ძებნის რეზულტატი:

ტრამპმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა რესურსის გამოყენების განკარგულება გასცა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური ორგანოები ვაშინგტონში უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო რესურსს გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Myfox8 ავრცელებს. „საიდუმლო სამსახურმა ჩამაყენა საქმის კურსში, რომ იგეგმება ახალი დემონსტრაციები როგორც ვაშინგტონში, ისე მთელ ქვეყანაში, რაც პოტენციურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, გავეცი განკარგულება, ფედერალურმა ორგანოებმა ყველა რესურსი გამოიყენონ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვაშინგტონში ათასობით გვარდიელი ჩამოდის იმისთვის, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპი ძალადობას კიდევ ერთხელ გაემიჯნა და განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მიმართვა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა ტრამპს მიმართვაში სიტყვა „იმპიჩმენტი“ საერთოდ არ უხსენებია. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. იმ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, 10 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენია.

კორონავირუსი კიდევ 1357 ადამიანს დაუდასტურდა, 748 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 PCR ტესტით. შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 748 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 228 359-მდე

ბოლო 24 საათში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 867 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 748 კოვიდინფიცირებული.

240 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 756, აჭარაში - 337, იმერეთში - 746. ამ ეტაპზე 808 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში - 369, აჭარაში - 62, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 8, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 - თბილისში, 325 - აჭარაში, 28 - იმერეთში. 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 196, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 748 კოვიდინფიცირებული.

კოვიდინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან 561 თბილიში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა - 112, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 69, შიდა ქართლი - 111, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 748 კოვიდინფიცირებული.

ილია მეორე: სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვინ გაუძლებდა  ამ ცხოვრებას

"დღეს არის ბედნიერი დღე, ვისტუმრებთ ძველ წელს და ვლოცავთ ახალ წელს. ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა. "დღეს არის ბედნიერი დღე, ვისტუმრებთ ძველ წელს და ვლოცავთ ახალ წელს. დღეს საპატრიარქოში შევასრულეთ სამადლობელო პარაკლისი და მადლობა შევწირეთ უფალს, იმ განსაცდელისთვის, იმ მძიმე დღეებისთვის და სიხარულისათვის, რომელიც გადავიარეთ. ახლა ვლოცავთ მომავალ წელს, ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. წმინდა იოანე ღვისმეტყველი ამბობს, "ღმერთი არის სიყვარული". სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვინ გაუძლებდა ამ ცხოვრებას. სიხარული მოგცეთ მამაზეციერმა. სიყვარული იყოს ჩვენი მფარველი უფალი, სიყვარულმა გაგაძლებინოთ და სიყვარულმა ბოლომდე მიგატანინოთ თქვენი ჯვარი", - აღნიშნა ილია მეორემ.

თბილისში გასართობი ღონისძიების მოწყობისთვის მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს და ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თბილისში ათობით ადამიანის მონაწილეობით გასართობი ღონისძიების მოწყობისთვის მოქალაქე 2 000 ლარით დაჯარიმდა და ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერდა. „მიმდინარე წლის 13 იანვარს, თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. კერძოდ მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი. ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ერთის მხრივ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სენატი ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ განიხილავს

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის არის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯი. 229 მომხრე და 195 მოწინააღმდეგე - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს. რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ. საკითხი განსახილველად სენატში გადაიგზავნება. რა პროცესი მიმდინარეობს სენატში. ვიდრე საკითხი სენატში შევა განსახილველად, პალატა ირჩევს წარმომადგენლებს, რომლებიც პროკურორის მოვალეობას შეასრულებენ, ხოლო სენატი მოსამართლის. როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი მსჯავრის გამოსატანად საჭიროა ხმების ორი მესამედი, თუ ბრალდებულს დამნაშავედ სცნობენ, მაშინ ის მოიხსნება დაკავებული პოზიციიდან და აეკრძალება ამერიკის სახელით რაიმე სახის, შემოსავლით, პატივით ან ნდობით სარგებლობა. აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილავს. სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა უარი განაცხადა 19 დეკემბრამდე სენატის მოწვევაზე. ეს კი ნიშნავს, რომ სენატი ამ საკითხს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ განიხილავს. ცნობისათვის, 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.

