ძებნის რეზულტატი:

ხორვატიაში უნგრული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ეკიპაჟის მესამე წევრის ძებნა მიმდინარეობს. ეროვნული სამთო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, იოსიპ ბროზიცევიჩმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენი ქალაქ დრნიშთან მაშველებმა აღმოაჩინეს. „უნგრეთის საჰაერო ძალების ორი Airbus H145 ტიპის ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენაზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.  

რიკოთის უღელტეხილზე, მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთის უღელტეხილზე უბისის მონაკვეთზე მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო. თვითმხილველების ცნობით, კაცი დინებამ გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

გერმანიის მთავრობა 2023 წელს უკრაინას დამატებით, 381 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოთხშაბათს, ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის აღდგენისთვის, რაც ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში გამოიხატება. „გერმანია უკრაინას დამატებით, 381 მილიონ ევროს გადასცემს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2023 წელს“, - განაცხადა ბარბოკმა. დღესვე გერმანიამ ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შედის 155 მმ-იანი მაღალი სიზუსტის მართვადი იტალიური საბრძოლო მასალა „ვულკანო", ორი MAN HX81-ის ტიპის სატანკო გადამზიდი და მათი მისაბმელი, 1000 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, 6 მანქანას სასაზღვრო პატრულისთვის. ბერლინი კიევს ასევე გაუგზავნის რაკეტებს Patroiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.  

რძლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამამთილს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ ,,მ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმება დამტკიცდა

აზერბაიჯანის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, პირველადი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამტკიცებს შეთანხმებას. ინფორმაციისთვის, დოკუმენტი 2022 წლის 18 აგვისტოს, ბაქოში გაფორმდა. ბაქო-თბილისი-ყარსი ფართოვდება, რათა მეტი ტვირთი მოიზიდოს შუა დერეფანში - აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის (დოილი) თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს შეხვდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ირლანდიას შორის ურთიერთობებში მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს როლს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების პრაქტიკა და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. საუბრისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან პოლიტიკური და სექტორული დაახლოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მოლოდინებზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ირლანდია შემდგომშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება. დოილის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუბლინი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა. შონ ო’ფარელის განცხადებით, ირლანდია კვლავ გააგრძელებს პატარა ქვეყნების ინტერესების დაცვას ევროკავშირის მასშტაბით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე. ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალობის შენარჩუნების მხრივ პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროება და ამ კუთხით ირლანდიის შეუქცევადი მხარდაჭერის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.  

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი" ავრცელებს. "​სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება. ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია განცხადებაში. პროფკავშირის ცნობით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა მომჩივანმა მოუგო.  

საია: სასამართლომ Tik-Tok-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და პოსტის საფუძველზე, პირი სამართალდამრღვევად მიიჩნია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების კვარტალურ ანგარიშს, რომელშიც სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს. მაგალითად, საია საუბრობს სოციალურ ქსელებში, ტიკ-ტოკსა და Facebook-ზე განთავსებული ვიდეოსა და პოსტი გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებასა და სასამართლოს მხრიდან ამ პლატფორმებზე გამოხატული მოსაზრებების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევაზე. ანგარიში იანვარი - მარტის პერიოდს მოიცავს. კვარტალური მიმოხილვის მოცემული ნაწილი დღეს სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. 1) პირის სამართალდამრღვევად ცნობა FACEBOOK-ზე გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის დადგენილებით, ძალაში დარჩა ბათუმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სამართალდამრღვევად ცნობილმა პირმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის თანამშრომლებს გამიზნულად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა. სასამართლომ 166-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელი, მათ შორის Facebook, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას ჰპოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობაც სწორედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება“. სასამართლოს შეფასებით, „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში“. რაც შეეხება 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ მიუთითა, რომ „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როდესაც ის გამოავლენს სამართალდარღვევის, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ფაქტს და ადგილზე განახორციელებს საქმის წარმოების სხვადასხვა საპროცესო მოქმედებას, არამედ ამ დროში იგულისხმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი 12 მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრე- ტული საქმის წარმოებას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე. შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის ან რომელიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების ადგილას“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას, - წერს საია. 2) TIK-TOK-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე პირის სამართალდამრღვევად ცნობა თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოში პირი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც 12 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის დადგენილება საქმეზე N4/456-23. 9 თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიე- მართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშ- რომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ. სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სოციალური ქსელი, მათ შორის Tik-Tok, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. სასამართლოს მოსაზრებით, გამოქ- ვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა სა- ზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე. რაც შეეხება ამავე საქმის ფარგლებში 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ დაადგინა, რომ: „ი.მ-ის მიერ 2022 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი ქმედება, კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ 10 ქმედებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა“. ხსენებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს, - წერს საია. საია-ს შეფასებით, ორივე შემთხვევა ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აუარესებს ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტს.  

