ძებნის რეზულტატი:
27 იანვრიდან რუსეთი ფინეთთან, ვიეტნამთან, ინდოეთთან და კატართან ავიამიმოსვლას განაახლებს
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვი ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთის და კატარის დედაქალაქებს შორის, პანდემიის პირველი კვირიდან შეჩერებულ ფრენებს, 27 იანვრიდან, გარკვეული ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმების შესრულების შემდეგ.განაახლებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მთავრობის კორონავირუსის შტაბის სხდომის შემდეგ გაზიარებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხ ქვეყანაში, ორი კვირის განმავლობაში, კორონავურისის გავრცელების 40-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა აღინიშნებოდა100 000 ადამიანზე. .
Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას
Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კომპანია Apple დასაკეც ეკრანიანი iPhone-ის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას Samsung-ს გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა მოდელი უკვე შექმნა და მისი შიდა ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ წარმოების გეგმა არაა დამტკიცებული. ამერიკული კომპანია გეგმავს გამოუშვას გაჯეტი დიდი ეკრანით, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში 6,7 დიუმი იქნება, დაახლოებით იმ ზომის რაც iPhone 12 Pro Max-ს აქვს. Bloomberg მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდეს. ამ დორისთვის კომპანია ფლაგმანი ბრენდების iPhone-ს და iPad-ის ახალი თაობის პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობს, რომლებიც ბაზარზე 2021 წელს გამოვა.
ბევრს არ სჯერა მისი წასვლის: Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე წერილს აქვეყნებს
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ახლა ის ქველმოქმედებაზე ახდენს კონცენტრირებას, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი შთამაგონებელ ნარატივს უწოდებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ხშირად იშვიათად მიდიან ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით. ავტორი წერს, რომ პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილის მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ოპონენტს და რეგიონულ პოლიტიკურ ანალიტიკოსს სჯერა. „ამბობენ, რომ ის გააგრძელებს მმართველობას კულისებს მიღმა და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელიც ანტიდემოკრატიული მიდრეკილებებით ხასიათდება. ივანიშვილის კოალიციამ შეძლო გამარჯვება ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხმები მოჰპარეს და უარს ამბობს პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე“, - წერია სტატიაში. The Washington Post-ი აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების პრეტენზიებს იხსენებს, მათ შორის, მოსკოვთან კავშირს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთების გამომხატველ განცხადებებს საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ თავად ივანიშვილი კრემლთან კავშირს უარყოფს. ანალიტიკოსები და ქართველი ოპოზიციონერები სკეპტიკურად უყურებენ ივანიშვილის გულწრფელობას. ის 2013 წელსაც გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და ანალოგიურად დადო პირობა, რომ დატოვა პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ ითვლებოდა, რომ ის ჯერ კიდევ აძლევდა დირექტივებს თავის თანაგუნდელებს, ვიდრე 2018 წელს, „ქართული ოცნების“ ლიდერის პოზიციაზე ოფიციალურად დაბრუნდებოდა. 2013 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ ის „ქართულ ოცნებისთვის“ გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერასა და რჩევების მიცემას არაოფიციალურად. მისი განცხადებით, ამჯერად ასე არ იქნება და თუ პარტიას გაუჭირდება, ის საკითხებში არ ჩაერევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი იყო, ის მაინც ცდილობდა ჩრდილში დარჩენილიყო და ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღება მიეპყრო. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 4,8 მილიარდ დოლარს აღწევს, რომელიც ძირითადად სამრეწველო ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეძენით მოიპოვა რუსეთში. „პოლიტიკიდან ის ქვეყანაში საკმაოდ მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე წავიდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ”კონკურენტულად და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვით ჩატარდა”, მაგრამ დასკვნაში ასევე საუბარი იყო, მრავალი ბრალდებაზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარის არსებობაზე“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის მთავარმა პოლიტიკურმა კონკურენტმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი გრძნობს, რომ მის ქვეშ ნიადაგი იწვის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ მან არჩევნები მოიპარა. „ვფიქრობ, რომ ის კულისებიდან გააკონტროლებს მოვლენებს - ამას ძალიან კარგად არის შეჩვეული, მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად ის არ აპირებს ძველი ხრიკის გამეორებას,” - განუცხადა სააკაშვილმა The Washington Post-ს. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.
