ძებნის რეზულტატი:
უკრაინა ადასტურებს, რომ შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი „პაველ დერჟავინი" დაზიანდა
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის მიმდებარედ, რუსული საზღვაო ფლოტის გემი "პაველ დერჟავინი" დაზიანდა. პირველად ვადასტურებ ამ ინფორმაციას ოფიციალურად, ის დაზიანდა. დამატებით დეტალებს ვერ მოგაწვდით მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ასეთია," - განუცხადა დმიტრო პლეტენჩუკმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ გამოცემას. მისივე თქმით, „პაველ დერჟინი" ნამდვილად ეკუთვნის რუსულ ფლოტს, მიუხედავად იმისა რომ წარსულში უკრაინულ საზღვაო ძალებსაც ჰყავდათ ამგვარი დასახელების გემი. შავ ზღვაში რუსული გემის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა თავდაპირველად Telegram არხებზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა. მათ შორის შავი ზღვის, ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა".
ისრაელის თავდაცვის მინისტრი NATO-ს: მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ - 2023 არ არის 1943
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა. „ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს - 2023 წელი 1943 წელი არ არის. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები“, - აღნიშნა გალანტმა. გალანტის თქმით, „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი აფინანსებს. „ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ის არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალები გაანადგურებს „ჰამასს“. მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო. აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა. ორივე მხარემ განაცხადა, რომ NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ.
იენს სტოლტენბერგი: ისრაელი მარტო არ არის
NATO-ს მოკავშირეებმა ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტული თავდასხმები დაგმეს. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მინისტრებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის და NATO-ს რამდენიმე მოკავშირე სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ NATO ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს და დასძინა, რომ „ისრაელი მარტო არ არის.“ „მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელს და ცხადყვეს, რომ უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი პროპორციულად ამ გაუმართლებელი ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. მათ მოუწოდეს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არც ერთი ერი ან ორგანიზაცია არ უნდა შეეცადოს სიტუაციის გამოყენებას ან მის ესკალაციას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა. ორივე მხარემ განაცხადა, რომ NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა
გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს, კრძალავს „ჰამასის“ მხარდამჭერ აქტივობებს
გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, "სამარცხვინო" უწოდა. ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება საგარეო დახმარების არარსებობის პირობებში. ”მაგრამ ჰამასის მებრძოლები, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს, ამაში დამნაშავენი არიან,” - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან - "სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მკვლელობებს აღნიშნავს, ან ისრაელის დროშას დაწვავს, კანონის წინაშე პასუხს აგებს. „ეს საშინელებაა. ჩვენ არ შევეგუებით ანტისემიტიზმს.“ - მიმართა შოლცმა ბუნდესტაგს. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ პრო-პალესტინური დაჯგუფება სახელად Samidoun-ის საქმიანობა აიკრძალება. მან ჯგუფის წევრები მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ისინი შაბათს ბერლინის ქუჩებში ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების აღსანიშნავად გამოვიდნენ და გამვლელებისთვის ტკბილეულის დარიგება დაიწყეს. გერმანია აკრძალავს „ჰამასისთვის“ სახსრების მოზიდვას და სხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს.
ზამთრის დადგომამდე უკრაინის გაზის მარაგები მიწისქვეშა საცავებში 16 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს - „ნაფტოგაზი“
უკრაინის სს „ნაფტოგაზი“ ელოდება, რომ ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირის მარაგი ქვეყნის მიწისქვეშა საცავებში 16 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ წელს უკრაინის მიერ წარმოებული ბუნებრივი აირის რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა. ოლექსი ჩერნიშოის თქმით, „ნაფტოგაზი“ ასევე მუშაობს თავისი ობიექტების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად. უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, უკრაინას მომავალი გათბობის სეზონისთვის საკუთარი გაზი პირველად ექნება.
ირანის პრეზიდენტმა ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა
ირანის პრეზიდენტი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. ებრაჰიმ რაისი ყველა ისლამურ და არაბულ ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან „პალესტინის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ისრაელის სისასტიკეს ბოლო მოეღოს.“ „დღეს სიონისტებმა, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ღაზის სრული ბლოკადა განახორციელეს და შეუწყვიტეს წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება ამ რეგიონის ჩაგრულ ხალხს, მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა თვითგამოცხადებული დამცველები ცდილობენ მჩაგვრელისა და ჩაგრულის პირიქით წარმოდგენას თავიანთი ორმაგი სტანდარტებით, რაც სიონისტურ რეჟიმს თავდაჯერებას მატებს და პალესტინელების გენოციდის გაგრძელებას იწვევს,“ - აღნიშნა ებრაჰიმ რაისიმ. ირანული მედიის ინფორმაციით, მან ეს განცხადება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. „ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, დაამყაროს ასეთი კოორდინაცია რაც შეიძლება მალე, ისლამური ქვეყნების მეთაურებთან კონტაქტის გზით,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“ და ასევე მათ, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა. „ხელებზე ვეამბორებით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა,“ - განაცხადა ხამენეიმ 10 ოქტომბერს.
