ძებნის რეზულტატი:

ადვოკატი: ტელეწამყვან, ლაშა ნაკაიძეს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირზე არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია

"ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია", - ამის შესახებ გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა. „ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პუტინმა, რუსეთის მოქალაქეებს, დაგროვებითი პენსია 2025 წლის ბოლომდე გაუყინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც, რუსეთის მოქალაქეები, დაგროვებითი პენსიას 2025 წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ.  დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე, რომლის თანახმადაც, პენსიის გაყინვის მიზეზია საპენსიო ფონდის დეფიციტის შემცირება.  „ამავე დოკუმენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს, საჯარო სამსახურიდან დაფინანსების მიღება შეუჩერდებათ“, - წერს რუსული მედია.   

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.  მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, დაფიქსირდა წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა.  „მისი დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველაფერი. ყველა სამკურნალო საშუალება რაც გამოიყენება უკეთდება პაციენტს. მოგეხსენებათ მკურნალობა არის რთული პროცესი და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზე. ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს. უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად და პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, თავისუფალ მიწაზე, მშვიდობიანი ცის ქვეშ აუცილებლად აღვნიშნავთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამხედროებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების დღის მისალოცად, დონბასსა და სლავიანსკში ჩავიდა.  „ტრადიციულად, ამ დღეს ვხვდები ფრონტის ხაზზე ჩვენს მებრძოლებთან ერთად. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. ომის ზონა გაფართოვდა, ბრძოლა უფრო რთულია, ფასი - უფრო მაღალი, მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელი რჩება - თქვენი სიმამაცე, თქვენი გამძლეობა, თქვენი ნებისყოფა და შესაბამისად - ჩვენი თავისუფლება. თქვენი დაუმარცხებლობა და შესაბამისად, ჩვენი დამოუკიდებლობა. თქვენი ვაჟკაცობა და ამისთვის ჩვენი მადლიერება! თქვენი გამბედაობა და ამით ჩვენი სიამაყე!", - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის გზა დამოუკიდებლობისკენ თავისუფალ დონეცკზე, ლუგანსკსა, და რა თქმა უნდა, ყირიმზე გადის. „ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს თავისუფალ მიწაზე, მშვიდობიანი ცის ქვეშ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე. იქამდე გზა თავისუფალ დონეცკზე, ლუგანსკსა, და რა თქმა უნდა, ყირიმზე გადის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. სლავიანსკს, რომელიც ომის განმვალობაში რუსეთის სამიზნე იყო, კვლავ უკრაინა აკონტროლებს.

„ქართული ოცნება“ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს პასუხობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის“. ამით მან  უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის განცხადებებს უპასუხა. „კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე. ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულად უდგებოდა ამ საკითხს. კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ მათ უნდათ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ და არ არის, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს სამხედრო ტექნიკა უკრაინას, ხომ გესმით, რომ განსაკუთრებული მოლოდინი იარაღის, სამხედრო მასალისა თუ ტექნიკის მოწოდების მათ საქართველოს მხრიდან არ გააჩნიათ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე სამხედრო, შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც კასიანოვმა ილაპარაკა მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო. ანდრი კასიანოვი: საქართველოს 1 თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია მთავარი სათქმელი და მიზანი იყო ის, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, მაშინ, როდესაც პირველი იყო საქართველო, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, საქართველო არის 400-ზე მეტი დოკუმენტის ხელმომწერი თუ თანაავტორი, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომელიც შეეხება ჰააგას და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების საკითხს, მდინარაძემ ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა. „ეს თემა პირველად მესმის და ამას გავარკვევ, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი თემა. მთავარი არის პირდაპირი მოთხოვნა, რაც გაახმოვანა კასიანოვმა, რომ საქართველო ჩაერთოს მხარედ, დანარჩენი დეტალებია, რაშიც პრობლემა არ არის რეალურად, თუკი ჰუმანიტარულ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას უწევს მაქსიმუმს, არც აქ იქნება პრობლემა, დამერწმუნეთ“.

