ძებნის რეზულტატი:

The Guardian-ი მასშტაბური გვალვის გამო შესაძლოა სტამბოლს წყლის პრობლემა შეექმნას

თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გვალვაა. ინფრომაციას The Guardian-ი ავრცელებს. სტამბოლის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გასული წლის მეორე ნახევარში ნალექების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ქალაქს 45 დღის საკმარისი წყლის მარაგი აქვს. ანკარის მერმა მიმდინარე თვის დასაწყისში მოსახლეობას უთხრა, რომ კაშხლებსა და წყალსაცავებში 110 დღის სამყოფი წყლის მარაგია დარჩენილი. ქვეყნის სხვა ქალაქებშიც კაშხლები და წყალსაცავები დაახლოებით 40 პროცენტითაა გავსებული. ხორბლის მწარმოებელ ადგილებში ფერმერები შიშობენ, რომ მათი მოსავალი გაფუჭდება. მეცნიერები წყლის მწირე მარაგს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, პრობლემის მიზეზად თურქეთში ასევე სახელდება წყლის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რის გამოც, ქვეყანაში წყლის საშუალო დანაკარგი 43 პროცენტია.

ევროსაბჭო: საქართველოში რუსეთის ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება

ევროსაბჭოს შეფასებით, საქართველოში რუსეთის ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება. ამის შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში ასევე ყურადღება მახვილდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმისვლის ჩაკეტვასა და ჰუმანიტარული ვითარების გართულებაზე. "საქართველოს დეფაქტო ოკუპირებული რეგიონების გარშემო არსებული ვითარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სულ უფრო უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ამ ორი რეგიონის შიგნით და გარეთ მყოფ ქართველებს შორის კონტაქტები პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. სულ უფრო და უფრო რთული აღმოჩნდა, თუ არა შეუძლებელი, ამ ორ ქართულ რეგიონში მცხოვრებთათვის გადაეკვეთათ ადმინისტრაციული საზღვრები დანარჩენ საქართველოში საგანმანათლებლო და (სასწრაფო) სამედიცინო მომსახურების მიზნებით. სამწუხაროდ, არ არის რაიმე სახის პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინის, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ქართული რეგიონების, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში წერია.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმა იანვრის ბოლომდე დამტკიცდება

„ვაქცინაციის გეგმის დოკუმენტის იურიდიული დამუშავება მიმდინარეობს. ვფიქრობ 10 დღე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გეგმამ საბოლოო ფორმალური სახე მიიღოს და იყოს დამტკიცებული მთავრობის მიერ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აქ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდულობით მოგვიწევს გეგმის გადახედვა და განახლება. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ვაქცინა ბაზარზე და შესაძლოა, გარკვეული რეკომენდაციებიც მოვიდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რაც უნდა აისახოს გეგმაში“, - აღნიშნა გაბუნიამ. მისი თქმით, იანვრის ბოლომდე ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებული იქნება. „თუმცა განახლდება ის გაიდლაინები, რაც უკავშირდება იმუნიზაციის პროცესსა და გვერდითი მოვლენების მონიტორინგს. ეს ყველაფერი სრული პაკეტის სახით იანვრის ბოლომდე დამტკიცდება“,- განაცხდა გაბუნიამ.