რატომ განაცხადა უარი ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე
დასავლური მედიის ცნობოთ, ეგვიპტე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზის სექტორისთვის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს. Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტე დიდი ხანია, ზღუდავს ღაზიდან ნაკადის შეშვებას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ყველაზე სასტიკი კონფლიქტების დროსაც. ეგვიპტის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ანკლავიდან პალესტინელების გამოსვლას სერიოზული შედეგები მოჰყვება. თავის მხრივ, ეგვიპტის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის შეტევა ანკლავის დაცლის სქემის ნაწილია. კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის დაჟინებით ითხოვს, რომ მხარეებმა კონფლიქტები თავიანთ საზღვრებში მოაგვარონ. ეგვიპტის შეფასებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პალესტინელებს შეუძლიათ, უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის უფლება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, - განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. 11 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ "ღაზას უნდა მიეწოდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების - საწვავის, საკვებისა და წყლის მარაგები“. „როიტერის“ წყაროების თანახმად, ჰუმანიტარული დერეფნის იდეა "გეოგრაფიულად შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში" განიხილეს ეგვიპტის, შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის მოლაპარაკებებზე. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარება ჰქონდა მხედველობაში. გაეროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, თითქმის 339 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლები – მათი უმეტესობა თავს სკოლებს აფარებს. ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
CNN: ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს ჩინეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა, 2 კი, დაკარგულია
CNN-ის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელზე, ჩინეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა. „დადასტურდა, რომ ჩინეთის სამი მოქალაქე დაიღუპა კონფლიქტის დროს, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და რამდენიმე დაიჭრა,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თუმცა როგორც CNN წერს, მას „ჰამასი“ არ უხსენებია. ჩინეთი „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ სიტუაციის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა „ჰამასის“ ქმედებები არ დაუგმია. ისრაელის ელჩმა ჩინეთში ირიტ ბენ-აბამ Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პეკინის პასუხის გამო იმედგაცრუებულია. „ველოდით, რომ ჩინეთი ახსენებდა „ჰამასის“ სისასტიკეს, ველოდით, რომ ჩინეთი დაგმობდა ტერორისტულ თავდასხმებს,“ - აღნიშნა ელჩმა.
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა
სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის, დავით თევზაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან „ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს.“ „ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა. ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას," - განაცხადა თევზაძემ.
იორდანიამ ღაზისთვის, სამედიცინო დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი გაგზავნა
იორდანიის ჰაშიმიტური საქველმოქმედო ორგანიზაციის, სახელმწიფო დახმარების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი, რომელიც ღაზისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით არის დატვირთული, იორდანიიდან გაფრინდა. დახმარება მოიცავს მედიკამენტებს და სამედიცინო აღჭურვილობას საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სააგენტოებისთვის, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებენ. დახმარება ჯერ ეგვიპტეში ჩავა და შემდეგ ხელისუფლებას გადაეცემა ღაზაში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა რომ „საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში.“ „დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, მე მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ როგორც მე ავღნიშნე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. „ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, ვიცით კარგად, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალეობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური - მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული და რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორბანი: საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან გაცილებით მარტივი უნდა იყოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებით იმსახურებს. „უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება, მივაკუთვნოთ, ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილნი და გაბრაზებულები ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე!“ - განაცხადა ორბანმა. „მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმას, რაც თქვენ ქვეყანაში განახორციელეთ. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ეკონომიკური დონე იყოს შენარჩუნებული, რომელიც ძალიან მაღალი იქნება, თქვენ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვანახეთ ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაშია. ვიხილავდით თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს ვიხილავდით. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს უმთავრესია განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან, ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ, ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა ორბანმა.
რა დოკუმენტები გაფორმდა უნგრეთსა და საქართველოს შორის
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ათ დოკუმენტს, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა − ირაკლი ღარიბაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა − ვიქტორ ორბანმა მოაწერა. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა − მარტონ ნოჯიმ. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა − ლაშა ხუციშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა − მიჰაი ვარგამ მოაწერა. ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა − ჯუანშერ ბურჭულაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა − კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა − რატი ბრეგაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა − ბენცე ტუჟონმა მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა − ჩაბა ლანტოშმა მოაწერა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი, „მწვანე დერეფანი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორბანის შეფასებით, ევროკავშირისთვის ეს უზარმაზარია პროექტია, რომელიც მრავალი წლების განმავლობაში მომავალში ეკონომიკური ზრდის წყარო იქნება ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის. ორბანის თქმით, ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე „ჩვენ ვერ მოვახდენთ ენერგოსისტემის, ეკონომიკის მოდერნიზებას.“ „მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია, რომ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ენერგოსისტემის, ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები, აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ორბანმა. მან საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებით მართვის, ფარმაცევტულ-ფისკალურ ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან, საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ სხვა კომპანიებს. ჩვენ, 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ უნგრეთში ჩამოვიდნენ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში. პრემიერმა განაცხადა, რომ მეგობრობისთვის ორივე ქვეყნისთვის ღრმა საფუძველი გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია. არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში. ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების. ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები გადაწყვეტენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომელიც ამ მემკვიდრეობაზე დგანან. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით, ჩვენ გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, 2 ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო,“ - აღნიშნა ორბანმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.