Covid19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 780 ადამიანს დაუდასტურდა, 1 608 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 232 993-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 933 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უჩვეულო ინცინდენტი მოხდა
თურქეთის ჩემპიონატში სახალისო კურიოზი დაფიქსირდა. „სივასპორის“ ფეხბურთელები „ბაშაკშეჰირთან“ მატჩში მოედანზე თეთრი ფორმებით გავიდნენ. თამაშის მსვლელობისას მოედანი თოვლმა დაფარა, რის გამოც „სივასპორელები“ მოედანზე აღარ ჩანდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა უჩინარმა ფეხბურთელებმა კომენტატორებს შეუქმნეს. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ბაიდენის ძაღლისთვის თეთრს სახლში ინაუგურაციას ჩაატარებენ
დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ჯო ბაიდენის ძაღლისთვის "Major Biden"-ისთვის ინაუგურაციას ჩაატარებენ. ბაიდენის ძაღლი მეიჯორი პირველი ცხოველი იქნება თეთრ სახლში, რომელიც თავშესაფრიდან არის აყვანილი. დელავერის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, Facebook-ზე გამოაცხადა არჩეული პრეზიდენტის შინაური ცხოველის ინაუგურაციის შესახებ და თითოეული შინაური ცხოველის მფლობელი, ვირტუალურ ცერემონიალზე მოიწვია. ბაიდენის მეორე ძალღი Champ-ი, ინაუგურაციას თავშესაფრიდან აყვანილ მეგობართან ერთად დაესწრება. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ჯეიმს პოლკის შემდეგ, რომელსაც შინაური ცხოველი არ ჰყოლია.
ინდონეზიაში მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს. 15 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა თავი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა, მაშველები გადარჩენილებს ნანგრევებში ეძებენ. ერთ-ერთი საავადმყოფოს დაზიანების გამო ათობით პაციენტსა და მედპერსონალს ეძებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს, სადაც ძლიერი მიწისძვრებისა და ცუნამების საშიშროება ხშირია. ინდონეზიაში მიწისძვრა 16 იანვარს დაფიქსირდა.
ინგლისში ოთხი მეგობარი დააჯარიმეს ლოკდაუნის წესების დარღვევისთვის მას შემდეგ, რაც McDonalds-მდე 100-ზე მეტი კილომეტრი გაიარეს
ინგლისში ოთხი მეგობარი დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც McDonalds-მდე მანქანით 109 კილომეტრი გაიარეს. მეგობრების "გასეირნება" უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ამას ელოდნენ. თითოელი მათგანი 200 ფუნტით დააჯარიმეს. ინგლისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული წესების თანახმად, ადამიანებს ეკრძალებათ შეკრება, თუ ისინი ერთ სახლში არ ცხოვრობენ. მეგობრები მანჩესტერიდან, ქალაქ უტოქსტერში ჩავიდნენ. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მეგობრებმა დიდი გზა გაიარეს სწრაფი კვების ობიექტამდე, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ახლოს McDonalds-ის ათამდე ფილიალი იყო. პოლიციის თქმით, აუცილებლობა არ იყო კარანტინის წესების დარღვევის. „ოთხივე კანონდამრღვევი, სხვადასხვა მისამართიდან, 800 ფუნტით დაჯარიმდა“, - ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.
ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე ყალბი დოკუმენტებითა და იარაღით შესვლა სურდა
ვაშინგტონში ერთი პირი დააკავეს, რომელიც პოლიციის საგუშაგოს გავლას ყალბი დოკუმენტაციით, იარაღითა და ვაზნით ცდილობდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. შეარაღებული პირი, ვაშინგტონის პოლიციამ პარასკევს, 15 იანვარს გააჩერა, მისი მანქანიდან რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაკავებული პირი უესლი ალენ ბილირი, ვირჯინიიდან არის, როგორც გაირკვა, მას ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ აქვს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები ემზადებიან ტრამპის მხარდამჭერების მიერ გამართული აქციისთვის, რომელიც ჯო ბაიდენი ინაუგურაციისთვის არის დაგეგმილი. FBI ბაიდენის ინაუგურაციამდე შესაძლო შეიარაღებული პროტესტისკენ მოწოდებებს აკვირდება.
