ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის $15 მილიარდის მოცულობის თავდაცვის სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობას. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, პოლონეთი საკუთარი უსაფრთხოებისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა. ევროპის ქვეყნების მხრიდან აშშ-ის შეიარაღების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში საბრძოლო მასალების, ანტისაჰაერო სისტემების, კავშირის საშუალებების, დრონების და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, „ჯაველინების“ მიმართ მოთხოვნის ზრდის გამო გაიზარდა. პაკეტი სულ მოიცავს Patriot-ის ტიპის 48 გამშვებ სადგურს, ასევე შესაბამისი ტიპის 644 გადამტან რაკეტას და სხვა ელემენტებს. პენტაგონის სააგენტომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 28 ივნისს აცნობა კონგრესს პოლონეთისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შესახებ. დაკვეთის მთავარი მიმღებნი არიან კომპანიები Raytheon Corp-ი და Lockheed Martin-ი.
TI: 2022 წელს, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს პარლამენტის საქმიანობის განმავლობაში გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან. რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; „გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო; გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 174-ჯერ გაგრძელდა. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი; პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა; მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა)“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს“ ანგარიშში. ორგანიზაციის რეკომენდაციით, რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ ცალკეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება. მისივე თანახმად, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს; „მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა; საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები; ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს; ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება“, - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში. განახლება: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ორგანიზაციას აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება. „შესაბამისად ამას არგებენ ყველა თავის ანგარიშს, რომ აჩვენონ, რამდენად შესაცვლელია ხელისუფლება. ყველა ასეთი ანგარიში არათუ მიკერძოებულია, არამედ მანიპულაციური და დეზინფორმაციულია“. პაპუაშვილის თქმით, “ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ რამენაირად დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ“.
ჩეხეთმა ადგილობრივ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყველა რუს სპორტსმენს აუკრძალა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩეხეთმა რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს ადგილობრივ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა. ამასთან, ჩეხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები და გუნდები არ ჩაერთვებიან შეჯიბრებში, რომლებიც რუსეთში გაიმართება. აკრძალული „რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ინდივიდუალური ათლეტების და გუნდების მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებსა და თამაშებში, რომლებიც ორგანიზებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში“.
პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს, უსმენდნენ, როდესაც პერფორმანსის მონაწილეები საპროტესტო შინაარსის წარწერიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. პროტესტის მონაწილეებს მაისურებზე ეწერათ: "ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია", "არა ცენზურას", "კულტურა გადავარჩინოთ", "დამოუკიდებლობა კულტურას", "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "თავისუფლება მუზეუმს", "ქართული კინო საფრთხეშია". ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და შესვენება გამოაცხადა. „საკმარისია, ახლა შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით. სხდომა განახლდება, როცა კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. რეჟისორი პაატა ციკოლია მედიასთან აცხადებს, რომ მათი მიზანი პარლამენტის წევრებისთვის თავიანთი სათქმელის მიწვდენა იყო. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები გააუქმა, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული კომენტარები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლის თანახმად, კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, "პოსტივის" წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.
საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს
ძალადობის ფაქტები, რომლებიც დროში ერთმანეთს ემთხვევა და რაღაცნაირად ერთ ხელწერას ჰგავს, აჩენს იმის განცდას, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს ცალკეული შემთხვევები და ამას უფრო ორგანიზებული სახე ჰქონდეს, - განაცხადა საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თანახმად, აუცილებელია, რომ მსგავსი ძალადობის შემთხვევები გამოძიებული იყოს. „ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლინდეს, ხომ არ აქვს ამას ორგანიზებული სახე და არის თუ არა ეს რაღაც ეპიზოდებად დაყოფილი. ასევე, მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ამ ქმედებებს გარკვეულწილად, შეიძლება, ახალისებდეს კიდეც, აუცილებლად უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ქურდოვანიძემ. მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს „პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მოვუწოდებთ NGO-ებს და მოვუწოდებთ ბუნებრივია, მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა, ნუ დაარქმევენ ვერბალურ, თუ ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე და ხედავთ, რომ ძალადობის კონკრეტული ფაქტები იყო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ნუ წაახალისებენ ნურც ფიზიკურ და ნურც ვერბალურ ძალადობას“, - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას 28 ივნისს. ის გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც „აუცილებელი მოგერიების პირობებში“ „ხელებს დაალეწვაზე“ საუბრობდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისიდან პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე მოსალოდნელია სეტყვა. 30 ივნისს და პირველ ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია მოსალოდნელი. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელების, მათ შორის ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მებრძოლი 160 მოხალისის წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. წერს რუსულ მედიაზე დაყრდნობით The Guardian-ი. „რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩვენს მიერ შეგროვებულია მტკიცებულებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან დაქირავებული სამხედროების მონაწილეობის შესახებ. ამჟამად საუბარია 160 დაქირავებულ სამხედროზე მსოფლიოს 33 ქვეყნიდან“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა. უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების დაწყების შემდეგ იბრძვის „ქართული ლეგიონი“. ის დღეს დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ. მათ შორის საქმე აღძრულია ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. 2023 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ 4 ქართველ მებრძოლს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეების სხვა ჯგუფებიც.