ისრაელის ელჩი: „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერათ
ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადის შეფასებით, „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერათ. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისრაელს აქვს უმძიმესი დღეები. შაბათს, 07:00 საათზე ტერორისტებმა შეაღწიეს ისრაელში რამდენიმე ლოკაციაზე. ასობით რაკეტა იყო გაშვებული ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. შეჭრა განხორციელდა რამდენიმე ტერიტორიიდან, მეტწილად ღაზიდან. რამდენიმე ქალაქი, ცენტრალური თუ სამხრეთ ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი, იყო ამ რაკეტებისა სამიზნე, რასაც შეეწირა ასობით მოქალაქის სიცოცხლე. დაახლოებით ერთი საათის წინ საჰაერო განგაში გამოცხადდა, თავდასხმა განხორციელდა ისრაელის ტერიტორიაზე, რის გამოც ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს ჩვენი 1300-ზე მეტი თანამოქალაქე. მათ მოკლეს ბავშვები, გააუპატიურეს ქალები,“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა. მისივე თქმით, 130-დან 150-მდე ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება ან „ჰამასის“ ტყვეობაშია. „90-ზე მეტი ოჯახი დღემდე ელოდება პასუხს, მათ შორის არიან ჰოლოკოსტს გადარჩენილი ხალხი“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა. მისივე თქმით, ტყვეთა შორის არის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან. ელჩის თქმით, „ჰამასი“ ვერ განახორციელებდა ამ თავდასხმას ირანისგან დაფინანსების, ლოგისტიკური მხარდაჭერისა თუ სხვა სახის ხელშეწყობის გარეშე. ელჩმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ ისრაელზე ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა. „ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრ ადგილას, თბილისში, ბათუმში განათებული იყო შენობები ებრაული დროშით. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ იმისთვის, რასაც აკეთებს. ეს არის არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია. ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, გამოხატოს ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ქალების, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც ტყვედ არიან ჩავარდნილები,“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ბლინკენი: ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა
„წარმოუდგენლად რთული დროა არამხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ, როგორც ებრაელი. მე პიროვნულად მესმის ის შემზარავი ექო, რაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა გამოიწვია არამხოლოდ ისრაელში მცხოვრები ებრაელებისთვის, არამედ, ყველა ებრაელისთვის მთელ მსოფლიოში,“ - ასე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „თქვენთან მოვედი, როგორც მამა, ახალგაზრდა შვილების მამა. ჩემთვის შეუძლებელია, დაღუპული ოჯახების ფოტოებს ვუყურო, ვუყურო მოკლული დედ-მამისა და სამი შვილის ფოტოს და საკუთარ შვილებზე არ ვიფიქრო. ჩვილები დახოცეს, გვამები წაბილწეს, ახალგაზრდები ცოცხლად დაწვეს, ქალები გააუპატიურეს, მშობლები დახვრიტეს შვილების თვალწინ, ბავშვები მშობლების თვალწინ. როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა აღვიქვათ?“- აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ მუდამ მის გვერდით იქნება. „გზავნილი, რომელიც მე ისრაელში ჩამოვიტანე არის შემდეგი: შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა იარსებებს, არასოდეს მოგიწევთ ეს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მკაფიო გაფრთხილებასნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, რომელიც ფიქრობს რომ მიმდინარე კრიზისით ისარგებლებს: „ნუ გააკეთებთ ამას.“ „ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი კაცების, ქალების, ბავშვების, მოხუცების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა.