ნეპალელმა ალპინისტებმა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე პირველად დალაშქრეს
ნეპალელმა ალპინისტებმა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწვერვალი K2 ზამთარში პირველად დალაშქრეს.ინფორმაციას BBC ავრცელებს. განსაკუთრებით მკაცრი ამინდის გამო, ზამთარში ამ დრომდე ვერც ერთმა ალპინისტმა ვერ მოახერხა K2-ის მწვერვალზე ასვლა, პირველად ეს ნეპალელმა ალპინისტებმა შეძლეს, როდესაც 10-მა მთასვლელმა 8,611 მეტრის სიმაღლის მწვერვალი დალაშქრეს. ათობით ალპინისტი ეცადა მსგავსი შედეგის გამეორებას, თუმცა ნეპალელების გარდა ეს ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. ერთი ალპინისტი რეკორდის დამყარების მცდელობისას გარდაიცვალა, როდესაც ის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მწვერვალიდან დაშვებას ცდილობდა. ესპანელი ალპინისტი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა. 1987 წლიდან, K2– ზე მხოლოდ რამდენიმე ზამთრის ექსპედიციის მცდელობა იყო. აქამდე ვერცერთმა 7,650 მეტრზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას ემხრობა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების მომხრეა. „COVID-19-ზე ვაქცინირებულებს რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლის უფლება სხვებზე ადრე უნდა მიეცეთ“, - განაცხადა მინისტრმა. ჰეიკო მაასის თქმით, მთავრობამ მასობრივად შეზღუდა ხალხის მთავარი უფლება, რათა შეეჩერებინა ინფექციის გავრცელება და თავიდან აეცილებინა საავადმყოფოების გადატვირთვა. ჰეიკო მაასის კომენტარები სხვა გერმანელი მინისტრების კომენტარებისგან განსხვავდება, რომლებიც ვაქცინირებულებისთვის ასეთი უფლებების მინიჭებას ეწინააღმდეგებიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულთან და არავაქცინირებულთა გამორჩევა სავალდებულო ვაქცინაციის ტოლფასია, რასაც ის ეწინააღმდეგება. გერმანიაში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უკვე აიცრა. ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის ბოლომდე მოქმედებს. კანცლერი მერკელი 18 იანვარს რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრაზე, შეზღუდვების უფრო გამკაცრების საკითხს განიხილავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია, ეპიდაფეთქება კი 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
თბილისში დააჯარიმეს ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ
თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთი მძღოლი წერონისის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილებისას დააჯარიმეს, მეორე - სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას. ორივე მძღოლს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას ედავებიან, რაც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. დაჯარიმების შემდეგ ისინი, კარანტინში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
მკვლელობა პანკისში: შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
პანკისში, სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა მეზობლებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია. გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლისაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
დეტალები Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით ვაქცინაციაზე ნორვეგიაში
„ყველა შემთხვევის სიღრმისეული მოკვლევა მიმდინარეობს“, - აცხადებს ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 23 პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექციის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ. სააგენტოს თანახმად, ვაქცინაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ღებინება და ტემპერატურის მატება, „შესაძლოა გამხდარიყო განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების გარდაცვალების მიზეზი“. მათი თქმით, კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური პრეტესტირების დროს, პრეპარატი არ იყო გამოცდილი არასტაბილურ, ან სუსტ და 85 წელს გადაცილებულ პაციენტებზე. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ძირითადად ვაქცინაცია ტარდება მოხუცთა სახლებში, სადაც ბევრ პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს. ნორვეგიაში ვაქცინაცია ამერიკულ-ბელგიური კომპანიის მიერ, Pfizer-BioNTech - ის პრეპარატით მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ერთი დოზა 33,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. მედიკამენტების სააგენტოს თქმით, თითოეული ლეტალური შემთხვევის დეტალური გამოკვლევა მიმდინარეობს და ნაადრევია იმის დასკვნა, რომ პაციენტების მდგომარეობის გართულება პრეპარატმა გამოიწვია. Bloomberg-ის ცნობით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია და ნორვეგია ერთად სწავლობენ გარდაცვალების შემთხვევებს. ნორვეგიაში დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტზე ასევე დაუსვეს შეკითხვები ამირან გამყრელიძესაც. მისი თქმით, სავსებით გასაგებია, რომ ეს თემა საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს,თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ: „მე საფუძვლიანად გავეცანი ნორვეგიის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას“, - ამბობს გამყრეილძე, მისი თქმით, ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანები Pfizer-ის მიერ დამზადებული ვაქცინის მიღების გამო გარდაიცვალნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, საჭიროა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაველოდოთ. Pfizer-BioNTech -ის კლინიკურ ცდებში 43,448 პაციენტი მონაწილეობდა. ცდების დროს არც ერთი მწვავე ალერგიული რეაქცია და/ან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. აშშ-ის მასშტაბით Pfizer-ის ვაქცინა 1,893,360-მა ადამიანმა გაიკეთა, რომელთაგან მხოლოდ 21 შემთხვევაში დაფიქსირდა პრეპარატზე რეაქცია, აქედან 71% შემთხვევაში ალერგიული რეაქცია პრეპარატის მიღებიდან 15 წუთში შეინიშნებოდა. მხოლოდ 4 შემთხვევაში გახდა საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზება, ხოლო მიღებიდან რამდენიმე დღეში ყველა პაციენტი სახლში გაწერეს. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დოზა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ისრაელში გაკეთდა. ქვეყანაში მოსახლეობის მეოთხედს გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა. ისრაელის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პირველი დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.
კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 113 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 698 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სოლსბერის ტაძარი კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინაციის ცენტრად გადააკეთეს
ინგლისში, სოლსბერის ტაძარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახლად გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ვაქცინა პირველად ხანდაზმულებმა გაიკეთეს. 95 წლის ლუის გოდვინი მიესალმება ვაქცინაციის დაწყებას ტაძარში, რომელიც 800 წელზე მეტს ითვლის. „მოხარული ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე, განსაკუთრებით კი ამ გარემოში“, - ამბობს გოდვინი. 88 წლის სტელა ბენეტის თქმით, ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. „ადვილი იყო. მე მარტო ვცხოვრობ, ასე რომ, გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე აქამდე მოვსულიყავი. ყოველ შემთხვევაში მე სახლში ვარ და არა საავადმყოფოში", - ამბობს სტელა ბენეტი. ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, სამეფო-საჰაეროს ძალების ვეტერანი იყო. სულ ამ ლოკაციაზე 80 წელს გადაცილებული ათასი ადამიანის აცრა იგეგმება. დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს
ლინკოლნ მიტჩელი: მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება
ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უწევდა კონსულტაციებს, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას Europetime-თან აფასებს. „ბევრის მსგავსად, მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება. იგრძნობს თუ არა კომფორტულად თავს ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის ჩათვლის, რომ მთავრობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, ან პარტია პოლიტიკურ ჩიხშია და ამ დროს არაფერი არ უნდა თქვას და გააკეთოს - ეს არის საინტერესო. გარდა ამისა, ბევრი, „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაში მიჩვეულია, რომ ივანიშვილია ყველაზე დიდი გავლენის მქონე საქართველოში და შეიძლება არც დაიჯერონ, რომ ის ნამდვილად ტოვებს პოლიტიკას. საქართველოსთვის მთავარ საკითხად რჩება, შეუძლია თუ არა ქვეყანას თავი დააღწიოს, ერთპარტიულ სისტემას. ამ ციკლიდან გამოსასვლელად საჭიროა ნამდვილად კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში გადანაცვლება. ივანიშვილის გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ ნაბიჯია. ამასთან, ყველაფერი, რაც საქართველოს ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლიდან გამოიყვანს, პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს და ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამას“, - განუცხადა Europetime-ს ლინკოლნ მიტჩელმა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.
