ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ ოდესის ოლქში 22 დრონი ჩამოაგდო
რუსეთმა უკრაინაზე მასიური შეტევა განახორციელა. მისმა ძალებმა ირანული დრონები უკრაინის სამხრეთ რეგიონების წინააღმდეგ გამოიყენეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომლის სამიზნეც ოდესის ოლქი იყო. საჰაერო თავდასხმის განგაში მოქმედებდა ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის ოლქებში. უფრო ადრე რუსული ძალები მძიმე არტილერიით დაესხნენ თავს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს და მის მიმდებარე ტერიტორიებს, დაიჭრა ოთხი ადამიანი და დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები, წერს უკრაინული მედია გუბერნატორის ცნობებზე დაყრდნობით. ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა იერიში მას შემდეგ გააძლიერა, რაც 17 ივლისს „მარცვლეულის შეთანხმება“ დატოვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფო მზადაა სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს. უწყების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. „რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უზბეკეთის პრეზიდენტმა თავისი უფროსი ქალიშვილი თანაშემწედ დანიშნა
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა თავისი უფროსი ქალიშვილი, საიდა მირზიოევა თანაშემწედ დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. სააგენტო წერს, რომ მირზიოევის ამ ნაბიჯს ირონიული გამოხმაურება მოჰყვა ზოგიერთი უზბეკისგან, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ივლისის ვადამდელ არჩევნებში უზბეკეთის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 30 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა. 9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო. უზბეკეთს ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები არ ჰყავს, მირზიოევი კი, თავს რეფორმატორად მიიჩნევს.
სლოვაკეთის ცას გერმანიაც დაიცავს, ბრატისლავამ ყველა MiG-29 უკრაინას გადასცა
გერმანიის საჰაერო ძალები შეუერთდა NATO-ს წევრი ქვეყნების ჯგუფს, რომელიც სლოვაკეთის ცას დაიცავს. სლოვაკთმა უკრაინას თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავები გადასცა. როგორც მანამდე ბუნდესვერის პრესსამსახური იტყობინებოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფრენები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში 22 დეკემბრამდე შესრულდება. უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს მისივე თანახმად, ზემო ბავარიაში დისლოცირებული გერმანული ტაქტიკური საჰაერო ძალების 74-ე ესკადრილიის ორი საბრძოლო თვითმფრინავი (Eurofighter) საბრძოლო მზადყოფნაში დარჩება, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ან მტრის ობიექტების განეიტრალება იქნება. სლოვაკეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილია. ესაზღვრება უკრაინას, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან ომს გასული წლის თებერვლის შემდეგ აწარმოებს. 2022 წლის აპრილში სლოვაკეთმა უკრაინას თავისი S-300-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა. გარდა ამისა, სლოვაკეთმა უკრაინას მარტში გაუგზავნა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები (MiG-29). ამიტომ, ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა აღარ შეუძლია. თავდაპირველად, ეს ამოცანა აღმოსავლეთ ევროპის უახლოესმა მეზობლებმა - პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა იტვირთეს, ახლა კი, გუნდს გერმანიაც შეუერთდა.
აზერბაიჯანი და ჩინეთი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ
აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო და პეკინი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია მონაწილეობდა ღონისძიებაში - „ინვესტირება ჩინეთში: ხელშეწყობის კონფერენცია მომსახურების სექტორში უფრო ღიაობის შესახებ.“ „კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გავცვალეთ აზრები აზერბაიჯან-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალის შესახებ, გაიმართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანი ეკონომიკის მინისტრმა. აზერბაიჯანის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით, პეკინში CIFTIS გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, სადაც ათასობით ადგილობრივი და უცხოური კომპანია წარადგენდა თავის მომსახურებას. აზერბაიჯანი CIFTIS-ზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი.
მედია: რუსეთმა ირანს „იაკ-130“-ის ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდა
ირანმა რუსეთისგან სასწავლო-საბრძოლო დანიშნულები თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო საშუალებებმა და რუსეთის სტრატეგიის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი ავრცელებენ. ინფორმაციას ოფიციალურად მოსკოვი და თეირანი არ ადასტურებენ. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ფაქტი სოციალურ ქსელებში არსებული სურათებით დასტურდება. სააგენტოს ცნობით, ამ თვითმფრინავებს ახალი მფრინავების მოსამზადებლად გამოიყენებენ. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი „იაკ-130“ მიიღო ირანმა რუსეთიდან. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ირანის საჰაერო ძალებისთვის საზღვარგარეთ შეძენილი პირველი თვითმფრინავები ბოლო 20 წლის განმავლობაში. ინფორმაციისთვის, „იაკ-130“ არის რუსული საბრძოლო მომზადების თვითმფრინავი, რომელიც იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ იტალიურ კომპანია Aermacchi-სთან ერთად არის შემუშავებული. ეს არის თვითმფრინავის პირველი სრულიად ახალი მოდელი, რომლის წარმოებაც რუსეთში სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო.
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ - გენერალი სირსკი
სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართყლებაზე უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ, ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას. „ბახმუტის მიმართულება, თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ფრონტის ამ ნაწილში. ჩვენი ჯარისკაცები სტაბილურად ანადგურებენ რუსულ სამხედრო ტექნიკას და ცოცხალი ძალას," - აღნიშნა მეთაურმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. „თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ. მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.
„დელტა" განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ განცხადებით, „დამატებითი ძალები მობილიზდა კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს.“ „ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები მობილიზდა კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა ახვლედიან, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის ძველი სამების ეკლესიაში მიმდინარეობს, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები იმყოფებიან. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ 24 აგვისტოს გაავრცელა.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს, განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ღინისძიებას თურქული მხარის მოწვევით დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და უწყების ხელმძღვანელი პირები. ქართული დელეგაციის წევრებმა თურქ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად უკავშირდება საბაჟო პროცედურების დახვეწა-გამარტივებას, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას. როგორც აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება. გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საბაჟო-გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა წარმოადგენს. „ამ მიმართულებით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც თქვენთვის ცნობილია ,,სარფის“, ,,თურგოზუ-ვალეს“ და ,,კარწახის - ჩილდირ- აკტაშის“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები წარმოადგენენ სამაგალითო გამშვებ პუნქტებს რეგიონში. ასევე,მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორ ქვეყანას შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ შეთანხმება, რაც წარმოადგენს განვითარებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტურად გამოყენების მექანიზმს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მან იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მხრიდან თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კიდევ ერთი გამშვები პუნქტების არსებობა, დააჩქარებს საბაჟო პროცედურებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურგანვითარებას. გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.
ისრაელის პარლამენტის სპიკერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე დახვდა. 4 სექტემბერს, ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს. საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს. 5 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.ვიზიტის ფარგლებში, ამირ ოჰანა გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერებს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს და დაესწრება ქართველი წმინდანის, სერგო მეტრეველის და მისი ოჯახის წევრების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას.
ლატვია NATO-ს სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ჩატარდება. სწავლებაში ალიანსის წევრი ქვეყნები და მომავალი წევრი შვედეთი მონაწილოებენ. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, წვრთნების მიზანი, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების უნარის გაუმჯობესებაა. Steadfast Pyramid 2023, 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს არის NATO-ს ტრანსფორმაციის სარდლობისა და ევროპის უმაღლესი მეთაურის მიერ ორგანიზებული წვრთნების პირველი ნაწილია. მასში უფროსი ოფიცრები მონაწილეობენ. მეორე ნაწილი 10-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და მოიცავს ოპერაციული დაგეგმვის სფეროში უფროსი მეთაურების მომზადებას. წვრთნები Steadfast Pyramid და Steadfast Pinnacle ლატვიაში 2011 წლიდან ტარდება. წვრთნების დროს ლატვია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე ალიანსის სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს აუმჯობესებს.
მედია: სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზა იწვის
სანქტ-პეტერბურგში, პისკარევსკის გამზირზე 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა რუსულ წყაროზე („Ostorozhno“, Readovka, Fontanka) დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანია ჩართული. „80x10 მეტრის ზომის ანგარში ცეცხლი მთელ ტერიტორიაზეა მოდებული. ინციდენტის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანი. ხანძარი კრასნოგვარდეისკის რაიონშია," - აცხადებენ უწყებაში. ადგილობრივებმა ნავთობბაზა „რუჩიდან", რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, აფეთქებების ხმა ისმის.
ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები სომხეთთან მუშაობენ და ქვეყნის მთავრობას უბიძგებენ, მიიღონ ზომები რუსეთის რეგიონიდან განდევნის მიზნით. „მაგრამ, ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სომხეთსა და CSTO-ს შორის, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ურთიერთობა გაუარესდა. 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ CSTO-მ ერევანს პრაქტიკული დახმარება არ გაუწია. ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს
ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს
ზოგიერთი რუსი აქტორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ზოგიერთი ძალები ერევანს რუსეთთან დაშორებისკენ უბიძგებენ, სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს. „ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამის შესახებ მან La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
კრამონი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან: დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა
ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, რომ საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმასთან შედარებით, რასაც რეალურად საქართველო იმსახურებს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ამ წლებში სიტუაცია არ უმჯობესდება. კრამონოს თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა. „ვფიქრობ, აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რომ უდიდესი შეცდომა იყო დაშვებული, როცა არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქ ტერიტორიები დაიკავა. ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინაში უზარმაზარ სოლიდარობას, არის სანქციები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი თანმიმდევრულები, როგორც ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, როცა უკან ვიხედები, ეს დიდი შეცდომა იყო," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
შემოდგომიდან უკრაინული დრონების წარმოება გაიზრდება - რეზნიკოვი
უკრაინული დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება შემოდგომაზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. რეზნიკოვის თქმით, დრონის წარმოების პროცედურის ხელშეწყობის პროცესი უკვე თითქმის ერთი წელია, გრძელდება. „მჯერა, რომ ამ შემოდგომაზე იქნება ბუმი სხვადასხვა უკრაინული დრონების წარმოების მხრივ: მფრინავი, მცურავი, მცოცავი და ა.შ., და შემდეგ ეს უკვე მოცულობითაც გაიზრდება,” - აღნიშნა რეზნიკოვმა. უკრაინა Sirko-ს ტიპის დრონების სერიულ წარმოებას იწყებს
ჩეხეთი მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გზავნის
ჩეხეთმა მოლდოვაში სამუშაოდ და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, სამხედრო ატაშის თანამდებობა შექმნა. ამის შესახებ ჩეხეთის რაიო იუწყება. წერს უკრაინული მედია. სამხედრო ატაშის ამოცანები მოიცავს თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაძლიერებას და ჩეხეთის მრეწველობის დარგების მხარდაჭერას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. მოლდოვაში ჩეხეთის ელჩმა, სტანისლავ კაზეცკიმ ჩეხურ რადიოს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გაგზავნის შესახებ. „ეს იყო პასუხი გლობალური უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ," - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, დევიდ იარეშმა. ატაშე მუშაობას კიშინიოვში ჩეხეთის საელჩოში სექტემბერში შეუდგება. მისი ვინაობა ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ატაშის თანამდებობის შექმნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასა და მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუს შორის შეთანხმების შედეგია. ჩეხეთის სხვადასხვა საელჩოში 30-მდე სამხედრო ატაშე მუშაობს. ივლისის ბოლოს, მოლდოვის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა არაერთხელ გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ ის ძალაში დარჩება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება.
მადრიდის მერმა ძლიერი წვიმის გამო, მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა
მადრიდის მერმა მოსახლეობას ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამინდის ეროვნულმა სააგენტო AEMET-მა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. მადრიდში 12 საათის განმავლობაში უხვ ნალექს ელოდებიან. Reuters-ის ცნობით, მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ქალაქის მცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.
შავი ზღვის უსაფრთხოება ზელენსკისა და მაკრონის მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. „დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, თითოეული მიმართულება. განვიხილეთ შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი „მარცვლეულის დერეფანი", რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა საზღვაო მარშრუტების დაცვის მიმართულებით," - დაწერა ზელენსკიმ. ფრანგულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „შავი ზღვის“ მარცვლეულის დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა. „უკრაინა აღადგენს შავ ზღვაში ნაოსნობის ნამდვილ თავისუფლებას. თავისუფლება მოითხოვს გადამწყვეტად მოქმედებას. მადლობას ვუხდი ჩვენი პორტის ყველა თანამშრომელს და ყველას, ვინც უზრუნველყოფს დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებით. ჩვენ ერთად შეგვიძლია, დავიცვათ ნაოსნობის თავისუფლება შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ,“- წერდა ზელენსკი 2 სექტემბერს. შეგახსენებთ, დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.