ბუკნარში დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწეს. ადგილობრივი მუსლიმების და ქრისტიანების მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით წარიმართა, მხარეების შეთანხმებით და თანასოფლელების შერიგებით დასრულდა. შეხვედრა სოფლის კლუბის შენობაში შედგა. სადაც მხარეებმა ერთმანეთს შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვეს. „რა თქმა უნდა შევრიგდით, იმთავითვე მივესლომებოდი ასეთ საქციელს, ამის ღრმად მწამს, რომ მშვიდობიან და კოხტად გავაგრძელებთ ცხოვრებას. გაუგებრობაზე ლაპარაკი გადავდოთ გვერდზე, ამაზე საუბარი აღარ გვინდა“,- უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ნუგზარ ჭაღალიძემ. იგივე განწყობა ჰქონდათ სოფლის ქრისტიან მკვიდრებსაც. "გონიერებამ და იმ სიყვარულმა გაიმარჯვა, რაც გვქონდა ერთმანეთის მიმართ და მე ამ სიყვარულის იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიყვარული ამ პროოკაციაზე ბოლომდე გაიმარჯვებს",- აღნიშნა მარიამ ხელაძემ. შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უთანხმოება 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ამის შესახებ, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია აღნიშნული. მონიტორინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას. „სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც შესაძლო ფართო გაყალბებას ამტკიცებენ, განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მეორე რაუნდს და ახალ პარლამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობისთვის. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ჩატარების ადგილი და შესაბამისად, ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, დაიკავონ ადგილი პარლამენტში. 2020 წლის მარტის პოლიტიკური შეთანხმება ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს შორის უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი შემადგენლობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტის განხილვა სტრასბურგში ზამთრის სესიაზე იგეგმება. მუშაობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩაერთვება. სესია 25- 28 იანვარს გაიმართება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის რეპეტიცია გადაიდო

ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიცია, რომელიც კვირისთვის იყო დაგეგმილი, უსაფრთხოებიიდან გამომდინარე გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. FBI-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში გახშირდა ინაუგურაციაზე შესაძლო პროვოკაციის შესახებ საუბარი, "ჩვენ შეშფოთებულები ვართ, დედაქალაქში დაგეგმილ რამდენიმე პროტესტთან დაკავშირებით, რა დროსაც შესაძლოა შეიარაღებული პირები ახლო მანძილზე მოვიდნენ სახელმწიფო მაღალჩინოსნებთან",- ამბობს FBI-ი დირექტორი ქრისოფერ რეი. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო აწარმოებს გამოძიებას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც, შესაძლოა, ინაუგურაციის უსაფრთხოდ ჩატარებას ხელი შეუშალონ. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მედია: საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, საუბარია ნიკოლა სარკოზის მიერ რუსეთში საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე და ყოფილი პრეზიდენტი გავლენით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლა სარკოზიმ რუსული სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტიისგან“ 3 მილიონი ევრო მიიღო საკონსულტაციო მომსახურების გაწევისთვის. „გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, მუშაობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, როგორც კონსულტანტი, რაც აბსოლუტურად კანონიერი საქმიანობაა, თუ ის პოტენციური ლობისტური საქმიანობით იყო დაკავებული“, - აღნიშნავენ წყაროები.

ამირან გამყრელიძე: მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება

"მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. როგორც მან აღნიშნა, დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრისას პროექტის დასრულებული ვერსია განიხილეს, რა დროსაც კონსესუსის წესით გეგმის მიღება მოხდა. ამავდროულად, გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. „მოგეხსენებათ, საქართველო კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კონსულტაციები გაიმართა ახლად შექმნილ „კოვაქს“ პლატფორმასთან. ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა „კოვაქს“ პლატფორმასთან. გაფორდმა ხელშეკრულება სექტემბერში და საქართველომ გადაიხადა უპირატესი მექანიზმით წინასწარი შესატანი. უპირატესი მექანიზმი ნიშნავს, რომ საქართველოს ხუთი-ექვსი ვაქცინიდან, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე, უფლება აქვს, შეარჩიოს შესამაბისი ვაქცინა, უფრო მისაღები ქვეყნისთვის. ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სამუშაო კომისია სხვადასხვა სამინისტროს მონაწილეობით კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად. სამუშაო ჯგუფებმა თვე-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს და დღეს უკვე არსებობს ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იყო დასრულებული ვერსია. კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება. გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ გეგმა წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელ პირებთან. პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