ცნობილია, როდის იმჯელებს სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე, საქალაქო სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს.  ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია ამის შესახებ შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რა წერია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნის პროექტში

მიუხედავად დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება შეშფოთებას იწვევს, ზოგი წინარე რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამის ჩანაწერს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნის პროექტში ვხვდებით. „ერთობლივი მოსაზრება მიესალმება დადებით ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობის გაძლიერების წინარე რეკომენდაციებს. ამ ცვლილებებს შორისაა შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში. მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას და ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას“. საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის პროექტშია აღნიშნული, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეული იყოს პროცესისადმი საერთო ნდობა. 12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფებზე, რომელთა შორის იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფიც, დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე ISFED-მა ვერ მიიღო დაშვება, ხოლო ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, საიამ სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი მოახდინა. ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შეფასებით კი, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“. „სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება მუშაობის დაწყებისთანავე. თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში. ODIHR და ვენეციის კომისია მიიჩნევენ სამწუხაროდ, რომ ყველა პარტია არაა ჩართული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, რაც იქნებოდა ევროკავშირის რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისად კოლექტიურად პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ხელის შეშლა საარჩევნო რეფორმის თემაზე, როგორც დადებითი მოვლენა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ, რომელმაც მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება, შემდგომ წარმოადგინა ერთობლივი ცვლილებების პროექტი პარლამენტში, რომელიც ამჟამად არაოფიციალურად განიხილება პარლამენტში პარტიებს შორის. 2022 წლის 18 აგვისტოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, ერთ-ერთმა გამოცდილმა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საქართველოში, თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ვერ მიიღო დაშვება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რამდენადაც მმართველის პარტია აცხადებდა, რომ ამ ორგანიზაციამ „დაკარგა პოლიტიკური მიუკერძოებლობა“. მთავრობის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, მნიშვნელოვანმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო რეფორმის პროცესში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი. ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის აზრით, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“. დადებითი ფაქტია, რომ როდესაც პროექტი დასრულდა და წარედგინა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, როგორც ISFED-მა, ასევე, საიამ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა ცვლილებების პროექტი, რომელშიც აისახა მათი შეთავაზებები. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი, იმ სახით, რომლითაც მათ დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით 2022 წლის 5 ოქტომბერს. პროექტს მხარი ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რაც მანიშნებელია მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის, თუმცა, პოლიტიკური დიალოგი, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ფორმატში, უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საპარლამენტო პროცესის ბოიკოტირება ან ხელის შეშლა, მაშინაც კი, თუ ეს კანონისა და საპარლამენტო რეგლამენტის ფარგლებში ხდება, ძალზე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შესაძლოა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყოს გამოყენებული და არ წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს. ვენეციის კომისია და ODIHR უსვამენ ხაზს, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივ ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეულ იქნას პროცესისადმი საერთო ნდობა. მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომ მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა 2021 წლის რეფორმების კონტექსტში, კონკრეტულად კი ის, რომ პროცესის სრულად ფლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა მონაწილეს შორის დიალოგის გზით, როდესაც წამყვანი სურვილი იქნება საქართველოს დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ ძალისხმევა, მიმართული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურ ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე, გაგრძელდეს და სათანადოდ იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მონაწილე მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინადადებები“,  - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6943 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.44 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8287 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1446 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2779 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

უკრაინის საელჩო იუწყება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანდრი კასიანოვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

საქართველოში უკრაინის საელჩოს ცნობით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაუქმდა. საელჩოს ცნობოით, ანდრი კასინოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ საელჩოში საგარეო საქმეთა სამინისტროდან დარეკეს და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. მანამდე, კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინზგე განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე. „მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე კასიანოვის განცხადებაზე: უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი

თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. უკრაინელი გმირების ქუჩის გახსნასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „შესაფერის ურთიერთობებს“. „ქართული ოცნება“ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს პასუხობს „ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. ანდრი კასიანოვი: საქართველოს 1 თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია  

რუსეთის ტყვეობიდან 60 უკრაინელი გათავისუფლდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა 6 დეკემბერს ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც საპორტო ქალაქ მარიუპოლში იბრძოდნენ. რამდენიმე ჯარისკაცი კი, დონეცკის ოლქში, ოლენივკაში დააკავეს, სადაც 29 ივლისს, აფეთქებისას 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. 6 დეკემბერს, უკრაინამ ასევე დაიბრუნა 49 ჯარისკაცის ცხედარი. წინა ტყვეთა გაცვლის დროს, პირველ დეკემბერს, უკრაინამ 50 სამხედრო ტყვე დაიბრუნა. მარტის შუა რიცხვებიდან ნოემბრამდე, 1130-ზე მეტი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ამ დროისთვის 827 დაღუპული სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა. ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის რუსეთის ტყვეობაში 2500 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

დმიტრო კულება: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მსოფლიო ისტორია შეცვალეს

უკრაინის არმია არის სიკეთის ძალა, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის შეიერაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, Twitter-ზე დაწერა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი დროის გმირებს: უკრაინელ კაცებსა და ქალებს. მათ წელს მსოფლიო ისტორია შეცვალეს. უკრაინის არმია არის ძალა, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და გაეროს წესდების საფუძვლებს“, - წერს დმიტრო კულება. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამხედროებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების დღის მისალოცად, დონბასსა და სლავიანსკში ჩავიდა. 2022 წელს სლავიანსკი რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მას კვლავაც უკრაინა აკონტროლებს.

თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია - ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც იტალიის და საქართველოს დედაქალაქები დღეიდან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დედაქალაქების მერებმა - კახა კალაძემ და რობერტო გუალტიერიმ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია, ხელს შეუწყოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, დაიგეგმოს საერთო ღონისძიებები, მოხდეს გამოცდილების გაზიარება ურბანული, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში. მემორანდუმის ხელმოწერა რომის მერიაში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „მოხარული ვარ რომ ვმასპინძლობ თბილისის ოფიციალურ დელეგაციას კახა კალაძის ხელმძღვანელობით. ეს არის კიდევ ერთი დასტური მეგობრული ურთიერთობებისა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს შორის. დღეიდან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა გვეძლევა. მემორანდუმის გაფორმება კარგი საფუძველია იმ საკითხებში თანამშრომლობის, რაც საერთოა ჩვენთვის. ვგულისხმობ კულტურას, გარემოს დაცვას, ურბანული თემებს. ჩვენ ძველი და დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქებს წარმოვადგენთ, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და მოხარული ვარ, რომ გვიწევს ამ ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა რობერტო გუალტიერიმ. თბილისის მერმა იტალიის დედაქალაქში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა. „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომთან. ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო ხდება. წელს აღვნიშნავთ იტალიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს, თუმცა, მგონია, რომ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას. ეს იქნება კულტურა, ურბანული მიმართულება, ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც რომს გააჩნია და საუკეთესო მაგალითებით იქნება განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩვენს დედაქალაქში. მათივე ცნობით, ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროსადგურის ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ. რომის მერიაში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.  

H&M-მა რუსეთში ყველა მაღაზია დახურა

შვედურმა ბრენდმა H&M-მა, რუსეთში ყველა მაღაზია დახურა. რუსეთში ბრენდის 150-მდე მაღაზია მუშაობდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭროს შემდეგ, 2022 წლის მარტის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში პროდუქციის გაყიდვას აჩერებდა. მოგვიანებით, ბრენდმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დატოვოს რუსული ბაზარი. ნოემბრის შუა რიცხვებში, H&M-ის პროდუქციის გაყიდვა რუსეთის ბაზარზე Ozon-მა დაიწყო.  რუსეთში H&M-ის მაღაზიების ნაცვლად ადგილობრივი და თურქული ბრენდების მაღაზიები გაიხსნება, მათ შორის Zarina, Befree, Koton-ი და Snow Queen-ი.  

ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოში მისიას ასრულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ მარეკ შჩიგელთან, რომელიც ასრულებს საქართველოში საქმიანობას. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. მხარეებმა, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისი შექმნილი რთული ვითარება. ამასთან, უწყების განცხადებით, მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ასევე გაეცანით Europetime-ის ინტერვიუს მარეკ შჩიგელთან.  

სალომე ზურაბიშვილი: გრიგოლ ფერაძე ქართველებს გვაძლევს რწმენას, რომ არ ვართ ერთმანეთის მოძულე ერი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღავლინეს პანაშვიდი გრიგილ ფერაძისა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ამასთან, პრეზიდენტი ასევე დაესწრო აუშვიც – ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმთან არსებულ ოსვენციმისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის განათლების ცენტრში, საქართველოსა და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონიას. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ძალიან რთული არის ამ ადგილას სწორი სიტყვები მოძებნო ადამიანმა ,რათა გამოხატოს რა ხდებოდა აქ“. „აქ ვიმყოფებით ალბათ ჯოჯოხეთის კარებთან, აქ არის ყველაზე დიდი ადამიანის სირცხვილი, იქ სადამდე შეიძლება, მივიდეს ადამიანი, სიძულვილისგან, ტოტალიტარიზმისგან, არატოლერანტობით, სხვისი აუტანლობით. აქ არის ადგილი, სადაც გვინდა, ვთქვათ, რომ ეს აღარასოდეს მოხდება, ეს იყო 80 წლის წინ რომ ამ საუკუნეში ჩვენ ამას აღარ ვნახავთ. ეს არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ, რომ დღესაც სხვაგან არსებობს ადგილები, სადაც ადამიანები ადამიანებს ექცევიან ისე, როგორიც ჩვენ ეს უნდა დავგმოთ ბუჩაში, ირპინში, სხვადასხვა ადგილებში. აქედან ათას კილომეტრში არის კატინი. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება, ჩვენ დავკარგოთ იმედი, ადგილი, სადაც უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, მაგრამ ამავდროულად, ეს არის სასწაული ადამიანისა, ეს არის ადგილი იმედის. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი თანამემამულე წმინდა გრიგოლ ფერაძე მოვიდა და დასრულდა. აღსრულდა სხვებისთვის თავდადებით. ეს არის ადგილი, სადაც მან გვაჩვენა მაგალითი და სიმბოლო, თუ რას ნიშნავს ადამიანის ღირსება უმაღლეს დონეზე. მისი თავდადება როგორც სხვა ბევრის. აქ, კედლებს მიღმა, ეს თავდადება არის, რაც გვაძლევს იმედს, რომ ადამიანი სხვა რამ არის. გრიგოლ ფერაძე არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ, ქართველებს გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს, ერთმანეთის მოძულე ერი, რომ ჩვენ შეიძლება, სხვა რამეც ვიყოთ, რომ ჩვენში გვაქვს სხვა შესაძლებლობები და სხვა ღირსებები, ამ ღირსებებს უნდა დავუბრუნდეთ. ადამიანი, რომელიც იყო პირველივე გაგებით ევროპელი, მან ისწავლა ბერლინში ვარშავაში პარიზში ლონდონში და ეს ყველაფერი დატოვა ამ კედლებში. იგი იყო ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მთელს ევროპაში ეძებდა იმ ხელნაწერებს, რომლითაც შეივსებოდა ეს ისტორია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, 6 დეკემბერი არის გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების დღე. „გავიხსენოთ იგი და ის, რაც დაგვიტოვა – ჩვენ გვჯეროდეს ადამიანის, რწმენა არ დავკარგოთ და გვჯეროდეს საქართველოს ღირსების“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, მალოპოლსკის გუბერნატორის მოადგილე, რიშარდ პაგაჩმა აღნიშნა, რომ წმინდა გრიგოლ ფერაძე იყო 44 წლის, როდესაც მან სიცოცხლე აღასრულა. მისივე თქმით, ის ძალიან განათლებული ადამიანი იყო, იყო პოლიგლოტი, ამავე დროს იგი შეყვარებული იყო პოლონეთზე. „გრიგოლ ფერაძემ არ დატოვა პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, როდესაც მე ვუყურებ მილიონობით გარდაცვლილი ადამიანის რელიქვიას, მე გულის აჩუყებით ვუყურებ პატარა ფეხსაცმელებს, ბავშვების დანატოვარს, ძნელია, დავფაროთ ის გულისტკივილი, რომელიც გვაწუხებს, რომ მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა ქვეყნებიდან აქ დაასრულეს სიცოცხლე. აუშვიცი უნდა იყოს გაკვეთილო ყველა ერისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გულისტკივილით უნდა ვაღიროთ, რომ ეს გაკვეთილი არ იქნა შესწავლული. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა იხოცებიან ქალები ბავშვები მარტო იმიტომ, რომ ისინი უკრაინელები არიან. დღეს რუსები იცვამენ ღმერთის მანტიას და კლავენ სხვებს. იმედის მომცემია ის თავგანწირვა, რომლის მაგალითიც გვაჩვენა წმინდა გრიგოლ ფერაძემ და პოლონელმა მღვდელმა მაქსიმილიანე კოლბემ“, – განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.  

