ძებნის რეზულტატი:
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7192 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7178 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.14 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7951 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7814 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2255 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ევროკომისია უკრაინას €2,5 მილიარდს გამოუყოფს
ვევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. „ევროკომისია უკრანას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდი ევრო გადავცეთ. ეს თანხა მიმართული იქნება სასწრაფო რემონტისთვის და სწრაფი აღდგენისთვის, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ იმდენხანს დავუჭერთ უკრაინას მხარს, რამდენიც დასჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა
ინდონეზიის კუნძულ იავაზე, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. მედიის ცნობით, მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.
ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა
ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ტერავატ/საათს ბუნებრივ აირს შეიცავდა, რაც ქვეყნის წლიური მოხმარებაა.
შიდა ქართლში, არასრულწლოვანზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს
სამართალდამცავებმა, შიდა ქართლში, 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებული არასრულწლოვნის ნათესავია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
„გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება
რუსული გაზპრომი უკრაინას ტრანზიტული გაზის „გაუჩინარებაში ადანაშაულებს“ და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდებას შეამცირებს. უკრაინის მეშვეობით „გაზპრომი“ აგაზის ძირითად მოცულობას ევროკავშირს აწვდის, რომელთანაც ერთ წელზე მეტია ენერგეტიკულ ომს აწარმოებს და ასევე მცირე მოცულობებს აგზავნის მოლდოვაში. უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაზის „გაუჩნარების“ ბრალდებებზე. უკრაინული ტრანზიტი, Nord Stream გაზსადენზე აფეთქებების შემდეგ, ერთ-ერთი დარჩენილი მარშრუტია, რომლითაც ევროკავშორი რუსულ გაზს იღებს. უკრაინული ტრანზიტის გარდა, თურქეთზე გადის სამხრეთის დერეფანიც, რომლის გავლითაც ევროკავშირისთვის დაახლოებით იგივე ოდენობის გაზის მიწოდება ხდება, რასაც უკრაინის ტრანზიტით იღებს.
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტ ანდერ გილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი, რაც საპარლამენტო, კულტურული, ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების კარგი შესაძლებლობაა. „შალვა პაპუაშვილი ანდერ გილს ევროკავშირის და ნატოს წევრობის კუთხით საქართველოს პროგრესზე ესაუბრა. სენატის პრეზიდენტმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშერია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მამფორიამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არასრულწლოვანს ორი ჭრილობა მიაყენა. დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დაკავებული არასრულწლოვანი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
რუსეთის დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტი“ დაამტკიცა
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ (2022-2025 წლები) შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, ხელშეკრულებას კი მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მოიცავს, რუსეთის მიერ დე-ფაქტო აფხაზეთში სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა და ფინანსური დახმარების საკითხებს. მხარეები განმარტავენ, რომ საუბარი არ არის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სფეროების ვალდებულებებზე. მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს.
ოლაფ შოლცი: უკრაინაში ომის ესკალაციისთვის მზად უნდა ვიყოთ
კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში ომის ესკალაციისთვის. მისი თქმით, ეს შეიძლება, გულისხმობდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას. „ომის განვითარებისა და რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობის გათვალისწინებით... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის“, - თქვა შოლცმა, გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ორგანიზებით ბერლინში გამართულ კონფერენციაზე. შოლცის თქმით, 100 მილიარდიანი თავდაცვის ფონდი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა, მნიშვნელოვანია გერმანიის შეიარაღებული ძალების მარაგების შესაქმნელად. ამასთან, გერმანიის პარლამენტი მზადაა 100 მილიარდის გამოსაყოფად, რაც ახალი შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება.
თამარ გაბუნია: ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულაციაშია, მანამდეც სულ ცირკულირებდა
კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება. თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, თუ ბავშვს აქვს ტემპერატურის მატება მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმმა მართოს, დარჩეს ბინაზე და უმკურნალოს სიმპტომურად. „უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ. რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა რომ ეს მდგომარეობა გართულდეს,ძალიან დაბალია. ასევე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტული წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით“, -განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“
უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.
ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს
თურქეთს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს ქურთ მებრძოლებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, ტერორისტებს ვანადგურებთ ჩვენი თვითმფრინავებით, ქვემეხებითა და იარაღით. ჩვენ ყველა მათგანს რაც შეიძლება მალე ამოვძირკვავთ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბაზები დაბომბეს. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.
