ძებნის რეზულტატი:
ისრაელის შემდეგ ბლინკენი კიდევ ხუთ ქვეყანას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა. ამის შესახებ ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება, და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად,” - განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, შეხვედრებზე ის ასევე ისაუბრებს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო რეგიონის მიღწევის გზებზე. ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა მოლაპარაკებას ღაზის სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე, ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გამოშვების სანაცვლოდ. კატარმა დაადასტურა, რომ ის მედიაციის საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ Reuters-თან საუბარში ისრაელის წარმომადგენელმა უარყო რომ რაიმე სახის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა. „ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ. უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს.
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. „რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.“ აშშ-ის ახალი ელჩის 4 პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია
მილიარდერი ჩარლზ ფინი, რომელმაც ქველმოქმედებას 8 მილიარდი დოლარი შესწირა, გარდაიცვალა
ამერიკელი მილიარდერი ჩარლზ "ჩაკ" ფინი, მეწარმე და ინვესტორი, რომელმაც მრავალმილიარდიანი ქონება დააგროვა და შემდეგ ეს ყველაფერი ქველმოქმედებას მოახმარა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფინიმ თავისი ქონება დიდი ნაწილი მას შემდეგ დააგროვა, რაც 1960 წელს, კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ერთად დააარსა Duty Free Shoppers - მომავალში საცალო გაყიდვების გიგანტი. ფინიმ თავისი ქონება დიდი ნაწილი მას შემდეგ დააგროვა, რაც 1960 წელს, კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ჯგუფელებთან ერთად დააარსა Duty Free Shoppers-ი - მომავალში საცალო გაყიდვების გიგანტი. შემოწირულობებით მხარი დაუჭირეს განათლებას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებსა და სხვა. საქველმოქმედო ფონდი Atlantic Philanthropies-ი 2020 წელს დაიხურა მას შემდეგ, რაც მილიარდერის ფონდმა მისია შეასრულა. საერთო ჯამში, Atlantic Philanthropies-მა 8 მილიარდი გაიღო ხუთი კონტინენტისთვის - მათი დიდი ნაწილიც ანონიმურად დაიხარჯა, ამბობენ ფონდში. „გაცემა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე ცოცხალი ხარ, ვიდრე „გაცემა“, როცა მკვდარი ხარ,"- ამბობდა მილიარდერი მას ეკუთვნოდა იდეა - „გაეცი, სანამ ცოცხალი ხარ“, რაც სხვა მილიარდერებისთვისაც მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ჩარლზ ფინი გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში, სადაც ნაქირავებ ბინაში მოკრძალებულად ცხოვრობდა. ათწლეულების განმავლობაში ფინი სხვადასხვა მდიდრული რეზიდენციების მფლობელი გახდა ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, ჰონოლულუში, სან-ფრანცისკოში, კოლორადოსა და საფრანგეთის რივიერაზე, თუმცა, როდესაც 50 წელი შეუსრუდა, მილიარდერი სიმდიდრის მნიშვნელობაზე დაფიქრდა - გადაწყვიტა, დაებრუნებინა ის მარტივი ფასეულობები, რომლებიც ნიუ ჯერსის მოკრძალებულ კათოლიკურ და მუშათა კლასის ოჯახში შეიძინა. მისი Facebook პროფილის აღწერილობაში წერია: „ჩემი მიზანია გაცემა, ვიდრე ცოცხალი ვარ.“ ფინმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრების წესი: დაიწყო მხოლოდ 10-დოლარიანი საათის ტარება, უარი თქვა მდიდრების წრეზე და ლიმუზინს მეტრო ამჯობინა. იმავდროულად, გადაწყვიტა, დაეწყო ფულის ანონიმურად, ქველმოქმედების მიზნით ხარჯვა. ფინის ფარული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მხოლოდ 1997 წელს გახდა ცნობილი, და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი იმპერიის გაყიდვამ Louis Vuitton Moët Hennessy-ზე, გარკვეული სამართლებრივი მექანიზმები მოითხოვა, რაც მას აღარ აძლევდა უფლებას, ანონიმურად ემოქმედა.
ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად, ორ გემსა და სადაზვერვო თვითმფრინავებს გაგზავნის - Times
ბრიტანეთი სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნის და დაიწყებს სადაზვერვო ფრენებს ისრაელის თავზე სამხედრო მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, იტყობინება გაზეთი Times-ი წყაროს მითითების გარეშე. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Times-მა განმარტა, რომ სამეფო ფლოტის დამხმარე გემი რეგიონში გაიგზავნება. წყარო
აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, - აღნიშნა რობინ დანიგანმა. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
აშშ და საქართველო ხაზს უსვამენ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას
აშშ-ის ახალმა ელჩმა, საქართველოში თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა. ამ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამერიკულ მხარეს ცნობა არ გაუვრცელებია. მათ დღეს დილით გვაცნობეს, რომ ახალი ელჩი უკვე საქართველოში ჩამოვიდა. რაც შეეხება საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. რას მოიცავს ეს მიმართულებები და როდის გაფორმდა დოკუმენტი ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. მას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან - სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მალევე დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ხსენებული ნაბიჯი მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან უკვე გავლილი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა 2020 წლის 24 იანვარს გაიმართა. კერძოდ, ეს იყო ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული პროგრამების სამუშაო ჯგუფი. რაც შეეხება პლენარულ სესიას, რომელშიც სახელმწიფო მდივანი და პრემიერი მონაწილეობდნენ (მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე), უკანასკნელად ჩატარდა 2019 წლის 11 ივნისს ჩატარდა. ქარტიის პლენარული სესია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, კოვიდპანდემიის გამო გადაიდო. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა. დოკუმენტის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო: 1. ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით. 2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. 3. ხაზს ვუსვამთ ორმხრივ სურვილს გავაძლიეროთ ურთიერთობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, დიპლომატიის, მეცნიერების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები წინამდებარე ქარტია ეფუძნება მხარეებისათვის საერთო ძირითად პრინციპებსა და შეხედულებებს: 1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს. 2. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო გაგებას და აღიარებას ერთობლივი რწმენისა, რომ დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკური ლეგიტიმურობის და შესაბამისად, სტაბილურობის მთავარ საფუძველს. 3. დემოკრატიათა შორის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის. 4. ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელსაც შესწევს პასუხისმგებელი თავდაცვის ძალა, წვლილი შეაქვს არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. 5. საქართველოს მზარდ დემოკრატიას ძალუძს ასპარეზი მისცეს თავისი შრომისმოყვარე მოქალაქეების შემოქმედებით პოტენციალს, რითაც მკვეთრად გაიზრდება კეთილდღეობა როგორც მთელ რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 6. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები ევროატლანტიკური თანამეგობრობის სხვა ერებთან პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროებში. 7. პარტნიორები აცხადებენ, რომ მათ საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტებში, საქართველოს მიერ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე. ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორივე ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ერაყში კოალიციის ძალისხმევაში. ამით საქართველომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს საერთო პრიორიტეტს და ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება. ამასთან, აღსანიშნავია 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ალიანსის განაცხადი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. 1. NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო შეადგენენ და შეასრულებენ ორგანიზებულ გეგმას, რომლის მიზანია ნატოსა და საქართველოს შესაძლებლობების თავსებადობისა და კოორდინაციის ამაღლება, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის გაუმჯობესების გზით. 2. აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოსა და რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ აღებელ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის. 3. აცნობიერებენ რა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებით გამოწვეულ მზარდ საფრთხეს, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვალდებულებას იღებენ იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი განხორციელებით და ამგვარი კონტროლის გაძლიერებით. 4. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შესაბამის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის ჯეროვანი, ნატოსთან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით. ნაწილი III: ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს გავაფართოვოთ თანამშრომლობა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის წახალისებისათვის, საბაზრო-ეკონომიკური რეფორმის და ლიბერალიზაციის მხარდასაჭერად, ბიზნეს-გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშესაწყობად. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვაჭრობას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური ზრდის, განვითარების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის, მივესალმებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამხრეთული დერეფნის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში და შესაბამის საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში. 1. ვაღიარებთ რა, ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის გაზრდილი ინვესტიციების მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს მივაღწიოთ შეთანხმებას “ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების შესახებ”, რათა გაიზარდოს “შეღავათების ზოგად სისტემაში” საქართველოს დაშვება და შესწავლილ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა. 2. ამერიკის შეერთებული შტატები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ სტაბილიზაციაში. ჩვენ განზრახული გვაქვს, ერთად ვიმუშავოთ საქართველოს ხალხის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისათვის გამიზნული პოლიტიკისა და პროგრამების გასატარებლად, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ინვესტიციებისა და მდგრადი გაუმჯობესების მეშვეობით საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 3. ვაღიარებთ რა, გამართულად მომუშავე, ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს შევისწავლოთ საქართველოში ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ენერგოეფექტიანობა და გავზარდოთ ევროპული ბაზრებისკენ საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული ტრანზიტის ფიზიკური უსაფრთხოება. ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო განვავითაროთ აზერბაიჯანსა და თურქეთთან ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის შედეგიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები, რათა შეიქმნას ახალი სამხრეთული დერეფანი, რომელიც დაეხმარება საქართველოს და დანარჩენ ევროპას აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იმპორტის უზრუნველყოფით მოახდინონ ბუნებრივი აირის მომარაგების დივერსიფიკაცია. ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება აღიარებენ რა დღეისათვის საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, ჩვენი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ მედიის თავისუფლების, პარლამენტის, სასამართლო რეფორმის, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებისათვის. ჩვენ ერთხელ კიდევ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიის, შემწყნარებლობის და ყველა თემის მიმართ პატივისცემის საერთო ღირებულებებისადმი და განზრახული გვაქვს ვითანამშრომლოთ შემდეგ საკითხებში: 1. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რათა ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიისათვის დახმარების გაწევის გზით. 2. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ სამართლის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საქმეში, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ჩათვლით. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დახმარება გაუწიოს ამ პროცესს, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და პოლიციის ოფიცრების ტრეინინგის ჩათვლით. სამართალდამცავი და სასამართლო შტოს გაფართოებული ურთიერთობების მეშვეობით, ჩვენ ვგეგმავთ ჯეროვანი ძალისხმევა მივმართოთ ისეთი საერთო ტრანსნაციონალური დანაშაულის საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ადამიანებით და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და კომპიუტერული დანაშაული. 3. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ, რათა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებისა და მედიის ჩართვის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ კარგი მმართველობის გაუმჯობესებას. 4. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო პირობას ვდებთ, ვითანამშრომლოთ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდისათვის, მათ შორის წავახალისოთ პოლიტიკური პარტიების განვითარება, ანალიტიკური ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მონაწილეობით სრულვყოთ კანონმდებლობა და გავატაროთ რეფორმები უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. 5. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მოხდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი, მოქალაქეების ინტერესების მხარდაჭერა, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და უზრუნველვყოთ საჯარო მოხელეებზე ზედამხედველობა. ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო გამოხატავენ სურვილს, მოხდეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პროგრამების გაფართოება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიისა და დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას და გაზრდის ურთიერთგაგებას. 1. აღიარებენ რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას, ორივე მხარეს განზრახული აქვს შემდგომში ხელი შეუწყონ კულტურულ და სოციალურ გაცვლას და საქმიანობას ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX), სტუდენტური გაცვლა (UGღAD), საკანონმდებლო განათლება და პრაქტიკა (LEAP), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამა და ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამა. 2. ხაზს ვუსვამთ რა ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის სიახლეებისა და დინამიზმის აუცილებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს უზრუნველვყოთ გაძლიერებული თანამშრომლობა უმაღლესი განათლების, ბიზნესისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. შეერთებული შტატები გეგმავს გაამარტივოს შეერთებული შტატების ვიზის მოთხოვნის პროცესი ამერიკის კანონმდებლობის და პროცედურების შესაბამისად, ისე, რომ კულტურის, განათლების, ბიზნესის და სამეცნიერო საქმიანობაში კვალიფიციურ პირებს მიეცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა. 3. ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული აქვთ საქართველოს ომის შემდგომ გარემოში აღადგინონ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მედია და ხელი შეუწყონ უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის. წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სუნაკი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ხომალდებს აგზავნის
დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავს, ასევე, სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს . „რეგიონული სტაბილურობის საფრთხეებისადმი თვალყურის დევნების მიზნით, მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს, სადაზვერვო აქტივებს, P8 თვითმფრინავს და საზღვაო ქვეითებს,“ - ამბობს ბრიტანეთის მთავრობა. პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკის თქმით, სამხედრო მხარდაჭერა "ხელს შეუშლის ვითარების შემდგომ ესკალაციას." ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები
რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა. „ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად. მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან და აღნიშნა, რომ ამ გზაზე აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერენ საქართველოს. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას. „დღეს მქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგენი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. დავგეგმეთ ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არის ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტი. გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გავხადოთ აქტუალური.“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. „ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ამ ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს,“ - აღნიშნა საქართველოს პირველმა დიპლომატმა. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
„ჰამასის“ თავდასხმიდან მეხუთე დღეს, ისრაელის გენშტაბის უფროსმა თავდაცვის ძალების მხრიდან ჩავარდნები აღიარა
ომის დასაწყისიდან მის პირველ საჯარო გამოსვლაში ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა აღიარა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ჩავარდნები იყო, რამაც „ჰამასს“ კვირას ინფილტრაციისა და მასობრივი მკვლელობების განხორციელების საშუალება მისცა. ჰერზი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს „ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად. “ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის მოქალაქეებზე და კვირას დილით ღაზას სექტორთან მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. ვისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა,” - განაცხადა ჰალევიმ. „ხუთი დღე გავიდა ამ სისხლიანი, სასტიკი და მოულოდნელი ინციდენტის შემდეგ. „ჰამასის“ სისხლიანი ტერორისტების, ადამიანური ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი მეუღლეებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა ცხოველურია, არაადამიანურია. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუნდობელ ტერორისტებს ებრძვის, რომლებმაც წარმოუდგენელი ქმედებები ჩაიდინეს”, - განაცხადა ჰალევიმ. მან აღნიშნა, რომ “ღაზა არ იქნება იგივე.” პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ასევე ხუთი დღის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. პალესტინური მედიის თანახმად, აბასმა, რომელიც იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს შეხვდა, განაცხადა, რომ მის მიმართ მტრული „ჰამასის“ გეგმების შესახებ მან არაფერი იცოდა. „ჩვენ უარვყოფთ სამოქალაქო პირების დახოცვას და არასათანადო მოპყრობას ორივე მხარეს, რადგან ეს მორალის, რელიგიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა,“ განაცხადა აბასმა, რომელმაც, თავის მასპინძელთან, აბდულა II-სთან ერთად მოითხოვა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. მისი თქმით, დაუყოვნებლივ არის საჭირო სამედიცინო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა. პალესტინელთა ავტონომიის ცნობით, 13 ოქტომბერს ამანში დაგეგმილია აბასის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, რომელიც 12 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა. NYT განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
ბიშკეკში ალიევისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყირგიზეთში სამიტის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პუტინის თქმით, ნომერ პირველი განსახილველი საკითხი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარებაა, მაგრამ დღის წესრიგში არის სხვა საკითხებიც, რომელიც საკმაოდ ვრცელია. „გთავაზობთ, რომ მოვაწყოთ ჩვენი მუშაობა შემდეგნაირად – დავიწყებთ, შესაძლოა, მეორე ნაწილით, მივცეთ გამოსვლის საშუალება ჩვენს კოლეგებს, ხოლო შემდეგ ჩვენ დავრჩებით და ვისაუბრებთ საკითხების მთელ სპექტრზე, მათ შორის სენსიტიურ საკითხებზე,“ - განუცხადა პუტინმა ალიევს. ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან ბევრ თემაზე აქვს სასაუბრო. „ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ამ წლის სავაჭრო ბრუნვისა და სამრეწველო თანამშრომლობის შედეგები შთამბეჭდავია. ამასთან, გვაქვს ბევრი ახალი პროექტი, ხოლო ამის შემდეგ გადავალთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე,“ - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, „შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით, კერძოდ, სავაჭრო ბრუნვის ზრდის გამო. რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა რუსეთის 70 რეგიონთან და აღნიშნეს, რომ რეგულარულად ჩატარებული რეგიონთაშორისი ფორუმები მნიშვნელოვანი პლატფორმაა. საუბრისას მათ კმაყოფილება გამოთქვეს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, მისი პოტენციალის გაზრდით და მთლიანობაში ამ მარშრუტზე საავტომობილო და სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვების მოცულობის ზრდით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მათ ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანში რუსული ენისადმი ზრუნვას და ბევრ უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსული ენის სწავლებას. საუბრისას პრეზიდენტებმა სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამთავრობათაშორისო სახელმწიფო კომისიის საქმიანობის მნიშვნელობა.“ მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ერთად განიხილავს რუსი სამშვიდობოების მომავალს მთიან ყარაბაღში. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება. ცნობისთვის, ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს. მანამდე ალიევი ხსენებული წინადადებით თბილისში, 8 ოქტომბერს გამოვიდა.
ბლინკენის შემდეგ ისრაელში ოსტინი ჩადის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება. თავდაცვის მაღალჩინოსანმა CNN-ს დაუდასტურა, რომ ოსტინი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ისრაელში ნეთანიაჰუსთან შესახვედრად გაემგზავრება. ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ოსტინი ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს და ისრაელის „ომის კაბინეტს.“ „ოსტინი მოუთმენლად ელის ისრაელის ლიდერებთან სიღრმისეულად საუბარს მათი ოპერატიული დაგეგმვისა და ამ კონფლიქტის მიზნების შესახებ ჰამასის ISIS-ის ტიპის სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ,” - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
პრეზიდენტი: მოუთმენლად ველი საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში აშშ-სთან ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრის შემდეგ შტატებთან ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას უსვამს ხაზს. რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად „საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩისგან, რობინ დანიგენისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ე. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩის 4 პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია
გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა
ესტონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა 12 ოქტომბერს განაცხადა. კალასის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ესტონეთში გაყინული აქტივების გამოყენებას ომის ზარალის ასანაზღაურებლად და ეს უნდა იყოს წამახალისებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ესტონეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით, 38 მილიონი ევროს (40 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივებია გაყინული. ცნობისთვის, 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ბელგიამ შექმნა სპეციალური ფონდი უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად შეივსება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემა მკაფიო სიგნალს აგზავნის: სამართლიანი სასჯელი მოსკოვის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის, გარდაუვალია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ თავის გზავნილში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან
ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისას სულ მცირე 1 300 ადამიანი დაიღუპა. 150-მდე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. „ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა
გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაეროს აკრიტიკებს და მის პასუხს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თხოვნაზე სამარცხვინოს უწოდებს. ელჩის განმარტებით, ისრაელი წინასწარ აფრთხილებს ღაზის მაცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მათ სამიზნეს არ წარმოადგენს. „გაეროს პასუხი ღაზის სექტორის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის გაფრთხილებაზე სამარცხვინოა. გაერო მრავალი წლის განმავლობაში ხუჭავდა თვალს „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტური იარაღისა და მკვლელობის დასამალად გამოყენებაზე. ახლა, ისრაელის გვერდით დგომის ნაცვლად, რომლის მოქალაქეები „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს, ის ისრაელს ქადაგებას უკითხავს“, - აღნიშნა დიპლომატმა. მისი შეფასებით, სჯობს, გაერომ მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ დაგმობაზე იფიქროს. „სჯობს, გაერომ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე,“ - განაცხადა ელჩმა. ისრაელის არმიამ გაეროს მოუწოდა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაცია განახორციელოს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ცნობით, ღაზის სექტორში მყოფმა გაეროს წარმომადგენლებმა შეტყობინება გასულ ღამით მიიღეს. ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია. გაეროს ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი უნდა დატოვონ ორგანიზაციის თანამშრომლებმაც. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა. გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.
ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს. განცხადებას მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰამასმა“ მოუწოდა ორგანიზაციის მხარდამჭერებს მთელ მსოფლიოში, პარასკევს დაგეგმილ აქციებს „მრისხანების დღეს“ შეუერთდნენ, რათა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებიც, შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ისრაელელებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციებისგან. მედიის ცნობით, პარასკევს მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.
ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელიდან იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულა II-ს და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდება. როგორც მდივანმა გუშინ განაცხადა, იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ეწვევა. `ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და "ჰამასზე" მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად," - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე. იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი, ასევე აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაიკავა. პალესტინელებს სურთ, რომ ეს სამი ტერიტორია მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს. სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ათწლეულების განმავალობაში შედეგი არ გამოიღო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება
13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია გაბრიელთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. დღესვე ილია დარჩიაშვილი ეწვევა სოფიას ტექნოლოგიების ინსტიტუტს.
თბილისში ზოგიერთ დასახლებას დღეს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეეზღუდება
თბილისში ზოგიერთ დასახლებას დღეს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეეზღუდება, რის შესახებაც ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ლილოს წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაო დღეს, 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 24-საათიანი ინტენსიური რეჟიმით შესრულდება. „აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც, დღეს, 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, 14 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში - ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 და IV-V კვარტლებს, სტურუას, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის, კუპრაძის, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, რუსთაველის, დავითაშვილის, ახვლედიანისა და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სოფელ დიდ ლილოს. ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, ვარკეთილის მეურნეობის, სადგური ლილოს, ლოჭინის მიმდებარე დასახლებებს. სოფელ გამარჯვების ნაწილს, წინუბანს, ნასაგურს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.