ევროკავშირმა მოლდოვისთვის მხარდამჭერი პაკეტი მოამზადა
ევროკომისიამ მოლდოვის მხარდამჭერის პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგების დაძლევაა. პაკეტი მოიცავს ეკონომიკური განვითარებისა და კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას DCFTA-ისა და EIP-ის პროგრამების ფარგლებში. პროგრამები ფოკუსირრებული იქნება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე, ვაჭრობის გაძლიერებაზე, ენერგოეფექტურობაზე და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე. დახმარების პაკეტშია მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერა, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით, საკონსტიტუციო მომსახურების გაუმჯობესებით, სპეციალური ტრენინგების პროგრამებით და ასევე, ევროკავშირის პროგრამებში მოლდოვის მონაწილეობის გაზრდით. მოლდოვის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ელექტროენერგიის შიდა წარმოების გაზრდით, ევროკავშირის საერთო გაზის შესყიდვის მექანიზმში მონაწილეობით, განახლებადი ენერგიის გაძლიერებითა და ენერგოეფექტურობაზე ფოკუსირებით. მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერება მიზანმიმართული ქმედებებით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უმაღლესი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგით; თანამშრომლობის გაფართოება მოლდოვაში ახლად დაწყებული ევროკავშირის საპარტნიორო მისიით; მოლდოვის თავდაცვის სექტორის გაძლიერება; ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით. უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და საგარეო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება, მოლდოვის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაჩენა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დეზინფორმაციას და აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის ბენეფიტების შესახებ. ევროკომისია წერს, რომ ხსენებულ ხუთ პრიორიტეტში მხარდაჭერა მოლდოვას დაეხმარება, მკვეთრად შეამციროს რუსეთის ომის გავლენა მასზე და უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.
„პრიგოჟინის ამბოხების“ შემდეგ, პუტინი პირველი ვიზიტით დაღესტანში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს დაღესტნის ქალაქ დერბენტს ეწვია. უცნობია, ეს ვიზიტი „აჯანყებამდე“ იგეგმებოდა თუ არა. ოფიციალურად, ქალაქში ჩასვლის მიზეზად ტურიზმის განვითარება დასახელდა. ხსენებული თემისადმი მიძღვნილი შეხვედრის დასასრულს, პუტინი რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფს მიუახლოვდა, ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს. მათგან ზოგიერთს ხელი ჩამოართვა. ოფიციალურად გავრცელებული მასალის თანახმად, პუტინი მხოლოდ ერთხელ შეეხო აჯანყების თემას და განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა დაღესტნის ხალხის მხარდაჭერაში, თუმცა რაში გამოიხატა ეს მხარდაჭერა, მან არ დააკონკრეტა. მედია პუტინის მოგზარუობას უჩვეულოდ მიიჩნევს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც მრავალი ცნობის თანახმად, პუტინთან შეხვედრამდე ადამიანები ერთი-ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კარანტინში, ან მასთან ვიზიტით მყოფები დისტანციას იცავდნენ. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოლუმბია რუსეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა საპროტესტო ნოტას გაუგზავნის რუსეთს მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კოლუმბიის სამი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ Anadolu წერს. სერხიო ჯარამილო, რომელიც კოლუმბიის მთავრობის მთავარი სამშვიდობო მომლაპარაკებელი იყო, მწერალი, ჰექტორ აბად ფაციოლინსე და ჟურნალისტი, კატალინა გომეს ანგელი უკრაინაში წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრნენ და კრამატორსკის რესტორანში იმყოფებოდნენ, როდესაც შენობას რაკეტა მოხვდა. „რუსეთი თავს დაესხა სამ დაუცველ კოლუმბიელ სამოქალაქო პირს. ამით ის არღვევს ომის წესებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს პროტესტის დიპლომატიური ნოტა“, - ჩვენ ველოდებით სერხიოს, ჰექტორისა და კატალინას მშვიდობიან დაბრუნებას“, - წერს პეტრო Twitter-ზე. დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.
ISW განმარტავს, რაზე მიუთითებს სუროვიკინის „დაკავება“
რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის „დაკავება“, შესაძლოა, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს განზრახული აქვს, თავდაცვის სამინისტრო გაწმინდოს არალოიალური ფიგურებისაგან, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 29 ივნისს. ISW-ის თანახმად, თუ რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა სუროვიკინი, მაშინ კრემლი, სავარაუდოდ, გამოიყენებს სუროვიკინს, როგორც განტევების ვაცს, რათა საჯაროდ ახსნას, თუ რატომ იყო რუსეთის სამხედრო და რუსეთის შიდა უსაფრთხოების აპარატების პასუხი ასეთი სუსტი აჯანყებაზე. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, დაასუსტოს ისინი, ვინც შესაძლოა, თანაუგრძნობდა აჯანყებას. 28 ივნისს, ღამით, გამოცემა The Moscow Times-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებულია პრიგოჟინის მხარდაჭერის გამო. შეკითხვას, სად იმყოფება გენერალი, ერთ-ერთმა წყარომ უპასუხა, რომ „ამ ინფორმაციაზე კომენტარი შიდა არხებითაც კი არ კეთდება". ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი, „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული, ალექსეი ვენედიქტოვი ამბობს, რომ გენერალ სუროვიკინს სამი დღეა, ოჯახთან კავშირი არ ჰქონია და კონტაქტზე არც მისი დაცვის თანამშრომლები არიან.