თეა წულუკიანი: გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება

"ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის", – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტის წარმომადგენლებმა შეძლეს და მოინახულეს გელათი. „მოინახულეს ის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ხანია, მიმდინარეობს და უკვე ცნობილია, რომ ამ სამუშაოებისას, შემსრულებელი კომპანიის მიერ დაშვებულ იქნა სერიოზული ხარვეზები. ჩვენ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ კომიტეტის სხდომა, სადაც მოვუსმინეთ არა მხოლოდ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არამედ მოვუსმინეთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, ასევე რესტავრატორ-არქიტექტორსა და შემსრულებელ კომპანიას. ფაქტია, რომ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თამარ გაბუნია: ქვეყანაში მულტიორგანული ანთების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი არ არის, შავ ბაზარზე მის მოპოვებას არავინ შეეცადოს

„მულტიორგანული ანთების სინდრომის შესახებ რამდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი სამედიცინო საზოგადოებისთვის, როცა ბრიტანეთში და აშშ-ში ეს შემთხვევები დაფიქსირდა, ჩვენთან ვირუსის მატების შემდეგ გავიდა ერთი თვე და დაიწყო ამ სინდრომმაც გამოვლენა", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში მულტიორგანული ანთების სინდრომის 60-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. „შემთხვევათა დიდი ნაწილი მსუბუქად მიმდინარეობდა. ბავშვების უმრავლესობა მკურნალობდა იაშვილის კლინიკაში, ასევე „ნიუჰოსპიტალსა“ და კიდევ რამდენიმე კლინიკაში. დაავადების პროტოკოლი პედიატრებმა 10 ნოემბერს მოამზადეს. შემთხვევათა დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის საჭიროა სტეროიდებიც. იმუნოგლობულინი აქვთ იმ კლინიკებს, ვინც მედიკამენტს სხვა მიზნებისთვის ადრეც იყენებდა. იაშვილის კლინიკაში ამ კონკრეტულ მომენტში დეფიციტი არ არის. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით. მედიკამენტით უზრუნველყოფა არის საავადმყოფოს, ხოლო ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამ მედიკამენტის შავ ბაზარზე მოპოვებას არავინ შეეცადოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Reuters-ი: აშშ-ის შემდეგ,რუსეთმა დაიწყო „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცედურები

რუსეთმა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად პროგრესის მიღწევა შეუძლებელი გახდა. რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, შეთანხმების მოქმედების შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ის და მის ნატოელ მოკავშირეებს ეკისრებათ. რუსი დეპუტატის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებს უნდა აეღოთ ვალდებულება არ გადაეცათ აშშ-ისთვის წვდომა ხელშეკრულების შესრულებით მიღებულ ინფორმაციაზე. მანამდე, რუსეთის შეიარაღების კონტროლის საკითხზე მომუშავე დელეგაცია ითხოვდა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს სადამკვირვებლო ფრენების დროს მიღებული მონაცემების სანდოობა უზრუნველეყოთ. „ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს გაფორმდა, რაც ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე არასამხედრო სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. 2020 წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. დონალდ ტრამპმა მაშინ თქვა, რომ რუსეთი აშშ-ის გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად ფრენის საშუალებას არ აძლევდა. აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები გასული წლის ნოემბერში დაასრულა.

ამირან გამყრელიძე: როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ

„ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს. მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათლილი. „ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კველევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ძალიან მინდა, მოსახლეობის 60 პროცენტი წელს ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ „კოვიდს“ ვერ დავამარცხებთ. ამიტომ, ყევლანი უნდა გავერთიანდეთ და კარგად გავითავოსოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზსადენის დაზიანების გამო, გლდანის რაიონში 3 500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

