ძებნის რეზულტატი:

თბილისში „ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

თბილისში „ალილოს" საზეიმო მსვლელობა დასრულდა. „ალილოს" მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შობის პარაკლისი მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. „ალილოს" მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.  

უკრაინის მთავარი მიზანი გამარჯვებაა - რადას სპიკერი

2023 წელს უკრაინის მთავარი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მიღწევაა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. „გამარჯვება ჩვენი მთავარი მიზანია და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მას", - განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა.  უკრაინის მოსახლეობა, სადაც რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი 11 თვეა გრძელდება, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეიკრიბა. სტეფანჩუკი და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას კიევ-პეჩერსკის ლავრის მიძინების ტაძარში, რომელიც აღასრულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა.  ეს არის მიტროპოლიტ ეპიფანეს პირველი ღვთისმსახურება კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ღვთისმსახურებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სასულიერო პირები ატარებდნენ. მართლმადიდებლ ეკლესიებში საშობაო ლიტურგია 6 იანვრის საღამოდან დაიწყო.   

უკრაინა: ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, 6 იანვარს ბახმუტზე ​საარტილერიო იერიში განხორციელდა. მათივე ცნობით, რუსული ძალების მიერ, ბახმუტზე საარტილერიო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა 13 ადამიანი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.  

ფინეთი უკრაინისთვის დახმარების მე-12 პაკეტს ამზადებს

ფინეთი უკრაინის თავდაცვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რაზეც გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ Twitter-ზე დაწერა.  „ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ დახმარების მე-12 პაკეტს. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს კვირებში", - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში. მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.   

ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ინფორმაციით, საუბარია 13 სასულიერო პირზე. დადგენილებაში სასულიერო პირების ვინაობა არ სახელდება, რადგან პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. განკარგულება გასული წლის 28 დეკემბრით თარიღდება. საუბარია ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონაფანზე, რომელსაც SBU-მ ღალატში წაუყენა ბრალი. არსებული ინფორმაციით, მას რუსული პასპორტი აქვს. ასევე, მოქალაქეობა შეუჩერდა ტულჩინის ეპარქიის ვიკარს, ეპისკოპოს სერჰი ლადიჟინს, რომელიც იონაფანთან დაახლოებული პირია.  

ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.  

ზელენსკიმ რუს მსახიობებს, პროპაგანდისტებსა და ტელეწამყვანებს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკათ. გარდა ამისა, შეწყდება მათთან სავაჭრო ოპერაციები, გაუქმდება ყველა ლიცენზია თუ ნებართვა, აიკრძალება ფასიანი ქაღალდებით გარიგებები და საავტორო უფლებების გადაცემა. სანქციერებულთა შორის არიან მსახიობები და წამყვანები:  მსახიობი და კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი;იუმორისტი ევგენი პეტროსიანი;ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა; (რეჟისორ ალან ბადოევის ყოფილი მეუღლე და გადაცემის "არწივი და რეშკა" თანაწამყვანი);ტელეწამყვანი დანა ბორისოვა;ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი. მომღერლები და მუსიკოსები: რეპერი ბასტა (ვასილი ვაკულენკო);რეპერი და პროდიუსერი ვლად ტოპალოვი;ჯაზმენი იგორ ბუტმანი;მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი;მომღერალი ირინა ალეგროვა;მომღერალი დიმიტრი ბილანი;მომღერალი ლარისა დოლინა;მომღერალი ფილიპ კირკოროვი;მომღერალი სერგეი ლაზარევი;მომღერალი ალექსანდრე ბუინოვი;მომღერალი ვალერი დიდულა;მომღერალი ვალერი კიპელოვი, ჯგუფ "არიას" ყოფილი ვოკალისტი;მომღერალი პოლინა გაგარინა;მომღერალი როდიონ გაზმანოვი;მომღერალი გრიგორი ლეპსი;მომღერალი ლოლიტა მილავსკაია;მომღერალი ანა ნეტრებკო;მომღერალი ვიქტორ რიბინი, ჯგუფ "Dune"-ს ვოკალისტი;მომღერალი იულია სავიჩევა;მომღერალი ანა სემენოვიჩი;მომღერალი პელაგია;მომღერალი ალექსანდრე სკლიარი;მომღერალი ლიუბოვ უსპენსკაია;მომღერალი მიხაილ შუფუტინსკი;პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი. პროპაგანდისტები: პროპაგანდისტი დიმიტრი კისელევი;პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი;პროპაგანდისტი ფიოდორ ლუკიანოვი;პროპაგანდისტი კრისტინა პოტუპჩიკი;პროპაგანდისტი ალექსანდრე პროხანოვი;პროპაგანდისტი ევგენი სატანოვსკი; RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი. მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები: მსახიობი ვიქტორ დობრონავოვი;მსახიობი დიმიტრი დიუჟევი;მსახიობი დიმიტრი ხარატიანი;მსახიობი ვიქტორ სუხორუკოვი;მსახიობი სერგეი ჟიგუნოვი;რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი; ქორეოგრაფი ალა დუხოვა;დიზაინერი და ბლოგერი არტემი ლებედევი;უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი (შახტარის ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვლის შემდეგ დარჩა პეტერბურგის ზენიტში). მანამდე ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ცნობით, საუბარია 13 სასულიერო პირზე. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აგრესორის წინააღმდეგ მრავალი სანქცია დაწესდა.  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას მხარს უჭერს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინისთვის გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებით მიწოდების მომხრეა. მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ტელერადიომაუწყებლობის პირველი არხი Tagesschau ავრცელებს. გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა CSU ბუნდესტაგის დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრისას მეცოლამ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, რის გამოც იგი ასევე მხარს უჭერს Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას უკრაინისთვის, როგორც ამას CSU და სხვა გერმანელი პოლიტიკოსები და პარტიები ითხოვენ. გერმანიამ 2022 წელს უკრაინას, €12 მილიარდის დახმარება გადასცა  

