ძებნის რეზულტატი:

იძებნება პირი, რომელიც ავტომანქანის შეძენის მსურველი 17 მოქალაქის კუთვნილი 416 451,79 ლარის მიღების შემდეგ მიიმალა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. „ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სი ძინპინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი მიიღო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში მიიღო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, იუწყება ჩინეთის მედია. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 21-დან 23 ნოემბრამდე გაგრძელდება, რუსეთის პარლამენტის წარმომადგენლები ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) ხელმძღვანელობას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. თავის მხრივ, რუსული მხარის ცნობით, „ვიაჩესლავ ვოლოდინმა სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა.“ „თქვენი ურთიერთობების დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები არიან, არამედ სტრატეგიული მეგობრებიც,” - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისი თქმით, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით, „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განვითარების პიკზეა.“ სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ სან-ფრანცისკოში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს. ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა.  

რა ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. უწყების განცხადებით, განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, „ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას.“ უწყებაში აცხადებენ, რომ სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი. ცვლილებების თანახმად: • მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება. • განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები. • დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. • დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა. • ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით). • ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად. • ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა). • გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ, შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში. • კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ, საფეხურის დაძლევის ბარიერი. • თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე. • რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. • სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. • ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა. • კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით). • ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები. განათლების სამინისტროს ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის დელეგაციაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გენერალური დირექტორი აგილ გურბანოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საჰაერო ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  

სამხრეთის გაზის დერეფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს საბერძნეთის სატრანზიტო ჰაბად ქცევაში - საბერძნეთის საგარეო უწყება

ათენის შეფასებით, სამხრეთის გაზის დერეფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს საბერძნეთის სატრანზიტო ჰაბად ქცევაში. „საბერნეთი ფოკუსირდება სამხრეთის გაზის დერეფანზე, ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის ქვაკუთხედზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონის ენერგორესურსების უსაფრთხოებისა და ადაპტაციის გაძლიერებაში. სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო სეგმენტის ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) დასრულება მნიშვნელოვნად აძლიერებს საბერძნეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას წლიური 1 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებით,“ - აცხადებენ სამინისტროში. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.  

ჯანდაცვის სამინისტრო: ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. „ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს. „მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე კი ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან

აშშ-საქართველოს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა; ვაშინგტონის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით; ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საქართველოს უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში, NATO; საქართველოს ეკონომიკა ანაკლიის პორტის გავლით ვაჭრობის განვითარების კონტექსტში, შუა დერეფანი - ამ და სხვა თემებზე Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის “ორმხრივი პარტნიორობა კარგია.“ ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, „აშშ აპირებს, გააგრძელოს პარტნიორობა ქართველ ხალხთან და მთავრობასთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.“ „გვინდა, მივულოცოთ  ქართველ ხალხს და მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება - ეს არის დიდი სიგნალი და დიდი შესაძლებლობა ყველა ქართველისთვის და ვფიქრობთ, ეს აჩვენებს გზას იმ პარტნიორობის გაგრძელებისკენ, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია. და ვფიქრობთ, ის მღელვარება, რომელიც ქუჩებში ვნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, აქაც, ვაშინგტონში გაიზიარა ყველამ, ვისაც საქართველო უყვარს. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და პოლიტიკური პარტიები, ასევე, პარლამენტი და მთავრობა ერთად იმუშავებენ, ნამდვილად გვექნება საინტერესო შესაძლებლობები ჩვენი მომავლისათვის,“ - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი Europetime-თან. აშშ-ის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის ბოლო ცნობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის მცდელობების გამოაშკარავებას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიული არჩევნების მთელ მსოფლიოში, რამდენად მასშტაბურია ეს საფრთხე საქართველოსთვის და როგორ დაუჭერს მხარს აშშ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფას, ამის პასუხად, ამერიკელი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს „წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი“ საკითხია აშშ-სთვის, რადგან „როდესაც ვსაუბრობთ ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.“ ამერიკელი მაღალჩინოსანი აქვე იმეორებს აშშ-ის პოზიციას, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან, რათა “უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი დაკვირვების საჭიროებები.“ „რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. რუსეთი ცდილობს, ძირს გამოუთხაროს დემოკრატიებს შიგნიდან. ამის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, ერთად გადავდგათ საპასუხოდ. რუსეთის ძალისხმევის შესახებ დისკუსიები გვქონდა საქართველოსთანაც,“ - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.  რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვაშინგტონის შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არჩევნების გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებაზე მუშაობის დაწყებაა, რათა დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ალიანსის ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი ვაშინგტონის შეფასებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ვაშინგტონის შეფასებითვე, საქართველო არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორი, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა გააძლიეროს. „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წასწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ის მრავალი თვალსაზრისით პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს.“ ანაკლიის პორტი შეერთებული შტატები დიდი ხანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მას ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შეერთებული შტატები აღიარებს შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. ვაშინგტონის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარება ცენტრალური აზიიდან კავკასიის გავლით ევროპაში ტვირთის გატანას შეუწყობს ხელს და რეალურად დაეხმარება ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას მთელ რეგიონში. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ პორტის შემდგომი განვითარება მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. პორტის განვითარება საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროექტის გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობასთან შესაბამისობა, რომელიც ნამდვილად მოემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მათ კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებას,“ - მიაჩნიათ ვაშინგტონში. შავი ზღვის რეგიონი და რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა,“ - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“ სომხეთი - აზერბაიჯანი ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მთლიანობაში, 2023 წელს უკრაინის მიმართ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა 16,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, მაკროფინანსური დახმარება არის სესხი, რომელიც უკრაინას ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით ეძლევა. „ევროპა უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას და საჯარო სერვისებს ფინანსურ მხარდაჭერას, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან, უცხადებს. დღეს, ჩვენ გამოვყოფთ ახალ 1,5 მილიარდ ევროს. უკრაინის მიმართ ჩვენმა მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ უკრაინისთვის 2027 წლამდე 50 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი“).  

