ძებნის რეზულტატი:
პრემიერმა ელჩ დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. „ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა. მისთვის ვადის ამოწურვის შემდეგ, სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგენი 28 ივლისს დაამტკიცა. ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა იანარში წარადგინა. ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს - მედია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინას ეწვიოს. ამის შესახებ თურქული პრესა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, ვიზიტის მიზანი „მარცვლეულის გარიგების“ აღდგენაა. ფიდანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდება. ვიზიტი სავარაუდოდ, 25 აგვისტოს შედგება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჰაკან ფიდანი უკრაინას პირველად ეწვევა.
ნიდერლანდებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
ნიდერლანდების ახალმა ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რწმუნებათა სიგელები გადასცა. მელინე არაკელიანი ოფიციალურად გახდა ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. „ველით, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობები უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთად არაერთ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ,“ - აღნიშნულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მააიკე ვან კოლდამს ელჩის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ, გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით მემორიალური დაფა გადასცეს. საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
თეთრი სახლი: უკრაინა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს პილოტების მომზადების შემდეგ მიიღებს
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ სწავლების დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატები მზად იქნება, კონგრესთან კონსულტაციით დაამტკიცოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მესამე მხარის მიერ გადაცემა უკრაინისთვის. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ვაშინგტონი სასწავლო პროგრამის ყველა ელემენტთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. Washington Post-ის ცნობით, პირველი ექვსი უკრაინელი მფრინავის მომზადება 2024 წლის ზაფხულამდე არ დასრულდება. უკრაინელ სამხედროებს ჯერ ინგლისური ენის გაკვეთილები უწევთ დიდ ბრიტანეთში, რათა ისწავლონ თვითმფრინავების ფრენისთვის საჭირო ტერმინოლოგია, ხოლო თავად საბრძოლო მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის იანვრისთვის დაიწყება.
რუმინეთს უკრაინული მარცვლეულის 60%-ის ტრანზიტი სურს
ბუქარესტი იმედოვნებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 60%-ის რუმინეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი შეუძლია. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ 18 აგვისტოს გააკეთა. ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთი მუშაობს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ასევე საზღვრის გადაკვეთის პუნქტების გაუმჯობესებაზე. ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სორინ გრინდეანუმ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუმინეთი გეგმავს უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად 2 მილიონი მეტრული ტონიდან 4 მილიონამდე. Reuters-ი წერს, რომ რუმინეთის პორტი კონსტანცა უკრაინის ყველაზე დიდი ალტერნატიული გადაზიდვის გზად იქცა მარცვლეულის შეთანხმების დაშლამდეც კი. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში პორტმა 8.1 მილიონ, ხოლო 2022 წელს 8.6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეუწყო ხელი. 16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა და რუმინეთი ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე შეთანხმდნენ. მოლდოვას სურს, უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დაეხმაროს მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
რუსი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, კანადამ რუსეთის სასამართლოებს სანქციები დაუწესა
კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა პარასკევს გამოაცხადა სანქციები 15 რუსი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის წინააღმდეგ, რის მიზეზადაც პოლიტიკური ოპონენტების და კრემლის რეჟიმის კრიტიკოსების დევნას ასახელებს. პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკოსების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალადობის მზარდი დონის საპასუხოდ, სანქციები რიგი ინსტიტუციების მიმართ ამოქმედდა, რადგან რუსეთი განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის, სასამართლო და საგამოძიებო კომიტეტის მაღალჩინოსნებს, ასევე სამ სასამართლოს, მათ შორის მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ვლადიმერ კარა-მურზასა და ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესებში. სანქცირებული პირები და სუბიექტები არიან რუსეთის მთავრობის, სასამართლო და საგამოძიებო კომიტეტის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ფედერალური სასამართლოები, მათ შორის ცნობილი ბასმანის რაიონული სასამართლო - ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში რუსეთის ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ვლადიმერ კარა-მურზას და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ამ სანქციების დაწესებით, კანადა, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოქმედებს. მთლიანობაში, 2014 წლიდან კანადამ სანქციები 2600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში. ცნობისთვის, აშშ-მ 17 აგვისტოს დაწუსა სანქციები რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, 2020 წელს მონაწილეობდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხ მოქალაქეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (FSB).
რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, მეორე დაშავდა
რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მდებარე საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი მუშა კი დაშავდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა. დაშავებული - საქართველოს მოქალაქე, რომელიც მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
უკრაინის დაზვერვა: ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად, რუსი პოლკოვნიკი და შს სამინისტროს წარმომადგენლები დაშავდნენ
უკრაინის სამხედრო დაზვერვა (HUR) იუწყება, რომ ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდნენ. „18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო „პოლიციის” ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე „პოლიციის“ უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. დაზიანებები მიიღეს რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ და სხვა ლიდერებმა. „აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში,” - იტყობინება უკრაინის დაზვერვა. უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, „პოლიციის“ შენობაზე თავდასხმა დრონმა განახორციელა. რუსეთს ოფიციალურად ამ ცნობაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში ევროპაში ყველაზე დიდი ატომური სადგურო მდევარეობს. ქალაქიც და ქარხანაც რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.