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა. ფართოვდება სანქციების სამიზნე ფიზიკური და იურიდიული პირების სია. შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვაზე გემების ჩატვირთვის პრაქტიკის შესაჩერებლად, მე-11 პაკეტი კრძალავს ევროკავშირის პორტებთან წვდომას გემებისთვის, რომლებსაც ტვირთი გემიდან გემზე გადააქვთ, თუ არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობის იყო. დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიის მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რომლებმაც შესაძლოა, ის რუსეთს მიჰყიდონ. ასეთი ქვეყნების სახელები შეიძლება, დაემატოს ევროკავშირის სანქციების რეგულაციის დანართს 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობით. ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი პაკეტი სანქციების თავიდან არიდების მცდელობის აღკვეთას მოემსახურებოდა.  

ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის 840 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღდგენის პროექტებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტი უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტების განსახორციელებლად, 840 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1,7 მილიარდი ევრო გამოუყო. ეს თანხები მიმართული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებსა და უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას უკრაინის აღდგენის საქმეში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ არაერთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კუბრაკოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული 840 მილიონი ევრო მოხმარდება აღდგენის პროექტების მომზადებას, შეფასებას, დაფინანსებას და განხორციელებას. ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია.   

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობასა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან როლსა და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში თურქეთის წვლილს. „მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სამმხრივ სწავლებებზე ისაუბრა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც დაესწრო.  უფრო ადრე, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში. „შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.

საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს

საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთი 2023 წლისთვის უკრაინას დამატებით 40 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. „ეს მხარდაჭერა ძირითადად გამოყენებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის აღჭურვილობის გადაუდებელი რეკონსტრუქციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მომავალი ზამთრისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე. კოლონას თქმით, საფრანგეთი ამზადებს მრავალწლიან სამოქალაქო დახმარების პაკეტს უკრაინაში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ლონდონი უკრაინის აღდგენის შესახებ ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. დღის განმავლობაში, უკრაინის პარტნიორებმა არარერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადეს.  

უკრაინა უკვე იცავს თავისუფლების სივრცეს NATO-ში და ელოდება ალიანსის ლიდერების გამბედაობას, რომ ეს აღიარონ - ზელენსკი

უკრაინა უკვე იცავს თავისუფლების სივრცეს NATO-ში და ელოდება ალიანსის ლიდერების გამბედაობას, რომ ეს აღიარონ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს, ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ვიდეოჩართვისას. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია წარმატებას ევროკავშირის გაერთიანების თვალსაზრისით, ისე, როგორც არასდროს. უკრაინის ლიდერის თქმით, ეს ნამდვილად არის ღირებულებების ერთიანობა, რაც აისახება სხვადასხვა გადაწყვეტილებაში. გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი უკრაინამ გამოიყენა სოლიდარობის მთელი ძალა, რისთვისაც ევროკავშირი შეიქმნა და უკრაინა ასევე ააქტიურებს NATO-ს მორალურ სიძლიერეს, განაცხადა პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, როგორც უკრაინა უკვე ეკუთვნის ევროკავშირის ღირებულების სივრცეს და ეკუთვნის NATO-ს უსაფრთხოების სივრცეს. „დე ფაქტო, უკრაინა უკვე არის ევროკავშირის საერთო ბაზრის ნაწილი და სრულფასოვანი წევრობის გზაზე, ჩვენ უკვე ვიცავთ ალიანსის თავისუფლების საერთო სივრცეს და მხოლოდ ალიანსის ლიდერების გამბედაობას ველოდებით, რომ პოლიტიკურად აღიარონ ეს რეალობა“, - აღნიშნა უკრანის პრეზიდენტმა. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.  

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

ერთობლივი წვრთნები „Alpan-2023“ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით იმართება, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული წვრთნების სცენარის მიხედვით, თვითმფრინავი ფრენებს საბაზისო აეროდრომებიდან ახორციელებს და ასრულებდა ამოცანებს მათ შორის შორ და მოკლე დისტანციებზე, წარმოსახვითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და სამეთაურო საკონტროლო პუნქტის განადგურების დავალებას.  ასევე სცენარი მოიცავდა სხვა ეპიზოდებსაც. წვრთნების ძირითადი მიზანია პირადი შემადგენლობის თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება.  