აშშ-ში დააკავეს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ქალაქ ნიუპორტ ნიუსში პოლიციამ დააკავა 6ი წლის დაწყებითი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მასწავლებელი პისტოლეტით მძიმედ დაჭრა. იუწყება CNN პოლიციაზე დაყრდნობით. სროლა დაწყებით სკოლაში 6 იანვარს, შუადღისას, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, - განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა სტივ დრიუმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პირველკლასელმა, რომლის სახელიც არ სახელდება, კლასში მათ შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მასწავლებელს ერთხელ ესროლა. „ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა,” - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა. პოლიცია იძიებს საქმეს და ცდილობს დაადგინოს მომხდარის ყველა გარემოება და ასევე გაარკვიოს, თუ საიდან ჰქონდა ბავშვს იარაღი. პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ ინციდენტში სხვა ბავშვები არ მონაწილეობდნენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. სტივ დრიუმ დასძინა, რომ ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, არის „გარკვეული გაუმჯობესება“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლეა, დამონტაჟებულია ლითონის დეტექტორები, მაგრამ ყველა მოსწავლეს ტესტირება არ უტარდება - ბავშვებს შემთხვევით ამოწმებენ, - წერს BBC News. შეერთებული შტატების სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სტატისტიკის მიხედვით, The New York Times-ის თანახმად, 1970 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები მსგავს ინციდენტებში სულ მცირე 16-ჯერ იყვნენ ჩართული. აქედან სამი ინციდენტი, 2011 წლიდან 2021 წლამდე, ეხებოდა ექვსი წლის ბავშვებს (ორი ასეთი ინციდენტი განიხილებოდა როგორც შემთხვევითი სროლა). ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ხუთი წლის ბავშვმა მოაწყო სროლა - ეს 2013 წელს მოხდა მემფისის სკოლაში, ტენესის შტატში.  

ISW-ს შეფასებით, ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსი პროპაგანდისტების განცხადებები, რეალობას არ ასახავს

დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან. 7 იანვარს რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფმა, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ხაზები გაარღვია. უკრაინა: ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად რუსეთის ძალადობრივი თავდასხმებისა, ქალაქს მაინც აკონტროლებდნენ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუბდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში გააკეთა. „მათ რაღაც თქვეს თითქოსდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა რეალობა ის არის, რომ რუსეთი ჭურვებით კვლავ ესხმოდა თავს ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს”, - აღნიშნა ვოლოდიმი ზელენსკიმ. ნედ პრაისმა „ზავზე“ პუტინის განცხადება ერთი სიტყვით აღწერა შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.