ისრაელის ელჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ელჩმა Facebook-ზე დაწერა და პოსტს შესაბამისი ფოტოც დაურთო. "იმედი მაქვს, მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით", - წერს რან გიდორი.
ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება
რუსი პოლიტიკოსი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნავალნი მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და მოსკოვში, ვნუკოვის აეროპორტში მალე დაეშვება. მას რუსეთში მხარდამჭერები შეხვდებიან. მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ ნებიესმიერი მხადამჭერი, რომელიც ნავალნის დასახვედრად მივა, ჩაითვლება რომ უკანონო დემონსტრაციის მონაწილეა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი ჩინეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ჯანმოს განცხადებით, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევას შეეცდება. მეცნიერების ვიზიტი უხანში საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. არც ორგანიზაციამ და არც ჩინეთის მხარემ არ დააზუსტეს, თუ რას ეძებენ მეცნიერები, რომლებსაც ჩინეთის მთავრობამ რამდენჯერმე ქვეყანაში შესვლაზე პრობლემები შეუქმნა . AP News-ის გამოცემა ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს. რატომ უხანი? დღევანდელი ცნობების თანახმად, პირველი დაფიქსირებული შემთხვევა სწორედ უხანში იყო. მოსახლეობის დიდი რაოდენობა ქალაქში 2019 წლის დეკემბერში დაინფიცირდა. უმრავლესობა ავადობას ადგილობრივ ბაზარს აბრალებდა, კონკრეტულად კი ეჭვი იმ ადგილზე ჰქონდათ,სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობდნენ. დაავადება უკონტროლოდ ვრცელდებოდა უხანში, ვიდრე ქალაქი 23 იანვარს არ ჩაიკეტა. რა არის გუნდის გეგმა? როგორც ყველა საერთაშორისო ვიზიტორი, გუნდის წევრებიც სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან. ამ დროის განმავლობაში ისინი ჩინელ კოლეგებთან ონლაინფორმატში იმუშავებენ. კარანტინის შემდეგ: ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარსა(დეკემბერში გავრცელდა პირველი კლასტერი) და უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტშია ვიზიტები დაგეგმილი. მეცნიერების თავდაპირველი ვარაუდით, ვირუსის გავრცელება ველური ცხოველების ბაზრიდან დაიწყო, თუმცა ეს ვარიანტი გამოირიცხა. მიუხედავად ამისა, მაინც არის შესაძლებობა, რომ ბაზრის ტერიტორიაზეც აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულება, რითაც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება. ჯანმოს გუნდს ასევე იმედი აქვს, რომ მათ ექნებათ წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაზე, სადაც ინახება ვრცელი არქივი, რომელიც 2003 წლის SARS პანდემიის შემდეგ შეიქმნა. რატომ არის ვიზიტი ნაწილობრივ გასაიდუმლოებული? ჩინეთის მთავრობა ერთ წელიწადზე მეტია, რაც უარს აცხადებს საერთაშორისო მეცნიერთა გუნდის დაშვებაზე. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი პროცესებს განზრახ აჭიანურებს. ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტია ცდილობს, რომ შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა და აუკრძალოს ნებისმიერ მკვლევარს კვლევის შედეგების გავრცელება. სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ასევე ცდილობდა, საერთაშორისო ექსპერტებისგან წამოსული მოსაზრება ჩაეხშო, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი ვირუსის ეპიცენტრად მოიაზრებოდა. Associated Press-ის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაში გაირკვა, რომ მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ კვლევას, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. სახელმწიფო მედია კვლავ განაგრძობს ვირუსის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვარიანტის გავრცელებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვირუსის გამოკვლევით გამოჩნდება, რომ ინფექცია რამდენიმე ქვეყნიდან გავრცელდა".