გლდანის რაიონში 3 500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, გაზსადენს ავტომობილი შეეჯახა. „გაცნობებთ, რომ გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა. ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა 3 250 აბონენტს. კერძოდ გლდანის „ა” მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ), ასევე გლდანის I და II მ/რ-ს შორის, ხიზანიშვილის ქ. 45-ში (ვეკუას ქ. 22) – ყოფ. სავაჭრო ცენტრის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ შპს „მმბ”-ის კორპუსის, კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ (მარატ ნოზაძის ქ. 8) საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს „თავთავს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, სს „უძრავი ქონებას”, შპს „სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას, გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს „ქეთის”, შპს „ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს „ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს „ლიდერთრეიდს”, შპს „გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს „მედკაპიტალს” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრი, შპს „#55 აფთიაქი”, შპს „სქაი ჰოლდინგი”, შპს ,,პრესტიჟი, შპს „ჯეოსელი”, #136 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის #35 საბავშვო ბაგა-ბაღი გლდანის „ა” მ/რ-ში – ფ/პ დ მოდებაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს „ერა + “ და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

NY Times-ი: ნიდერლანდების მთავრობა სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ნიდერლანდების მთავრობა საბავშვო შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. ქვეყნის პარლამენტის დასკვნაში ნათქვამია, რომ რიგ შიმთხვევაში ოჯახების დასაჯარიმებლად ხელმოუწერელი დოკუმენტიც კი საკმარისი იყო, რის გამოც სოციალურად დაუცველი ოჯახები ათობით ათასი ევროთი ჯარიმდებოდნენ. ნიდერლანდების პარლამენტის დასკვნის თანახმად, "უპრეცედენტო უსამართლობას" ჰქონდა ადგილი რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახთან მიმართებით, რომელთა ნაწილიც იძულებული გახდა, მთავრობის მიერ მათთვის გადაცემული თანხა უკან დაებრუნებინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სულ მცირე 9 ათასი ოჯახის მიმართ მცდარი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს.

