
ბოდბელo მიტროპოლიტ მეუფე იაკობის განცხადებით, პოლარიზაციის შეწყვეტაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ყველაზე კარგი, შერიგება იქნება. ჟურნალისტების კითხვაზე, შეეფასებინა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებები, აღნიშნა, თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ამერიკის ელჩზე, ისევ წასულ დეპუტატებთან უნდა ჰქონდეს კითხვები ელჩს. მისივე თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ეკლესიაც უნდა ჩაერთოს. „არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა, კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო. ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ, ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე სახლი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყესა და ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოსთვის სახანძრო-სამმაშველო ჯგუფები მობილიზებულნი არიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სადაც ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა, სალიკვიდაციო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა.
რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ამის გარკვევას abc.net-ი შეეცადა. სტატიის ავტორი წერს, რომ ევაკუაციის გეგმა ისევ დღის წესრიგშია, ხელისუფლება იოდის ტაბლეტებს არიგებს. Planet Labs-ის სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ევროპის უდიდესი ატომური სადგურის ირგვლივ ხანძარი იყო. რა ვითარებაა ზაპოროჟიეში ხელისუფლებას ქარხნის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის იოდის ტაბლეტების დარიგება აქვს დაწყებული. იოდის ტაბლეტები ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური დაბინძურების შეწოვის დაბლოკვას, ბირთვული ავარიის დროს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უკრაინა ზაპოროჟიედან, ხარკოვიდან და მიკოლაივიდან ევაკუაციას გეგმავს. როგორც ცნობილია, ქარხანა ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ და მას უკრაინელი თანამშრომლები მართავენ უკვე 6-თვიანი ომის პირველივე დღეებიდან. ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთი ორივე მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა. ბოლო ინციდენტში უკრაინა და რუსეთი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებაში, რამაც სადგური ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშა. „ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან. ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გაითიშა უკრაინა ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო.
კულება: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, მთელი კონტინენტი საფრთხეშია
რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟჟიის ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რის გამოც მთელი კონტინენტი საფრთხეშია. შესაბამისი განცხადებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე გამოვიდა. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება რჩება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად, განსაკუთრებით, ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან“, - წერს კულება.
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება. მანამდე, სამმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მინისტრები მზად არიან, მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას. 2007 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ყველა ვიზაზე შეღავაზებს აუქმებს, მოითხოვს უფრო მეტ დოკუმენტაციას, გააძვირებს მომსახურებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ლოდინის დროს. დმიტრო კულება: რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საზღვრების გადაკვეთა, რომ მათი პატივისცემა ისწავლონ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.
ოპერატიული სარდლობა: უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, რუსი ოკუპანტების ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედის ცნობით, აფეთქება ქალაქ ნოვა-კახოვკაში მოხდა. განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა. ხერსონში ასევე დაზიანებულია საბრძოლო მასალის საწყობი. უკრაინული მხარის თქმით, რუსეთის ძალებმა შესაძლოა, დაკარგეს 11 სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, სამი ჯავშანმანქანა და თვითმავალი ჰაუბიცა „Msta-S“.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთს დაახლოებით 90 000 ჯარისკაცის მობილიზება სურს
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთს დაახლოებით 90 000 ჯარისკაცის მობილიზება სურს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები რეკრუტირებას ახდენენ ქვეყნის თითოეულ სამხედრო ოლქში დანაკარგების ასანაზღაურებლად, თუმცა აწყდებიან მნიშვნელოვან პრობლემებს იქედან გამომდინარე, რომ სულ უფრო ნაკლებია განმცხადებელთა რაოდენობა. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ ჯერ არ არის ნათელი, თუ როგორ მიაღწევს რუსეთს შეიარაღებული ძალები გაცხადებულ დიდ ზრდას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა არსებითად გაზარდოს მისი საბრძოლო ძალა უკრაინაში. მისივე თანახმად, ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს რუსეთი სამხედრო ძალის გაზრდას - მეტი მოხალისის გადაბირებით თუ გაწვევის გაზრდით. „თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის გადაწყვეტილება დიდ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ომზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა. ჰყავს ძალიან ცოტა ახალი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე და წვევამდელები ტექნიკურად არ არიან ვალდებულნი, იმსახურონ რუსეთის ტერიტორიის გარეთ", - ნათქვამია დაზვერვის ცნობებში. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 1,9 მილიონიდან 2,04 მილიონამდე გაიზარდა.