ძებნის რეზულტატი:

შვეიცარიის პრეზიდენტი გი პარმელენი: საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შვეიცარიის პრეზიდენტი პრემიერისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, საქართველოს და შვეიცარიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და შვეიცარიისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს საქართველოს განვითარებაში. „გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. ულევ წარმატებას გისურვებთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის შენარჩუნებისთვის, ისევე როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა, ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ახალი წელი მოგილოცოთ. ყველა ჩვენგანზე დრამატული გავლენის მქონე ახალი კორონავირუსის პანდემიისგან შვების მომტანი ყოფილიყოს! საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. ჩემი ქვეყნისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს თქვენი ქვეყნის განვითარებაში იმ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში ხორციელდება. შვეიცარიას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენს მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე. მოდით, კიდევ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება მოვახდინოთ ჩვენს მეგობრობაში და ჩვენი ურთიერთობები მეტად კონსოლიდირებული და ღრმა გავხადოთ. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.

BBC ტელესკოლის ფუნქციას ითვისებს

BBC TV სასკოლო ასაკის ბავშვებს სწავლაში დაეხმარება ახლახან გამოცხადებული ლოკდაუნის პერიოდში, რისთვისაც ტელესკოლის რეჟიმზე გადაიყვანს ჰოლდინგის შემდეგ არხებს BBC Two და CBBC. იგივე მასალა სატელევიზიო ჰოლდინგის ინტერნეტ პორტალზეც განთავსდება და ონლაინ რეჟიმში გადაიცემა. გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სკოლების უმეტესობა დაიხურა, რადგან მთავრობამ გამკაცრებული ზომები დააწესა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის დასამყარებლად. სატელევიზიო ჰოლდინგი BBC სასკოლო პროგრამის მიხედვით ორშაბათიდან დაიწყებს გაკვეთილების ტრანსლირებას. ეს გულისხმობს დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამიდან ყოველ სამუშაო დღეს სამსაათიანი ტელესკოლის ჩასმას CBBC არხის ბადეში, ხოლო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ ორი საათის განმავლობაში იმუშავებს BBC Two არხი ტელესკოლის რეჟიმში. დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს.

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია  პირველი ოფიციალური ვიზიტით

მოლდოვის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით უკრაინას ეწვია. მაია სანდუმ შეხვედრა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. მხარეები უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტთა საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი. „ვადასტურებ, რომ უკრაინა მოლდოვის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის მუდმივი პრაგმატული თანამშრომლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – განაცხადა მოლდოვის ლიდერმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სანდუმ და ზელენსკიმ სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც კიევსა და კიშინიოვს შორის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. მოლდოვას პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებას 24 დეკემბერს დაიწყო.

აშშ-ის კაპიტოლიუმთან გაძლიერებული სამხედრო და საპოლიცო კონტროლია

აშშ-ის კაპიტოლიუმთან გაძლიერებული სამხედრო და საპოლიცო კონტროლია, შენობაში შესვლა მხოლოდ კანონმდებლებს შეუძლიათ. სამოქალაქო პირების გადაადგილება აკრძალულია. პარალელურად მიმდინარეობს ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემის პროცესი.

სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება უკვე განმუხტულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება განმუხტულია. მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა სოფელში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უთანხმოება 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. მანამდე უშედეგო აღმოჩნდა გურიის მხარის გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. მათ გუბერნატორის შეთავაზებები არ მოეწონათ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გაემართნენ, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი. დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა. სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ „დაპირისპირება გამოიწვია, შეიძლება ითქვას, გარკვეული ჯგუფების მასიურად შედინებამ, რამაც ბუნებრივია, კითხვები გააჩინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 მუსლიმი არის, რომლებიც შედიან სხვადასხვა ინტენსივობით და ლოცულობენ, რაღაც გარკვეული ესკალაცია მოხდა. სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩავიდა სახელმწიფოს მხრიდან არის დეკლარირებული განცხადება, რომ რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და იქნება დაცული. არანაირი პრობლემა, მუსლიმ თემს რომ ვინმემ ხელი შეუშალოს, ლოცვის უფლება აუკრძალოს, გამორიცხულია. ეს კანონმდებლობით არის დადგენილი და მეორე მხრივ, როგორც აქამდე აგრძელებდნენ ლოცვას მუსლიმი თემი, ისე გააგრძელონ მომავალში”, - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ. ბუკნარის ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული. “ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვივებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელიც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში", - ნათქვამია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ნაომი კემპბელი კენიის ტურისტულ ელჩად დაინიშნა

ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი კენიის ტურისტულ ელჩად დანიშნეს. ამის შესახებ კენიის ტურიზმის სამინისტრო Twitter-ის გვერდზე იტყობინება. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კენიელთა ნაწილი თვლის, რომ მსგავს პოსტებს კენიაში დაბადებული პირები უნდა იკავებდნენ. მათი აზრით, კემპბელზე მეტად ელჩობას მსახიობი ლიუპიტუ ნიონგო, მოდელი ალიუმა ნასენიანი ან პოლიტიკოსი და აქტივისტი დებრა სანაიპეი იმსახურებდნენ.

საქართველოს საპატრიარქო, რუსეთის ეკლესიას მიმართავს, ცხინვალში რუსი მღვდელმსახურის მიერ წირვის ჩატარების ფაქტი დაგმოს

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურს, მართლმადიდებლური საეკლესიო საზღვრების და კანონიკის დარღვევის გამო აკრიტიკებს. რუსეთის საპატრიარქოს წერილით მიმართავს, გამოიძიოს და დაგმოს, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის სამების ტაძარში, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის მიერ წირვის ჩატარების კანონიკურობა. ამის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წერილშია აღნიშნული, რომელიც მან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს მისწერა. წერილის სრულ ვერსიას, საქართველოს საპატრიარქოს საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს „ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს,თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო: ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის,ანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის. ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს კარაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)“, - აღნიშნულია რუსეთის საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში.