ნეთანიაჰუ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ: „ჰამასი“ განადგურდება ისე, როგორც - ISIS-ი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის". მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადამ რომ ბლინკენის ვიზიტი იყო „ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის.“ „ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, „ჰამასთან“ ურთიერთობა ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს. „არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდეს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ბუდანოვი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში რუსეთის კვალზე მიუთითებს
ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, „ჰამასის“ „რუსულ კავშირებზე“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი საუბრობს. კირილ ბუდანოვი „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებების უკან რუსული კვალის დამადასტურებელ ფაქტებზე მიუთითებს. ის მიიჩნევს, რომ კრემლის ჩართულობის მთავარი ფაქტებია - რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტებისთვის იარაღის გადაცემა; რუსული კოსმოსური აპარატის გადაყვანა ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაზვერვის ჩასატარებლად; ლიბანში "კრემლის" პროპაგანდისტული რადიომაუწყებლობის ჩართვა; თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება. „კამიკაძე დრონების გამოყენება ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც გაიარეს ჩვენი სამხედრო ოპერაციების თეატრი. რადგან ჩვენ იქ არ ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ რუსები იყვნენ," - აღნიშნა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ახლა უკრაინა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოქალაქეების გადასარჩენად. ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია
პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში ეპოქის შემქმნელი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის, თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.“ დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა. „ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აქ მომიწვიეთ სწორედ დღეს, როცა თქვენი ახალი მსოფლიო ტურნე იწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ სიახლეებში ხართ და ეს ალბათ, თქვენი ერთ-ერთი მუდმივი ნიშანია, რომ სულ რაღაც ახლის დაწყება გიწევთ და ამისათვის ყოველთვის გქონდათ და დღესაც გაქვთ ენერგია და მზაობა. მინდა მოგილოცოთ ეს დღე. უკვე დიდი ხანია ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა თქვენთვის ეს ორდენი გადმოგვეცა და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო-ანუ, თამარ მეფის ორდენით. ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის. ქალბატონო ნონა, თქვენ ყველა ასაკისთვის და მით უფრო ახალგაზრდებისთვის უდიდეს მაგალითს წარმოადგენთ. მაგალითს იმისას, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უნდა ეძებდე უფრო და უფრო დიდ წარმატებას. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წარმოადგინო შენი ქვეყანა გარეთ და ქვეყნის შიგნით მე ვიტყოდი, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება. ანუ თუ ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ. მე მგონი, რომ თქვენს ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტური, რომელიც ახლა იწყება, სწორედ ამ ნიშნითაცაა გამორჩეული, რომ თქვენ გარეთ გაიტანოთ არა თქვენი თავი, (ვიცი რომ, თქვენი თავმდაბლობა ამას ვერ აიტანდა) არამედ საქართველოს ის სახე, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ და რომელსაც ქვეყნის გარედანაც პატივი უნდა სცენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისთვის და მიიღეთ ჩემი პატივისცემა,” - განაცხადა პრეზიდენტმა.
1982 წლის შემდეგ პირველად, ისრაელის ავიახაზები შაბათ დღეს ფრენას შეასრულებს
ისრაელის ავიახაზები El Al 1982 წლის შემდეგ პირველად, შაბათ დღეს ფრენას შეასრულებს. ფრენის შესრულება სამხედრო სარეზერვო მოვალეობის შესასრულებლად გამოძახებული ისრაელელების, ასევე საზღვარგარეთ მყოფი უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების ქვეყანაში ჩამოყვანად გადაწყდა. ისრაელის ეროვნული ავიაკომპანია აცხადებს, რომ ემზადება ფრენების განხორციელებას ამ შაბათს აშშ-დან და აზიიდან, რათა დაეხმაროს ისრაელის არმიის რეზერვისტების დაბრუნებას, რომელთა დაბრუნება ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტერორისტულ ჯგუფთან „ჰამასთან“ მიმდინარე ომის დროს. სარეზერვო ჯარისკაცები შაბათს უფასოდ დაბრუნდებიან უკან ორი Boeing 787 თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან. ფრენების ღირებულებას El Al და აშშ-ის მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები დაფარავს, ნათქვამია El Al-ის განცხადებაში. EI AI განმატავს, რომ ავიაკომპანია ემორჩილება ებრაულ სამართლებრივ პრინციპს, ე.წ. pikuah nefesh-ს, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის გადარჩენა თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნას აღემატება. ინფორმაციისთვის, ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ ისრაელში მიჩნეულია შაბათი. შაბათი აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა. შაბათი ებრაელმა უნდა მიუძღვნას ლოცვებისა და თორის კითხვას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოკიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. განცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. ხსენებული გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ თავის შემადგენლობაში ე.წ. “სპორტული ორგანიზაციების” მიღებას უკავშირება, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მდებარეობენ. „ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო, საკუთარ შემადგენლობაში რეგიონალური სპორტული ორგანიზაციების მიღების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მმართველობაში იმყოფებიან (კონკრეტულად კი დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების), წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას, ვინაიდან უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად არის აღიარებული,”- წერია განცხადებაში. გადაწყვეტილება დაუყონებლივ შედის ძალაში. გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (როგორც ეს ოლიმპიურ ქარტიაში არის განსაზღვრული) და ოლიმპიური მოძრაობისგან არანაირი დაფინანსების მიღება არ შეუძლია.