ცნობილი ჯაშუში, აშშ-ის ციხიდან 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ანა მონტესი, რომელიც ცივი ომის დროინდელ ყველაზე ცნობილ ჯაშუშებს შორის იყო, პატიმრობიდან 20 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობის დროს, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა, 65 წლის ანა მონტესმა ტეხასის შტატში, ციხეში თითქმის ორი ათწლეული გაატარა. ამის შესახებ BBC წერს. 2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან კუნძულზე აშშ-ის დაზვერვის ოპერაციების შესახებ ცნობები თითქმის მთლიანად ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ის იყო აშშ-ის მიერ დაჭერილ „ყველაზე მავნე ჯაშუშებს შორის“. მიშელ ვან კლივმა, რომელიც კონტრდაზვერვას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კონგრესს განუცხადა: „მონტესმა „პრაქტიკულად, ყველაფრის კომპრომეტირება მოახდინა, რაც ჩვენ ვიცოდით კუბის შესახებ და როგორც ვმოქმედებდით კუბაში“. დაპატიმრების შემდეგ, მონტესს საიდუმლო მასალების გავრცელებაში დასდეს ბრალი. მონტესს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ ის „მთლიანად ერის" რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა. თუმცა ცივი ომის დროს დაპატიმრებული სხვა ცნობილი ჯაშუშებისგან განსხვავებით, მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიით და არა პირადი სარგებლით. ის კუბის დაზვერვაში მუშაობას დათანხმდა, ნაწილობრივ იმის საფუძველზე, რომ ლათინურ ამერიკაში რეიგანის ადმინისტრაციის საქმიანობას ეწინააღმდეგებოდა. მონტესი გათავისუფლების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. მას ასევე აეკრძალება მთავრობაში მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება. პიტ ლაპმა, FBI-ს ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც მონტესი დააკავა, CBS News-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანა მონტესი კუბელ აგენტებთან კონტაქტის აღდგენას ცდილობდა.„მისი ცხოვრების ეს ნაწილი დასრულდა. მან გააკეთა ის, რაც გააკეთა მათთვის. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რისკის ქვეშ დააყენებს თავის თავისუფლებას“, - ამბობს პიტ ლაპი.

მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა

მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს. ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. ვაკელის „რვალი“), სუზონ (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ლიდა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია (კ. მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), ქეთო (ვ. როზოვის „ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ცოლი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ. შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში. ლამზირა ჩხეიძე იყო საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი. ლამზირა ჩხეიძე 93 წლის იყო.  წყარო - საზოგადოებრივი მაუწყებელი

რუსეთმა უკრაინას შესაძლოა, ზავის „კორეული სცენარი“ შესთავაზოს

რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინას ზავის „კორეული სცენარი“ შესთავაზოს, რაც ქვეყნის დაყოფას ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი ყოფილ პოლიტიკოსებს ევროპაში ხვდება და მათი მეშვეობით გადასცემს გზავნილს, რომ რუსები მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, რათა არსებული სტატუს კვო გამოასწორონ და აიძულონ უკრაინა, ზავს დათანხმდეს. ამავდროულად, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრის დროს კორეის წარმომადგენლებმა განაცხადს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ორ ნაწილად დაყოფა 38-ე პარალელის გასწვრივ შეცდომა იყო, რადგან 1950-იან წლებში ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ომის დასრულების შემდეგ მიღებული დათმობები ამჟამად პრობლემებს ქმნის. „ამჟამად გვთავაზობენ კორეულ სცენარს. ეს არის პირობითად „38-ე პარალელი“. რუსები ახლა ყველაფერს მოიგონებენ. ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მათ შეუძლიათ, შემოგვთავაზონ, სწორედ „38-ე პარალელია“, - განაცხადა დანილოვმა.  

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება

უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში მერვე შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.  გერმანიის თავდაცვის მდივანი ქრისტინ ლამბრეხტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს ესაუბრა, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარება და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაცია. მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდების საკითხი. რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება „გერმანია ასევე უზრუნველყოფს აუცილებელ ტრენინგს, ასევე სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. უფრო ადრე, პენტაგონმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მერვე შეხვედრაში მონაწილეობას 50 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მიიღებენ.

