ძებნის რეზულტატი:
ერდოღანი: NATO თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარისად არ ეხმარება
ნატო თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარისად არ ეხმარება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ევროკავშირისა და ნატოს უსაფრთხოება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე იწყება. ნატოს ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი არასდროს გვითქვამს. რატომ გვტოვებენ NATO-ს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო? თურქეთის გარდა, ვინ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს?“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. „იარაღით დატვირთული ათასობით სატრანსპორტო საშუალება ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუგზავნეს. მათ კი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი ამ შეიარაღების გამოყენებით. ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, მათ ვებრძვით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ბიძინა ივანიშვილი: მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არ მაქვს
„პოლიტიკაში მე მოვედი იძულებით, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა. პოლიტიკა არ იყო ჩემთვის სასურველი და ჩემი ხელწერით, ამ ხნის განმავლობაში დავასაბუთე რომ, არ თვალვმაქცობდი და არ არის ეს ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფერსია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში. „2011 წელს, მე როცა მოვედი ხელისუფლებაში, გავაკეთე განცხადება, რომ ვიქნებოდი პოლიტიკაში იმდენ ხანს, სანამ არ გავისტუმრებდი მოძლადე ხელისუფლებას და ამის შემდგომ მეც დავტოვებდი იმ თანამდებობას, რომელიც მექებოდა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი დანაპირები შევასრულე და დანაპირების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემთვის სასურველი და ჩემი ხელწერით, ამ ხნის განმავლობაში დავასაბუთე რომ, არ თვალვმაქცობდი და არ არის ეს ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფერსია. მე მოვედი იძულებით, იმიტომ რომ სჭირდებოდა ქვეყანას. ვაცხადებდი, მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ. მე პოლიტიკაში დამრჩენი არა ვარ. მართლაც ასე გავაკეთე. პრემიერობიდან ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი. როგორც დავპირდი საზოგადოებას. თუ გაიხსენეთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბევრი კითხვა იყო - როგორ პოზიციებს დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობას ვიტოვებ არსებულ გუნდზე. ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი - მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა არჩევნებზე მისვლა იქნება
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე 2013 წელს პოლიტიკიდან წასვლის ფორმას, ახლანდელი გადაწყვეტილების ფორმისგან მიჯნავს და განმარტებებს აკეთებს. „აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე ბოლო განცხადებაში, როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. აღარ იქნება არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით ახლანდელი წასვლა პოლიტიკიდან არსებითად განსხვავდება 2013 წლის გადაწყვეტილებისგან და ის ყოველთვის ასრულებს, იმ პირობას რასაც დებს. „2013 წელს ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. მაშინ გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი - მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. აი, ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ხანია, გუნდს წასვლის თაობაზე ვამზადებ
„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება, მას შეუძლია, გააგრძელოს, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში. ივანიშვილის თქმით, გუნდს წასვლის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა და, შესაბამისად, გუნდიც ამისთვის მზად იყო. „დიდი ხანია, ამისთვის ვამზადებ გუნდს, წელიწადზე მეტიც შეიძლება იყოს. გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩემი მუშაობის მეთოდია მხოლოდ კამათი, ზუსტად ეს მომყვება ბიზნესიდან. მინდა, როდესაც კრიტიკული სიტუაციაა და რაღაც თემაა გადასაწყვეტი, ყველა, ვისაც შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. მხოლოდ ასეთი მეთოდებით ვსარგებლობდი და ვცხოვრობდი მუდამ. გუნდშიც ასეთივე პოზიცია მქონდა. იქ არ არსებობდა უფროს-უმცროსი. შეიძლება