საქართველო დასავლეთის ერთადერთი რეალური მოკავშირე დარჩა კავკასიის რეგიონში. აქედან გამომდინარე აუცილებელია შიდაპოლიტიკა დალაგდეს - ექსპერტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას. Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად არჩევნებისადმი არსებული პრეტენზიებისა, პარლამენტში უნდა შევიდეს ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. „ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც დეტალურად იციან საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები და მოუწოდებენ ოპოზიციას, პარლამენტში შევიდნენ. ამას იმიტომ არ არ ამბობენ, რომ ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდათ. ამ დროისთვის საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი რეალური მოკავშირე დარჩა დასავლეთს კავკასიის რეგიონში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური ვითარება იყოს და დალაგდეს თუნდაც შიდაპოლიტიკური სიტუაცია. დროა საჭირო, რომ აშშ-ში მომხდარი სამთავრობო ცვლილებები დალაგდეს, ევროკავშირიც უკეთ გაერკვეს ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაში. ამიტომ გვეუბნებიან, რომ ნუ გვიშლით ხელს, შედით, მაგრამ იმდენად ძლიერია საქართველოში რუსული გავლენები, მათ შორის ოპოზიციაში, ხელს არ აძლევს არავის რომ მიყვნენ იმ აზრს, რატომ გვკარნახობენ დასავლეთელი პარტნიორები პარლამენტში შესვლას. არ დავაკონკრეტებ, რომელ ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ. ყველამ იცის, ევროპარლამენტში გულუბრყვილო ადამიანები არ სხედან და "ჰაერზე არ აკეთებენ" ასეთ მოწოდებებს. მაგრამ ვითარება სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის საქართველოში დღემდე რუსული სცენარით მიმდინარეობს და ვინც ამას არ აღიარებს, აქედან გამომდინარე არ გეგმავს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ის ნებსით თუ უნებლიედ რუსულ თამაშში მონაწილეობს", - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა. ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. "მოქალაქეები“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე, პარლამენტში შესვლაზე თანხმობას აცხადებს, თუ ხელისუფლება მათ პირობებს გაითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარეშე საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე კვლავ უარს ამბობს. „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ. "შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, თუ ხელისუფლება დათანხმდება ერთ პირობაზე. "ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია" - ამბობს იაგო ხვიჩია. „ევროპული საქართველო“ ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარეშე პარლამენტში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, თუმცაა მზადაა, ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. „ოპოზიციას შორის კონსულტაციები არ შეწყვეტილა. ჩვენ, ოპოზიციის 99%-ს და ქართულ საზოგადოებას გვაქვს ერთი ამოცანა - მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რასაც სჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში და საარჩევნო კანონმდებლობაში ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენ, ჩვენი პაკეტი გაგზავნილი გვაქვს და დეტალურად განხილული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთ წარმომადგენელს, პარლამენტში შესვლის შესახებ, შესაძლოა პარტიის ლიდერებისგან განსხვავებულია აზრი ჰქონდეს. „მე ვაპირებ, დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებმაც არჩევნებში საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და არა „ევროპული საქართველოს“ მენეჯმენტს. მათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან, ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს“- განაცხადა მედიასთან საუბრისას მეგრელიშვილმა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს: დავით ბაქრაძემ; შალვა შავგულიძემ; ელენე ხოშტარიამ; არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ. „გირჩის“ ყოფილი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ტრაგიკულად არ უყურებს იმას, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან პარტიებმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტონ. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო წესების ცვლილება, რომ ფიქრობს, ამაში ღირს მისი ბოიკოტის გაცვლა. მისი თქმით, რაღაც დრო რომ გავიდეს და ვიღაცები თუნდაც შევიდნენ პარლამენტში ან ვიღაცები შეიტყუონ, ეს არაფერს არ ცვლის. "შემდგარი ფაქტია, რომ ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ბოიკოტი უკვე შედგა. ფიქრობ რომ ელისაშვილის პოზიცია ნორმალურია და ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე „მოქალაქეების" ლიდერი არ შევა. მას რომ უბრალოდ პარლამენტში შესვლა სდომოდა, აქამდეც შევიდოდა. უბრალოდ მე არ მგონია, რომ პარლამენტში შესვლამ განტვირთოს ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. ამ სურათის შეცვლის ერთადერთი შანსია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს რეალური შეთანხმების გზით, რომლის შანსიც მოლაპარაკების მაგიდასთან ჩნდება”, - აღნიშნავდა ზურაბ ჯაფარიძე. „ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ვერავითარ მნიშვნელოვან შედეგს ვერ „გამოგლეჯს“. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის სერგო ჩიხლაძე “გირჩის“ შეთავაზებას განიხილავს და აცხადებს, რომ თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტს არქმევენ, ბარემ ოფიციალური პლებისციტი ჩაატარონ. „გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ხელისუფლებამ, თუ ეს არის განმსაზღვრელი, ეს უკვე განსაზღვრულია და გაუგებარია ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან”, - უპასუხა სერგო ჩიხლაძემ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აჯობებს, მაშინ მმართველმა პარტიამ 2022 წელს ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს. „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება დაანონსეს. „ჩვენ და „გირჩს“ ახლო პოზიციები გვაქვს კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ წავალთ და დაველაპარაკებით ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს“, - აცხადებს ელისაშვილი. პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოპოზიციურ პარტიებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატის მომხრე არ არის, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან და საზოგადოებასთან არაფერი არ აქვს დასამალი. მისი თქმით, სწორი იქნება, თუკი საერთო ოპოზიციური ფორმატი აღდგება. „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. „ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, - განაცხადა ელისაშვილმა. ელისაშვილის აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. „თუ უნდა პარლამენტში შესვლა, შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე”, -აცხადებს დეკანოიძე. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს თქმით, მის პარტიას სულ რომ მარტო მოუწიოს პარლამენტში შესვლა, მაინც შევლენ. „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“,- განაცხადა ელისაშვილმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