საქართველოში ვიზიტამდე, სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კიევში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო'სალივანს კიევში შეხვდა. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 16 ივნისს განთავსდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ერმაკმა მადლობა გადაუხადა დევიდ ო'სალივანს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოსთვის. „მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენთვის, უკრაინის დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები ძალიან ძლიერი იარაღია", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა ჩართოს უკრაინული გუნდი სანქციების საკითხებში, რადგან უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში ან მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას. მაგალითად, მან მოიხსენია რუსი პროპაგანდისტების ბოლოდროინდელი საჯარო მოწოდებები უკრაინული ტექნიკის განადგურების შესახებ და ასეთი ქმედებებისთვის „ჯილდოების“ გადაცემის დაპირებები. „ჩვენ ველით, რომ ამ პროპაგანდისტებს სანქციები დაეკისრებათ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. მან ასევე გაუსვა ხაზი უკრაინული მხარის მზადყოფნას, შეუერთდეს სანქციებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის მხარდაჭერას. „ჩვენ მზად ვართ, კვირაში 7 დღე და 24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ, შევაგროვოთ მტკიცებულებები და საჭირო დოკუმენტები, მოვახდინოთ მოქმედებების კოორდინაცია და ზეწოლა ამ ქვეყნებზე“, - განაცხადა უკრაინელმა ლიდერმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე ქვეყნებიდან რუსეთში სამხედრო-სამრეწველო ტექნოლოგიებისა და კომპონენტების რეექსპორტის შეჩერების კონტექსტში, რაც მას ჯერ კიდევ აძლევს საშუალებას, აწარმოოს რაკეტები და განაგრძოს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტზე. თავის მხრივ, დევიდ ო'სალივანმა ანდრი ერმაკს აცნობა მისი კომუნიკაციების შესახებ იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ მოინახულა და რუსეთთან იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ვაჭრობის შეზღუდვის ღონისძიებებზე მოლაპარაკების შედეგებიც გააცნო. მან ერმაკი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „თანამოსაუბრეებთან განვიხილე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სანქციების გავლენა რუსეთის სამხედრო მანქანაზე, შემოსავალზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს ამ არაპროვოცირებული და სასტიკი ომისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სალივანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. სალივანს მის როლზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განმარტა, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში სანქციების მიმართულებით მუშაობს. „ჩემი განსაკუთრებული როლია, კომუნიკაცია მესამე ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“, - აღნიშნა სალივანმა. „არ მინდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. ეს არის პირადი საუბრები, რომელიც მე მაქვს ამ ქვეყნებთან, რომ ავუხსნა, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც მე მოვინახულე, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა იმ იდეისადმი, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პლატფორმა სანქცირებული საქონლის რეექსპორტისთვის, რომელიც შესაძლოა, პოტენციურად, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. არავის სურს ამ ვაჭრობაში ჩაბმა. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია. ზოგიერთ მათგანს რუსეთში მომუშავე მიგრანტების დიდი რაოდენობა ჰყავს და ისინი დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე“, - განაცხადა სალივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რაც სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მთავარი კი ისაა, რომ არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს. სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.   ინფორმაციისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.  

გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა

ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება იყო. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არმიამ დარტყმა განახორციელა ჩონგარის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმს და ხერსონის ოლქს. მისივე თანახმად, არავინ დაშავებულა და ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც საბრძოლო მასალის სახეობა უნდა დაადგინონ. უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow გამოიყენეს. ამასთან, სალდოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა ერთ ხიდზე, არამედ, „ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხიდის აფეთქების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - გენშტაბი

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერმა, გასული დღის განმავლობაში, 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ თავდასხმებისთვის ირანული Shahed-ის დრონები გამოიყენეს. ყველა მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. მტერმა ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

კიევში, 16-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქის დნეპროვსკის ოლქში, 16-სართულიან კორპუსში აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორს კი, ადგილზე ჩაუტარდა მკურნალობა. კლიჩკოს თქმით, ხუთი დაზიანებული ბინიდან 18 მცხოვრები გამოიყვანეს. მთლიანობაში, შენობის ყველა ბინიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. ექსპერტები აფეთქების მიზეზებს იკვლევენ. 22 ივნისს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, კიევის დნიპროვსკის ოლქში 16-სართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელმაც სამი სართულის კედლები ერთდროულად დაანგრია და 150 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსში გაზი აფეთქდა.  

რუმინეთმა შესაძლოა, F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნებს უმასპინძლოს

NATO აკვირდება რუმინეთში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების ბაზის განთავსების შესაძლებლობას. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. სამმა წყარომ, რომელიც იცნობს სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხებს, Politico-ს განუცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ახლოს არიან უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამის დაწყებასთან და რომ მათი მომავალი მომზადების ერთ-ერთი ადგილი შეიძლება, რუმინეთში იყოს. პენტაგონის ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რუმინეთში თვითმფრინავის სწავლების ჩატარების ხელშეკრულების გაფორმებაზე. მათ ასევე განმარტეს, რომ დიდი ალბათობით, Lockheed Martin, კომპანია, რომელიც აწარმოებს F-16-ებს, ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. Politico-მ ასევე მოითხოვა კომენტარი რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა პირდაპირი პასუხი არ მიუღია. სამინისტრომ განაცხადა, რომ რუმინეთი მიესალმება მოკავშირეთა კოალიციის შექმნის ინიციატივას F-16-ებზე წვრთნების მიზნით და დაადასტურა, რომ რუმინეთი მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან, ევროკავშირის პარტნიორებთან, მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.