ასაკით მიწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ნებისმიერ კამათში ემოციების გამოხატვის საშუალება იყო. ზოგადად, შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ ოპონენტს. საჯარო სივრცეშიც ასე მივდივარ, არასდროს მიკადრებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, თუმცა დაუმსახურებლად უამრავი შეურაცხყოფა მივიღე. ნებისმიერი მეგობრის გუნდიდან წასვლა ყოველთვის იწვევს კითხვებს. ვფიქრობ, ამისთვის აბსოლუტური მზაობა აქვს გუნდს. რაც შესაძლებელი იყო ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძალიან კარგი ვარიანტია. ვფიქრობ, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება. „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, გააგრძელოს ის, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: გუნდს რომ კიდევ გაუჭირდეს, ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე, თუ ვერ გავაკეთე სწორად, ე.ი. აღარც უნდა მოვბრუნდე
"ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რატო დავბრუნდე? ე.ი თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე და თუ სწორად ვერ გავაკეთე, რატომ მოვბრუნდე? რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე" - განაცხადა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მიაჩნია სწორად კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნება. ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან თუ საზოგადოებას მისი მსგავსი კვლავ სჭირდება, „ქართული ოცნება“ სწორედ ის გუნდია, რომელიც მისნაირებისგან შედგება. საქართველოს პირველი არხის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, თუ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უკან დაბრუნდება, ივანიშვილი აცხადებს, რომ უკან დაბრუნებას არ აპირებს. „გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ის არ იყო ერთი პარტიის გუნდი. როდესაც წავედი პარტიიდან, შეიძლება ითქვას, კოალიციური პარლამენტი იყო, რადგან რამდენიმე პარტიისგან შედგებოდა. 2016 წელს ძალიან ვაქტიურობდი, პროცესებში ვეხმარებოდი გუნდს, რომ მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე და პარტია შემდგარიყო, სამწუხაროდ, მე ამასაც ვხედავდი და ალბათ სხვებიც ამჩნევდნენ, რომ ეს ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზის გამო. ნახეთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც უფრო დიდხანს შეინარჩუნეს სახე „ქართული ოცნების“ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის, წავიდნენ, თუმცა ეს არ იყო ხელოვნური დაშორება. მათ ბუნებრივად, თავად ჰქონდათ სურვილი და არავის ხელი არ შეუშლია. არც იმას დაგიმალავთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა სურვილი, ერთი შემადგენლობით წარმდგარიყო, როდესაც მე მოვბრუნდი მეორედ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო. გაჩნდა ხიფათი ობიექტურად, რომ პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს ხიფათი იყო რეალური. მე მოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე რაც შემეძლო, ჩემი გამოცდილებით, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რატო დავბრუნდე? ე.ი თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე და თუ სწორად ვერ გავაკეთე, რატომ მოვბრუნდე? რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა
"უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“. „პარტიამ იცის ყველაფერი, ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტი იცის ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები. ჩემი თხოვნაა, ისევ შევახსენებდი ერთადერთს, თუ მოახერხებენ, ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა; კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. ეს თუ ვერ მოახერხეს, თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება, შედეგი გაუარესდეს. თუმცა, მაინც თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ მოუვა. აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის ურთიერთობებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: "ქართული ოცნების" გუნდში უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას
უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის საქმიანობაში არ ჩაერევა და გუნდის წევრებს მხოლოდ თხოვნით მიმართავს, ერთმანეთის მიმართ ოპონირებას ნუ მოერიდებიან. „ზოგადად, ადამიანს უნდა ახასიათებდეს, რომ ბოლო ჭეშმარიტება არ არის მისი აზრი. ასე გავიზარდე და ასე ვცხოვრობ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკიდან, სხვადასხვა სფეროში ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ძალიან ხშირად, თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე, ასე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ. ჩვენი თანამშრომლობა მუდამ ასეთი იყო. აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსესუსს. ისიც მინახავს, ჩემი წინადადებაც გასულა ან ვინმეს ნათქვამი, რომელიც ვერ მივიღეთ, უფრო სწორი გამოდგა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც გუნდს სთხოვა, სწორედ ის იყო, რომ ამ პრინციპით გააგრძელონ მუშაობა. „უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. ვფიქრობ, გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაურები მთავრობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა
„ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში. ივანიშნვილის თქმით, გიორგი გახარია მთავრობის ხელმძღვანელობას კარგად ართმევს თავს და კარგია, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის გუნდი უცვლელი დარჩა. „ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა. ვიღაცებს ილუზიები აქვთ, რომ ივანიშვილმა მოახვია თავს, მაგრამ, გარწმუნებთ, რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის, ვის შეცვლას აპირებ, ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ აღარ ითქმის, რაღაც სხვა გეგმები, რაზეც მას ჰქონდა აბსოლუტური თავისუფლება. ბოლოს მახსოვს, ხელს როცა ვაწერდი მის პრემიერად წარდგენას, მითხრა, რომ არავის არ შეცვლის, მოსწონს ეს გუნდი“, – განაცხადა ივანიშვილმა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ გუნდის საქმიანობაში არ ჩაერევა. „გუნდი საკმაოდ გამოცდილია, ჩემი რჩევები არ სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ თავადაც დაიცავენ თამაშის წესს, რაზეც შევთანხმდით. თუ ასეთი მოხდება, აუცილებლად უარით ვუპასუხებ, რომ თუ პირადული რამე გაქვს, კი ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ პოლიტიკური თემები, სჯობს, გადაწყვიტოთ გუნდთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვმეგობრობთ ევროკავშირთან, ნახეთ, როგორი კარგი ურთიერთობები დამყარდა. მათ შეუძლიათ, დამატებითი რჩევები მიიღონ პარტნიორებიდან და არა ჩემგან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს.
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში ჩემი მოსვლისას უდიდესი რისკები არსებობდა, დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“ - ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ
„პოლიტიკაში ჩემი მოსვლისას უდიდესი რისკები არსებობდა, დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“ - ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 2011-2012 წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლით, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლე გადადო. „რისკები იყო უდიდესი. ჩემს დაცვის უფროსს ვეუბნებოდი, შენ შეგიძლია, ჩახვიდე მანქანიდან, გინდა, ფეხით გადავალ ხიდზე, არ მეშინიამეთქი. გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, რომ, აი, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ. მოვიდოდა დილით და ვეტყოდი, ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველიმეთქი. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ ეშინია პასუხისმგებლობის და იმიტომ მიდისო. სადაც გაცლაა საჭირო, მე იქ ვეცლები, მაგრამ ჩვენ გმირულად, რაც მთავარია, გონებით და არა ემოციებით, ყველაფერი დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი მაინც დიდი იყო, ვინც იცის მათი ხელწერა და მაშინდელი მდგომარეობა. ეს არის მშიშარა ხალხით ჩამოყალიბებული გუნდი. ნახეთ, შიშის ფონზე, რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება. უშიშარი კაცი ასე არ მოექცევა და არ დაჩაგრავს მავანს, არათუ თავის თანამოძმეს. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ქველმოქმედება გამიკეთებია, ყველაზე მეტი აქ გამიკეთებია. ჭარბი, ნაგროვები ფული არ დამიხარჯავს მარტო ჩემი ხალხისთვის (რასაც მე ჭარბ ფულს ვეძახი, ჭარბ ქონებას), არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სიცოცხლე გადავდე და, რაც მთავარია, სიცოცხლეც არავის დავაზიანებინე. ამით ვამაყობ სწორედ, რომ ძალიან ღირსეულად ვძლიეთ მოძალადეებს, რომლებიც დღეს საცოდავ დღეში არიან, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებიან, მეტი არაფერი იციან, რეალური ნიღაბი მოიხსნეს მთლიანად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“
„ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. კითხვაზე, რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად, რადგან წერილში ნახსენებია, რომ ეს არის მისი ოცნება, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა: „გუნდის წევრებმა შეიძლება, არ და ვერ დამისვეს ეს კითხვა, შეიძლება ბევრს აქვს და ბევრსაც არ მოეწონა, რასაც ვგულისხმობდი. ვგულისხმობდი იმას, რომ, ჩემი აზრით, იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება, იმდენი გამოცდილება მიიღო, და დაბრძენდა, რომ უკაცრავად და, ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. „მე მხედველობაში მქონდა ის, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ნიჭიერი პარტია გაჩნდეს, ვინც ჭეშმარიტად ქვეყანაზე ზრუნვით იქნება დაკავებული, რომ მოიტანს პირველ რიგში გონებრივ რესურსს, აჩვენებს გუნდურობას, აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო გამჭრიახია და უფრო სწორი მიმართულებით შეუძლია, განავითაროს ჩვენი ქვეყანა. დღევანდელი ოპოზიცია ნახეთ, უნდათ, „ქართულ ოცნებას“ ფეხები მოატეხონ. ამ კრიტიკის იქით არის დაუსაბუთებელი, უარგუმენტო არაკონსტრუქციულობა. ოპონენტმა უნდა გააკრიტიკოს, შენ თუ გვაქვს იმუნიტეტი და ხარ ძლიერი, იმ კრიტიკას იყენებ საშენოდ. ოპონენტსა და ოპოზიციას აქვთ უდიდესი როლი. ეს როლი თუ სწორად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება და ქვეყანასაც დააკლდება. დრო თავისას იზამს. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება და აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად, დალაგებულად, მწყობრად, გააზრებულად შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. სანატრელია ისეთი ოპოზიცია, როგორიც „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, „ქართლი ოცნება“ თუ ოპოზიციაში იქნება, დღევანდელი მეთოდოლოგიით, მსოფლმხედველობით, განწყობით მოემსახურება საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება. „ღმერთმა მომასწორს და მოვესწრები ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. ოპონენტიც რომ ასეთი ჯანსაღი იქნება, ქვეყანა გაცილებით სწრაფად განვითარება. დღევანდელი ოპოზიცია რეალური ოპონენტის როლს შესაძლოა, ერთ-ორი პროცენტით ასრულებს. გზების ძიებაში რომ უკეთესი აჩვენოს და „ქართულმა ოცნებამ“ თვითონაც დაიწყოს რაღაცის გადახედვა, ეს არ ხდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა, არ აქვს არგუმენტები და ამიტომაც მთლიანად ჩაიძირა სიცრუეში. „მათ არ აქვთ იმის ნიჭი, უკეთესი გზები მოძებნონ, რომ ქვეყნის განვითარება დაჩქარდეს. მათი ნიჭია, იცრუონ. არ აქვთ თემატურ კრიტიკა, ვერც საგარეო საკითხებზე და კორუფციაზე საუბრობენ, ვეღარც პოლიციაზე, რადგან ყველაფერი გაცილებით უკეთესია და მათ მეტი, კიდევ უკეთესი არ იციან. ეს არის პრობლემა და ეს არის ჩემი ოცნება, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ნიჭიერმა დაიკავოს ხელისუფლების სადავეები, „ქართული ოცნების“ მსგავსი ნიჭით დარჩეს ოპონენტის როლში. გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს განვითარების ტემპი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას ათობით კომპანია წყვეტს
კაპიტოლიუმთან განვითარებული პროცესების შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას ათობით კომპანია წყვეტს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა გერმანულმა „დოიჩე ბანკმა“. წერს NY ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მომავალში ტრამპთან საქმეს აღარ დაიჭერს. ამ ეტაპზე ბანკში დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი აქტივები ინახება. ამერიკაში „დოიჩე ბანკის“ ოპერაციების ხელმძღვანელმა ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები დაგმო. პრეზიდენტ ტრამპთან ფინანსურ საქმიანობას აჩერებენ ამერიკული ბანკებიც - „სითი-გრუპი“, „ჩეისის“, Bank of America“, „გოლდმან საქსი“, „ვიზა“, „ამერიკან ექსპრესი“ და „მასტერქარდი“. მათ დონალდ ტრამპის მომსახურებაზე გარკვეული დროის განმავლობაში უარი თქვეს. რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებსაც, რომლებმაც საარჩევნო კოლეგიის შედეგების რატიფიცირებაზე 6 იანვარს უარი თქვეს, მომსახურებას საბაკო სექტორის და სხვა დიდი ბიზნესების წარმომადგენლები უჩერებენ. განცხადებები კომპანიებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და განაცხადეს, რომ კანონმდებლებს, რომელთა საარჩევნო კამპანიაში ისინი შემოწირულობას გასცემდნენ, პროცესს შეუჩერებენ. „მარიოტი“, „ეი-თი-ენდ-თი“, „ამაზონი“, „ფორდი“, „ბესთ ბაი“, „ბლუ ქროსიც“ აცხადებენ, რომ უჩერებენ შემოწირულობებს იმ კონგრესმენებს რომლებმაც არჩევნების შედეგები არ დაადასტურეს. პოლიტიკური დაფინანსება ასევე შეაჩერეს „ამერიკან ეარლაინსმა“, „ბი-ფიმ“ და „კოკა კოლამ“.