WP: რუსეთის დაზვერვა პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დივერსანტებად იბირებდა
რუსული სპეცსამსახურები ინტერნენტის გამოყენებით ცდილობდნენ, რომ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შორის მათთან თანამშრომლობის მსურველი ხალხი გადაებირებინათ. Washington Post-ის თანახმად, დაქირავებულთა ამოცანები მოიცავდა პრორუსულ აგიტაციას, დაზვერვას პოლონეთის პორტებში, უსაფრთხოების კამერების დამონტაჟებას რკინიგზაზე და GPS-ის „შუქურების“ დამონტაჟებას სამხედრო ტვირთში, რომელიც უკრაინის მიმართულებით პოლონეთის გავლით მიდის. მიმდინარე წლის მარტში, როგორც The Washington Post-ი იუწყება პოლონეთის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, გადაბირებულებმა მიიღეს ბრძანება პოლონეთის რკინიგზაზე საბოტაჟის მოწყობის შესახებ, რათა ჩაეშალათ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება. პოლონეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ამ ოპერაციის უკან რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ცნობილი როგორც GRU) დგას. ჟურნალისტების თქმით, პოლონეთში ამ ოპერაციას უწოდებენ NATO-ს წევრი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. Washington Post-ის ცნობით, ამჟამად პოლონეთში დივერსიისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩასული და ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები უკრაინის 12 მოქალაქე, ასევე, ბელორუსის სამი და რუსეთის ერთი მოქალაქე. პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა 14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. NATO-ს ქვეყნებიდან ყველა სამხედრო დახმარების დაახლოებით 80% უკრაინაში პოლონეთის გავლით აღწევს. მაგალითად, ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა. პოლონეთის ხელისუფლება საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებს მიმართავს მას შემდეგ, რაც მეზობელ ბელორუსში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ათასობით დაქირავებული ჩავიდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა.
მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ
რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ. გერმანული გამოცემა Bild-ი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლს, კატარი კი, სპონსორის ფუნქციას შეასრულებს. ახალი პროექტის ფარგლებში „რუსული მარცვლეულის” მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება, მეტწილად - აფრიკაში. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს. ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის. Bild-ის ინფორმაციით, ახალი შეთანხმება უკვე ამ შაბათ-კვირას შესაძლოა, ბუდაპეშტში გაფორმდეს. უნგრეთში ასევე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩადის. დღესვე, თურქული პრესა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინას ეწვიოს.
იარაღის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Rheinmetall-მა უნგრეთში ქარხანა გახსნა
დასავლეთ უნგრეთის ქალაქ ზალაეგერსეგში, გერმანული კონცერნის Rheinmetall-ის ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Rheinmetall-მა Twitter-ზე განათავსა. ქარხანა 33 ჰექტარზეა განთავსებული და თანამედროვე კვლევით ცენტრსაც მოიცავს. ადგილზე დასაქმებულია ასობით მუშაკი. Rheinmetall-ის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ 350 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა, რომელიც ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ფაქტს უწოდა „მჭიდრო კავშირების მტკიცებულება მთავრობასთან და უნგრეთის შეიარაღებულ ძალებთან, რომელიც არის ევროკავშირის პარტნიორი და NATO-ს წევრი.“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ზალაეგერსეგში, ისრაელის კომპანია Uvision-თან ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უნგრეთში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა. ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ.
გერმანიაში 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნას ასრულებს
უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams ტანკებზე წვრთნას გადიან, სწავლებას ასრულებენ. „დაახლოებით 200-მა უკრაინელმა დაასრულა თავისი 12-კვირიანი სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი, კომბინირებული შეიარაღება, ბატალიონის ძალის სწავლება ჰოჰენფელსის საწვრთნელ ზონაში,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა მარტინ ო'დონელმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სპიკერმა. ჯარისკაცები ახლა დაბრუნდებიან Grafenwoehr-ის საწვრთნელ ზონაში, სადაც ადრე გადიოდნენ სწავლებას. „უკრაინის მოთხოვნით, ჯარისკაცები იმუშავებენ ტექნიკური უნარების შენარჩუნებაზე, ვიდრე 31 ტანკი, რომელიც აშშ-მა აიღო ვალდებულება, რომ შემოდგომისთვის მიაწოდოს უკრაინას, მზად იქნება,“ - განმარტა სპიკერმა. ეს ტრენინგი სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგები ევროპის ფარგლებს სცდება - ბაიდენი
იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, იუნ სუკ იოლთან სამმხრივი სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაპონიის ლიდერი რუსეთის შეჭრაზე ტოკიოს საპასუხო ნაბიჯების გამო შეაქო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ბაიდენის შეფასებით, იაპონიამ აჩვენა ძლიერი ლიდერობა G7-ის მეშვეობითაც და წვლილი შეიტანა უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან რაოდენობაში, ისევე როგორც არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის კიევისთვის მიწოდებაში. „ისინი შეუერთდნენ უამრავ სხვა ქვეყანას საერთაშორისო სანქციების მეშვეობით რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში.“ უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის არგუმენტს ბაიდენმა „სასაცილოდ“ უწოდა. „წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა...ჩვენ რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?" "რუსეთმა უკვე წააგო. ის ვერ მიაღწევს თავის თავდაპირველ მიზანს, რომელიც მან განიზრახა. ეს შეუძლებელია... იაპონიის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან გადამწყვეტად აჩვენა, რომ ომის შედეგები ევროპის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება," - განმარტა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ინტერვენცია არ არის „მხოლოდ ევროპის პრობლემა.“ „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი შეჭრა არ ყოფილა,“ აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
სარაევოს კინოფესტივალზე, რომელიც წელს 11-დან 18 აგვისტომდე იმართებოდა, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი, ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა. ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელის მქონე რომანის ეკრანიზაციაა და პირველად 2023 წლის მაისში აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში - „15 კინემატოგრაფისტი“. ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი მიძღვნილი ეს ფილმი შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული. რადიო თავისუფლების ცნობით, სარაევოს ფესტივალზე ამ ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა წითელ ხალიჩაზე ქართული კინოს მხარდამჭერი პოსტერი გაშალეს და ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები ასე გააპროტესტეს. „ეს პრიზი მინდა, მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზორებელ კინოს,” - განაცხადა ელენე ნავერიანმა ფესტივალის დახურვისას, დაჯილდოების ცერემონიაზე. სარაევოს კინოფესტივალი, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად მიიჩნევა.
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1985 წელს დაბადებული ს.ტ. და 1987 წელს დაბადებული, მ.ლ. „დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ა.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული - 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ს.ტ.-სგან კი 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, რაც შეეხება დაკავებულ მ.ლ.-ს პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.“
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინსტრ, ულფ კრისტერსონს და შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავსა და დედოფალ სილვიას შეხვდება. „ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინელი მეომრების გაძლიერება ადგილზე და ცაში, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინის ევროინტეგრაცია და საერთო უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში,“- წერს ზელენსკი Telegram-ზე. ზელენსკიმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის გამო, შვედეთს მადლობა გადაუხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ყირიმის ხიდის ორი აფეთქების დეტალებს ამხელს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ყირიმის ხიდის ორი აფეთქების დეტალებზე საუბრობს. ამ შინაარსის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვასილი მალიუკი ამბობს, რომ ქერჩის სრუტეს გასწვრივ პირველი აფეთქების დროს, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში მოხდა, სამსახურის თანამშრომლებმა ხიდთან 21 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიიყვანეს. მალიუკის განმარტებით, ასაფეთქებელი ნივთიერება სპეციალურ შესაფუთ მასალაში იყო გადახვეული, რომ სკანერებით მისი გამოვლინება შეუძლებელი ყოფილიყო. მალიუკის თქმით, ყირიმის ხიდზე 2023 წლის ივლისში განხორციელებული მეორე შეტევაში საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ და მათზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა ჰექსოგენის 850 კგ-მდე იყო გაზრდილი. SBU-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი არის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის და რომ ჟენევის კონვენციები, რომლებიც არეგულირებს ომის წესებს, არ შეიცავს აკრძალვას ასეთ ობიექტებზე თავდასხმაზე. CNN 16 აგვისტოს წერდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა ამერიკულ ტელეარხს მიაწოდეს ექსკლუზიური კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა. კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაშიც. უკრაინამ ოფიციალურად ივლისში დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში. მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის დეტალები ხდება ცნობილი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას, 20 აგვისტოს უნგრეთში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განიხილავს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქული გაზეთი Yeni Şafak-ი. ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, ახლა კი, თურქეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკების დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გარდა, თურქეთისა და უნგრეთის საერთო ინტერესებზე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენას განიხილავენ. „განისაზღვრება საგზაო რუკა, რათა არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია შავ ზღვაში," წერს მედია დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ამასთან, თურქული და უნგრული მხარე NATO-ს გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე იმსჯელებენ, რაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებასთან და ევროკავშირთან თურქეთის დაახლოების მისწრაფებებთან არის დაკავშირებული. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, თურქეთის ლიდერი უნგრეთში შესაძლოა, პუტინის წარმომადგენელს, თათარსტანის პრეზიდენტს რუსლან მინნიხანოვს შეხვდეს და, სავარაუდოდ, მხარეები „მარცვლეულის გარიგებაში" მოსკოვის დაბრუნების სანაცვლოდ, რუსული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდებიან. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