ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. Reuters-ის თანახმად, ბაიდენი ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ფინეთში შეხვედრებს გამართავს. ბაიდენის მოგზაურობა, რომელიც დაგეგმილია 9-13 ივლისს, ლონდონში მეფე ჩარლზთან და პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან შეხვედრებით დაიწყება: „ჩვენს ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამის შემდეგ აშშ-ის ლიდერი ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრება. ბაიდენი ჰელსინკში 13 ივლისს სკანდინავიის ლიდერებთან შეხვედრისთვის გაემგზავრება.
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაიღუპა
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეჭირა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - კლინიკაში. მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მაშველებმა მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. 72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა, ეძებდნენ. ის მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოძრაობა შეფერხებულია.
საქართველოს რკინიგზა: სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სადგურ მარელისთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი, რედ.) ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება რეისები. მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25 #874 თბილისი-ფოთი 17:30
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში. „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული! კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. წელს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული. 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერსა და მთავრობის წევრებს - დუნია მიატოვიჩი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი პოლიტიკოსებსა და გავლენის მქონე სხვადასხვა პირს მიმართავს, რომ თავი შეიკაონ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, ასევე, „ორჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე დაიწყებენ ქვიარ თემის მიმართ თავდასხმას. დუნია მიატოვიჩის თქმით, ძალადობა სრულიად მიუღებელია და სწორედ ეს იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრისას. მიატოვიჩი „თბილისი პრაიდის“ კვირეულ გახსნაზე, 2 ივლისს გამოვიდა სიტყვით. ის აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს წევრ ქვეყანათა ნაწილიც გამოირჩევა ძალადობით ქვიარ თემის მიმართ, რაც ასევე დასაგმობია. „დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ვიზეიმოთ თავისუფლება, აღვნიშნოთ სიყვარული, თანასწორობა და მრავალფეროვნება ყველა ადამიანისა. ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ თბილისში სასტიკი ძალადობა მოხდა „ღირსების მარშის“ დროს – იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. ჟურნალისტები და უფლებადამცველები, ვინც მონაწილეობდა და აშუქებდა ამ ღონისძიებას – მათ თავს დაესხნენ. ბევრი დაშავდა და ღონისძიება კი გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და გამოხატო ეს, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. და ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობას გუშინ“. „როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფის უფლებები ილახება, ყველა სხვა ჯგუფის უფლებებიც ავტომატურად ილახება, საზოგადოება მთლიანად ხდება ძალადობის სამიზნე. ჩემი გამოცდილებით, თუ ლგბტქი+ თემის წევრებს ესხმიან თავს, (იმავე საზოგადოებაში) თავს ესხმიან ქალებს, ემიგრანტებსა და ყველა სხვა მოწყვლად ჯგუფს. ეს ის არიც, რაც მიუღებელია და რაც არ უნდა ხდებოდეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპაში“. მიატოვიჩის თქმით, კანონები, რომლბესაც აქ და სხვაგან წარადგენენ პოლიტიკოსები, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ ვალდებულებებთან, რომლებიც სახელმწიფომ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას. ამ შემთხვევაში კი, ის საუბრობს ევროპულ საბჭოზე. მიატოვიჩი აცხადებს, რომ გუნდთან ერთად გააგრძელებს თანასწორუფლებიანობაზე მუშაობას: „ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს, შეგვეძლება, თბილისის ქუჩებშიც თავისუფლად სიარული – ისევე, როგორც დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქალაქში“. „მეამაყებით და მეამაყება საქართველო, რომ მას ასეთი ძლიერი თემი ჰყავს და მე მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ თანასწორობისა და ღირსებისთვის ბრძოლა. და მოხდეს ისე, რომ გაიმარჯვოს სიყვარულმა და არა სიძულვილმა“.
ისრაელი F-35 ტიპის 25 თვითმფრინავს 3 მილიარდ დოლარად შეიძენს
ისრაელმა F-35-ის მესამე ესკადრილიის შეძენა დაამტკიცა. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 2 ივლისს განაცხადა. იტყობინება Bloomberg-ი. Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული დამატებითი 25 თვითმფრინავი, ისრაელის საჰაერო ძალებში F-35-ების რაოდენობას 75-მდე გაზრდის. შეთანხმება დაფინანსდება თავდაცვის დახმარების პაკეტით, რომელსაც ისრაელი შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა შეერთებულ შტატებს მიღმა, რომელმაც F-35 შეიძინა. 2018 წლის მაისში მისმა საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ისრაელი იყო პირველი, ვინც თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა.
მედია: ირანს ერაყის საზღვარზე ბალისტიკური რაკეტები აქვს განთავსებული
The Jerusalem Post-ს თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთ ირანში, ქერმანშაჰის პროვინციას, Qiam--1-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების არსენალის განთავსების მიზნით, დასაყრდენად იყენებს. ამის შესახებ მედია ერთ-ერთ კვლევით ცენტრზე დაყრდნობით წერს. მოხსენებაში ნაჩვენებია Qiam-1-ის ბალისტიკური რაკეტები ერაყის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია განთავსებული. რაკეტები, სავარაუდოდ, სამ მიწისქვეშეთში ათეულობით ბუნკერში ინახება.
უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში, 37 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლა - თავდაცვის სამინისტრო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელებმა, ერთ კვირაში, ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით 37 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორია 9 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. „აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსეულ პასუხს იღებს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, - წერს მალიარი. მისივე თანახმად, აღმოსავლეთით, რუსულმა ძალებმა დაბომბვის ინტენსივობა გააორმაგა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ტერიტორია, ამ მიმართულებით, 11 753-ჯერ დაბომბეს. „სამხრეთით თავდაცვის ძალები უტევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, ნოვოდაროვკას, პრიუტნოეს, ნოვოდანილოვკას, რობოტინოს, ნოვოსელკას, სტარომაიორსკის მიმართულებებით“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მალიარის თქმით, უკრაინის დამცველებმა ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და გასული კვირის განმავლობაში 28.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. სამხრეთით, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 158.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
რომის პაპის წარმომადგენელი საუბრობს, რა მიზნით იმყოფებოდა მოსკოვში
რომის პაპის წარმომადგენლის, კარდინალ მატეო ზუპის მისია მოსკოვში ორიენტირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე და არ მოიცავდა სამშვიდობო გეგმის განხილვას. ამის შესახებ Reuters-ი მატეო ზუპის კომენტარზე დაყრდნობით წერს. ზუპი ამ კვირაში მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მრჩეველს, იური უშაკოვს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს. ივნისის დასაწყისში ის ასევე ეწვია კიევს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. „ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჰუმანიტარული ასპექტების თვალსაზრისით, რაზეც ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ. არ არსებობს სამშვიდობო გეგმა და შუამავლობა“, – განაცხადა მატეო ზუპიმ სახელმწიფო მაუწყებელ RAI-სთან. ვატიკანის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვიზიტი „მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ინიციატივების იდენტიფიცირებას, რამაც შეიძლება გახსნას გზა მშვიდობისკენ“. Reuters-ის თანახმად, რომის პაპმა ფრანცისკემ მაისში სთხოვა მატეო ზუპის, იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, შეესრულებინა სამშვიდობო მისია, რათა დახმარებოდა უკრაინაში ომის დასრულებაში.
მედია: დიდი ბრიტანეთი ისრაელის მიერ წარმოებული Rampage-ის ტიპის რაკეტების შეძენას განიხილავს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მომავალი საკრუიზო/გემსაწინააღმდეგო იარაღის (FC/ASW) პროგრამა, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის ამოქმედდება. იტყობინება UK Defense Journal-ი. მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გაგზავნილი Storm Shadow-ს ჩანაცვლებას ცდილობს. ამასთან, მედია წერს, რომ ბრიტანეთი ცდილობს, ისრაელის მიერ წარმოებული ზებგერითი რაკეტა Rampage შეიძინოს. Storm Shadow რაკეტა 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ Rampage-ის ზუსტი ღირებულება უცნობია, ისინიც ასობით ათას დოლარად ფასდება. „RAF-ის კონტინგენტი ცოტა ხნის წინ ეწვია ისრაელს Rampage-ის დასათვალიერებლად და ისინი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან", - განუცხადა თავის მხრივ, წყარომ The National-ს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს კარტლიჯმა განაცხადა, რომ მომავალი საკრუიზო/გემსაწინააღმდეგო იარაღი (FC/ASW) შეფასების ფაზის შუა ეტაპზეა.
იაპონია ორი მილიონი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს
იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება. იაპონური ტელეარხის NHK-ის თანახმად, იაპონიაში რამდენიმე პრეფექტურის ხელისუფლება ძლიერი წვიმის ფონზე მოსახლეობას წყალდიდობის, მეწყრისა და მდინარეების ადიდების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. იაპონიის დასავლეთით მდებარე იამაგუჩის პრეფექტურაში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, ქალაქ მაინში, მდინარე აკაგავაზე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. მეწყრის რისკი უკიდურესად მაღალია კუმამოტოს, ფუკუოკას, ოიტას, მიაზაკის, საგასა და იამაგუჩის პრეფექტურებში.
ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყეთ „ჯარის ბანაკის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებს
საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. პრემიერის თქმით, ეს პროექტი ხორციელდება თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჯარის ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა“. მოგეხსენებათ, დავიწყეთ „ჯარის ბანაკის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე. ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი. მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო. ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლებიდან, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში. გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე, გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არამხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 113-ე შეხვედრა იმართება. რადიო თავისუფლების ცნობით, შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაისმება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. ასევე განიხილება წინა შეხვედრიდან (27 აპრილი) დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი“, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების ჩათვლით, ასევე - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების გაუმჯობესების საკითხი. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში 27 აპრილიდან, ანუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ჩატარებული 112-ე შეხვედრის შემდეგ, ე.წ. ბორდერიზაციის 4 შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ირაკლი ანთაძე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ლევან პეტრიაშვილის დედას. პეტრიაშვილის სასამართლო ცხინვალში 27 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. დაკავებულის დედას, ალა დოიჯაშვილს, ირაკლი ანთაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას შეჰპირდა. ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 14 მაისს დააკავეს. რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, ირაკლი ანთაძე გამოეხმაურა ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას, ქართული დრონების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ნებართვაზე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ „ფაქტის სერიოზულად შეფასება არის შეუძლებელი“. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობამ“ „საზღვრის“ დაცვის მიზნით, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა „ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებაზე და ამგვარი ქმედებები ნაკლებად უწყობს ხელს სტაბილურობის შენარჩუნებას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
მეუფე საბა: სასულიერო პირებსაც გვეშლება, მუშტების ქნევა ქრისტიანობის დაცვა არ არის
„გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ ჰგონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! - პირობას ვდებ, არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი, რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს“, - აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი, რომელიც შესაბამის ტექსტს Facebook-ზე ავრცელებს. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი სოციალურ ქსელში სასულიერო პირების შეცდომაზეც მიუთიღებს. მეუფე საბაას თქმით, „ხანდახან ზედმეტებიც მოსდით“, მისივე თქმით, „ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს“. „მე ახლა ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც უნდა ვთქვა, მართალია პასუხი გაეცა ეპარქიის მხრიდან, მაგრამ მეც დავამატებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ერი და ხალხი. ყველა კულტურის და რელიგიის წარმომადგენელი და ჩვენ აქ გვიწევს ასეთ პირობებში ცხოვრება. ამავე დროს ჩვენ აქ გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ გონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით, საკუთარი მაგალითის მიცემით! რადგან ჩვენ ვართ ნათელი ამა სოფლისა! და ჩვენ მოვალე ვართ, მივცეთ მაგალითი სხვებს, ვუჩვენოთ სიყვარული სხვებს, ვუჩვენოთ საკუთარი სიწმინდით და ეკლესიის ტრადიციათა დაცვით საკუთარი სარწმუნოება, აი, სწორედ მაშინ ვიქნებით ნათელი ამა სოფლისა, რომელიც დიახ, სხვებს და ყველას გაუნათებს გზას! და არა ისე, როგორც მავანთ სწადიათ, რომ თითქოს მართლმადიდებლური სარწმუნოება შეიძლება, დაცული იყოს სიძულვილის ენით ან სხვათა შეურაცხყოფით, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ადამიანი! აი, ამას ვერ იტანენ ჩემგან, ეს არ მოსწონთ ჩემში და ყველა სხვაში, ვინც ამბობს: „შეიძულე ცოდვა და არა ადამიანი!” აი, მათ კი პირიქით, სძულთ ადამიანი და ადამიანები! აი, ჩვენ, კი არ გვძულს ცოდვილი ადამიანები, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სინანულისკენ! ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ყველას მოვუწოდებთ გულწრფელი სინანულისკენ, ყველასთვის ღიაა ეკლესიის კარი. ყველას ელოდება ღმერთი, ვინც გამოთქვამს სინანულს. მე პირობას ვდებ, მე არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი, რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს და ვისაც ასე უნდა, ამ ქვის სროლა, მაშინ მას მოუწევს არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ იესო ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა! ასე რომ მან ისროლოს ქვა ვინც უცოდველია! სამწუხაროდ, ასე იქცევა ზოგი ქრისტიანი და ჩვენ ვუსმენთ მათ, მათ სიძულვილის ენას და ეს სამწუხაროა! ჩვენც გვეშლება სასულიერო პირებს, ხანდახან სოციალურ ქსელში ზედმეტიც მოგვდის, ესეც ხდება, ჩვენც შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს! ჩვენც ადამიანები ვართ და ამისთვის შენდობას ვითხოვთ, მაგრამ მე არასდროს არ ვითხოვ შენდობას იმისთვის, რასაც მოძალადეებს ვეუბნები, რომ მათ არ აქვთ უფლება იძალადონ! მათ არ აქვთ უფლება, შეურაცხყონ თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ აქვთ უფლება, წინ აღუდგნენ ძალადობით რაიმე ცოდვას, არამედ ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენს ხელშია ერთადერთი იარაღი - საკუთარი ცხოვრება - სხვისთვის მაგალითის მიცემა საკუთარი ცხოვრებით! აი, ეს არის ქრისტიანობა! ქრისტემ ხომ მაგალითებით გვასწავლა… მან ხომ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხა?! მან ხომ მასზე მოწეულ ძალადობას ძალადობით არ უპასუხა?! არამედ, ჯვარს ეცვა და მსოფლიოში ყველაზე დიდი უსამართლობა მას ხვდა წილად! მოვა უფალი და განგვიკითხავს ჩვენ!” - წერს მეუფე საბა.
