ძებნის რეზულტატი:

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია

საქართველოს 29 ივნისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ეწვია. ის მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ დუნია მიატოვიჩი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ნიკ ბერესფორდი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. დუნია მიატოვიჩი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტს 2018 წლის აპრილიდან იკავებს. კომისრის საქმიანობის სფერო მოიცავს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, უფლებადამცველთა დაცვას, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას. „თბილისი პრაიდის“ კვირეული 2 ივლისს გაიხსნება. ცნობისთვის, თბილისში ვიზიტით ასევე იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.  

ესპანეთის პრემიერი კიევში ჩადის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით პირველ ივლისს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 29 ივნისს განაცხადა. ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დღეს გაიმართება. ესპანეთი თავმჯდომარეობას შვედეთისგან იბარებს. NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ესპანეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს.  ის უზრუნველყოფს წვრთნასა და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს.  

აშშ რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მიესალმა

ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლას მხარს უჭერს. Europetime-თან კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს, უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.  რუმინეთის ელჩი: საქართველოსთან საბორნე მიმოსვლა აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ვაშინგტონი აღიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც „ეს საბორნე მარშრუტები ქმნის“. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება.  „ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო. ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ხსენებულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს - ექსკლუზივი გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს.   მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.   დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.  

ბუდანოვის თქმით, „ეფესბეს“ ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია დაევალა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული. „ჩვენთვის ცნობილია, რომ „ეფესბეს“ მისი მკვლელობის დავალება მისცეს. წარმატებით განახორციელებენ ამას? დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა ბუდანოვმა ონლაინ გამოცემა The War Zone-თან ინტერვიუში. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მკვლელობის მცდელობა სწრაფად ვერ განხორციელდება. „ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ღია კითხვაა. იქნებიან თუ არა ისინი წარმატებულები ამ საქმეში. შეასრულებენ ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?"- აღნიშნა ბუდანოვმა.  

პრემიერი: შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან

„ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ კურკუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს. სამწუხაროა და ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე  ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება იმისთვის, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ „ბიუროკრატიულ ბანდიტებს“ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.  

ვალერი ზალუჟნი კონტრშეტევაზე: ეს არ არის შოუ, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ. უკრაინული მედიის ცნობით, The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ. ზალუჟნის თქმით, „ალბათ, კონტრშეტევა არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”. „მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მხოლოდ 500 მეტრით. ეს არ არის შოუ. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაზეც ფსონს დებენ ან რაღაც ამგვარი. ყოველდღე, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული“, - განაცხადა ზალუჟნიმ. მთავარსარდლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდება დასავლური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან ამ ტიპის იარაღის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული ამოცანების შესრულება, მაგრამ უკრაინის დამცველები მაინც გმირულად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ თავიანთ მიწას ოკუპანტებისგან. „დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”, - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.  

ზელენსკიმ ბელორუსთან საზღვრის გაძლიერების ბრძანება გასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც უკრაინული მედიის თანახმად, ფრონტზე არსებულ ვითარებასა და „ბელორუსის მუქარებზე“ ისაუბრეს.  პრეზიდენტმა ბელორუსში არსებულ ვითარებაზე მოხსენება მოისმინა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან თავის გენერლებს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერება უბრძანა მას შემდეგ, რაც რუსეთში „ამბოხების“ მეთაური ბელორუსში ჩავიდა. ზელენსკის თანახმად, ბელორუსში სიტუაცია უკრაინული მხარის მუდმივ კონტროლს ექვემდებარება. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ კონტიგენტი უმნიშვნელო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე გაანადგურეს 20 000-ზე მეტი „ვაგნერელი". დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. უფრო ადრე, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტისას საუბრობდა NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინა. „მოახლოებულ NATO-ს სამიტზე ვიქნებით წარმოდგენილი, საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საუბრისას. უფრო მეტს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, შემდეგ ბმულზე გაეცანით.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე: სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე არმისვლის მიზეზებზე საუბრობს. „სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კობახიძემ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა: „რამდენიმე ლიდერი პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ დეპუტატები, რა თქმა უნდა, იყვნენ. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების საელჩოში მისვლა იყო პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ. პოლარიზაციის საკითხზე საუბრისას კი, კობახიძემ აღნიშა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განცხადების სახით არსებობს იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ ახალისებს რეალურად პოლარიზაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წამსვლელ ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას. „თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის, გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მით უმეტეს, არ მინდა შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ელჩი დეგნანი კობახიძის განცხადებაზე: ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს, თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია

ევროკავშირის სამიტის მონაწილეები ჩინეთს მოუწოდებენ, უფრო მეტი ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში

ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა მოუწოდეს ჩინეთს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ გაბცხადებაში, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღეს. ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებაზე, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობას ჩინეთთან, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან, სურსათის უვნებლობასთან და მომავალ პანდემიებთან და სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებისთვის მომზადებაში. აქვე პეკინს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს კლიმატის დაცვის საქმეში.  დოკუმენტის თანახმად, პეკინი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და მეტოქე, მაგრამ ევროკავშირი და ჩინეთი ერთმანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები არიან. ევროკავშირი თვლის, რომ მას, მთლიანობაში, სურს შეამციროს ჩინეთზე თავისი დამოკიდებულება მომარაგების ჯაჭვში.  

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს, შეუერთდეს NATO-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია განზრახვაა, განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე. მორავეცკიმ დაადასტურა, რომ ვარშავა დაინტერესებულია ამ პროგრამაში მონაწილეობით. „საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, NATO-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწრაფად ვიმოქმედოთ. არ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას, ვიდრე პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ამწვავებს“, - აღნიშნა მორავეცკიმ.  

მედიის ცნობით, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ინალ არძინბას დაკავება სცადეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა „მინისტრ“ ინალ არძინბას უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე აკავებდნენ სტამბოლის აეროპორტში. ამის შესახებ Ekho Kavkaza ტელეგრამ არხ „Легитимный“ -ზე დაყრდნობით წერს. თუმცა Абхазия Центр-ი აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია საეჭვოა და სავარაუდოდ, თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა MIT-მა აეროპორტში არძინბა გარკვეული დროით შეაყოვნა, შემდეგ კი, გადაადგილების ნებართვა მისცა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა 22 ივნისს თურქეთში ჩავიდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, რუსი კოლეგების ჩართულობით „აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების მნიშვნელობას“. სტამბოლში ინალ არძინბა პრო-რუსული და ანტი-ამერიკული პოზიციის მქონე პარტია „სამშობლოს“ ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა. პერინჩეკმა მხარი დაუჭირა თურქეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო სუვერენიტეტის აღიარებას. მან დაარწმუნა არძინბა, რომ ამ მიზანს უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევენ და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კვიპროსთან დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას. ამასთან, პერინჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“. თავის მხრივ, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (ასე უწოდებს რუსეთი მის მიერ უკრაინში წარმოებულ ომს) უკრაინაში არის „ნაბიჯი ახალი და უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ“. 27 ივნისს არძინბა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს ალექსეი იერხოვს შეხვდა. არძინბა უკრაინის მიერ ძებნილთა სიაშია. ვრცლად ამავე თემაზე გაეცაენით: ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი თურქეთში იმყოფება  

საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურის მშენებლობისთვის წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება

საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურის მშენებლობისთვის წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს. მისი მიხედვით, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ განიხილება, წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება. „თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც შეასრულებს მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, თბოსადგურის შემდგომში ოპერირებით. ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს. თბოსადგური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან წარმოდგენილი და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. პროექტის განხორციელების (მ.შ - მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება) ვადად კი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 4 წელი განისაზღვრება. მოგეხსენებათ, ინვესტორის შესარჩევად წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევის გამოცხადება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მიმდინარე წლის 29 მაისს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაევალა. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, ახალი თბოელექტროსადგურის უწყვეტი და საიმედო მუშაობისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი პირობები: გაზის ტურბინის მწარმოებელი ფირმა იყოს General Electrics, Siemens ან Ansaldo Energia, კრიტიკული აღჭურვილობის ჭარბი რაოდენობა (redundancy); წმინდა ეფექტურობის (net efficiency) მინიმალური მაჩვენებელი - არანაკლებ 56%; სადგურის თითოეული შემადგენელი ნაწილი და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი; ოპერირება, ექსპლუატაციის პერიოდის მანძილზე, უნდა განხორციელდეს გამოცდილი კომპანიის ან/და პროფესიონალი თანამშრომლების მიერ და ა.შ. უკვე განსაზღვრულია კრიტერიუმებიც, რომლითაც შემოსული წინადადებები შეფასდება: კომისიის მიერ, პირველ რიგში, 1 მგვტ-ის მშენებლობაზე უმცირესი ფასის მქონე შემოთავაზება გამოვლინდება, ხოლო შემდეგ უკვე მისი შესაბამისობა თუ შეუსაბამობა წინადადებებზე მოწვევის დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისია გამარჯვებულს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლენს, თუ შემოთავაზება ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმცირესი ფასის მქონე მომდევნო წინადადება განიხილება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს მთავრობისგან უნდა მოიპოვოს შესაბამისი უფლება რის შემდეგაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება. ელექტრონული აუქციონი ღიად ჩატარდება და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდებზე განთავსდება. რაც შეეხება ვადებს, პროცედურის პერიოდი ორი თვით განისაზღვრება (2023 წლის 30 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე), ხოლო წინადადებები 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება. მონაწილეებს მხოლოდ ერთი წინადადების წარმოდგენის უფლება აქვთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ტოივო კლაარმა მოსკოვში, თბილისსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეხვედრები გამართა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი გაეროს და ეუთოს კოლეგებთან ერთად, მოსკოვში, თბილისში, ოკუოირებულ ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრების გამართვის შესახებ იტყობინება. ტოივო კლაარი Twitter-ზე წერს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდისთვის მომზადება იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