შსს: 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს. "დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური. აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა  

უნგრეთში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება აიკრძალოს

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ სამშაბათს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ, რომლის მიზანიც „უცხო პირების ან ჯგუფების არასათანადო პოლიტიკური ჩარევისგან“ დაცვაა. Reuters-ის თანახმად, კანონმდებლობა შემოთავაზებულია მას შემდეგ, რაც ორბანმა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში არაერთხელ დაუპირისპირდა ევროკავშირს უნგრეთში დემოკრატიული უფლებების საკითხის გარშემო, ევროპარლამენტის არჩევნების წინ, თავისი პარტიის კამპანია გააძლიერა. კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცალკე ორგანო, რომელიც პოლიტიკური ჩარევის რისკებს შეისწავლის და გააკონტროლებს. ამასთან, რეკომენდაციას გაუწევს რეგულაციების ცვლილებას. მისი მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის ან ჯგუფებისთვის აკრძალულ უცხოურ დაფინანსებას, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოჰყვება. „უნგრეთის სუვერენიტეტი დაირღვევა და ის ასევე გააძლიერებს რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუ პოლიტიკური ძალა მოხვდება იმ პირების ან ორგანიზაციების ხელში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რომელიმე უცხო ძალაზე, ორგანიზაციასა თუ პიროვნებაზე,“ - ნათქვამია კანონპროექტში. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ მეტოქეებსა და კრიტიკოსებზე ზეწოლის მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ გაავრცელა უშიშროების მანამდე გასაიდუმლოებული ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, ოპოზიციის ალიანსმა აშშ-ში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაფინანსება მიიღო. ვიქტორ ორბანი აცხადებდა, რომ აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული გამოყენებული იყო მის დასამარცხებლად წარმოებულ კამპანიაში. ოპოზიციური პარტიები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების წყარო უცხოეთში მცხოვრები უნგრეთის მოქალაქეები იყვნენ. ორბანი, რომელიც ხელისუფლებაშია 2010 წლიდან იყო, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ დემოკრატიას ძირს უთხრის.  

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9558 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლიეტუვამ რუსეთისა და ბელორუსის 2000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა

ლიეტუვამ რუსეთისა და ბელორუსის 2000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა. მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელად ბელორუსის 1644 მოქალაქე გამოაცხადეს. 450 შემთხვევაში ბელორუსებს გაუუქმდათ დროებითი ბინადრობის ნებართვა. გარდა ამისა, ორ მოქალაქეს უარი ეთქვა ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, რვას კი ასეთი დოკუმენტი გაუქმდა. 279 შემთხვევაში უარი ეთქვათ ლიეტუვის ვიზის მიღებაზე. ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ რუსეთის 397 მოქალაქე გამოაცხადეს. მათგან 76-ს უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვაზე. 84 რუსს უარი ეთქვა შეცვლილი ბინადრობის ნებართვაზე, 90-ს გაუქმდა ადრე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვა, ხოლო 90-ს გაუუქმდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 55 შემთხვევაში რუსებს უარი ეთქვათ ვიზებზე. ბელორუსისა და რუსეთის ყველა სრულწლოვანმა მოქალაქემ უნდა შეავსოს ფორმა, როდესაც წარადგენენ განაცხადებს ლიეტუვაში ცხოვრების უფლების მინიჭების, ან დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, ან ცვლილების შესახებ, ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ან ეროვნული ვიზის მიღებისთვის. ფორმა შეიცავს კითხვარს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განმცხადებელმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.  

„სამშენებლო ამნისტია“ თბილისზე არ გავრცელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება,  - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. „საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც. „მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ვის შეეხება სამშენებლო ამნისტია მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. „ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში. ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს.  