გიორგი გაბიტაშვილი: 2022 წლის 9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული.  2022 წლის ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა  3941 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89%  შეადგინა, - ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის  9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე „2014-2021 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან სასამართლომ   2022 წლის 9 თვეში დააკმაყოფილა 57%.“-აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა. გენერალური პროკურორორის მოადგილის  განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა ქალთა მიმართ  ძალადობის, ოჯახური  და სქესობრივი დანაშულების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის  სამომავლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა.  მისი განცხადებით, წინა წლების მსგავსად ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  და  პროკურატურა შემდგომი წლების განმავლობაში განაგრძობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად. გარდა ამისა, გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შესახებაც, რომლის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. მან ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის ხელშეწყობას.  

ბაქოს პორტი გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას შეუერთდა

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი, გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას შეუართდა, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება „ამგვარად, ბაქოს პორტი შეუერთდა 18 სხვა საზღვაო პორტებსა და პორტების მენეჯმენტ კომპანიას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად და სოციალურად პასუხისმგებელი პოლიტიკის დანერგვის ინიციატივაში“, - აცხადებენ ბაქოს პორტში.  ასევე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი სანდა ოჯიამბო მიესალმება პორტის ამ ინიციატივას. „მისი წერილი ხაზს უსვამს გაეროს სისტემის მხარდაჭერას პორტის ძალისხმევაში გაეროს გლობალური კომპაქტის თერთმეტი უნივერსალური პრინციპის დანერგვისა და უფრო მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის ხელშეწყობისთვის“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.  გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაწევრიანებულია 13 500-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და 3 000-ზე მეტი არასამეწარმეო პირი, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.  

ხორვატიის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა

ხორვატიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა მეორე მფრინავი კი, დაკარგულია. Mig-21 გამანადგურებელი თვითმფრინავი დაუსახლებელ უბანში, ხორვატიის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების ბრიგადები მივიდნენ.  

ტრანსადრეატიკული გაზსადენი იტალიისთვის, გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

Trans Adriatic Gas Pipeline (TAP) ოქტომბერში, იტალიისთვის, გაზის მისოდების სიდიდით მეორე მიმწოდებელი გახდა. ამას აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტროს მონაცემები მოწმობს. „2022 წლის ოქტომბერში TAP-ით იტალიაში გაზის ტრანსპორტირება 21 პროცენტით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - ნათქვამია შეტყობინებაში. TAP-ი, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ ნაწილია და ყოველწლიურად იტალიას რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ხოლო ერთი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს. 2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა.