ძებნის რეზულტატი:
ლატვია მასშტაბურ ერთთვიან სამხედრო წვრთნებს იწყებს
ლატვიაში, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) მიერ ორგანიზებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები Namejs 2023 გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოკავშირეთა ჯარისკაცები შეერთებული შტატებიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში, NATO-ს ძალების ინტეგრაციის განყოფილება ლატვიაში და კანადის ძალების სარდლობა ლატვიაში. წვრთნას ერთობლივი რეაგირების ძალები დაუჭერენ მხარს. წვრთნები წელს პირველად იმართება NATO-ს მრავალეროვნული დივიზიის „ჩრდილოეთის“ შტაბ-ბინასთან ერთად. Namejs 2023-ის პარალელურად, სახმელეთო ჯარების მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ორგანიზებით, ყოველწლიური წვრთნები Silver Arrow გაიმართება. საერთო ჯამში, წვრთნებში 8500-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების დროს ლატვიის და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ლატვიის მთავარ და რეგიონულ გზებზე იმოძრავებენ. საწვრთნელი ამოცანების შესრულებისას ლატვიის საჰაერო სივრცეში, მათ შორის დაბალ სიმაღლეებზე. Namejs-ის წვრთნები ლატვიის მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება. შეგახსენებთ,ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ტარდება. ამასთან, ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული.
დენიელ ფრიდი: მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, სრული და ანგარებიანი სისულელეა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი ე.წ. დასავლურ შეთქმულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. „მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს, უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ამდენად, მოსაზრება, თითქოს, დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული და ანგარებიანი სისულელეა. უბრალოდ, არასწორია,“ - განაცხადა დენიელ ფრიდმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე. დენიელ ფრიდმა ამავე კონფერენციაზე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება მის უსაფრთხოებას გააძლიერებს. 2008 წლის ომზე საუბრისას ფრიდმა განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, თითქოს, ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა. „ვფიქრობ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, საბოლოოდ შეგვიძლია უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება, პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. დიახ, საქართველოს ხელისუფლებასთან მქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს. უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ პუტინს სურს იმპერიის ხელახლა დაპყრობა და ამისთვის ძალას იყენებს,“ - აღნიშნა დენიელ ფრიდმა. დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე
ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილის ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა
ბულგარეთის მთავრობამ სახელმწიფოს, ბურგასის პორტთან მდებარე ნავთობის ტერმინალი Rosenets-ი დაქვემდებარებაში გადასცა. ადრე ის რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილს ტერმინალის ექსპლუატაციის კონცესიის შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში აცნობა. ბულგარეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გეორგი გვოზდეიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას არ გადაუხდის კონცესიონერს, რადგან ხელშეკრულება ფორსმაჟორული ვითარების გამო შეწყდა. ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს „ამიერიდან ლუკოილს შეუძლია, ეძიოს თავისი უფლებები სხვაგან, მაგრამ არა ბულგარეთში. ჩვენ დავიცავით კანონი და ევროპული რეგულაციები,“ - განაცხადა მინისტრმა. 2011 წელს ლუკოილმა ხელი მოაწერა კონცესიის ხელშეკრულებას ტერმინალის მართვაზე. ხელშეკრულების ვადა 35 წელია. ამ ზაფხულს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ნავთობზე ემბარგო დააწესა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებულის გამო, სანქციების ქვეშაა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
საბერძნეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ზრდის
საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის შესახებ ევროსტატში, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურში აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. ივნისში იმპორტის შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა, იმპორტირებულია 174,6 მლნ კუბური მეტრი, მაისში 163 მლნ კუბურ მეტრთან შედარებით, რაც 7,1-პროცენტიანი ზრდაა. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან სულ 1,020 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიტანა. საბერძნეთის მთლიანმა ხარჯებმა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2023 წლის საწყის ექვს თვეში 523,8 მილიონ ევროს მიაღწია. თუმცა ეს თანხა ივნისში შემცირდა მაისში დახარჯულ 68,8 მილიონ ევროსთან შედარებით. იმავდროულად, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ აზერბაიჯანმა 24,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან 6,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) საბადოდანაა მოპოვებული, ხოლო 13,2 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ-დენიზის საბადოდან.
დენიელ ფრიდი: ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს. ფრიდის თქმით, ევროპა თავის მხრივბ უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. „არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „საქართველოსთვის", მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში," - აღნიშნა დენიელ ფრიდმა ქართულ მედიასთან საუბრისას. დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე ამასთან, ფრიდისთვის გაუგებარია იმპიჩმენტის საფუძველი, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული დამცველია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის „უფროსი“ გადადგა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „თანამდებობიდან“ მისი ადმინისტრაციის „უფროსის“, ჯანსუღ ნანბას გათავისუფლების ბრძანებას. რადიო თავისუფლების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ნანბას სხვა სამსახურში გადასვლა. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა მარიანა კვიცინიამ განუცხადა, რომ ჯანსუღ ნანბამ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება საკუთარი სურვილით, 4 სექტემბერს დაწერა. ჯანსუღ ნანბა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ე.წ. უფროსად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე ნოვოპროკოპოვკის მიმართულებით წინსვლის შესახებ გამოაცხადა
უკრაინის გენშტაბის თანახმად, თავდაცვის ძალები სამხრეთ ფრონტზე წარმატებულ შეტევას ასრულებენ. კერძოდ, სამხედროებმა წარმატებას რობოტინო-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებითაც მიაღწიეს. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. რობოტინო - ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით კი ისინი წარმატებულები იყვნენ...რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, შეტევა ქალაქის სამხრეთით გრძელდება. აქ მტერი სამხედრო პერსონალისა და საბრძოლო აღჭურვილობის დანაკლისს განიცდის, რის გამოც ისინი რეზერვებს იყენებენ," - ნათქვამია განცხადებაში. ISW უკრაინული ჯარების წინსვლის შესახებ იუწყება გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინულ ჯარებს სამხრეთში მეთაურობს, ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს იმ თავდაცვითი პოზიციების სერიის შექმნას, რომლებიც ახლა უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს. ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. „თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ. მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
პუტინმა კადიროვის უფროსი ქალიშვილი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა
ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, რომელიც რესპუბლიკაში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. განკარგულება შეიცავს მხოლოდ ზოგად ფორმულირებას: „ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში დამსახურებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის" და რა დამსახურებისათვის გადაეცა აიშატ კადიროვას მაღალი ჯილდო, უცნობია. 2022 წლის ივნისში, ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ქალიშვილს, აიშატ კადიროვას, რომელიც რესპუბლიკის კულტურის მინისტრია, რეგიონის უმაღლესი ჯილდო – ახმატ კადიროვის ორდენი გადასცა. უფრო ადრე, 2021 წლის დეკემბერში, აიშატ კადიროვამ მედალი „ადამიანის უფლებების დაცვისთვის" მიიღო. ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები რამზან კადიროვთან ერთად აიშატ კადიროვასაც დაუწესა.
რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში ნავთობქიმიურ ქარხანაში ხანძარია
რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში, სიბურის ნავთობქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა. დამატებით დეტალებზე მედია არ წერს.
სემეკი მოსახლეობას სავარაუდო ინტერნეტ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს. კომისიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას: „ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები. კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში არსებული გარემოების შესასწავლად,“ -- აცხადებენ კომპანიაში.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე - ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს. „საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ,“ - განაცხადა მსხილაძემ. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.
რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან
NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. სამეკავშირეო ოფისი განთავსებულია თბილისში და მას ალექსანდრე ვინიკოვი ხელმძღვანელობს. სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ასევე NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ერევანსა და ბაქოს ოფიციალური ვიზიტებით ჩვეულებრივ სტუმრობენ, მათ შორის, ასეთ ტურნეს ფარგლებში ყოფილა საქართველოში ხავიერ კოლომინა. ბოლოს კოლომინა სომხეთს, აერბაიჯანსა და საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საკითხზებზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს Europetime-თან შემდეგი განცხადება აქვს გაკეთებული: NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია სომხეთში და მქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი). შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა. ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ,“ - განუცხადა Europetime-ს ვინიკოვმა გასული წლის ბოლოს შემაჯამებელ ექსკლუზიურ ინტერვიუში. გარდა ამისა, NATO-ს ვებგვერდზე ვრცლად არის მიმოხილული ალიანსსა და ერევან შორის მიმდინარე კონტაქტებისა და ურთიერთობების შესახებ. NATO-სთან ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. დიალოგის ამ ფორუმს 1997 წელს დაემატა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელიც ყველა მოკავშირესა და ევროატლანტიკურ სივრცეში ყველა პარტნიორ ქვეყანას აერთიანებს. ორმხრივი თანამშრომლობა დაიწყო, როდესაც 1994 წელს, სომხეთი პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP) პროგრამას შეუერთდა. სომხეთი კოსოვოში NATO-ს ეგიდით მოქმედი ოპერაციის აქტიური მონაწილეა. სომხეთის ალიანსთან თანამშრომლობის პროგრამა ჩამოყალიბებულია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში (IPAP), რომელიც ერთობლივად არის შეთანხმებული. IPAP-ის ფართო სპექტრი ნიშნავს იმას, რომ სომხეთი NATO-სთან თანამშრომლობს არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, დემოკრატიულ სტანდარტებზე, კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. უფრო ვრცლად, თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრს გაეცანით შემდეგ ბმულზე. ცნობისთვის, 4 სექტემბერს მედიასივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ სომხეთი NATO-მ ალიანსში მიიწვია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ავსტრიის არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ უბრალოდ გამოთქვა სურვილი და მოუწოდა სომხეთს, გაწევრიანდეს ალიანსში. დაბნეულობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ NGO-ს სახელწოდებაა - „NATO-ს გაფართოების ევროპული კომიტეტი.“ უსაფუძვლო აჟიოტაჟზე განმარტებების გაკეთება მოუწია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანმა. მან მედიის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ერევანი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, ხოლო NATO-დან არავის მოუწოდებია სომხეთისთვის, გაწევრიანდეს ალიანსში. „რაც შეეხება სომხეთსა და NATO-ს პარტნიორობას, ის უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ NATO-სთან სხვადასხვა ფორმატში და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროცესი," - განუცხადა კოსტანიანმა ორშაბათს ჟურნალისტებს 5 სექტემბერს. ასევე გაეცანით: სომხეთს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად სურს NATO-ს წვრთნებში მონაწილეობა - ერევნის პასუხი მოსკოვს
სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისთან აფეთქება მოხდა - მედია
სანქტ-პეტერბურგში კრუპსკაიას ქუჩაზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობასთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავენტილაციო შახტში აფეთქდა. შესაბამის ინფორმაციას Nexta ავრცელებს. დამატებითი დეტალები უცნობია. განახლება: გამოცემა Fontanka წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ხმის წყარო მიტოვებული ბომბის თავშესაფრისკენ მიმავალ შახტში იყო. ის სამხედრო აღრიცხვის ოფისიდან 20 მეტრში მდებარეობს. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები იპოვეს.
გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა. საბრძოლო მასალა აღდგენილ საწარმოო ხაზზე დამზადდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მასალის დამზადებისთვის საწარმოო ხაზის მშენებლობა ამბიციურ ვადებში დასრულდა, რაც უკრაინაში ჭურვების ხუთნიშნა ოდენობის პირველი მიწოდების საშუალება მისცა. „ომი უკრაინაში თითქმის ყოველდღიურად გვახსენებს, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის ოდენობაზეა დამოკიდებული. Gepard-სთვის საბრძოლო მასალის წარმოების აღდგენით, ჩვენ ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა. როგორც მან ასევე აღნიშნა, მოხარულია იმით, რომ გერმანიამ ასე მალე და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე შეძლო წარმოების გაშვება. „ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმ დარგებში, რომლებიც ჩვენი ძლიერი მხარეებია: არტილერია, საბრძოლო მასალა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა“, - განაცხადა მინისტრმა.
ზელენსკი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას ცვლის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა იცვლება. ამის შესახებ ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობის პრესსამსახური იტყობინება. „უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ტერიტორიული ორგანიზაციის გარკვეული საკითხების გადაწყვეტის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში. ცვლილების მიზანია, მოამზადოს საფუძველი ყირიმის გასათავისუფლებლად. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციების მოქმედების საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა, რითაც უფრო გაამარტივდება სამხედრო მოქმედებების განხორციელება ყირიმის ტერიტორიაზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი „თანამდებობიდან“ გადააყენეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი „თანამდებობიდან“ გადააყენეს. რადიო თავისუფლების ცნობით, პუსტოვალოვის გადაყენების შესახებ განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პირველ სექტემბერს მოაწერა ხელი. თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ დღეს, 5 სექტემბერს გახდა ცნობილი. სერგეი პუსტოვალოვი ვორონეჟში დაიბარა, დაამთავრა ყაზანის სუვოროვის სამხედრო სასწვალებელი. 2004 წლამდე მუშაობდა სარატოვში, 2004-2008 წლებში იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სოციალურ და იურიდიულ საკითხებში. ის 2020 წლიდან მუშაობდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერად. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის“ ჯანსუღ ნანბას „თანამდებობიდან“ გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ნანბას სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია დაინიშნა.
დარჩიაშვილი უნგრეთში: ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის
უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა. მან საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში და სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. „ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. „იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. „ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ. მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას. მიმოხილული იქნა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად.
NYT: ფორმალურად დაკავებული გენერალი სუროვიკინი „პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის“ შემდეგ გაათავისუფლეს
სერგეი სუროვიკინი, რუსი გენერალი, რომელიც „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ დააკავეს, „გამოჩნდა.“ ამის შესახებ New York Times-ი თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს. NYT-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ სუროვიკინი 23 აგვისტოს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა. კრემლს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია . რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი კარტაპოლოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ სუროვიკინი ამჟამად „ისვენებს" და „ჯერჯერობით მიუწვდომელია." გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სუროვიკინის დაკავება, სავარაუდოდ, დაძაბულობას გამოიწვევს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, შეიარაღებულ ძალებში მისი პოპულარობის გამო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა 18 ივლისს განაცხადა, რომ სუროვიკინი ფაქტობრივად გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ მისი ბედი გადაუწყვეტელი დარჩა.
მედია: ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სახლებისა და სხვა შენობების ძარცვაში ედებათ ბრალი. პოლიციის ცნობით, იდენტიფიცირებული და დაკავებულია დაჯგუფების სამი წევრი. ისინი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ლუგოს პროვინციაში დააკავეს, სადაც ახალ ქურდობას გეგმავდნენ. ამოღებულია ნაქურდალი ნივთებიც, მათ შორის, ძვირფასეულობა, ტელეფონები და ნაღდი ფული. „გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავებაც სამომავლოდ,” - აღნიშნულია განცხადებაში. ესპანური მედია წერს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სევილიაში, მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში და მათ სათავეებში ე.წ. კანონიერი ქურდები დგანან. დაჯგუფებები შედგება ორი-ოთხი წევრისგან და მათი ასაკი 25-40 წელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში აღნიშნული დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს, რომლებსაც, საერთო ჯამში, 17 სახლი გაძარცვეს. ბოლო ოპერაცია 23 აგვისტოს ჩატარდა. პოლიციამ დაჯგუფების 6 წევრი დააკავა.
კურტ ვოლკერი: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია
NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება და თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელის თქმით, კონფერენცია როცა პირველად დაფუძნდა, მას ჰქონდა ორი პრინციპული ამოცანა და ეს ამოცანები დღესაც რელევანტურია. „პირველი ამოცანაა დასავლეთიდან ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, რომ მათ ეს ქვეყანა გაიცნონ, რადგან ბევრი მცდარი შეხედულებაა საქართველოს შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა შორსაა და ეგზოტიკურია. ფრენას მთელი ღამე სჭირდება და ფიქრობ, რომ ის ახლო აღმოსავლეთშია. ამ ხალხის ჩამოყვანა და ქვეყნის გაცნობა მნიშვნელოვანია, რათა მათ თავად იგრძნონ და ნახონ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. კულტურულად, ისტორიულად, მენტალურად, ორიენტაციით ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდის, გავლენიანი ადმიანები არიან თავიანთ სამშობლოში. მეორე მიზანი კი არის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს დარჩენა დღის წესრიგში. მსოფლიოში ყოველთვის არის კრიზისები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს – ომი ერაყში, ომი სირიაში, ლიბიაში, ტაივანი, ახლა უკრაინა – და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს საქრთველო. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა, 15 წლის წინ და დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის გამოსავლის გზებზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლადაც. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოც,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ვოლკერის შეფასებით, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლავე მიენიჭოს, თუ მომავალში. „ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აცხადებენ, რომ სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. მას საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განცალკევება სურს და ეს ადამიანები ევროკავშირში ამბობენ, რომ არ სურთ ეს მოხდეს, არ სურთ ვლადიმერ პუტინის სურვილის მხარდაჭერა. ევროკავშირში ადამიანების სხვა ჯგუფი აცხადებს: „ჩვენ მივეცით საქართველოს გარკვეული კრიტერიუმები, მათგან ბევრი შესრულდა, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამიტომ, უნდა მოვიცადოთ," - განაცხადა ვოლკერმა თბილისში, მედიასთან საუბრისას. კურტ ვოლკერის შეფასებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია და ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ქართველი ხალხის, მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა. ცნობისთვის, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პუტინიზმის დამარცხება“ დღეს დასრულდა.