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისი საქმის ბარათი მოსკოვის სიმონოვსკის რაიონის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. თავად ნავალნიმ აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებული მისი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. მოსკოვის სასამართლომ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა კომპანია „ივ როშეს“ სახსრების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პირობითი სასჯელი და 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა,მის ძმას კი 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბიძინა ივანიშვილი: 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შევიტანთ, დიდი ალბათობით 2030 წელს შევძლებთ, დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ
„2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს და სტაბილურად განვვითარდით, 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საქართველო, ისევე როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობისთვის მზად არის. „20/30 როცა დავაფუძნე, მაშინ 2030 წელი საკმაოდ შორს იყო. მაშინ ძალიან უპერსპექტივოდ ეჩვენებოდათ. ქართველები ცოტა სულსწრაფები ვართ. აქედან გამომდინარე, მაშინ გაბედულად ვერ ვამბობდი და ახლა შემიძლია ვთქვა, 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, ძალიან დიდი ალბათობით, თუ ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ, სტაბილურად განვვითარდებით, ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია. ასევე, იცით კარგად, რომ ნატო-ს სჭირდება დემოკრატიული, ფინანსური ინსტიტუტები, ჯარის რაღაც დონე. ნატო-ს სტანდარტებს რაც სჭირდება, დღეს და გუშინაც, ჩემი აზრით, ვაკმაყოფილებდით. ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ევროპაში, იმ ორ პროცენტსაც არ იხდის საერთო შიდა პროდუქტიდან, რასაც ჩვენ. ჩვენ, ღარიბი ქვეყანა ამასაც კი ვიცავთ. დღეს თავისუფლად ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს, მაგრამ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუაზრებელმა ქმედებამ 2008 წელს, ბევრი კითხვები გააჩინა. გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ევროპელი მეგობრები, გამოკვეთილი მხარდაჭერა გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა სტაბილური იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკურად. ჩვენ მაინც მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოვახერხებთ, შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო გახდება ყველაზე დემოკრატიული, წარმატებული ქვეყნების ოჯახის წევრი. არც ისე შორსაა 2030 წელი. 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს, სტაბილურად განვვითარდით, ჩვენ 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი. თუმცა, იქ ჩვენ ეკონომიკურად ვერ ვიქნებით ყველაზე მდიდრები, მაგრამ სხვა საშუალებები იხსნება და ვფიქრობ, მოკლე დროში ჩვენს ქვეყანასაც ისეთივე წარმატებულს გავხდით, როგორი წარმატებულიც ევროპის ქვეყნებია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ ტრამპის დაახლოებით 4 ათასი მხარდამჭერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს
„დემოკრატი“ კონგრესმენი, კონორ ლემბი აცხადებს, რომ 20 იანვარს დონალდ ტრამპის დაახლოებით 4 ათასი მხარდამჭერი აშშ-ის კონგრესის შენობის ალყაში მოქცევასა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს. „დემოკრატი“ კონგრესმენის თქმით, სამართალდამცველები ამ საფრთხეს სერიოზულად მიიჩნევენ და მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან. მისი თქმით, სამართალდამცველებმა კანონმდებლებისთვის ბრიფინგი გამართეს 20 იანვარს მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. „სამართალდამცველები ამბობენ, რომ 4 ათასი შეიარაღებული პირი კაპიტოლიუმის ალყაში მოქცევას აპირებს, რათა „დემოკრატებმა“ კონგრესის შენობაში შესვლა ვერ შეძლონ. ეს ორგანიზებული ჯგუფია, რომელიც ამის დაგეგმარებას ახორციელებს“, - განაცხადა კონგრესმენმა კონორ ლემბმა. მედია გუშინ FBI-ზე დაყრდნონით იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონის მახლობლად შეიარაღებული მიტინგი იგეგმება. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