პრემიერ-მინისტრი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს კის სვენდსენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და APM Terminals-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. „საუბარი შეეხო საქართველოში სანავსადგურო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც APM Terminals-ის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრას APM Terminals Poti-ის მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ“, - წერია ინფორმაციაში. დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა
პაპუაშვილი: არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება
„არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავირებით, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. პაპუაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ საკითხთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არის კონსპირაცია და ტყუილი. „არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია, როგორი კონსპირაციაც და ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაციაც და ტყუილი იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაცია ესეც. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
პაპუაშვილი თავდასხმის ფაქტებზე: ვერბალური ძალადობით იწყება, აგრესია გროვდება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში
ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძის, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ძალადობის წახალისება და კულტივირება ფიზიკურ ძალადობაში გადადის. მისი შფეასებით, ვერბალური ძალადობით ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში. „დიდი ხანია, ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ძალადობის კულტივირება და მისი წაქეზება მიმდინარეობს. მათ შორის, გვახსოვს, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ამ პარლამენტის გარშემო ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციას და ცოცხლად წვავდა. დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ამით, რა თქმა უნდა, ძალადობას ახალისებენ. ყოველგვარი ძალადობა, მისი წახალისება, კულტივირება, საუბარი, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ასე შემდეგ, ამით იწყება და ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის. დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს ძალადობის წახალისება დასრულდეს. არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. ჩვენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე როგორ არის საუბარი ძალადობრივ რევოლუციაზე, საუბარია, თუ როგორ ხდება იარაღის აწყობა და დაშლა, ეს ფინანსდება, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ. შეგახსენებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, პარლამენტი დღემდე აწარმოებს მონიტორინგს სიძულვილის ენის გამოყენებაზე პოლიტიკოსების მხრიდან, ზოგადად მედიაში. რამდენჯერმე მოვუწოდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსაც, რომ ჩაერთონ ჯგუფში იმისთვის, რომ შევაფასოთ, თვითრეფლექსია მოვახდინოთ. ძალადობის მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ის, რომ ძალადობის კულტივირება ხდება, მათ შორის ძალადობრივი და აგრესიული რიტორიკით”, - აღნიშნა პაპუაშვილმა. საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.
შსს აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის, 37 ნარკორეალიზატორია
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია“, - ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: თურქეთის, ასევე, საქართველოს მოქალაქეები. ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“,, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება. ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა დაუშვებლად ცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას. დღეს, 29 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამოწურული არ იყო. უკრაინის მოქალაქე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ დარღვეულად მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს. მათ შორის, მუხლებს, რომელთა თანახმად, გარანტირებულია თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობა და აკრძალულია წამება და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლა ქვეყანა 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დატოვა. 2015 წელს, მას უკრაინის მოქალაქეობა მისცა მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. სააკაშვილმა გუბერნატორის თანამდებობა 2016 წლის ნოემბერში დატოვა. 2017 წლის ივლისში, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევეს. 2019 წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა და ის დაბრუნდა უკრაინაში, სადაც რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვულ წყალქვეშა ნავს გაგზავნის - მედია
აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვულ წყალქვეშა ნავს გაგზავნის „უახლოეს მომავალში" გაგზავნის, რაც ათწლეულების განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ პლეუსმა, რომელიც აშშ-ის მეშვიდე საჰაერო ძალებს მეთაურობს, ეს განცხადება გააკეთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელსაც სეული მასპინძლობს. შეკრებილები ჩრდილოეთ შეკავების მიზნით ძალისხმევის გაძლიერებას განიხილავენ. მოკავშირეები აძლიერებენ უსაფრთხოების კოორდინაციას, რადგან ვაშინგტონი ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ შენარჩუნებას ცდილობს.
მიშელი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. მიშელი ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე. სამიტს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ესწრება. ევროკავშირი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.
უკრაინამ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო, ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო
ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის პოტენციური თავდასხმისთვის მოსამზადებლად, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სპეციალური წვრთნები დაიწყო. იტყობინება სახელმწიფო ბირთვული ენერგიის სააგენტო Energoatom-ი. „ენერგოტომმა“ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უფრო ადრე, ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ქარხნის მიმდებარე ოლქებში, ენერგოდარში ევაკუაციის შტაბი შეიქმნა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა 20 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმისთვის მზადება დაასრულა.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, „ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს. ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ყველაზე ქმედითუნარიანი ჯგუფი იყო რუსეთის ჯარებში. „კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტიანი ჯგუფი, რომელმაც იცოდა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად", - განაცხადა ბუდანოვმა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.