ძებნის რეზულტატი:
შოიგუმ „ვაგნერის აჯანყებაზე“ დუმილი დაარღვია
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვაგნერის ჯგუფის ამბოხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 3 ივლისს. "პროვოკაციას არ მოუხდენია გავლენა სამხედრო ნაწილების საქმიანობაზე,“ - ციტირებს რია ნოვოსტი შოიგუს. მისივე თქმით, ჯარისკაცები გაბედულად და თავდაუზოგავად განაგრძობდნენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ეს არის შოიგუს პირველი საჯარო კომენტარი ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე შეიარაღებულ აჯანყებაზე“, რომელიც 23-24 ივნისს განვითარდა. „პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ბელორუსში ყოფნის გამო, NATO-ს წევრი რიგი ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვენ.
დავითაშვილი: კონკურსი გამოვაცხადეთ 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე
საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით, 2 მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში. ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.
დავითაშვილი უკრაინის მიერ „აირზენას“ დასანქცირებას, პოლიტიკურად განპირობებულ არამეგობრულ გადაწყვეტილებას უწოდებს
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკურად განპირობებული არამეგობრული გადაწყვეტილება. მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი არამეგობრული ნაბიჯი იყო. „ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ. ამაში, ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და, შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს
ვიდრე ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ეს ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა. „ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. და ვიდრე ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში. კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, მშვიდობა დამყარდეს ყირიმის გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: „მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება“. ზელენსკის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი. მისი თქმით, პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი უბრალოდ იშლება. „ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას, ის სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ ღრმად შესვლა რუსეთში და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სააკაშვილი პაპუაშვილს: თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. ის პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს გამოეხმაურა, რომ „ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც სააკაშვილის საქმეზე „დეზინფორმაციულ კამპანიაში" იყო ჩართული. „თურმე, ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში. პაპუაშვილო, შემომხედე კარგად. მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ივლისის სხდომაზე. მისი თქმით, „ყველა ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით“. „მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გვართმევენ მომავალს, ჩვენს შვილებს უბიძგებენ, რომ არ იცხოვრონ საქართველოში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ საქართველოში, მე ვიცი, როგორ გავაკეთო. თურმე, ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას და მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ. პაპიაშვილო, შემომხედე კარგად! მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ,“ - აღნიშნა სააკაშვილმა ამავე ჩართვაში. კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად მონაწილეობს. იგი პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესზე. დღეს, 3 ივლისს, "7 ნოემბრის საქმე" განიხილება. ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა. „7 ნოემბრის საქმეზე“ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ოლექსანდრ შულგასთან. დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უკრაინული მხარის მიერ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებას უკავშირდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.
ალექსანდრ შალენბერგი: ავსტრია არ აფერხებს სამხედრო ტექნიკის ტრანზიტს უკრაინაში
ავსტრია უფლებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს, თავისი ქვეყნის გავლით უკრაინაში გადაიტანონ სამხედრო ტექნიკა და ეს არ არის მისი ნეიტრალიტეტის დარღვევა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მასალების ტრანზიტი გათვალისწინებულია ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით და ავსტრია ვალდებულია, ეს შეასრულოს. „არსებობს ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილება, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში აღნიშნული ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება. ამსტერდამის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და თითქმის 20 წლის წინ ფედერალური კონსტიტუციის რეფორმის შემდეგ, ევროკავშირის ფარგლებში ეს ზომები ექვემდებარება ნეიტრალიტეტს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ არის“, - განაცხადა შალენბერგმა. მინისტრმა განმარტა, რომ პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ამ ტრანზიტს, ვალდებულნი არიან, გადაზიდული ტვირთის სახეობის შესახებ ავსტრიულ მხარეს აცნობონ.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პრეზიდენტის ნაცვლად. პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალ 2.6092 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 4 ივლისს შევა.
უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბრიტანული კომპანია Unilever-ი ომის დამფინანსებელთა სიაში შეიყვანა
უკრაინის კორუფციის აღკვეთის სახელმწიფო სააგენტომ (NAZK) სამომხმარებლო საქონლის ბრიტანული კომპანია, Unilever-ი ომის დამფინანსებელთა სიაში შეიყვანა. უწყებამ განაცხადა, რომ ასობით საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდი, მათ შორის Dove, Rexona, Lipton-ი, და Domestos-ი, რუსული ბაზრის დატოვების შესახებ დანაპირებს არ ასრულებს. NAZK-ის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ნოვიკოვმა 3 ივლისს განაცხადა, რომ "Unilever-ი ვერ იტყვის, რომ ამ ომის წინააღმდეგია, ვიდრე პუტინის სამხედრო მანქანას უჭერს მხარს".
პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახად, მირი რეგევმა, რომელიც საქართველოს, პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა. „საუბარი შეეხო როგორც ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე, ისრაელის საზღვაო პორტებს და საზღვაო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, ხაზი გაესვა პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას. ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს, წლის ბოლოს ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტის მიწვევა გადასცა“, - წერია ინფორმაციაში. დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ესაუბრა
შვეიცარიამ სკოლების აღდგენისთვის უკრაინას $6 მილიონზე მეტი გამოუყო
შვეიცარია უკრაინას სკოლების აღდგენაში ეხმარება. ქვეყანამ 30-მდე სკოლის გარემონტებისა და აღდგენისთვის 6 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. მედიის ცნობით, ეს საშუალებას მისცემს 15 000 სკოლის მოსწავლეს, რომ სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყოს.
უკრაინაში Leopard-ის ტიპის ათობით ტანკი უახლოეს კვირებში გაიგზავნება
გერმანიიდან და დანიიდან Leopard-ის ტიპის ათობით ტანკს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. საუბარია ადრეული მოდიფიკაციის Leopard-ებზე - 1A5-ზე. თებერვალში ბერლინმა იევისთვის 180-მდე ასეთი ტანკის მიწოდების შესახებ გამოაცხადა.
საქართველოს მიერ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადების გამო, ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედგაცრუებას გამოხატავს
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს თანახმად, საქართველომ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადების შესახებ განაცხადა, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს. განცხადების თანახმად, ბაზრის გახსნა რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა. „სამდივნო და საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში საქართველოს ეხმარებოდნენ. თუმცა, „ეს უკანასკნელი გადადება, რომელიც ბოლოა წინა გადადებების სერიაში, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე“, – განაცხადა სამდივნომ. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და იმედგაცრუება გამოხატა. წარმომადგენლობა იზიარებს ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს განცხადებას, რომ ორგანიზებული ბაზრის გახსნა მიზნად ისახავდა კონკურენციის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების სტიმულირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაცემის შესაძლებლობების გაძლიერებას. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 29 ივნისს მიიღო, რომლის თანახმად, 2023 წლის პირველ ივლისს დაგეგმილი გახსნა 2024 წლის ანალოგიური პერიოდისთვის გადადო. „ეს სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ იმ ვითარებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ, რეგიონშია შექმნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ. გვექნება ამაზე კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ერთი მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მეორე მხრივ კი, არ გვინდა, გარკვეული რისკები გავზარდოთ ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემშლელი იქნება, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისეთ დარგებს უკავშირდება, როგორებიცაა, მეტალურგიას, ფეროშენადნობები და ა.შ.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 29 ივნისს. ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირს და მის მეზობლებს აერთიანებს, რათა შექმნან ინტეგრირებული პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზარი. ორგანიზაცია 2005 წლის ოქტომბერში, ათენში დაარსდა.
ერმაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. „მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, - წერს ანდრი ერმაკი Twitter-ზე. კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩაერთო. ის პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესზე. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
საგარეო უწყების შეფასებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საფუძველს მოკლებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე განმარტებები ეთხოვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში ამავე თემაზე: უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს
რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი მდინარე მტკვარში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 23 კილომეტრში ნახეს. 14 წლის მოზარდს რუსთავში ექვსი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი დაიბაროს, მას მკაცრი პროტესტი გამოუცხადონ და შესთავაზონ 48 საათში ქვეყნის დატოვება. ამის შესახებ ზელენსკის Twitter-ზე წერს. „სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს სამაშველო ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ მოახდინონ ამ საკითხის იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება," - წერს უკრაინის პრეზიდენტი. მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე განმარტებები ეთხოვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში ამავე თემაზე: უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს
მედია: ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა
ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა. ამის შესახებ haqqin.az-ი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის მქონე პირი სომხეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ბრალდებული და ძებნილი. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ვ.ა.-მ 2016 წლის მარტში სომხეთში ყოფნისას, ერევნის ერთ-ერთ რესტორანში, კომიტასის გამზირზე, ადამიანთა ჯგუფთან შეთანხმებით, „კანონიერ ქურდად“ წარდგენით, ერთ-ერთი მოქალაქისგან, ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარით, 20 ათასი დოლარი მოითხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დაზარალებული რესტორანში Range Rover Sport-ის მანქანით მივიდა, მისგან მანქანაც მოითხოვა და მიიღო მისი მანქანის გასაღები. კრიმინალური ავტორიტეტის წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ა.-ს დაკავების მოთხოვნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. „კანონიერი ქურდი“ ჩეხეთში იპოვეს. 30 ივნისს ის სომხეთს გადასცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა გახდეს ევროპის ცის ფარის საფუძველი - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია, ჩამოაგდოს მტრის ყველა სამიზნე და მტერი ამით სარგებლობს. ზლენსკის თქმით, მაგალითად, დღეს, სუმზე დრონების იერიშის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც მიიტანეს. „ამ დარტყმების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები...,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინა „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა იყოს ყველაზე ძლიერი.“ „დღეს საჰაერო ძალების მეთაურმა მომახსენა ჩვენი ქმედებების შესახებ, რომლებიც მიმართულია საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, რომ უკრაინის ცის ფარმა შეძლოს დაიცვას მთელი ჩვენი ტერიტორია რუსული ტერორისგან და მომავალში გახდეს ევროპული ცის ფარის საფუძველი. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი და აბსოლუტურად შესაძლებელი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.