ძებნის რეზულტატი:
შარლ მიშელი: უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლისთვის გახდეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა, შეიძლება, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 2030 წლისთვის გახდეს. ამის შესახებ მიშელმა 3 ოქტომბერს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას.“ „უკრაინამ და სხვა კანდიდატებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს. 2 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ისტორიულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე კონსენსუსს მიაღწია.
IMF: სებ-ის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა,“ - განუცხადეს „ამერიკის ხმას“ საერთასორისო სავალუტო ფონდში. ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია. „ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა,“ - აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.
IMF განმარტავს, რატომ შეჩერდა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პრესსპიკერმა განმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დაააყენა და ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს”, - ამბობს ფონდის პრესსპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. ის აღნიშნავს, რომ პრობლემური იყო სულ ბოლოდროინდელი ცვლილებაც სანქციებთან დაკავშირებით: „უფრო ახლახან, ბოლოდოინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, - განმარტავენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში.“
სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვას, მიაჩნიათ თუ არა საქართველოს მთავრობა პრორუსულ პოლიტიკურ ძალად
„მიგაჩნიათ თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკურ ძალად?“ ეს შეკითხვა დაუსვეს ტრადიცულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს, ვედანტ პატელს. „მე უბრალოდ არ ვაპირებ ასე კატეგორიზაციას ამა თუ იმ გზით. ეს ჩემთვის შეუსაბამო იქნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან,“ - აღნიშნა პატელმა. ამავე პრესკონფერნციიდან: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია
ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.“ „NATO-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი,“ - განაცხადა პაველმა. პაველი ყოფილი გენერალი და NATO-ს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. პროცესი 11:00 საათზე განახლდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: რაიმე ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვდომოდა, ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის, რომ სხდომაზე როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე წარდგინების ავტორები მიიწვიეს, მიუთითებს, რომ სასამართლო არცერთი მხარის მიმართ არაა მიკერძოებული. „9 მოსამართლემ გადაწყვიტა ეს [საქმის განხილვა]. მიღებულია გადაწყვეტილება და სხდომაზე მოვიწვიეთ როგორც ერთი, ისე მეორე. ვაძლევთ ასპარეზს როგორც ერთ, ისე მეორეს, რომ სასამართლო დაარწმუნონ თავიანთი პოზიციის სისწორეში. რომ გვდომოდა რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. კანონში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახებინა არც წარდგინების ავტორები და არც პრეზიდენტის წარმომადგენლები და დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება. ვერ დაინახეთ ან არ გინდათ დაინახოთ, რომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო, ყოფილიყვნენ ჟურნალისტები წარმოდგენილები. კანონი იმასაც ითვალისწინებდა, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ის, რომ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და ეს პროცესი საჯაროდ ჩავატარეთ, მიუთითებს, რომ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებული,“ - განაცხადა ტურავამ. მერაბ ტურავას ასევე ჰკითხეს კომენტარის გაკეთებას შეფასებაზე, რომ სხდომის მიმდინარეობის დროს, „პრეზიდენტის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა.“ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, აგრესიული დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, დაადგენდნენ, რომ პრეზიდენტი სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო. „როდესაც დასკვნა დაიდება, მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი მის შინაარსზე. ზოგიერთი ტელევიზია ქმნის განცდებს, რომ წინასწარ იცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. პრეზიდენტთან მიმართებით აგრესიული დამოკიდებულება რომ მქონოდა, დავადგენდით, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე. ჩვენ ვთქვით რომ მისი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილები, რომ პრეზიდენტის პოზიცია წარმოადგინონ. არავითარი აგრესია არც პრეზიდენტის და არც წარდგინების ავტორების მიმართ არ გვაქვს. როდესაც დამთავრდება პროცესი, როდესაც მოვუსმენთ როგორც ერთ, ისე მეორეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის წარმომადგენლებს მივეცი დრო, ესაუბრათ ნებისმიერ საკითხზე, რაზეც სურდათ. არც ერთს და არც მეორეს ჩემი მინიშნება არ სჭირდება, თავადაც მშვენივრად იციან, რა ისაუბრონ. როგორც ერთი ისე მეორე წარმოდგენილები არიან კვალიფიციური იურისტებით,“ - განაცხადა ტურავამ. პრეზიდენტის წარმომადგენლების შეფასებით, სხდომაზე არათანაბარ პირობებში იყვნენ, ამ პრეტენზიას ტურავა ასე პასუხობს: „ბევრი რაღაც შეიძლება თქვა, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს - რა, შევზღუდეთ, საუბრის და კითხვის დასმის უფლება არ მივეცით თუ რა ფორმით გამოიხატა ეს?“ მისივე თქმით, საკითხზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ. ტურავამ ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი. მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციის კარნახით იღებს. „ამ კითხვას რომ მისვამთ, მე გიპასუხებთ, რომ აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვარ. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვიღებთ ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის შესაფერისია. როგორც კონსტიტუცია გვკარნახობს და გვავალდებულებს, ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
ყაზახეთში, საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის განვითარების გზებზე მსჯელობენ
ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო ფორუმი „ახალი აბრეშუმის გზა დაიწყო. ღონისძიებაზე, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის) განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, განიხილება სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა მულტიმოდალური ტრანსპორტის სფეროში. ფორუმზე განიხილება ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანობის გაზრდა და მიწოდების პირობების გაუმჯობესება. ფორუმის ფარგლებში ცენტრალური აზიის ტრანსპორტის, ლოგისტიკური მომსახურებისა და ტექნოლოგიების ყველაზე დიდი გამოფენა - TransLogistica გაიმართება. ფორუმის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ წერს. ცნობილია, რომ ბიზნეს ფორუმზში 23 ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა პროტოკოლი გააფორმეს
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სადავო სასაზღვრო ტერიტორიების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვის მიზნით შეხვდნენ, განაცხადეს, რომ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. მათ პროგრესზე მიანიშნეს, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, საიმუმინ იატიმოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება 2 ოქტომბერს გაფორმდა ყირგიზეთის ქალაქ ბატკენში. ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა თვეების განმავლობაში განიხილავდა სასაზღვრო დავების გადაჭრის მცდელობებს. „კონფლიქტები უფრო ნაკლებად უნდა მოხდეს, ამიტომ მოვაწერეთ ხელი #44 ოქმს", - განაცხადა იატიმოვმა. „ჩვენ გულმოდგინედ და კონსტრუქციულად განვახორციელებთ მას ეტაპობრივად, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და ფუნდამენტურ შეთანხმებას უმოკლეს დროში,“ - აღნიშნა იატიმოვმა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ პროტოკოლი „საფუძველს იძლევა ყველა სასაზღვრო საკითხის გადასაჭრელად.“ „ღმერთმა ქნას, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კომისიები უწყვეტად იმუშავებენ [ამ საკითხზე]. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გამოიწვევს მშვიდობასა და სტაბილურობას საზღვარზე,“ - აღნიშნა ტაშიევმა. ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას. 2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. ცნობისთვის, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი.
ნიგერი თხევადი ნავთობის გაზის ექსპორტს კრძალავს
ნიგერმა თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ყველა ექსპორტი აკრძალა. ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, იუწყება Reuters. ეროვნული პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს შიდა ბაზრის მომარაგებისთვის, ხოლო ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება, გამოითხოვოს სპეციალური ავტორიზაცია ექსპორტზე, ნათქვამია განცხადებაში. ნიგერი ჩვეულებრივ, ჭარბი დოზით ექსპორტს მეზობელ ნიგერიაში ახორციელებს. თხევადი ნავთობის გაზი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სათბობი ნავთობისა და ელექტროენერგიისა იმ ადგილებში, სადაც არ არის ბუნებრივი გაზის მილსადენი გაყვანილი.
ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნა. „რუსეთი საკვებს ანადგურებს, ლიეტუვა მის მიწოდებას ახდენს. ბალტიის პორტებში მარცვლეულის ტრანზიტისთვის დერეფანი მიღებულ და შეთანხმებულ იქნა, რაც უკრაინის საზღვარზე ზეწოლას შეამსუბუქებს და აფრიკასა და სხვაგან მიწოდებას გაზრდის. თანამშრომლობას შედეგები მოაქვს!” - წერს ლანდსბერგისი. ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, უკრაინა ეძებს ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის.
თბილისის კონკრეტულ უბნებში, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება
თბილისში, კონკრეტულ უბნებზე, 2024 წლის პირველი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის ბიზნესსექტორთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქში არსებული საცობების გამო მიმდინარეობს. „დღეს შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი ახალი და მოწესრიგებულია ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს მუნიციპალიტეტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ თბილისში ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს და ყველაფერი მოწესრიგებულია. რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს სამუშაო და აღნიშნული რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით. ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს კერძო ავტომობილების პარკი. დღეს პიკის საათში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ციფრია და აღნიშნული რაოდენობა ქმნის ე.წ. საცობებს, თუმცა არის ასევე პრობლემა რომ ამ საცობებში პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომობილებს, რომელიც ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით, კიდევ უფრო აფერხებს გადაადგილებას და ზრდის საავარიო სიტუაციების ალბათობას. ამ პრობლემის დასაძლევად ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი იქნებოდა დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვა პიკის საათებში. ეს მთელ თბილისს არ მოიცავს, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა არის პიკის საათებში. საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვთანამშრომლობთ ბიზნეს სექტორთან. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მარტივი ვერ იქნება,“ - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა განმარტა, კონკრეტულად რომელი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე და რომელ საათებში იმოქმედებს შეზღუდვა. „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე, აგვისტოს თვეში. გამონაკლისები, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება იქნება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. ჩვენ მათთან კომუნიკაციას ვახორციელებთ და ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია,“ - განაცხადა კალაძემ.
თბილისს მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს. „მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. „კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მივიჩნევთ - წესით, უნდა წავიდეს თანამდებობიდან
„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ - სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. კობახიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რა მოტივაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა იცის, პარლამენტში შესაბამისი რესურსი არ აქვს, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ „პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან“. „იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან 2022 წლის, თუ არ ვცდები აპრილში, მიმართა მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები, თუმცა მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას. გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან. ჩვენი მიზანი ეს იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი
საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა
შსს-ს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგა. უწყების ცნობით, აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს მესაზღვრე-კონტროლიორებს მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების გზით, მყისიერად და უტყუარად მოახდინონ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ძებნილი, გაძევებული, აკრძალვაზე მყოფი ან სხვა სამართალდამრღვევი პირების ზუსტი იდენტიფიცირება. „აღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. გარდა ამისა, სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება უზრუნველყოფს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პროცესის უკეთ წარმართვას. სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამები წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,“ - აცხადებს შსს.
ბლინკენი: პუტინის ქმედებები, მათ შორის, 2008 წელს საქართველოში, აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პუტინის ქმედებები, მათ შორის 2008 წელს საქართველოში, აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს. „მე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, რასაც უნდა ვეცადოთ, არის დარწმუნება იმაში, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხდება რეალურად. ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. ინტენსიური კონკურენცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს, თუ რა იქნება მომავალში. ერთ-ერთი კონკურენტი რუსეთი და პუტინის რუსეთია; ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა, რომლებიც მათ განახორციელეს არამხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ, სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა, მანამდეც, საქართველოში 2008, 2009 წლებში, ცხადყოფს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას," - განაცხადა ბლინკენმა ბეიკერის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა 2008 წლის ომია შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შეკითხვა კობახიძეს: ხომ არ შეიძლება, გადაიქცეს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმი ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად
„კონკრეტულ მაგალითის საფუძველზე ვსვამ შეკითხვას, მას შემდე, რაც ხელისუფლებას თუ მმართველ ძალას არ მოეწონა პრეზიდენტის გამონათქვამები, ხომ არ შეიძლება, გადაიქცეს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმი ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად, რადგან ამ შემთხვვეში ის არ მიდის კონკრეტულად პრეზიდენტთან შესახვედრად,“ ხსენებული შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ირინა იმერლიშვილმა, რომელმაც ფიროსმანის გამოფენაზე „პრეზიდენტის არგაშვებაზე“ მიუთითა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მთავარი კრიტერიუმი, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს მმართველი გუნდი, არის ნდობა. კობახიძემ მიუთითა, როდის „გადაკვეთა წითელი ხაზი პრეზიდენტმა.“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი „როდესაც 26 მაისის ღონისძიებაზე გამოვიდა პრეზიდენტი და მთავრობის საქმიანობის გამო მოუხადა ბოდიში აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს, წითელი ხაზი გადაკვეთა. ნდობა დაიკარგა,“ განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება გამოფენას, მისი განმარტებით, „კონკრეტულად ფიროსმანის გამოფენაზე წასვლაზე კი არ ეთქვა პრეზიდენტს უარი, არამედ, კონკრეტული თარიღიდან მოყოლებული უარი ეთქვა ვიზიტებზე მას შემდეგ, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევამ და მას შემდეგ, რაც აღიძრა იმპიჩმენტის პროცედურა.“
ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი“
არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ [TI] პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონპროექტი “შეკრებისა და მანიფესტაციის” კანონი ცვლილებებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით: მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი; შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება; ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. არასამთავრობოების შეფასებით, მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯია: „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს. დაინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით,” - წერია განცხადებაში. კანონპროექტს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება
რატომ განაცხადა ალიევმა უარი გრანადაში ჩასვლასა და ფაშინიანთან შეხვედრაზე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, იუწყება აზერბაიჯანული მედია. ვიზიტის ფარგლებში 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა. აზერბაიჯანული მედია მიზეზად საფრანგეთის „დესტრუქციული განცხადებებს და ამის გამო სიტუაციის გამწვავებას“ ასახელებს. „ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე,“ - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქოში ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ. სწავლებაში „Eternity-2023“ სამი ქვეყნის სამხედრო პერსონალი და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებისას, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამოცანები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანები შესრულდება. წვრთნების მთავარი მიზანი, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სამივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და თავსებადობის გაძლიერებაა.