ლას-ვეგასის კაზინოების მაგნატი, „რესპუბლიკელების“ დამფინანსებელი შელდონ ადელსონი გარდაიცვალა
ლას-ვეგასის კაზინოების მილიარდერი მაგნატი და პოლიტიკაში დამფინანსებელი შელდონ ადელსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტყობინება BBC. ის აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. ის ასევე იყო ცნობილი კონსერვატიული მიზნებისა და ისრაელის მხარდაჭერით. მან ასობით მილიონი დოლარით დააფინანსა „რესპუბლიკელები“ და კონსერვატიული ჯგუფები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის 25 მილიონ დოლარზე მეტით დონალდ ტრამპი, რომელმაც 2018 წელს ადელსონის მეუღლეს გადასცა „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“. შელდონ ადელსონი იმუნური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
მაიკ პენსი დონალდ ტრამპის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა
ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში მაიკ პენსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენება მისთვის მიუღებელია. „როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 დღეა დარჩენილი, დემოკრატთა ფრაქცია მოითხოვს მთავრობისგან 25-ე შესწორების ამოქმედებას, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს მოსახლეობის გახლეჩასა და კონფრონტაციის გაზრდას,“- ნათქვამია წერილში. იმ შემთხვევაში, თუ ვიცეპრეზიდენტი 25-ე შესწორებას დაუჭერდა მხარს, დემოკრატები ტრამპის გადაყენებას იმპიჩმენტის პროცედურის გარეშე შეძლებდნენ.
YouTube-მა ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა
YouTube-მა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. YouTube-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის არხზე განთავსებული ვიდეო ძალადობისკენ წაქეზებას შეიცავდა. აღნიშნული მასალა წაიშალა. კომპანიაში ვიდეოს დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთ კვირაში გადაწყვეტილებას გადახედავენ. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ, სოციალურმა ქსელებმა Facebook-მა და Instagram-მა დონალდ ტრამპს ანგარიში მინიმუმ ორი კვირით დაუბლოკა. Twitter-მა კი მიკრობლოგი სამუდამოდ დაუბლოკა.
საპატრულო პოლიციამ არასრულწლოვანი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი, ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინური Sinovac-ის ვაქცინამ ბრაზილიაში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა
ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ბრაზილიაში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გასულ კვირას „ბუტანტანის ინსტიტუტის“ მეცნიერებმა, განაცხადეს, რომ ჩინურმა ვაქცინამ ინფიცირების „მსუბუქიდან მწვავე“ შემთხვევების პრევენციაში 78%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ახლა ისინი აცხადებენ, რომ ინფიცირების ძალიან მსუბუქი ფორმების შესახებ მონაცემების ჩათვლის შემდეგ ვაქცინა 50.4%-ით ეფექტური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ Sinovac-ის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა 65.3%-ია.
ბელგიაში კარანტინი 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა
ბელგიის მთავრობამ COVID19-ის პრევენციის მიზნით, კარანტინის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის პრემიერ-მინისტრის დადგენილებაზე დაყრდნობით The Brussels Times ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის დროს იკრძალება კოლექტიური ღონისძიებები, რელიგიური მსახურება, შეზღუდულია სტუმრების მოწვევის რაოდენობა, დაკეტილია ბარები და რესტორნები. ასევე დაწესდა შეზღუდვები სამგლოვიარო სარიტუალო მომსახურებაზე. მოქალაქეებისთვის არაა რეკომენდირებული საზღვარგარეთ გამგზავრება. ძალაშია კომენდანტის საათი და დისტანციური მუშაობისა და სწავლის რეჟიმი. გამოცემის ცნობით, თუ ვითარება გაუმჯობესდა, შეზღუდვები შესაძლოა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდეს. 22 იანვარს საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა იგეგმება, სადაც სპეციალისტები ბელგიაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელებენ.