ძებნის რეზულტატი:

ისრაელი აცხადებს, რომ არ შეუშვებს ღაზის სექტორში დახმარებას, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რეგიონის ალყა შენარჩუნდება, ვიდრე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს დაახლოებით 150 მძევალს. ისრაელს ღაზაზე მასიური იერიშებ მიაქვს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა გადაკეტა პირველადი მოხმარების პროდუქტის მიწოდება ღაზის სექტორში, შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.    „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებასთან ერთად, ძლიერი მწვანე შუქი იყო ისრაელისთვის, რათა გაეგრძელებინა „ჰამასის“ მიმართ შურისძიება შაბათ-კვირის თავდასხმის შემდეგ, წერს AP.   ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება,  ვიდრე იარსებებს. „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 247 ჯარისკაცია. ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზაში, ორივე მხარის ცნობით, დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" დაახლოებით 1500 მებრძოლი მოკლეს ისრაელის შიგნით და რომ ღაზაში დაღუპულია "ჰამასის" ასობით წევრი.

ნათია თურნავა: IMF-თან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. „შეხვედრისას მხარეებმა სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს.“ "შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. ჯიჰად აზურთან შეხვედრისას ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება ფასების სტაბილურად შენარჩუნების ამოცანის მიმართ. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია    

„ამერიკა მზად უნდა იყოს ჩინეთთან და რუსეთთან ერთდროული ომებისთვის“ - აშშ-ის ბირთვული პოლიტიკისა და სტრატეგიული სტაბილურობის ანგარიშის დეტალები

12 ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის სტრატეგიული გეგმის კომისიამ აშშ-ის ბირთვული პოლიტიკისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 12 წევრისგან (ექვსი დემოკრატისაგან და ექვსი რესპუბლიკელისაგან) შემდგარი კომისია კონგრესმა 2022 წელს აირჩია, რათა გრძელვადიანი საფრთხეები შეეფასებინა, განეხილა აშშ-ის ძალების პოზიციაში ცვლილებები და რეკომენდაციების მიწოდების საკითხები. შეერთებული შტატები უნდა მოემზადოს რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომებისთვის თავისი ძალების გაფართოებით, ალიანსების გაძლიერებით და ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაძლიერებით, განაცხადა ორპარტიულმა პანელმა 12 ოქტომბერს. თუმცა პანელის სადაზვერვო ანგარიშებმა აჩვენა თუ არა ჩინეთსა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის მიმართულებით რაიმე თანამშრომლობა, მოხსენების მონაწილე მაღალჩინოსანმა არ განმარტა. როგორც Reuters-ი მიუთითებს, ანგარიში ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად. „არსენალის შემადგენლობა ჯერ კიდევ აჭარბებს იმას, რაც აუცილებელია საკმარისი რაოდენობის მოწინააღმდეგის რისკის ქვეშ დასაყენებლად, რათა შეაჩეროს მტრის ბირთვული თავდასხმა," - განაცხადა თავის მხრივ, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ადვოკატირების ჯგუფმა მოხსენების საპასუხოდ. „აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის შეკავებისა და დამარცხებისთვის ერთდროულად. „აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო წესრიგსა და მის მიერ დაცულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნიან ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმები,“ - განაცხადა კომისიამ.  „ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეები მწვავე 2027-2035 წლებში გახდება, ამიტომ, „გადაწყვეტილების მიღება ახლაა საჭირო, რათა ქვეყანა მზად იყოს,“ წერია 145-გვერდიან მოხსენებაში. რეკომენდაციები მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის 30-წლიანი პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყო და 2017 წელს 2046 წლისთვის დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა, სრულად უნდა დაფინანსდეს, მიწოდების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გრაფიკის მიხედვით განახლებისთვის. სხვა რეკომენდაციები მოიცავდა უფრო მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აზიასა და ევროპაში, და უფრო მეტი B-21 სტელსის ტიპის ბომბდამშენების და ახალი კოლუმბიის კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებას, ვიდრე ახლაა დაგეგმილი. „თუ ასეთი ზომები არ მიიღება, შეერთებულმა შტატებმა "სავარაუდოდ," უნდა გაზარდოს თავისი დამოკიდებულება ბირთვულ იარაღზე, ნათქვამია მოხსენებაში.  

მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მამას, ისა შახმაროვას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კაცი რუსთავის პოლიციაში ჩვენებას გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში აძლევდა. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადებით, ის საქართველოში წლების განმავლობაში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილი მოუკლეს. მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა 14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.  

„საქსტატი“: იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია. სტატისტიკის თანახმადვე, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 18.3 პროცენტით). „საქსტატის“ ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.  

Reuters: ისრაელის რეზერვისტები ყველაფერს ტოვებენ და სახლისკენ ჩქარობენ

„ზოგი საქორწინო მოგზაურობაში იყო, ზოგიერთი საზღვარგარეთ სწავლობდა, ბევრი ახალ ცხოვრებას ქმნიდა უცხო ქვეყნებში, მაგრამ როდესაც ისრაელმა გამოიძახა თავისი რეზერვისტები და ომი გამოაცხადა, პასუხი იყო სწრაფი და აბსოლუტური,“ ასე იწყებს სტატიას Reuters-ი და წერს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა 360 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ რეზერვისტების უმეტესობა უკვე იმყოფებოდა ისრაელში გაწვევის დროს - ეს არის ყველაზე დიდი ასეთი სავალდებულო მობილიზაცია 1973 წლის იომ ქიფურის ომის შემდეგ. ბევრი ადამიანი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო იყო წასული, თუმცა მიატოვეს ყველაფერი, რათა უკან დაბრუნებულიყვნენ.„ყველა მოდის. არავინ ამბობს უარს," - ამბობს 24 წლის იონატან შტაინერი, რომელიც ნიუ-იორკიდან დაბრუნდა. 23 წლის 23 წლის ნიმროდ ნედანმა,  რომელიც ლიეტუვაში მედიცინას სწავლობდა, განაცხადა, რომ მეგობრები და ნათესავები დაეღუპნენ ან დაიკარგნენ „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, რამაც მას მოქმედებისკენ უბიძგა.„არ შემიძლია, უმოქმედოდ ვიჯდე და მედიცინა ვისწავლო, მაშინ, როცა ვიცი, რომ ჩემი მეგობრები იბრძვიან და ჩემი ოჯახი დასაცავია," - ამბობს ნიმროდ ნედანი. სამხედრო სამსახური ისრაელში სავალდებულოა 18 წლის ასაკს მიღწეული ყველა ადამიანისთვის. კაცები 32 თვიან, ქალები კი - 24-თვიან სავალდებულო სამხედრო წვრთნებს გადიან. ამის შემდეგ 40 წლის ასაკამდე ადამიანთა უმეტესობა ისრაელის აქტიურ რეზერვში ირიცხება. ომის დროს ისინი რეგულარული ჯარების გვერდით იბრძვიან. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.დიპლომატის მდგომარეობა სტაბილურია.უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივზე, რომელიც საელჩოზე არ მომხდარა, გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს.  

26-27 ოქტომბერს თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, 26 - 27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც  მაღალი ინტერესია  როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის, რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და  ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.  მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.  

აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ კომპანიას, რომლებიც მოქმედი სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ტანკერმა Primorye-მ, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რუსული ნავთობის ბარელი 75 დოლარად გაყიდა, ხოლო თურქული კომპანიის კუთვნილმა ტანკერმა YasaGolden Bosphorus-მა ერთი ბარელი 80 დოლარზე მაღალ ფასად გაყიდა. ამასთან, გემის მფლობელები ამერიკული კომპანიების მომსახურებას იყენებდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.  

„ბანკი ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

„ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის პოსტზე გრიგოლ კაცია ზურაბ გელენიძემ შეცვალა. გელენიძე სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა. ასევე  წლების განმავლობაში  იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი. მანამდე საბანკო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე: 2011 – 2013 წლებში იყო  დირექტორის მოადგილე  "თიბისი ბანკში".  2010–2011 წლებში - HSBC საქართველოს  კომერციული ბანკინგის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2006 - 2010 წლებში -  კომერციული დირექტორი  БТА Silk Road  ბანკში; 2004 - 2006 წლებში  იყო "იბერია რეფრეშმენტს" - ის ფინანსური დირექტორი.  1998 - 2004 წლებში მუშაობდა  "საქართველოს ბანკში."  