მალიარი დონეცკის რეგიონზე: სოლედარში ძალიან რთული ვითარებაა

უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის ჯარებმა დიდი ძალისხმევა მიმართეს დონეცკის ოლქის საზღვრებთან მისასვლელად. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. დონეცკის ოლქის ზოგიერთ რაიონში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ზოგიერთ რაიონში კი, მტერი მიიწევს წინ. მისივე თქმით, რთული ვითარებაა ქალაქ სოლედარში. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.  

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 50 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 50 სამხედრო მოსამსახურე - 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი დაბრუნდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. „კიდევ ერთი წარმატებული პატიმართა გაცვლა. ჩვენ დავბრუნდით სახლში 50 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდიის, საზღვრის დაცვის სამსახურის, საზღვაო ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ბოლო გაცვლა. „ჩვენი ამოცანაა ჩვენი ხალხის დაბრუნება და ჩვენ ამას შევასრულებთ“, - განაცხადა ერმაკმა.  ცნობისათვის, გასულ წელს რუსეთის ტყვეობიდან 1596 სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა.  

პანდემიიდან სამი წლის შემდეგ, ჩინეთმა ტურისტებისთვის საზღვრები პირველად გახსნა

პანდემიიდან სამი წლის შემდეგ, ჩინეთი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის. BBC-ის ცნობით, ქვეყანში შესულ მოგზაურებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ, თუმცა უნდა წარადგინონ კოვიდტესტის პასუხი, რომელიც ბოლო 48 საათშია მიღებული.  ბრიტანული მედიის ცნობით, ჩინეთში არსებობს შეშფოთება, რომ საზღვრების გახსნა Covid19-ის უფრო მეტად გავრცელებას გამოიწვევს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი Covid პოლიტიკა ჰქონდა, ჩაკეტვის ხშირი ტესტირების მოთხოვნების ჩათვლით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. მთავრობამ ცოტა ხნის წინ ამ პოლიტიკაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სინძიანის რეგიონში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბევრ ჩინელს სჯეროდა, რომ Covid19-ის ხანგრძლივმა შეზღუდვებმა მომხდარს ხელი შეუწყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მტკიცება უარყო. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეების თქმით, შენობაში მყოფებმა ტერიტორია დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვეს. 

დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი

მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ გეითსი Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილავენ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელ პირობებში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება დატოვებს რუსეთის ძალებს ძლიერ პოზიციაში, რათა განაახლონ შეჭრა, როდესაც ისინი მზად იქნებიან. ეს კი, რაისის და გეითსის თქმით, მიუღებელია.  „ერთადერთი გზა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ასეთი სცენარი, არის ის, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას სამხედრო მარაგები და საკმარისად გაზარდონ მისი შესაძლებლობები, რათა უკრაინელებმა რუსეთის განახლებული შეტევის შეკავება და რუსული ძალების უკუგდება შეძლონ. კონგრესმა ასეთი გაძლიერებისთვის საკმარისი თანხა გამოყო. ახლა საჭიროა აშშ-ის და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს უკრაინელებისთვის საჭირო დამატებითი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას, განსაკუთრებით - მობილური ჯავშანმანქანებით. აშშ-ის გადაწყვეტილება ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ, მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. ვინაიდან არსებობს სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია აბრამსის ტიპის მძიმე ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა დააკმაყოფილონ ეს საჭიროება. NATO-ს წევრებმა ასევე უნდა მიაწოდონ უკრაინელებს უფრო შორი რადიუსის რაკეტები, მოწინავე დრონები, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი (არტილერიის ჭურვების ჩათვლით), დამატებითი სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. ეს შესაძლებლობები საჭიროა კვირებში და არა თვეებში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ კონგრესში, შეგვახსენა უინსტონ ჩერჩილის მოწოდება 1941 წლის თებერვალში: „მოგვეცით ხელსაწყოები და ჩვენ დავასრულებთ საქმეს“. ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, თავიდან აიცილოს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება. თუმცა შეგულიანებულმა პუტინმა შეიძლება, ეს არჩევანი არ დაგვიტოვოს. მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია“, - წერენ კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი.  

თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ა. შ.-ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებულია ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუში; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.