რა სახის პროდუქტებზე შემცირდა და გაიზარდა ფასები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა. „საქსტატის“ თანახმად, ფასები წინა თვესთან შედარებით, თევზზე და ასევე, სატრანსპორტო მომსახურებაზე, წყალზე, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი გაიზარდა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე. „სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (10.7 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (91.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პენცენტრი „პრორუსული ძალების ცილისმწამებლურ კამპანიას“ პასუხობს
საქართველოს პენცენტრი „პრორუსული ძალების და პრორუსული ტელევიზიების მიერ“ “სულაკაურის გამომცემლობის” მისამართით დაწყებული „ცილისმწამებლური კამპანიის გამო“, შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი მწერალი აწერს ხელს. პენცენტრი სამწუხაროს უწოდებს 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ შეფასებას. მან „გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია", - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში. „საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა “წითელქუდა”, “ჩექმებიანი კატა” თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი. სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პენცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია, შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ“, ასევე - „არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა“. ამასთან მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, „რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით“. „ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება“, - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში. "სულაკაურის გამომცემლობამ“ ფეისბუკის გვერდზე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა "უზარმაზარი მხარდაჭერისა და კეთილგანყობისთვის". "თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია", - ნათქვამია "სულაკაურის გამომცემლობის" განცხადებაში. მანამდე, 27 ივნისს, „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფისში ორი ადამიანი მივიდა შეურაცხმყოფელი პლაკატებით. ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს მათ მიერ გამოცემული ერთ-ერთი ცნობილი წიგნის - „ძილისპირული ამბები გოგონებისთვის“ - შინაარსის გამო. წიგნში, სხვა ამბებთან ერთად, ტრანსგენდერი გოგოს ამბავიცაა მოთხრობილი. „სულაკაურის გამომცემლობამ“ პოლიციას მიმართა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის განმარტებით, „შლოპანცი“ ბარბარიზმია და მისი ქართული შესატყვისი „შლაპუნაა“
ენათმეცნიერების ინსტიტუტი „შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნას“ გამოყენებას გვირჩევს. ინსტიტუტის განმარტებით, ეს სიტყვა ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული. „გავაცოცხლოთ ქართული სიტყვები! ღია ფეხსაცმლის ერთ-ერთ სახეობას ეძახიან „შლოპანცს“. ეს სიტყვა ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული და არცერთ ქართულ ლექსიკონში არ დასტურდება. ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა „შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნა“ შემოგვთავაზა. ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: „შლაპუნა (შლაპუნასი) - რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).“ სიტყვა „შლაპუნი“ კი ასე განიმარტება: „შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, _ თქვა ცეცომ..., _ მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა... ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.).“
დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ესაუბრა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს მირი რეგევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არსებული და ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიზნით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობა ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. მისივე თანახმად, მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ისრაელის საზღვაო სასწავლებლებს შორის. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი - პრემიერი შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წელსაა დაგეგმილი. შეხვედრის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა
მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა. დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს. მთავრობის შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს. „განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი. აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები. სხდომაზე საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რასაც აუქციონის შედეგები ადასტურებს და რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის,“ - ნათვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.