ლიეტვა უკრაინას ზამთრისთვის აღჭურვილობას აწვდის

ლიეტუვამ უკრაინელ სამხედროებს 3 მილიონი ერთეული (7,62x51 მმ) მცირე ზომის იარაღი, დისტანციური აფეთქების სისტემები და ზამთრის აღჭურვილობა მიაწოდა, განაცხადა ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ 22 ნოემბერს. „ლიეტუვის სამხედრო მხარდაჭერის კიდევ ერთი ახალი პაკეტი დღეს უკრაინას გადაეცა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ლიეტუვამ უკრაინას დაახლოებით, 500 მილიონი ევრო (543 მილიონი დოლარი) თავდაცვის მიზნით უკვე გამოუყო. ვილნიუსმა 10 ნოემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო სისტემები (NASAMS) მიაწოდა.  

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ღონისძიებას სომხეთის პარლამენტის სპიკერიც არ დაესწრება

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. „სომხეთს არ გადაუწყვეტია CSTO-დან გასვლა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობა ამ სიტუაციაში შეუსაბამოა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ CSTO, ფაქტობრივად, არანაირად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს [სომხეთის წინაშე]. რაი უნდა გავაკეთო თუ იქ წავალ?” უპასუხა სიმონიანმა მედიის შეკითხვას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთის ურთიერთობები CSTO-სთან, არანაირად არ არის გაყინული. „მე უკვე ვაცნობე მათ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ღონისძიებაში, პასუხი მაინც არ არის. ვფიქრობ, არც რეაქცია იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც ესმით ჩვენი არმონაწილეობის მიზეზები. მესამე ქვეყნის [შეიარაღებული] ძალები [ე.ი. აზერბაიჯანი] შემოიჭრა [CSTO-ს წევრი] სუვერენული ქვეყნის სომხეთის ტერიტორიაზე და CSTO-ს პოლიტიკური შეფასებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ [სომხეთი] რა უნდა გავაკეთოთ იქ წასვლით?," - ამბობს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა იგივე ფორმით გრძელდება. „გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს დაუყენებია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით, ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარდანიანთან. აზერბაიჯანფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის,” – აცხადებს გაჯიევი. „ავრორას პრიზი“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების დროს გადარჩენილთა სახელით. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი იყო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში ლაჩინის დერეფანში, ყარაბაღის დატოვებისას დააკავა. სამანტა პაუერი „ავრორას პრიზის“ შესარჩევ კომიტეტს 2017 წელს შეუერთდა. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „მისი (ო’ბრაიენის) მოლაპარაკებები არის გზა გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარებისა და გაფართოების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფის წვრთნა დაასრულა

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფის წვრთნა დაასრულა. ეს პროცესი უსაფრთხოების მიზეზების გამო აქამდე გასაიდუმლოებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Balkan Insight-ი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბალკანეთის ქვეყანა ტრენინგს 2024 წლის განმავლოაბში და ვიდრე საჭიროება იქნება, გააგრძელებს,“ - განაცხადა სლავიანკა პეტროვსკამ. წვრთნები ჩრდილოეთ მაკედონიის სამხედროების კუთვნილ ობიექტებზე მიმდინარეობს, მაგრამ მინისტრმა არ დააკონკრეტა სწავლების ტიპი ან უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებმაც ეს სწავლება გაიარეს. ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წლიდან NATO-ს წევრია. ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარებაც მიაწოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 100 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ტრენინგი პარტნიორ ქვეყნებში უკვე გაიარა.  

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის დღე აღნიშნეს

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გიორგი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ II და III ხარისხის მედლებით, საშტატო იარაღითა და ტაქტიკური დანებით დააჯილდოვეს. მოწვეულმა სტუმრებმა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაც დაათვალიერეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების სარდლობა მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია.  

დანიგანმა და კალაძემ 2024 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მერიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა წარმატებები უსურვა აშშ-ის ახალ ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, ელჩმა დანიგანმა თბილისის მერს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასაც.   „ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისა და ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალაქის მერს იმ საქმიანობისთვის, რასაც მუნიციპალიტეტი ეწევა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა გზების მოწესრიგება. ჩემი სურვილია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქალაქებს შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა თბილისის მერიის ცნობით. მერიის ცნობით, „თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.„  „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული ის სიტყვა, რომელიც აშშ-ის ელჩმა წარმოთქვა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მეგობრული და ღია ურთიერთობები უნდა იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მზად ვართ მეგობრობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. სასიხარულო იყო ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მხარდაჭერილი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იყო გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე. მთელი გუნდი მზადაა აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის ამ გზაზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაღრმავებლად ინტენსიურად იმუშაონ. ასევე გაეცანით ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს  

კობიაშვილი: დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, თუმცა მთავარია, ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კარაცხელიას დისკვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რაც სამწუხარო ფაქტია.“ „ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი არის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე. თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი, მობილიზებული გუნდი გვეყოლება მოედანზე, რომელიც ამ თამაშის მოგებას შეძლებს. დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს,“ - ამბობს კობიაშვილი „იმედის“ ეთერში. თბილისის მერის და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შეფასებით, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს. ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. ალექსანდრე იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერი, გიორგი კაციტაძე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.