პრიგოჟინის „ტროლების ქარხნის“ გაუქმების შესახებ იუწყებიან

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილმა Wagner PMC-ის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააუქმა მედია ჰოლდინგი Patriot, ე.წ ტროლების ქარხანა, რომელშიც შედიოდნენ RIA FAN, Narodnye Novosti და სხვები. წერს Ekho Kavkaza სხვადასხვა წყაროზე (Ротонда; Mash) დაყრდნობით. Patriot-ის შემადგენლობაში შემავალი გამოცემა „Невские новости-ს“ რედაქტორებმა საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და მკითხველს დაემშვიდობნენ. თავის მხრივ, გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ პრიგოჟინთან დაკავშირებული მედია Roskomnadzor-მა დაბლოკა. მიზეზები არ სახელდება. ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული „ტროლების ქარხნის“ შექმნის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა.  

კიშინიოვის აეროპორტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ პარასკევს მოლდოვის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. წერს Reuters-ი. პოლიციამ კაცი კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავა. „ამ დროისთვის საფრთხე აღმოფხვრილია. თავდამსხმელი დაჭრილია და მკურნალობას გადის", - აცხადებენ პოლიციაში. პოლიციის წყაროს თქმით, მგზავრი თურქეთიდან ჩამოფრინდა და მესაზღვრეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოლდოვაში, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ქვეყანა რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს.  

ღარიბაშვილმა რუსეთში „ამბოხის“ საკითხზე პარლამენტში ისაუბრა

„რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში. ღარიბაშვილის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე. „რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება. ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ. გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არის ეს რისკები - არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები, არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა. კობახიძემ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ მოთხოვნას, „სისულელე“ უწოდა

რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ პრემიერის საპასუხო გამოსვლებში

„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, პოლარიზაცია გააღრმაოს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  „ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ. თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ - ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა - უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი - ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე პრემიერს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. „მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა. რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდად მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „საკითხებს სჭირდება დარეგულირება. „თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ“, - ამავე სხდომაზე მიმართა პრემიერს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. „ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის”. ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს.  „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. „თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე განახევრდა - აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული - აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტში დასრულებულია.  

ზელენსკი: როდესაც F-16-ებს მივიღებთ, რუსებს ჩვენს ცაზე შანსები აღარ ექნებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ პილოტებს, ავიაციაში რუსების ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, აქვთ უპირატესობა მორალითა და ოსტატობით და F-16 მებრძოლებით, ისინი მტერს არცერთ შანსს არ დაუტოვებენ უკრაინის ცაზე. „როდესაც უკრაინელი მფრინავები F-16-ებით იფრენენ, თავისუფლება გახდება უძლეველი და ტერორისტულ სახელმწიფოს არ ექნება შანსი ჩვენს ცაზე“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე.  

მედიის ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

ესპანური „ელპაისის“ ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, სამი კვირის წინ კატარში ერთმანეთს შეხვდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი. მედიის თანახმად, კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად მოლაპარაკებები მედიატორებისა და მესამე მხარის გარეშე ჩატარდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებასა და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე. კარაკასი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის, ალექს სააბის გათავისუფლებას ითხოვს. მას აშშ-ში ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ, ვენესუელის მთავრობა კი, სააბის დიპლომატად მიიჩნევს. კარაკასმა ბაიდენი საზღვარგარეთ გაყინული ვენესუელის თანხების ბლოკირებაშიც დადანაშაულა. გარდა ამისა, იმ ფონზე, რომ მადურო სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს, ვაშინგტონმა ნავთობკომპანია „შევრონს“ ვენესუელაში ოპერირების ლიცენზია მიანიჭა.