ძებნის რეზულტატი:

ლატვია უკრაინელი ლტოლვილებისთვის მხარდაჭერის 10 მილიონი ევროთი გაზრდას გეგმავს

ლატვიის მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაფინანსებას თითქმის 10 მილიონი ევროთი ზრდის, რომ მათ უკრაინელების მხარდაჭერა გააგრძელონ.  შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლატვიის ფინანსთა მინისტრი სეიმის საბიუჯეტო და საფინანსო (საგადასახადო) კომიტეტს დაფინანსებაში ცვლილებების შეტანიეს შესახებ აცნობებს. ცნობისთვის, ლატვია მშპ-ს 1%-ზე მეტს ხარჯავს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.  

ისრაელი F-35-ის ტიპის 25 თვითმფრინავის შესყიდვას იწყებს

ისრაელმა აშშ-ის წარმოების F-35-ის ტიპის სტელსის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკის მთავრობისგან შეისყიდის 25 თვითმფრინავს, რომლებიც Lockheed Martin-ის მიერ არის წარმოებული. „ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, ისრაელის F-35-ების ფლოტი „75-მდე გაიზრდება,“ აცხადებენ სამინისტროში. გარიგების ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შესყიდვა ამერიკული ფონდებიდან დაფინანსდება. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2016 წელს F-35-ის თვითმფრინავი შეიძინა. ისრაელი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს ეს თვითმფრინავები.  

წლის ბოლომდე უკრაინა NATO-ს კიდევ 200 სტანდარტის დანერგვას გეგმავს - რეზნიკოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებმა უკვე დანერგეს NATO-ს 287 სტანდარტი და კიდევ 200-ის შემოღებას გეგმავენ 2023 წლის ბოლომდე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა Ukrinform-თან ინტერვიუში გააკეთა. რეზნიკოვის თქმით, სულ NATO-ს 1200-ზე მეტი სტანდარტი არსებობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ დანერგილი სტანდარტების რაოდენობა არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი სახელმწიფოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას. რეზნიკოვის თქმით, წევრი ქვეყნების უმეტესობას სტანდარტების საშუალოდ, დაახლოებით, 30%. აქვს დანერგილი. რეზნიკოვმა დაასახელა სამი კრიტერიუმი, რომელიც გადამწყვეტი იქნება უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის პროცესში. პირველ რიგში, სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, როგორც კანონმდებლობის, ისე რეალურად აშენებული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მეორე, მკაფიო, გამჭვირვალე და პასუხისმგებელი პროცედურები სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის, შესყიდვიდან დაწყებული. მესამე, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა.  

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162 კმ-ში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ნგრევის შესახებ შეტყობინება შესაბამის უწყებებში არ შესულა.  

ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლის შესახებ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლას აპირებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პარლამენტი ახალ კანდიდატურას მალე დაამტკიცებს. „ამ კვირაში პარლამენტს შევთავაზებ საკადრო გადაწყვეტილებას. გადავწყვიტე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემეცვალა. ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს," - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელად, სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელს რუსტემ უმაროვს წარადგენდნენ.  

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა. გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, მეორე ავარიის შედეგად კი, როდესაც მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი, მიკროავტობუსს შეეჯახა, 4 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.  

რუსეთი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში და ყირიმთან დრონებით შეტევა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქში და შავი ზღვის თავზე, ყირიმთან ახლოს ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამ ფონზე მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში 20-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და რვა - გაუქმდა. „დღეს, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, რომლებიც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჰაერში განადგურდა შავ ზღვის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე,“ - ტრადიციულად აცხადებენ უწყებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.  ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია   რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას    

ვოლოდიმირ ზელენსკი: საფრანგეთი უკრაინელ პილოტებს გაწვრთნის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინელი პილოტების წვრთნებში ჩაერთვება. „საფრანგეთის პრეზიდეტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განვიხილეთ ჩვენი ოდესის რეგიონის დაცვა - რისი გაკეთება შეუძლია საფრანგეთს ოდესისა და რეგიონის დასაცავად. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საფრანგეთში ჩვენი მფრინავების მომზადებაზე," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განიხილეს უკრაინის თავდაცვის პაკეტები. ასევე, მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება საფრანგეთისა და ფრანგული კომპანიების თავდაცვის მრეწველობის ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით. განიხილეს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ოდესის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება. გარდა ამისა, ზელენსკი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზე "დიდი შვიდეულის" დეკლარაციის ფარგლებში.  

უკრაინა ოდესის თავზე 17 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსული ძალები ღამით ოდესის ოლქს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს. ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმის სამიზნე დუნაის ნაპირზე მდებარე ობიექტები იყო. კიპერის თქმით, რუსები ოდესის სამხრეთს დრონებით 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტევდნენ. თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა საწყობი და საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა. დრონების ფრაგმენტების ჩამოგდების შედეგად, სამოქალაქო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რომლებიც, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.  

