ძებნის რეზულტატი:
გამოცდები 2023-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი ყველა მონაწილეს სთხოვს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)", - ნათქვამია ინფორმაციაში. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს.
EBRD უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად წელს, 600 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს 600 მილიონი ევროთი დაუჭერს მხარს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოთხშაბათს, 21 ივნისს, EBRD-სა და უკრაინის Ukrhydroenergo-ს, Ukrenergo-სა და Naftogaz-ს შორის რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა. შმიგალმა ასევე დააანონსა EBRD-თან ჰიდროელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი.
უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდს მიიღებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ თითქმის 7 მილიარდი დოლარის დახმარებას ელოდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შმიგალმა ლონდონის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, კიევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უდიდესი აღდგენითი პროექტის წინაშე დგას. კონფერენციაზე ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვებმა მილიარდობით დოლარის დამატებით დახმარების პირობა დადეს, რადგან უკრაინამ განაცხადა, რომ მას კიდევ მეტი კაპიტალი და ასევე კონკრეტული პროექტები სჭირდებოდა, რომ არამხოლოდ აღდგეს, არამედ, ჩამოყალიბდეს დასავლეთის ძლიერ წევრად. თანხები ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის ევროპული განვითარების გზის მხარდაჭერას მოხმარდება. დენის შმიგალის განცხადებით, ისეთი საგანგებო ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის: ეკონომიკის მხარდაჭერა, განნაღმა, საცხოვრებლების აღდგენა, საჭიროა 14 მილიარდ ევროზე მეტი. ამ თანხის ნახევრის მოზიდვას უკრაინა საკოორდინაციო დონორთა პლატფორმის მექანიზმის დახმარებით გეგმავს. „ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.
ავსტრალიელი ბიზნესმენი უკრაინის განვითარების ფონდისთვის $500 მილიონს გაიღებს
მეორე უმდიდრესმა ავსტრალიელმა, ენდრიუ ფორესტმა განაცხადა, რომ უკრაინის განვითარების ფონდში 500 მილიონი დოლარს გადარიცხავს. ფორესტმა ამის შესახებ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინა არის „შესანიშნავი გრძელვადიანი ინვესტიცია“, - განაცხადა ფორესტმა. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ჰრიბანის თქმით, ფონდი ამჟამად იქმნება, რომლის მრჩეველია აქტივების მართვის გიგანტი - BlackRock და სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე იმოქმედებს.
მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის 1,75 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოყოფს
მსოფლიო ბანკის ჯგუფმა უკრაინისთვის 1,75 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი დაფინანსების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დაფინანსება მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს მსოფლიო ბანკისგან, რომელიც გარანტირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ, 1,25 მილიარდი აშშ დოლარის გრანტს შეერთებული შტატებიდან და 15 მილიონი აშშ დოლარის გრანტს ფინეთის მთავრობისგან. აპრილში მსოფლიო ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდს მიიღებს
პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი მფლობელს დაუბრუნდება
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის სექტემბერში ცალკეულმა საჯარო მოხელეებმა ჯ.თ-ს კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ დედამისს რ.თ.-ს დაბა წყნეთში მდებარე მისი კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაეთმო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს არ გადასცემდნენ, რ.თ-ს პატიმრობა ემუქრებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რ.თ-ს მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა. საჯარო მოხელეთა ამგვარი ზეწოლის შედეგად, ჯ.თ-მ სამართალდამცავი ორგნოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რ.თ-სგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი თვითმართველი ერთეულის ბალანსზე აღირიცხა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ. თ-ს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით ჰქონდა რეგისტრირებული და მისი ჩამორთმევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მიმართავს შესაბამისს უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთი. „დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 474 პირი, რომელთაგან 332 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ყველა ქვეყანაში, სადაც ვიზიტით ვიმყოფებოდი, არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს - სალივანი
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. დევიდ ო'სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ანდრი ერმაკთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა მის კომუნიკაციებზე იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოინახულა - სალივანმა ერმაკს რუსეთთან იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ვაჭრობის შეზღუდვის ღონისძიებებზე მოლაპარაკების შედეგებიც გააცნო. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ერმაკი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „თანამოსაუბრეებთან განვიხილე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სანქციების გავლენა რუსეთის სამხედრო მანქანაზე, შემოსავალზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს ამ არაპროვოცირებული და სასტიკი ომისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სალივანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. სალივანს მის როლზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განმარტა, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში სანქციების მიმართულებით მუშაობს. „ჩემი განსაკუთრებული როლია, კომუნიკაცია მესამე ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“, - აღნიშნა სალივანმა. „არ მინდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. ეს არის პირადი საუბრები, რომელიც მე მაქვს ამ ქვეყნებთან, რომ ავუხსნა, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც მე მოვინახულე, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა იმ იდეისადმი, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პლატფორმა სანქცირებული საქონლის რეექსპორტისთვის, რომელიც შესაძლოა, პოტენციურად, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. არავის სურს ამ ვაჭრობაში ჩაბმა. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია. ზოგიერთ მათგანს რუსეთში მომუშავე მიგრანტების დიდი რაოდენობა ჰყავს და ისინი დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე“, - განაცხადა სალივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რაც სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მთავარი კი ისაა, რომ არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს. სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. ინფორმაციისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.
ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს - აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს. „ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. შპს „ვემ“ მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს „ვემს“ ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019 წლამდე ფლობდა. სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც. შპს „ვემმა“, 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,324,297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1,144,874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს „ვემის“ მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას, 2018 წელს, მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა. შპს „ვემის“ გაყიდვის შემდეგ, ხაჩიკ მოსოიანმა, 2019 წლის აპრილში, შპს „გოლდ 777“ დააფუძნა. დღემდე შპს „გოლდ 777“-ს 26 შესყიდვით 1,362,711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783,614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, 655,632 ლარი (48.1%) ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1,153,589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო. ხაჩიკ მოსოიანმა, 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილებისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმის მოქმედებისას, მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა 06:00 საათიდან - 21:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო სატვირთო ავტომობილებს 23:00 საათიდან - 05:00 საათამდე.
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს
წყალქვეშა ნავის ძებნა გადამწყვეტ ფაზაში შედის - BBC ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, რომელსაც კვირის შემდეგ ეძებენ, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს. BBC-ის თანახმად, ძებნის ოპერაცია ფართოვდება - თვითმფრინავები და გემები, ისევე როგორც დისტანციურად მართვადი მანქანები, ოკეანის დაახლოებით, 10,000 მილს მოიცავენ. კაპიტანი ჯეიმი ფრედერიკი მიმდინარე სამუშაოას კვლავ სამძებრო-სამაშველო ოპერაციად აფასებს: „ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად და იმედიანად". ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი. როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში. მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ. წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.
დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, არამედ დასავლეთიდან - პაპუაშვილი
დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ - დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კამპანია თვეების განმავლობაში არყევდა საქართველოს მაშინ, როდესაც ქვეყანას ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი. ,,ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.
ბენ უოლესი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ვერ დაიკავებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ვერ დაიკავებს. უოლესი პოსტისთვის ბრძოლას არ აპირებს. Sky News-ის თანახმად, მინისტრის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ მის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს არ უჭერს. დიპლომატიური წყაროების თანახმად, NATO-ს სურს ისეთი კანდიდატი, რომელიც სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის პოზიციას იკავებდა და, სასურველია, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყოს. Sky News -ი წერს, რომ Brexit-ის გამო ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უპირატესობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანდიდატს ანიჭებს. მედია ასევე წერდა იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებობაზე. კერძოდ, მოვლენების ამგვარ გაგრძელებას თითქოს ჯო ბაიდენი უჭერს მხარს. თავად სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას გენმდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასრულების გარდა, სხვა გეგმები არ აქვს. ორი კვირის წინ, აშშ-ში რიში სუნაკის ვიზიტის დროს, მედია წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი ცდილობდა, დაერწმუნებინა აშშ-ის ლიდერი, მხარი დაეჭირა ბენ უოლესის კანდიდატურისთვის.
ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი შესრულდეს და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ - კალაძე
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ - მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, ვინც სტატუსი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს. საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა ისინი არათუ არ ჩართულან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია - Cyprus Airways-ი იწყებს
კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა - თბილისი - ლარნაკის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს ხსენებული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.
მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 პუნქტიდან ამოიღებული იყოს - კობახიძე
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი პუნქტებიდან ამოღებული იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების დეკემბრამდე გადადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მომავალ კვირაში გვქონდა ამ კანონპროექტის [დეოლიგარქიზაციის შესახებ] მესამე მოსმენით მიღება დაგეგმილი, თუმცა პრემიერს ჰქონდა შეხვედრა როგორც შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისარ ვარ ჰეისთან. იქ გაჟღერდა თხოვნა არმიღებაზე. შესაბამისად, მომავალ კვირას მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ ამ კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების თხოვნას. დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი პუნქტებიდან ამოღებულ იქნას. თუ ამოიღებენ, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
აშშ და ინდოეთი „დრონების გარიგებას“ გააფორმებენ
შეერთებული შტატები და ინდოეთი გამანადგურებლების ძრავებსა და დრონებთან დაკავშირებით, მთავარ შეთანხმებებს ხელს მოაწერენ. AFP-ის თანხმად, დოკუმენტი პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის ვიზიტის დროს, ხუთშაბათს გაფორმდება. ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი ასევე შეიძენს MQ-9B SeaGuardians-ის დაუზუსტებელ რაოდენობას, მაღალი სიზუსტის შეიარაღებულ დრონებს. ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ 14 ივნისს განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.
საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის განცხადებას „ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის“ შესახებ. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია. ირაკლი კობახიძე: რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ „რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო - ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, რუსლან დავიდოვზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.
გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა. მან 20 ივნისს, ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ენერგიით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყანა მჭიდრო კავშირში არიან, რათა თავიდან აიცილონ დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესდა. „მოლაპარაკებების დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონტაქტები არსებობს ყაზახეთის სააგენტოებსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის", - აღნიშნა შტაინმაიერმა. შტაინმაიერი მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით, ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. შტაინმაიერმა ასევე მხარი დაუჭირა შეთანხმებას ყაზახეთიდან გერმანიაში ნავთობის დამატებითი მიწოდების შესახებ, რომელსაც მისი ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი გერმანელმა და ყაზახმა ოფიციალურმა პირებმა. ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს გარიგების თანახმად, გერმანიის ქალაქ შვედტის გადამამუშავებელი ქარხანა, მომავალი წლის ბოლომდე თვეში 100 000 ტონა ნედლ ნავთობს მიიღებს. ყოკაევს არ უხსენებია სანქციების თავიდან აცილების საკითხი და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყაზახეთი „მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებაში“. სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა ყაზახეთს და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, თავი აარიდონ მოსკოვის მცდელობებს, გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი აქტიური სავაჭრო პარტნიორი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია - ეს არის სავაჭრო ბლოკი, სადაც დომინირებს რუსეთი. გაერთიანებაში ასევე შედიან ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს ათასობით სუბიექტს და ფიზიკურ პირს, ხოლო აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დააწესა ექსპორტის კონტროლი რუსეთსა და მის მოკავშირე ბელორუსში.
კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "პირველ ვიცე-პრეზიდენტზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კანონის შესაბამისად ავირჩიოთპირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული და, რა თქმა უნდა, საჯაროდ გახდება ცნობილი. საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება, რომ გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია - საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია რომელიმე კანდიდატი წარადგინოს, შემდეგ საბჭო იმსჯელებს და ხმების უმრავლესობით გადაწყდება," - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.
ყაზახეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ უმასპინძლებს
ყაზახეთმა მოულოდნელად, 21 ივნისს განაცხადა, რომ შეწყვეტს მოლაპარაკებების მასპინძლობას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის კონფლიქტის მოგვარებას. გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის დასრულებისას გახდა ცნობილი, მოულოდნელი იყო რუსეთისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის, სირიისა და ირანისთვის. მოლაპარაკებების ადგილად 2017 წლიდან იქცა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მოლაპარაკებებმა შეასრულა თავიანთი მისია, მაგრამ ალექსანდრე ლავრენტიევმა, რუსეთის წარმომადგენელმა სირიაში, განაცხადა, რომ ასტანის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო. ლავრენტიევმა განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეხვედრები, შეიძლება, ჩატარდეს მოსკოვში, ანკარაში, თეირანში ან თუნდაც დამასკოში. თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ასტანაში ბოლო მოლაპარაკებები შეაფასეს, როგორც "კონსტრუქციული" და განაცხადეს, რომ მათ განიხილეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის მომზადების საკითხი". „მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერდნენ ასადის მთავრობას ომში და დაეხმარნენ მის ძალებს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი უკრაინაში იბრძვის, მოსკოვმა შეინარჩუნა თავისი სამხედრო დასაყრდენი სირიაში და ასევე დაჟინებით ცდილობს, დაეხმაროს ასადს თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში“, - წერს AP. სამშაბათს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, აიმან სუზანმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა შეიმუშაოს „მკაფიო ვადები“ სირიიდან თავისი ძალების გაყვანისთვის. მაისში არაბთა ლიგაში სირიის ხელახალი მიღების შემდეგ, თურქეთი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება „საგზაო რუკა“ დაძაბული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ეს იყო უმაღლესი დონის კონტაქტი ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც 2011 წლის აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სირიის ომმა თითქმის 500 000 ადამიანი შეიწირა და იძულებით გადაადგილებულად აქცია უამრავი ადამიანი. ასტანის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ალეპოს პროვინცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნედ იქცა სხვა ქალაქებიც, რომლებსაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება Hayat Tahrir al Sham აკონტროლებს. სირიის სახელმწიფო მედია დაბომბვის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.