მედია: რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინული გამოცემა La Nacion-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა. ოფიციალურ ვატიკანს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. 9 იანვარს პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება

2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტებს წარმოადგენენ. 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება”, -აღნიშნულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გერმანელმა დიპლომატმა, კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ელჩს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის საგარეო პრიორიტეტები გააცნო, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან ერთად სამომავლოდ იმუშავებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს წლების განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, ყველა საერთაშორისო ფორუმზე. მისივე განცხადებით, პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ცნობით, 2024 წელს ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი სრულდება და საქართველოს ლეგიტიმური უფლება ენიჭება ევროკავშირიში წევრობის შესახებ, განაცხადი გააკეთოს. 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილება მიენიჭება

ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელსაც ხელებზე რვა თითი აქვს, Australian Open-ის ძირითად ბადეში მოხვდა

20 წლის ფრანჩესკა ჯონსი Australian Open-ის ძირითად ბადეში მოხვდა. ბრიტანელ ჩოგბურთელს,რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, მოიგო თავისი პირველი სლემის შესარჩევი მატჩი ორშაბათს და ახლა მიაღწია თავის პირველ მნიშვნელოვან ტურნირს ჩინელ, ლუ ჟია-ჯინგზე განსაცვიფრებელი 6-0 6-1 გამარჯვებით. ჯონსი, რომელიც ბარსელონაში ცნობილ სანჩეს კასალის აკადემიაში 10 წლის ასაკში მიიღეს, ბრიტანეთის ხუთი პრეტენდენტიდან ერთადერთია, ვინც დუბაისა და დოჰაში ჩატარებული საკვალიფიკაციო შეჯიბრებების პირველ ტურში გაიარა.

ალეკო ელისაშვილი: პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ

ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდის გამართვის შემდეგ მიიღებს. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საარჩევნო კანონმდებლობის ძირფესვიანი შეცვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ის მზადაა პარლამენტში შევიდეს . “გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი “ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი: არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაავრცელა გურიაში მომხდარ მოვლენებზე. "მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა",- ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

229 მომხრე და 195 მოწინააღმდეგე - წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პალატის ხმის მიცემის შედეგები ახლახან გახდა ცნობილი.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს 10 რეპუბლიკელის მხარდაჭერა აქვს

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს. ათი რესპუბლიკელი კანდიდატი მიემხრო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, 231 ხმით 197-ის წინააღმდეგ. ხმის მიცემის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

ადამ კინზინგერი: იმპიჩმენტზე: თავს მშვიდად ვგრძნობ

რესპუბლიკელი კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ხმა მისცა დონლად ტრამპის იმპიჩმენტს, ის მის არჩევანზე კომენტარს CNN-თან აკეთებს. კინცინგერის თქმით "ეს არჩევანი აღემატება ნებისმიერ პოლიტიკურ შეხედულებას. ეს სწორედ ის მომენტია, რომელსაც 80 წლის ასაკში გაიხსენებ და ისაუბრებ თამამად",- ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი იმპიჩმენტზე. ”არ ვიცი რა იქნება მომავალში,არ ვიცი რას ნიშნავს ეს ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ახლა თავს მშვიდად ვგრძნობ”, - დასძინა მან. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს 10 რეპუბლიკელის მხარდაჭერა აქვს.

ამერიკელ პროგრამისტს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინებს ინახავდა

აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრებ პროგრამისტს, სტეფან ტომასს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 7 000-ზე მეტ ბიტკოინს (240 მილიონ დოლარს) ინახავდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. დაცული მყარი დისკი ავტორიზაციის მხოლოდ 10 მცდელობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მასზე არსებული ინფორმაცია საერთოდ იშლება. ამ დროისთვის ტომასმა დისკზე შესვლა რვაჯერ სცადა და ყველა შემთხვევა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1 ბიტკოინის ფასი 34 500 დოლარია.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. რა ხდება შემდეგ?

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის არის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯი. რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ. თუ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, მაშინ ის განსახილველად სენატში გადაიგზავნება. რა პროცესი მიმდინარეობს სენატში. ვიდრე საკითხი სენატში შევა განსახილველად, პალატა ირჩევს წარმომადგენლებს, რომლებიც პროკურორის მოვალეობას შეასრულებენ, ხოლო სენატი მოსამართლის. როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი მსჯავრის გამოსატანად საჭიროა ხმების ორი მესამედი, თუ ბრალდებულს დამნაშავედ სცნობენ, მაშინ ის მოიხსნება დაკავებული პოზიციიდან და აეკრძალება ამერიკის სახელით რაიმე სახის, შემოსავლით, პატივით ან ნდობით სარგებლობა. აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილავს. სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა უარი განაცხადა 19 დეკემბრამდე სენატის მოწვევაზე. ეს კი ნიშნავს, რომ სენატი ამ საკითხს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ განიხილავს. ცნობისათვის, 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.

14 იანვარი საქართველოს ეროვნული დროშის დღეა

დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღეა. თარიღის აღნიშვნა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო და ის 2004 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება. სწორედ 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონით გამოცხადდა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ. ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს. პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტრადიციულად თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები მიიღებენ.

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა "გაყრა". რეჟისორისა და დრამატურგის მიერ თბილისში ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული თეატრი, ცარიზმის ინტერესებთან კონფლიქტის გამო, 1856 წელს დაიხურა და წლების შემდეგ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით აღდგა. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

ჯო ბაიდენი ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. „კაპიტოლიუმზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული იყო. თავდასხმა განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა წააქეზა. ეს იყო აშშ-ის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი, რომლის მონაწილეებიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბაიდენის შტაბმა გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.