იტალიის ყოფილმა პრემიერმა საფრანგეთი 1980 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაადანაშაულა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯულიანო ამატომ საფრანგეთი დაადანაშაულა 1980 წელს სამგზავრო თვითმფრინავზე თავდასხმაში, რომელიც მისი ჩამოვარდნით დასრულდა. ავარიას 81 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიტიკოსის თქმით, ლაინერი ფრანგმა მებრძოლმა ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის მკვლელობის მცდელობისას ჩამოაგდო. Itavia McDonnell Douglas DC-9 ტირენიის ზღვაზე, სიცილიის მახლობლად 1980 წლის 27 ივნისს ჩამოვარდა. ლაინერი ბოლონიიდან პალერმოში მიემართებოდა. დაიღუპა 77 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. ავარიის მიზეზები უცნობია. გამოძიების დროს განიხილებოდა თვითმფრინავის სტრუქტურული ხარვეზის, ბომბის აფეთქების ან რაკეტის დარტყმის ვერსიები. მედიის ცნობით, ლაინერის ჩამოვარდნის ზონაში NATO-ს თვითმფრინავები აღმოაჩინეს. გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი რამდენიმე იტალიელ სამხედრო ოფიცერს ედება. გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ამატომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თვითმფრინავი კადაფის ბორტში აერიათ და ის საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. მანამდე იტალიის პრემიერ მინისტრმა 1980 წელს ფრანჩესკო კოსიგამ ისაუბრა ავიაკატასტროფაში საფრანგეთის საჰაერო ძალების მონაწილეობაზე. მისი თქმით, ამის შესახებ იტალიის საიდუმლო სამსახურების წევრებმა განუცხადეს. იტალიური მედია ირწმუნებოდა, რომ მსგავსი ინფორმაცია იყო ლიბიის სადაზვერვო სააგენტოების დოკუმენტებშიც, რომლებიც 2020 წელს ტრიპოლის აღების შემდეგ აღმოაჩინეს. იტალიელმა მოსამართლემ როსარიო პრიორემ, რომელიც ერთ-ერთ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, კატასტროფის შესახებ მოხსენებაში განაცხადა, რომ იტალიის სპეცსამსახურების და არმიის თანამშრომლები ერეოდნენ მის საქმიანობაში. ამატომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სთხოვა, ეღიარებინა დანაშაული და „ეს სირცხვილი საფრანგეთისთვის თავიდან აერიდებინა“. იტალიელმა პოლიტიკოსმა აღიარა, რომ მისი ვერსიის პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა. ამასთან, განაცხადა, რომ 2000 წელს, როდესაც ის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მან აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ბილ კლინტონსა და ჟაკ შირაკს სთხოვა, მომხდარის მიზეზებზე ნათელი მოეფინათ, მაგრამ ბუნდოვანი პასუხები მიიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამატოს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება იტალიას გამოძიებას ყოველთვის აწვდიდა ინციდენტის შესახებ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას და მზად არიან, გამოძიებასთან მომავალშიც ითანამშრომლონ.  

რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენის უკრაინის ტერიტორიაზე „შეტყუების“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 3 სექტემბერს ღამით, ტელევიზიით აჩვენა დოკუმენტური ფილმი - „რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები“, სადაც ჩანს რუსი პილოტიც. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ის 28 წლის მაქსიმ კუზმინოვია. პილოტი ფილმში ჰყვება, რომ მსახურობდა რუსეთის 319-ე პოლკში, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი პრიმორსკის მხარეა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ პირველად აჩვენა რუსი მფრინავი, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის მხარეს გადაიყვანა სპეცოპერაციისას, კოდური სახელწოდებით „სინიცა“. კუზმინოვის თქმით, ის თავად დაუკავშირდა და სიტუაცია აუხსნა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, ახალი დოკუმენტები და ფულადი კომპენსაცია. ამასთან, რუსეთიდან უკრაინაში მისი გადაფრენის დეტალების დაგეგმვის შემდეგ, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონიდან საკუთარი კოორდინატები გადასცა და უკრაინის ტერიტორიამდე, შეძლებისდაგვარად დაბლა, რადიოდუმილის რეჟიმში იფრინა. მან განმარტა, რომ ის, რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულის ხელშემწყობი იყოს. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ სხვა რუს მფრინავებსაც მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში არანაირი ნაცისტები და ფაშისტები არ არიან.  

დღეიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

დღეიდან, 4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ. „სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) - 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით. გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება. გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ISW უკრაინული ჯარების წინსვლის შესახებ იუწყება

უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტთან ახლოს პროგრესს მიაღწიეს. უკრაინელი სამხედროებ სამხრეთით, სოფელ ვერბოვის მიმართულებით წინ მიიწევენ. „უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და 3 სექტემბერს დაწინაურდნენ. 3 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები უფრო წინ მიიწევდნენ სამხრეთ კლიშჩიივკაში (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ). გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინულ ჯარებს სამხრეთში მეთაურობს, განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს იმ თავდაცვითი პოზიციების სერიის შექმნას, რომლებიც ახლა უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს. ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. „თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ. მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.  

რეზნიკოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

ოლექსი რეზნიკოვმა თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის განცხადება დაწერა. მან განცხადება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა. „უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გავუგზავნე. პატივი იყო უკრაინელი ხალხის მსახურება და მუშაობა უკრაინული არმიისთვის, ბოლო 22 თვის განმავლობაში, უკრაინის თანამედროვე ისტორიის უმძიმეს პერიოდში,“ - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში. ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლის შესახებ გამოაცხადა  

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა

EBRD-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი, ორშაბათს, 4 სექტემბერს სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს. ის ვიზიტს სომხეთიდან დაიწყებს, შემდეგ საქართველოს ესტუმრება და ვიზიტს აზერბაიჯანში დაასრულებს. EBRD-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს, ბიზნეს ლიდერებს და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეულ ქვეყანაში. სომხეთში, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკრედიტო ხაზს ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან, რათა კიდევ უფრო გაზარდოს კერძო სექტორის განვითარება. საქართველოში რიგტერინკი აღნიშნავს ახალი რეგიონული დირექტორის მიერ მისიის დაწყებას. საქართველოში რიგტერინკი გამოაცხადებს პროგრამის დაწყებას EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში. აზერბაიჯანში ის მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დაწყებაში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლებისთვის, რაც ორგანიზებულია სახელმწიფო პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს კვების მრეწველობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიზიტიას რიგტერინკმა განაცხადა: „ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს და ბიზნეს საზოგადოების წევრებს, რათა განიხილონ პრიორიტეტები რეგიონში, განსაკუთრებით კი, უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ჩვენი ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისების და პოლიტიკის ჩართულობის გზით.“ ცნობისთვის, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონის 680 პროექტში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. სატრანსპორტო კავშირებზე ევროკავშირისა და EBRD-ის დასკვნა ცნობილია  

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი $1 მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად, კონგრესისგან ნებართვას ითხოვს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ საზღვარგარეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა. იუწყება CBS News-ი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთი მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად კონგრესისგან ნებართვას ითხოვს. „2022 წლის თებერვლის ბოლოდან შეერთებულმა შტატებმა ჩამოართვა ან ხელი შეუწყო რუსეთის აქტივების (ერთი მილიარდის ღირებულების) ჩამორთმევას მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვითხოვთ კონგრესისგან ნებართვას, რომ მიღებული თანხები გამოვიყენოთ უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ,“ - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ. ცნობისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ევროკავშირმაც გამოაცხადა. რუსეთის მიერ წარმოებული ონის ფონზე, მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.  

კრამერი 2024 წლის არჩევნებზე: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძლიერი ძალისხმევა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში. კრამერი თბილისში ესწრება საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!" „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, ასე რომ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც არჩევნების დღე. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან დიდი ყურადღების შედეგად ჩვენ ვნახავთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, 2011-ში და 2012-ში ჩვენ ვნახეთ ერთი პარტიის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. მას შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. არჩევნების შემდეგ ვნახავთ, დარჩებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე", - აღნიშნა კრამერმა. კრამერის თქმით, საქართველოში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. „არ მინდა არჩევნების წინასწარ, მის ჩატარებამდე განსჯა, მაგრამ ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - განაცხადა დევიდ კრამერმა.  

ჯორჯ ბუში: წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილის შინაარსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გაავრცელა. ბუშის წერილში ნათქვამია, რომ წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლო ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, პუტინის შემოჭრის 15 წლის შემდეგ. ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო,“ - ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში IPN-ის ცნობით.

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება“

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება“. პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან ეს არის ორმაგი სტანდარტი და ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ. „შარშანაც იყო ეს კონფერენცია და არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი და ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი იქ არამხოლოდ სტუმრებად არიან დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღისწესრიგი გააჟღერონ ასეთი სახით კონფერენციებში, ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილეები არიან ზოგი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღისწესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ვინაიდან ეს ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები - დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმის საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ და სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტი, ქართველ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორები კონფერენციის, სადაც გამომსვლელებში ჰყავთ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის გაყალბდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს. ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციებს მხრიდან, რომ ერთის მხრივ საკუთარ ქვეყანაში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ თითქოსდა ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ სწორედ ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია დღეს დაიწყო.

რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ისრაელის ქნესეთის სპიკერი თბილისში გამართულ შეხვედრებზე

ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდოამარეს შეხვდა. ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს.ვიზიტის ფარგლებში, ამირ ოჰანა გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერებს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს და დაესწრება ქართველი წმინდანის, სერგო მეტრეველის და მისი ოჯახის წევრების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას. როგორც ისრაელის ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოჰანამ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გრძელდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის მომავლისთვის. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური ურთიერთობები ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის გივი მიქანაძისა და დავიდ ბითანის ხელმძღვანელობით, - „ეს ურთიერთობა, კომიტეტების ეს საქმიანობა, მეგობრობის ჯგუფები და კონტაქტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი იარაღი ურთიერთობების გამყარებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის და სხვა სიმაღლეზე აჰყავს, ჩვენი კავშირი“, - განაცხადა ამირ ოჰანამ. მან ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის თვალსაზრისით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში ეწვევა ისრაელს. „დღეს ვმასპინძლობთ ჩემს კოლეგა ამირ ოჰანას, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარეს. ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას. ისრაელის პარლამენტის სპიკერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. „ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა. მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკურებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. „ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. თავის მხრივ, საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებისა და საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირების საქმეში,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.