გიორგი გახარია: საქართველოს დროშა, პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს

"ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით. "ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს.მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარი საქართველოს ეროვნული დროშის დღეა .

ჩინეთში, მაისის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში, მაისის შემდეგ, კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტი ჰებეის პროვინციაში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსის 97 275 შემთხვევაა დადასტურებული. 90 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 796 პაციენტი კი გარდაიცვალა.

რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ აშშ-ში შემსვლელებმა

"თუ უცხო ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით უნდა წარადგინოთ COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგის ან COVID-19– დან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელშო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, Covid-19-ის ტესტი გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში უნდა იყოს ჩატარებული. საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ აშშ ყველა საერთაშორისო რეისის მგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოსთხოვს.

მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შესახებ: ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო

"ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო", - ასე ეხმიანება შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, სასულიერო პირებმა ინცინდენტის შესახებ გვიან ღამით გაიგეს და მაშინვე სცადეს კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჩართვა. "ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან - 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად. რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება ამინ" - ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთში ვაქცინირებულებს „კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ

პოლონეთში „კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ ადამიანებს, რომლბიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქე მიიღებს QR-კოდს, რომლის ჩამოტვირთვაც ელექტრონული მთავრობის ვებგვერდზე, პირადი კაბინეტიდან იქნება შესაძლებელი. „ეს იქნება ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა აცრა და შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც ვაქცინირებულებს აქვთ“, - განაცხადა ანა გოლავსკამ. პოლონეთის მთავრობის ინციციატივით, ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ, ჯანდაცვის მომსახურებით დამატებითი ტესტირების გარეშე ისარგებლონ, და მათ ასევე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა, მათ შორის კვიპროსმა და საბერძნეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „კოვიდპასპორტის“ მქონე მოგზაურები კარანტინის გავლისა და სხვა შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახლა სამსახურშია. შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

Twitter-ის ხელმძღვანელი: ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორი იყო, თუმცა ამით სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა

"ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორი იყო, თუმცა ამით სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა:, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Twitter-ის ხელმძღვანელი ჯეკ დორსი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას. მისი განცხადებით, ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სოციალურმა ქსელმა ექსტრაორდინარულ ვითარებაში მიიღო, როდესაც საკითხი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხებოდა. „ყველასათვის ნათელია, რა საფრთხეს შეიცავს ინტერნეტში გაკეთებული გამონათქვამები რეალურ ცხოვრებაში. ამასთანავე, მსგავსი ქმედებები ორად ყოფს საზოგადოებას და ქმნის სახიფათო პრეცედენტს. ყველანი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა გავლენა აქვს ცალკეულ ადამიანებს და კორპორაციებს გლობალურ საზოგადოებრივ დისკუსიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული სხვა სოცქსელებთან, რომლებმაც ასევე დაბლოკეს ტრამპის ანგარიშები“, - აცხადებს ჯეკ დორსი. შეგახსენებთ, Twitter-მა დონალდ ტრამპს პირადი გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა.

