ძებნის რეზულტატი:
ბაიდენს ოფიციალურად გადაეცა Twitter-ის ანგარიში ტრამპის გამომწერების გარეშე
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ოფიციალურად გადაეცა Twitter-ის ანგარიში ტრამპის გამომწერების გარეშე. ბაიდენის გუნდი უკმაყოფილოა ასეთი გადაწყვეტილებით, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, თავისი ანგარიში ტვიტერში გადასცა ტრამპს 13 მილიონი გამომწერით. არჩეული პრეზიდენტის ახალმა ანგარიშმა, @PresElectBiden-მა, ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ნახევარი მილიონი გამომწერი შეაგროვა. ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, ის ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში - @POTUS. Twitter-მა არ განმარტა, რატომ არ გადასცეს ტრამპის გამომწერები ბაიდენს. კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2015 წელს Twitter-ის მკითხველები ტრამპს ობამას თხოვნით გადასცეს. The Washington Post-ის ჟურნალისტების თანახმად, ტრამპის სოციალური ქსელების ადმინისტრატორმა უარი თქვა ბაიდენისთვის მკითხველების გადაცემაზე. ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ოფიციალური ანგარიში ჰქონდა ტვიტერში. პრეზიდენტობის მეორე ვადის დასასრულისთვის ობამას ტვიტერის მისამართს სახელი შეუცვალეს და გაყინეს. გაიყინება ასევე ტრამპის ოფიციალური ანგარიში.
აშშ ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას 2500-მდე ამცირებს
პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროთა რიცხვი ავღანეთში შემცირდება 2500-მდე და შედეგად, ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი ყველაზე დაბალ დონეს მიაღწევს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაახლოებით 1500 სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან ნოემბერში გადაწყვიტა, რასაც კონგრესში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან ამ პერიოდში, თალიბანის და ავღანეთის წარმომადგენელთა სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე, ავღანეთში ძალადობა გრძელდება. ამ შეხვედრებმა ბოლო უნდა მოუღოს თითქმის ორ ათეულ წლიან ომს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კრის მილერმა განაცხადა, რომ „აშშ ასე ახლოს თითქმის ოცწლიანი ომის დასრულებასთან არ ყოფილა“ და მიესალმება სამშვიდობო პროცესს, რომელსაც წარმართავენ ავღანელები, რათა მიაღწიონ პოლიტიკურ მოგვარებას ცეცხლის საბოლოო და საყოველთაო შეწყვეტის მიზნით. აშშ-სა და თალიბანს შორის თითქმის ერთი წლის წინ მიღწეული შეთანხმებით, ავღანეთიდან უნდა გავიდეს ყველა უცხოელის სამხედრო მეამბოხეების მხრილან უსაფრთხოების გარანტიის, ალ ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის ჩათვლის, სანაცვლოდ. პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებს კვლავ შესწევთ უნარი, მოაწყოს კონტრტერორისტული ოპერაციები, გაწვრთნან და დაეხმარონ ავღანეთის უშიშროების ძალებს.
ჯანმო საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნის დაწესებას ეწინააღმდეგება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნის დაწესებას ეწინააღმდეგება. „ამჟამად საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნა არ უნდა დაწესდეს, როგორც ქვეყანაში შესვლის პირობა, ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა დონით ამცირებს ვაქცინაცია ინფექციის გადაცემას“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის რეკომენდაციაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მან გადადგომის შესახებ წერილი უკვე გაუგზავნა დონალდ ტრამპს. ტელეკომპანიის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში აზარი კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად აფასებს და პრეზიდენტს ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობისკენ მოუწოდებს. „კაპიტოლიუმზე თავდასხმა ჩვენს დემოკრატიასა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიციაზე თავდასხმა იყო. ძალადობის ნებისმიერი ფორმა ერთმნიშვნელოვნად დაგმოთ, მოითხოვოთ, რომ არავინ სცადოს ვაშინგტონში ან სხვაგან ინაუგურაციასთან დაკავშირებული ქმედებების ჩაშლა და მხარი დაუჭიროთ 2020 წლის 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაცემას,“- აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის წერილში.
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭორს გვერდზე გამოქვეყნდა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“. სანქციების თანახმადა, დიპლომატს ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, ევროპულ თანამეგობრობაში მისი აქტივები კი „გაიყინება“. ამგვარად, სირიის ხელისუფლების წარმომადგენელთა რაოდენობა ევროკავშირის სასანქციო სიაში 289-მდე გაიზარდა, იურიდიულ პირთა რაოდენობა კი 70-ს შეადგენს. ფეისალ მიკდადი სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელად თავისი წინამორბედის, ვალიდ მუალემის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა.
მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა. ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წასვლას უკავშირდება. პომპეოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გავრცელებული. „აშშ-ის ხელისუფლება დღეს ავრცელებს ახალ ინფორმაციას 2019 წელს ჩინეთის სახელმწიფო ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ. აშშ-ს აქვს საფუძველი სჯეროდეს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში რამდენიმე მკვლევარი კორონავირუსით ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში დაინფიცირდა. გარდა ამისა, 2016 წლიდან ინსტიტუტში სწავლობდნენ ღამურების კორონავირუსულ ინფექციას RaTG13-ს, რომელიც 96%-ზე მეტით COVID-19-ის იდენტურია“, - აცხადებს პომპეო. პომპეოს თქმით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მიუხედავად თავისი სამოქალაქო ფუნქციისა, სამხედრო კვლევებს ატარებს და სხვადასხვა საიდუმლო პროექტზე ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობს. „კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ქვეყანა ეპიდაფეთქებიდან რამდენიმე დღეში უხანში ჯანდაცვის ექსპერტებს მოიწვევდა“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 42 ადამიანი. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი. 14 იანვარს, ინდონეზიაში 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, ყველაზე მეტად კუნძული სულავესი დაზარალდა. ეპიცენტრი მაჯენის დასახლებიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, მიწის ქვეშ, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ქვეყანაში კიდევ ერთი, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ Pfizer-ის ვაქცინის იმაზე ნაკლები დოზა მიიღეს, ვიდრე ელოდებოდნენ
ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ Pfizer-ის ვაქცინის იმაზე ნაკლები დოზა მიიღეს, ვიდრე ელოდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შვედეთი, დანია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ზეწოლა განახორციელონ Pfizer-ზე, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუცია დროულად მოხდეს. როგორიც კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, დისტრიბუციის პროცესში ხარვეზის მიზეზი წარმოების პროცესში არსებული ცვლილებები გახდა. ამ ცვლილებების მიზანი კი, ვაქცინის გაცილებით დიდი რაოდენობით წარმოებაა. მათი თქმით, ვაქცინის შემცირებული რაოდენობით მიწოდება დროებითი საკითხია. „ეს დროებით გავლენას მოახდენს იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში განსახორციელებელ გადაზიდვებზეც, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება ვაქცინის დოზა თებერვალსა და მარტში“, – აცხადებენ კომპოანიაში. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მან კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელებისგან მიიღო გარანტია, რომ წლის პირველ ნახევარში დაპირებული დოზის დისტრიბუცია აუცილებლად მოხდება.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 236 ადამიანს დაუდასტურდა, 2 189 გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.
ბოლო 24 საათში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 2 916 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 236 ადამიანს დაუდასტურდა, 2 189 გამოჯანმრთელდა.
238 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 764, აჭარაში - 314, იმერეთში - 716. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 61, იმერეთში - 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 - თბილისში, 303 - აჭარაში, 33 - იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 225, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 237 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 2 041, იმერეთში - 2 728. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 236 ადამიანს დაუდასტურდა, 2 189 გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 87, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 236 ადამიანს დაუდასტურდა, 2 189 გამოჯანმრთელდა.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
პალესტინაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
პალესტინაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აბასის ოფისის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, პალესტინის მთავრობა საკანონმდებლო არჩევნებს მიმდინარე წლის 22 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებს კი - 31 ივლისს ჩაატარებს. ”პრეზიდენტმა დაავალა საარჩევნო კომიტეტს და ყველა სახელმწიფო აპარატს, დაიწყონ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი სამშობლოს ყველა ქალაქში”, - ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც ეხება დასავლეთ სანაპიროს, ღაზას და აღმოსავლეთ იერუსალიმს. პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2006 წელს ჩატარდა, რომელშიც „ჰამასმა“ გაიმარჯვა, 2005 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი გამარჯვება მაჰმუდ აბასმა მოიპოვა. პალესტინის პოლიტიკისა და კვლევების ცენტრმა გასული წლის დეკემბერში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაჯგუფება „ფათაჰს“ დაუჭერს მხარს, „ჰამასს“ კი მხარდაჭერა რესპონდენტთა 34%-მა გამოუცხადა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამავე გამოკითხვის თანახმად, ამჟამინდელ პრეზდენტს, მაჰმუდ აბასს, მხარს 43% უჭერს, „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიას კი - 50%.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელინი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გერმანიაში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება
დრეზდენში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება. გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის მთავრობამ მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. გავერცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლტოლვილთა მიმღები ცენტრის ბაზაზე გახსნიან, რომელიც დრეზდენში 2027 წელს აშენდა. ციხეში ის მოქალაქეები მოხვდებიან, რომლებიც კარანტინის რეჟიმს განმეორებით დაარღვევენ. 5 იანვარს გერმანიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნი“ 31 იანვრამდე გაახანგრძლივა და მოსახლეობას სოციალური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდა.
ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა
ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. სადირ ჟაპაროვმა ხმების 1,1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (79,23%), მისმა უახლოესმა მდევარმა, ადახან მადუმაროვმა კი 95 000 ხმა (6,8%). ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 იანვარს გაიმართა. პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმზე მმართველობის ფორმის საკითხი იყო გატანილი. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი 152 ათასმა ადამიანმა. ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სადირ ჟაპაროვიპრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
დღეს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება
დღეს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება. „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. ყრილობა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.
"ქართული ოცნების" დღევანდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება
პარტია "ქართული ოცნების" ისტორიაში დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის მიდის პოლიტიკიდან და აღარ აპირებს პარტიისთვის კონსულტაციების მიცემას. ამასთანავე, არც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აღარ იქნება, მისი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა არჩევნებზე მისვლით გამოიხატება. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 14:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნიდან მხოლოდ 400-მდე დელეგატი დაესწრება.
ბოლო 24 საათში, პოლიციამ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
ბოლო 24 საათში, პოლიციამ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმენა სამისტრო ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 712 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.