ევროპის საბჭომ საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ პირველი ანგარიში მიესალმება კანონმდებლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ითხოვს მსხვერპლთათვის მეტი სერვისების და მოძალადეთათვის პრევენციული სანქციების არსებობას. ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო - GREVIO საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბევრ ნაბიჯს საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. „მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები; უნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით; უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობები. საქართველოს ხელისუფლების კომენტარები თანაბრად გამოქვეყნდა. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მის თანმხლებ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით. ამასთანავე, ცვლილებები შევიდა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში, რათა ამ უკანასკნელს მოეცვა ძალადობის ყველა ფორმა. ცვლილებები ასევე შეიცავს ისეთ მისასალმებელ ელემენტებს, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური შვებულების უზრუნველყოფა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნის ხანგრძლივობის განმავლობაში, ასევე მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრეთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოჯახში ძალადობის დანაშაული და სხვა ახალი დანაშაულები, მათ შორის, ქორწინების იძულება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია. 2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებს, რათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა. მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისები. ადმინისტრაციული მოთხოვნები, როგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღება, აბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე. GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვის, რომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილები, ლესბოსელები, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალები, ხანდაზმული ქალები. ძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიან. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდება: გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობას, ეფექტურობასა და მგრძნობიარობას. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. უნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაში. მყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი, სასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას. გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესს, დაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებში) და ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ანალოგიურად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში. GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაში, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა. თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას, განურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისა, არავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. დაბოლოს, GREVIO მიუთითებს, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. რეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელება. საჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაში, საჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად“, - ნათქვამია ანგარიშში.
აშშ უკრაინას დახმარების სახით, დამატებით, $4,5 მილიარდს გამოუყოფს
შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინისთვის საბიუჯეტო დახმარების შესახებ გამოაცხადა. საუბარია 4,5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „თანხა მოხმარდება ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებსა და ძირითადი სამთავრობო სერვისების მხარდაჭერას, მათ შორის საავადმყოფოს მუშაკების, მთავრობის თანამშრომლებისა და მასწავლებლების ხელფასების დაფარვას, ასევე სოციალური დახმარების უზრუნველყოფას “, - განაცხადა ხაზინის მდივანმა. ჯანეტ იელენმა მოუწა სხვა დონორებს, გაზარდონ და დააჩქარონ დახმარება უკრაინისთვის.
ზელენსკიმ თოყაევს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყაზახეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. ზელენსკიმ უკრაინა-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა თოყაევს ყაზახეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის. კვირას, 20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა თოყაევმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა.
უკრაინა: 1886 დასახლება დეოკუპირებულია
დღეისათვის უკრაინაში დეოკუპირებულია 1886 დასახლება, 1620-ში დაიწყო ჰუმანიტარული შტაბების მუშაობა. ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, დეოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის განახლება გრძელდება. სამედიცინო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლა 965 დასახლებაში, სოციალურმა სამსახურებმა - თითქმის 1300-ში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა - 1065-ში, ფინანსური მომსახურება განახლდა 1206 დასახლებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. შესაბამისი ტექსტი ქართული მედიის ცნობით, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა. „მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეს სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით", - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
სენატორი რიში: პუტინი უკვე დამარცხდა
„უკრაინელებმა დაუმტკიცეს საკუთარ თავს, მსოფლიოს და რა თქმა უნდა, რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - ამის შესახებ სენატორი რიში უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს. „პუტინი უკვე წააგო. მე ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ პუტინი ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზანს, რომელიც იყო ქვეყნის ოკუპაცია. უკრაინელები სიკვდილამდე იბრძვიან, სანამ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას დაუშვებენ. ამან მოახდინა მსოფლიოზე შთაბეჭდილება. ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას და ვერ მიაღწევს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს. უკრაინელებმა აჩვენეს საკუთარ თავს, მსოფლიოს, რა თქმა უნდა რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა. მან აშშ-ის შემდგომი დახმარების და მათ შორის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლო გადაცემაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „უკრაინას ცოცხალი ძალის მიწოდებას არ ვაპირებთ. ეს უკრაინამ იცის. მათ მართლაც თქვეს: „ჩვენ არ გვჭირდება ამერიკელები აქ საბრძოლველად. ჩვენ თავად ვიბრძოლებთ. მოგვეცით ინსტრუმენტები“, - აღნიშნავს ჯიმ რიში.
ზელენსკი: არსებობს ათასობით მტკიცებულება, რომ ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკაა
არსებობს ათასობით მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში ენერგეტიკული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს, რომ უკრაინელებმა უბრალოდ ვერ შეძლონ თავის მიწაზე ცხოვრება. ახლა, ზამთრის წინ, ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. რუსულმა სარაკეტო ტერორმა გაანადგურა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის ნახევარი. ჩვენ ვიცით, რომ კრემლმა დაისახა ამოცანა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების გაგრძელების, რათა ზამთრის სიცივე მასობრივი განადგურების იარაღად აქციოს. იმისათვის, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ და რუსეთს არ მივცეთ საშუალება, სიცივე ტერორისა და დამორჩილების იარაღად აქციოს, ბევრი რამ გვჭირდება, მათ შორის სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებიდან დაწყებული Starlinks-ით დამთავრებული. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ აღჭურვილობის საკითხი. უკრაინისთვის ეს არის დაცვა ტერორისგან“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.