ზაზა ფირალიშვილი: ივანიშვილს ახლა ბევრი პარტია მიაკითხავს თხოვნით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ოპოზიციური პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას. ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-სთან ინტერვიუში განცხადა და დასძინა, რომ, პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ.. „იცით ახლა რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში? რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია. თუმცა პოლიტიკოსები ცდილობენ, ისევ 90-იანი წლების მოდელები გაიმეორონ. საზოგადოება მართლა სერიოზულად იზრდება. ამიტომაც არ მგონია, ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ჩათვალოს, თუ ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მხარს დაუჭერს უკვე არსებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ის ოპოზიციური ძალა უცბად იქცევა გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ”, - აღნიშნავს ფილოსოფოსი. მისი თქმით, ღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას და იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. „ ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა. ვერ გეტყვით მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ფარული იქნება თუ ღია. სავარაუდოდ, თვითონ არ მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა სადავეები ხელში ეჭირება. ვისურვებდი რომ მას საბოლოოდ გაეწყვიტა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია და დამსახურებები არ აქვს. უბრალოდ ამ განცხადებაში ესეც ვიგრძენი. უწევს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, რომლისთვისაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის გავლენა პოლიტიკაზე; აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია იქნება, თუ ფარული დაშვებული არ არის. ფარული შეიძლება უარესი იყოს. ღია მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სერიოზულად ვერ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოების თვალში.”, - განუცხადა Europetime-ს ინტერვიუში ზაზა ფირალიშვილმა. 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. მოგვიანებით პირველ არხთან ინტერვიუში განმარტა თუ რით განსხვავდება პოლიტიკიდან მისი პირველი წასვლა ამჟამინდელი წასვლისგან. "2013 წელს ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემდი "ქართულ ოცნების" გუნდს და დავეხმარებოდი კიდეც. მაშინ გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“. ახლა ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. აღარ იქნება არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“ ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია რომ მას სჯერა, გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, პირველივე თვეს დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ თვითონვე შექმნიდა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა არჩევნებზე მისვლა იქნება ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ოცნებაა, „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული ადგილი დაიკავოს ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონში

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ბოიკო ბორისოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას. „თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ვიყენებ ამ სასიამოვნო შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დადებით ხასიათს, რომელიც მეგობრობას, ისტორიულ, კულტურულ და სულიერ სიახლოვეს ეფუძნება. საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რისი მტკიცებულებაც აქტიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი გახლავთ. ეკონომიკურ სფეროში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის შემდგომი განვითარების წინაპირობა. ბულგარეთი თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს უჭერს მხარს და აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას. ბატონო პრემიერ- მინისტრო, ურყევ ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში და გარწმუნებთ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემაში“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ

"მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს", - ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ. „ნება მიბოძეთ, ლიეტუვის მთავრობის სახელით გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა. ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენი ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. მადლობას მოგახსენებთ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის მოლოცვისთვის. მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს. ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც თქვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ. მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყნები, მოიცვა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და მისგან მომდინარე შედეგებმა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის გარდამტეხი მომენტია. ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ლიეტუვამაც მოუწოდა ევროპის კომისიას ისეთი მხარდამჭერი მექანიზმის შექმნისკენ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ადრეულ ეტაპზე შეაძლებინებს ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის მოპოვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები ახლო მომავალში შესძლებენ ამ გამოწვევის დაძლევას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას და ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენ, ხოლო ქართველ ხალხს - გამარჯვებასა და კეთილდღეობას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლიდან მიულოცა, სადაც დროშის აწევის ცერემონია გაიმართა. „გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა - ეს უდიდესი ბედნიერებაა! საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა! ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს! ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს! ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრაციას და საელჩოებს. მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, პოლიციელებო, მაშველებო, მეხანძრეებო, ექიმებო, მედპერსონალო! მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც დღეს იცავს ჩვენს საზოგადოებას, ეს მართლაც უდიდესი ღვაწლია ამ ქვეყნისთვის და ეს დროშა ამის სიმბოლოცაა! მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის დღე და მოგილოცოთ ასევე, ძველით ახალი წელი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვაქცინაცია ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენენ

„ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს, ქვეყანა კი ლოგისტიკურად ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზად არის. მისივე თქმით, მსოფლიოში მიღებული პროტოკოლის მიხედვით, პირველ რიგში ვაქცინას მედპერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, რისკ-ჯგუფები. „რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსი დღეს 1 357 ადამიანს დაუდასტურდა, 748 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.