პუტინი და ლუკაშენკო დსთ-ს ფორმატის „არასრულყოფილად მუშაობას“ უჩივიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია. „ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა - მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან, ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკო დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების საბჭოს სხდომაზე აცხადებდა, რომ სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. „საქართველომ პირველმა დატოვა ჩვენი ასოციაცია, უკრაინა დე ფაქტო ჩვენთან არ არის. მოლდოვასთან დაკავშირებით დიდი კითხვებია. სამწუხაროდ, სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა," - აღნიშნა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება. მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო  

ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ჰააგაში მოქმედი ამ სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ომის შესაძლო დანაშაულზე, რომელიც ისრაელში ჩაიდინეს „ჰამასის“ მეომრებმა და ისრაელელებმა - ღაზის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის მისი წევრი. Reuters-ის ცნობით, სასამართლოს აქვს იმის უფლება, პასუხისგებაში მისცეს პალესტინელთა გასამხედროებული გაერთიანება „ჰამასი,“ რომელიც ღაზას მართავს. „თუ იქნება იმის დასტური, რომ პალესტინელებმა, „ჰამასმა“ ან "ალ-ყუდსის ბრიგადებმა“, ან "ჰამასის" გასამხედროებულმა ფრთამ, ან სხვა პირმა, ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ გვაქვს იურისდიქცია, სადაც უნდა იყოს ის ჩადენილი, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა. 7 ოქტომბერს, როცა „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს, საპასუხოდ კი, ისრაელმა დაბომბა ღაზის სექტორი, ხანმა განაცხადა, რომ ეს კადრები იყო „სულისშემძვრელი.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს იურიდიულ დევნას შესაძლო დანაშაულის გამო იმ შემთხვევებში, თუ 123 წევრ სახელმწიფოს არ სურს, ან არ შეუძლია, აწარმოოს სასამართლო პროცესი დამოუკიდებლად. ჰააგის ამ სასამართლოს წევრები არ არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და სხვები. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გასცემს ისრაელის და პალესტინელთა რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ კონფლიქტის მონაწილეებზე დაპატიმრების ორდერებს, გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. სასამართლო გამოძიებას პალესტინელთა ტერიტორიებზე შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტების გარშემო 2021 წლიდან აწარმოებს, რასაც ისრაელი არ აღიარებს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა რუსულ ხომალდებს საზღვაო დრონებით შუეტიეს - SBU-ს წყარო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა საზღვაო დრონებით ერთობლივად შეუტიეს რუსეთის Buyan-ის კლასის კორვეტს (იალქნიანი სამხედრო ხომალდი) და გემ "პაველ დერჟავინს“. ამის შესახებ Ukrinform-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. დეტალები ჯერ არ არის გასაჯაროებული, მაგრამ, წყაროს ცნობით, ორივე გემს უკრაინული ექსპერიმენტულმა თვითმფრინავმა (Sea Baby) დაარტყა. უკრაინის უშიშროების სამსახური აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინის წყლებში ნაოსნობისგან თავი შეიკაოს, თუ მათ სურთ, რომ შეინარჩუნონ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ზოგიერთი ნარჩენი მაინც. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი 12 ოქტომბერს ადასტურებდა, რომ შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის მიმდებარედ, რუსული საზღვაო ფლოტის გემი "პაველ დერჟავინი" დაზიანდა. პირველად ვადასტურებ ამ ინფორმაციას ოფიციალურად, ის დაზიანდა. დამატებით დეტალებს ვერ მოგაწვდით მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ასეთია," - განუცხადა დმიტრო პლეტენჩუკმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ გამოცემას.   

პრეზენტის იმპიჩმენტი: დასკვნა დაწერილია, ცნობილია, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს - 16 ოქტომბერს. ტურავას თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ. „საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში - პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს. ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს. ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ, თავიანთი კორექტურა შეიტანონ,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს - „ქართულ ოცნებას” იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არ აქვს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პრეზიდენტმა ისრაელის ელჩთან ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახეოლმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა.  7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ-ით იზრდება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა ძირითადი ყურადღება იმ უწყებების დაფინანსებაზე გაამახვილა, რომლებიც კომიტეტის ინტერესის სფეროში შედიან. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს ერთ მილიარდ 210 მლნ ლარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 205 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის -263 მლნ. ლარი, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის - 17 მლნ 500 ათასი ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის - 90 მლნ ლარი. „მომდევნო წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 5,2%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზრდაზე. ნომინალური მშპ იქნება 85,4 მლრდ ლარი, ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ და იქნება 2,5% მშპ-სთან მიმართებაში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი იქნება 38,2%-ის ფარგლებში. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იქნება 23 მლრდ 882 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 24 მლრდ 161 მლნ ლარი,“ - განცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხის მესამედზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიემართება. როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი, კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას გააგრძელებენ, მოხდება ფისკალური რესურსების გადათვლა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია ნოემბრის შუა რიცხვებში წარედგინება პარლამენტს. სხდომაზე გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც საბოლოოდ კომიტეტის დასკვნაში აისახება. „სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი განვიხილეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავშირდება. მისასალმებელია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საბიუჯეტო ასიგნებების ზრდა ხდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს, ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას. ეს, რა თქმა უნდა, ხორციელდება ჩვენი მყიფე უსაფრთხოების გარემოს შესაბამისად, ისევე როგორც იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემის წინაშე დგას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება პრემიერ-მინისტრმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდებოდა.  

თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტეს, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. „პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სხდომაზე თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის წარდგინება განიხილა. საკითხი პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. 2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება

უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიისადმი, პერსპექტივას უხსნის საქართველოსთვის, რომ მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში ისაუბრა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტზე, რომელიც შვედეთში მიმდინარეობს. ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან - რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთელი ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. „უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ ვითარებას „ისტორიული გზაგასაყარი“ უწოდა. „მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ტერორისტული რუსეთი მოახერხებს თავისუფლების გატეხას, და მაშინ მთელ ჩვენ კონტინენტზე გავრცელდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთში არსებობს, ან თანამშრომლობის ბევრი დონისა და ფორმატის მეშვეობით, კერძოდ რეგიონალური, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვით, რუსეთი ამ წინააღმდეგობაში აგებს. და როდესაც ის აგებს, შედეგად, რეალიზებული იქნება ისტორიული შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით, სამხრეთ კავკასიამდე“,- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს  

ლოიდ ოსტინი ისრაელში: ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის - ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, „ჰამასი“ უნდა დაგმოს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თელ-ავივში ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა სისასტიკეზე ორაზროვნად საუბრისა და ნეიტრალიტეტის დრო არ არის. ოსტინის თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ ყველამ უნდა დაგმოს. „ახლა ნეიტრალიტეტის, ცრუ ექვივალენტურობის, მიუტევებელი ქმედების პატიების დრო არ არის. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება და ეს განსაკუთრებით ეხება „ჰამასის“ ამ მძვინვარებას. ყველამ, ვისაც სურს ამ რეგიონში მუდმივი მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა დაგმოს „ჰამასი“ და მისი იზოლირება მოახდინოს,“ - აღნიშნა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, „ჰამასის“ საქმიანობა სისხლისმსმელი და ფანატიკურია, რომელიც მას „ისლამურ სახელმწიფოს“ ახსენებს. „ჰამასს“ არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ფანატიზმისა და სიკვდილის გარდა,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. „ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს,“ - აღნიშნა ოსტინმა.  

გერმანული KfW უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად $80 მილიონს გამოუყოფს

გერმანული დეველოპერული ბანკი KfW უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორს Ukrenergo-ს 76 მილიონი ევროს ($80 მილიონი) გრანტს გადასცემს. მიზანი უკრაინის ენერგეტიკული შესაძლებლობების გაძლიერება და დაცვაა. თანხები მოხმარდება არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ახალი მაღალი ძაბვის აღჭურვილობის დამონტაჟებასა და ქვესადგურების დაცცვას. არაერთმა სხვა გერმანულმა კომპანიამ ასევე მიაწოდა Ukrenergo-ს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად საჭირო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.