ძებნის რეზულტატი:
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოსკოვს მოუწოდებს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Svoboda ავრცელებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა გააუქმოს კანონმდებლობის გაფართოება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია მედიასაშუალებები და პიროვნებები აღიაროს აგენტებად. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს სადავო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ და უზრუნველყოს, რომ რუსეთის მარეგულირებელი უწყება, „როსკომნადზორი“ არ იქნეს გამოყენებული მედია-ორგანიზაციების მიმართ მუქარის და დევნის, და ჟურნალისტების შეზღუდვის მიზნით. ორგანიზაციაში ევროპისა და შუა აზიის მასმედიის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა განაცხადა 14 იანვარს პრეს-რელიზში, რომ რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად იგონებს ახალი ამბების და ინფორმაციის ნაკადისთვის წინ აღდგომის ახალ საშუალებებს „საკუთარი საზოგადოების საზიანოდ“. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადება გავრცელდა ორ კვირაში მას მერე, რაც „როსკომნადზორმა“ შეადგინა რვა ადმინისტრაციული ოქმი რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების წინააღმდეგ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევის გამო. ოქმების თანახმად, რომლებიც, „როსკომნადზორის“ მტკიცებით, გაეგზავნება მოსამართლეს ჯარიმის დასაწესებლად, მედია-ორგანიზაციამ არ გააფორმა თავისი მასალები როგორც „უცხოეთის აგენტების მიერ შექმნილი“. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ტედ ლიპიენმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარიდან ჩანს, რატომ არის საჭირო რადიო თავისუფლება და ნასტოიაშჩეე ვრემია. ლიპიენის თქმით, „კრემლს შეუძლია გაგვირთულოს რუსეთის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. მაგრამ ეს ვერ შეგვაჩერებს, ვითამაშოთ ეს მნიშვნელოვანი როლი“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება.
"ექსპო ჯორჯაისთან" სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს. შეგახსენებთ, რომ დღეს "ექსპო ჯორჯიაში" "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება. პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.
ინდოეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო
ინდოეთში დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, 1.3 მილიარდი ადამიანის აცრა იგეგმება. პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ. "ჩვენ ვიწყებთ ვაქცინაციას და ის მსოფლიოს აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს", - განაცხადა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდა მოდიმ. მან მოქალაქეებს სთხოვა, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი და არ დაუჯერონ ნებისმიერი "ჭორები ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ". ინდოეთი „ასტრაზენეკასა“ და ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გამოყენებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად, 10.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა ამ დრომდე 151 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
კახა კალაძე: დღეიდან ჩვენ, ყველას ერთად კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა
"დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა" - განაცხადა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ყრილობაზე. "მოსახლეობის ნდობა გუნდის თითოეულ წევს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს. წინ უამრავი გამოწვევაა. საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვლევა, გადარჩენა და კონტექსტი, რა თქმა უნდა, დღესაც რთულია. თუმცა, დღეს ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ. დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას, ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა. პირველ რიგში, უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად დავსაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა განვითარების სწორ რელსებზე. ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი. ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - ამის ძალა შესწევს!“, - განაცახდა კახა კალაძემ.
„ქართულ ოცნებას" ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
"ქართული ოცნებას" ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას ერთხმად დაუჭირეს მხარი. "დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას, ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა. პირველ რიგში, უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად დავსაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა განვითარების სწორ რელსებზე. ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი. ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - ამის ძალა შესწევს!“, - განაცახდა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, ივანიშვილის შემდეგ თუ ვინმეს შეუძლია ინტერესების დაცვით უხელმძრვანელოს პარტიას,ირაკლი კობახიძეა. "რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძეს ამის ძალა შესწევს. ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძრვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა", - აღნიშნა კალაძემ . „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა 11 იანვარს წარადგინა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აირჩიეს: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაამტკიცეს.
ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნება პირველ რიგში ერთიანი საქართველოა, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით
„ქართული ოცნება“ სამ მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. „ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძნა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა კობახიძემ. პარტია "ქართულ ოცნებას" ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ისევ კახა კალაძე იქნება
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება. ყრილობის გადაწყვეტილებით, კალაძემ პარტიაში ეს თანამდებობა ისევ შენარჩუნა. პარალელურად, კახა კალაძე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც რჩება. ამასთან, ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს.
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს დასახულ პროგრამას და ამოცანებს
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ მომავალი განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა აქვს, რომელსაც აუცილებლად განხორციელებს. როგორც თალაკვაძემ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა, მათი პარტია მთლიანად ორიენტირებულია მომავალზე. „ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოების და მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ამ მიმართულებებით ჩვენ შევეცდებით საზოგადოებასთან ერთად უზრუნველვყოთ პროგრესი და გარწმუნებთ, როგორ კი გლობალური პანდემია დასრულდება, საქართველოს დაუბრუნდება განვითარების მაღალ ტემპებს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვყავს განახლებული პროგრესული გუნდი, ვნახეთ, რომ პოლიტსაბჭოში ეს განახლება დღეიდან უკვე ასახულია, გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები შემოვიდნენ პოლიტიკური პარტიი მართვის პლატფორმაზე, ეს არის პოლიტსაბჭო, 20 ადამიანი შევეცდებით მივიღოთ სწორი, დროული, ეფექტური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. თითოეული წევრი პოლიტსაბჭოში რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდა გუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, ვიდრე ის პოლიტიკას დატოვებდა“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, მიიღო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებით, პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები გადმოდის მათ გუნდზე, რომელიც დღეს განახლებული სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. „გარწმუნებთ, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ იმ პროგრამასა და ამოცანებს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას. „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდოამრეს ირაკლი კობახიძეს ჩვენი გუნდისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, გუნდის მხარდაჭერით ის თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი პარტიის წინაშე დგას. მას გამორჩეული თვისებები აქვს, ის არის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი, უშუალოდ აქვს წვლილი შეტანილი პარტიის განვითარებაში, ასევე არაერთ წარმატებულ საარჩევნო კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა. განათლებული ახალგაზრდაა, ენერგიული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ის, გუნდთან ერთად, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც დღეს დგას ჩვენი პოლიტიკური პარტიის, როგორც მმართველი პარტიის წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვა. დღეს გამართულ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაამტკიცეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ყრილობაზე დაამტკიცეს
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე
ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა. „მინდა პირველ რიგში მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვა საკითხებზე. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და ყველა პრობლემა დავძლიოთ. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი წასვლა ყველასთვის გამოწვევაა, ვინაიდან ის არის პარტიის დამფუძნებელი და ყველა გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელია. ამავდროულად, ჩვენ დღეს გვყავს ერთიანი ძლიერი გუნდი და შევძლებთ, ყველა პრობლემას სათანადოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსნებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
„ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე თავისუფალია
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე გაათავისუფლეს. სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე სამტრედიის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით 9 ადამიანი დააკავა. შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტები მართავენ.
სპეცოპერაცია კასპში: ერთ-ერთ საწარმოში მძევლები აიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. გაზიარება| საბეჭდი ვ
კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, უწყების ყოფილი თანამშრომელია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბოცვაძის ინფორმაციით, კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. „ბრალდებულმა აიყვანა მოქალაქეები, რომელიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგადაც გაათავისუფლა. მოლაპარაკებების შემდგომ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. ის იყო საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. იყო საკმაოდ აღელვებული. გატარდა ყველა ღონისძიება, რათა ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო ისე, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ბოცვაძემ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს მოთხოვნა ჰქონდა, რომ პოლიციას მისთვის მანქანა მიეყვანა, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებას გეგმავდა. „მოთხოვნა ჰქონდა რომ, სამართალდამცველებს მიეყვანათ მანქანა და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიმართულებით. მან რამდენიმე დღის წინ მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია, ეს ფაქტიც გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. განცხადების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია მუქარის ფაქტზე. ვინ ემუქრებოდა ეს გამოძიების საგანია. ის გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. ის იყო შსს-ს თანამშრომელი. 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები პირადი პატაკის საფუძველზე“, – განაცხადა ბოცვაძემ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
„ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან ყველა თავისუფალია
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან უკვე ყველა გაათავისუფლეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. „ექსპო ჯორჯიასთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, პოლიციამ 9 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქტივისტების ინფორმაციით, ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე არმინ ლაშეტი გახდა
გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ახალი ლიდერი, 59 წლის, არმინ ლაშეტი გახდა არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ ინდორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 16 იანვარს, ინტერნეტით გამართულ კენჭისყრაში 59 წლის ლაშეტმა დაამარცხა ფრიდრიხ მერცი, კონსერვატორი და ერთ დროს მერკელის მეტოქე. ლაშეტმა 521 ხმა მიიღო, მერცმა - 466. მესამე კანდიდატი, გავლენიანი დეპუტატი ნორბერტ რიოტგენი, კენჭისყრას პირველ ეტაპზე გამოეთიშა. ლაშეტი 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო და ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მოიაზრება. სექტემბერში დაგეგმილი ფედერალურ არჩევნებში, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ლაშეტი კანცლერის პოსტს დაიკავებს.
აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ მინიტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღავენლმა იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა. ინფორმაციას Meydan.tv-ი ავრცელებს. „აზერბაიჯანში ამოქმედებულმა ბოლო საკარანტინე ზომებმა კარგი შედეგები მოგვცა და ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ შეინიშნება“, - განაცხადა მამედოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება: „მომდევნო კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდგეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“. ამასთან მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, ისევე როგორც თურქეთმა, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინა შეისყიდა. „აზერბაიჯანი ამ მიმართულებით თურქეთთან თანამშრომლობას განაგრძობს“, - დასძინა მამედოვმა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალიდან დაიწყება.
უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. ასევე პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი. "დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ხოლო სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს: გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვრის თვეში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად"-აცხადებენ უწყებაში.
კახა გოგოლაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან ერდოღანის მთავრობის ურთიერთობა შეიძლება ცოტა შერბილდეს
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან თურქეთის ურთიერთობის შერბილებას ვარაუდობს. ამის თქმის საფუძველს მას თურქეთის რიტორიკა აძლევს, რომელიც მისი შეფასებით ევროკავშირის მიმართაც შეიცვალა. აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქებს, ევროპელებს და ამერიკელებსა შორის. ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მეცნიერმა და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი Europetime-თან საუბრობს. რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობას, კახა გოგოლაშვილის თქმით, „თურქეთ-რუსეთის ალიანსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია; მათ შორის გარკვეული ურთიერთგაგება, ინტერესთა გადაკვეთა, ინტერესთა დამთხვევა არსებობს და არავინ იცის, ეს რა მიმართულებით განვითარდება, მაგრამ დასავლეთს მაინც იმედი აქვს, რომ თურქეთი ბოლომდე ალიანსში არ შევა რუსეთთან“. „მიუხედავად გარკვეული მოვლენებისა, NATO, ევროკავშირი და შეერთებული შტატები თურქეთის დაკარგვას უფრთხილდებიან. სხვათა შორის ,თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც გააკეთა განცხადება, რომ თურქეთმა ევროკავშირისკენ უნდა იაროს. ეს განცხადება უცნაურად მომეჩვენა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამბობდა, რომ თურქეთს ევროკავშირში არაფერი ესაქმება“, - აღნიშნავს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. „ახლა რაღაც სხვა რიტორიკაა და ცოტა უცნაური, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქებს, ევროპელებს და ამერიკელებსა შორის. ტრამპს პოლიტიკაში ვითარების გამწვავება სჩვეოდა, ვიდრე დიპლომატიური მიდგომები. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია გამოცდილებიდან გამომდინარე, დიპლომატიური და მრავლმხირივი ურთიერთობის მომხრეები იქნებიან. შეიძლება ცოტა შერბილდეს აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან ერდოღანის მთავრობის ურთიერთობა. წესით უფრო უნდა დალაგდეს ეს ურთიერთობები“, - აღნიშნავს ექსპერტი. 2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა მოგვიანებით განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა. 14 იანვარს ერდოღანის მორიგი განცხადება გამოქვეყნდა: რომ NATO თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარისად არ ეხმარება. „ევროკავშირისა და NATO-ს უსაფრთხოება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე იწყება. NATO-ს ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი არასდროს გვითქვამს. რატომ გვტოვებენ NATO-ს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო? თურქეთის გარდა, ვინ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს? იარაღით დატვირთული ათასობით სატრანსპორტო საშუალება ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუგზავნეს. მათ კი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი ამ შეიარაღების გამოყენებით. ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, მათ ვებრძვით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. პირველი იანვრიდან NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. 11 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდს თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. იბრაჰიმ ქალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის სამი ძირითადი პრობლემა არსებობს, კერძოდ, სირიაში აშშ-ის მიერ YPG / PKK-ს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, FETÖ-ს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება და F-35-ის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ სამი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი გვერდის გადაშლა შეეძლება. „ბაიდენი, როდესაც ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო, თურქეთში ოთხჯერ ჩამოვიდა. ის რეგიონს იცნობს. ჩვენი ურთიერთობები ჯო ბაიდენის გარდამავალ ჯგუფთან ძალიან პოზიტიურია. მათი თქმით, თურქეთთან კარგი ურთიერთობების განვითარება სურთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 12 იანვარს კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებისთვის და მოუწოდა ევროკავშირს, რომ მათაც გამოხატონ ამისთვის მზადყოფნა. მისი თქმით, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება Brexit-ის შემდეგ წარმოქმნილ სიცარიელეს შეავსებდა. ერდოღანმა ანკარაში ელჩებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკებების განახლება ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების გადაჭრას ემსახურება. ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. იანვარში ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. ევროკავშირმა რამდენიმე სანქცია მოამზადა თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებების მიღებამ მარტამდე გადაწია. ერდოღანის თქმით, მზად არის „დაივიწყოს ყველა წყენა და იმედი აქვს, რომ ევროკავშირიც თურქეთის ენთუზიაზმს გაიზიარებს. „თურქეთი ერთობლივად გეგმავს მომავალს ევროპასთან ერთად, მიუხედავ ყველა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც წავაწყდით ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. რუსულ-თურქული ურთიერთობების განხილვისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2020 წლის გაზაფხულიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ უკვე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს თურქეთის ბაზრის მოთხოვნის 23,5%-ს. 2019 წელს ყველაზე დიდი მიმწოდებელი 33%-ით რუსეთი იყო, რაც მიმდინარე წელს 9,9%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად მალევე აისახა პოლიტიკურ ურთიერთობებზეც. ბოლო წლებში, თურქეთსა და რუსეთშს შორის კონკრეტული სახის თანამშრომლობას, რაც ყარაბაღის კონფლიქტზეც აისახა, ქართულ საექსპერტო წრეებში გარკვეული შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლეთ ჩავუშოღულს თქმით, თურქეთი სრულად უჭერს მხარს, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული, როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება. „ნებისმიერი სახის გართულება და არასტაბილურობა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამდენად, საქართველოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული თურქეთის ყოლა ახლო სამეზობლოში", - აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს
კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი განკარგულების მიხედვით, ამიერიდან ქვეყანაში შემსვლელი ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, თან იქონიოს Covid-19-ის ნეგატიური ტესტის პასუხი, შემდეგ კი, აუცილებლად უნდა გადავიდეს იზოლაციაში. იზოლაციის პერიოდი 10 დღით არის განსაზღვრული. კორონავირუსზე ტესტი ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული.
იტალიაში, მოხუცთა თავშესაფარში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში, Villa dei Diamanti-ში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ნფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნახშირჟანგით მოწამვლის გამო, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც. ამავე თავშესაფარში, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. თავშესაფრის თანამშრომელს ვირუსი 13 იანვარს დაუდგინდა აღნიშნულ შემთხვევას იტალიის შსს-ის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. "ეს ტრაგედიაა", - წერს შსს მინისტრის მოადგილე კარლო სიბილია ფეისბუქის პოსტში.