YouTube-მა კადიროვის საფეხბურთო გუნდის არხი დაბლოკა

YouTube-მა ჩეჩნური საფეხბურთო გუნდი "FC Akhmat Grozny", საკუთარი დაბლოკა, მიზეზი კი გუნდის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა გახდა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. გუნდის თქმით, მათთვის უცნობია, თუ რატომ დაიბლოკა არხი პლატფორმაზე და აღნიშნავენ, რომ მათ ეს ნაბიჯი ხელს ვერ შეუშლის გულშემატკივრებისთვის სიახლეების გაცნობაში. Akhmat-ის ფეხბურთის გუნდის გარდა, პლატფორმამ ასევე დაბლოკა შერეული ორთაბრძოლის პრომოუტერული კომპანია - Absolute Championship Akhmat-ი. დეკემბერში Akhmat-ის საფეხბურთო და ორთაბრძოლის გუნდების გვერდები "მაგნიტსკის აქტი"-ს ფარგლებში დაიბლოკა. მათ გარდა სანქციების სიაში, "ახმატ კადიროვის ფონდი", "ახმატის მებრძოლთა კლუბი" და "ჩეჩნური მინერალური წყლების კომპანია" მოხვდა.

FBI ბაიდენის ინაუგურაციამდე შესაძლო შეიარაღებული პროტესტისკენ მოწოდებებს აკვირდება

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი გამოხატავს შეშფოთებას, რომ შესაძლებელია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის წინა საპროტესტო გამოსვლების დროს, ძალადობა მოხდეს. FBI-ის დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ 14 იანვარს განაცხადა, რომ მისი უწყება უთვალთვალებს სოც-ქსელებში "ლაყბობას", სადაც მოწოდება გამოითქმის შეიარაღებული პროტესტისკენ. ამ მოწოდებებს აანალიზებენ და ცდილობენ, ერთმანეთისგან გაარჩიონ „სასურველი და განზრახული“. რეიმ ეს კომენტარები გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან შეხვედრის დროს. ეს იყო მისი პირველი ბრიფინგი 6 იანვრის არეულობის შედეგ, როცა დონალდ ტრამპის მომხრეთა ბრბომ მოახერხა კონგრესის შენობაში შეჭრა. „შეშფოთებული ვართ მოსალოდნელი ძალადობის გამო კოლუმბიის ოლქში დაგეგმილი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის და შეხვედრის დროს“, თქვა რეიმ. მან აღნიშნა, რომ 200 ადამიანია ეჭვმიტანილი, რომ აპირებენ კაპიტოლიუმის შენობასთან მომხდარი არეულობის მსგავს აქციებს და ისინი გავაფრთხილეთ, რომ ვინც ასეთ რამეს ბედავს, მათ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ეწვევიან. 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კაპიტოლიუმზე, რათა ხელი შეეშალათ კონგრესისთვის დაემტკიცებინა 3 ნოემბრის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება. კონგრესში შეჭრის დროს კანონმდებლები იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ შენობა და უსაფრთხო ადგილი მოეძებნათ. არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი. კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსტიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა . მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, სადაც კორონავირუსით 390,000 ადამიანი გარდაიცვალა, მეორეზე არის ბრაზილია- 200,000 გარდაცვლილით, ხოლო მესამე ადგილს- 150,000 ლეტალური შემთხვევით, ინდოეთი იკავებს. საქართველო 59-ე ადგილზეა,2,893 ლეტალური შემთხვევით.

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება

18 იანვარს გაიმართება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი. ამის შესახებ ინფორმაცია, გახელიძის მეუღლეს,ცხინვალის სახაზინო ადვოკატმა მიაწოდა. ზაზას შესახებ ნებისმიერ ცნობას მისი მშობლები ემოციურად ხვდებიან. ოჯახთან ადვოკატის დაკავშირების შემდეგ ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე შეუძლოდ გახდა. მას გული აწუხებს. სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს. მიხეილ გახელაძე ახლა თავს უკეთესად გრძნობს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა.