ძებნის რეზულტატი:
ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 ადამიანი
„ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირს, ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს დაესხა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი. დაკავებულები არიან - 1993 წელს დაბადებული ვ.გ. 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
გოგა ჩანადირის სვეტი უმძიმესი დღეა 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში.ზუსტად 100 წლის წინათ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა და ოკუპაცია მოახდინა. მთავრობის სახლიდან ჩამოხსნეს სამფეროვანი სახელმწიფო დროშა და მის ნაცვლად წითელი დროშა აღმართეს, რაც სერგო ორჯონიკიძემ ბაქოდან ლენინსა და სტალინს უდეპეშა შემდეგი ტექსტით: Ленину, Сталину, Баку. 25.II. 21 г. Над Тифлисом реет Красное Знамя Советской Власти. Да Здравствуйет Советская Грузия. Орджоникидзе“ („ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე“). ოკუპაციამ სრულიად შეცვალა საქართველოს ისტორია. ქვეყანას ტერიტორიების 30 % ჩამოეჭრა, რითაც ერთა ლიგის მიერ ცნობილი რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დახვრიტეს არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი და მეცნიერი. ავტონომიური რესპუბლიკების სახით დაგვიდეს შენელებული მოქმედების ნაღმები. საქართველო აიძულეს, უარი ეთქვა ევროპასთან ინტეგრაციაზე და გადაეხვია დასავლური დემოკრატიული ფასეულობებისგან. ქვეყანაში ტერორმა დაისადგურა და კერძო საკუთრების ცნება ფეხქვეშ გაითელა. რუსეთმა, უპირველესად დაარღვია საქართველოსთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლენინის მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობას დე იურედ აღიარებდა.ოკუპაციის 90-ე წელს საქართველოს პარლამენტმა ოკუპაციის დღე დააწესა. ამ დღეს სახელმწიფო დაწესებულებიდან დროშები ეშვება და წუთიერი დუმილი ცხადდება. საქართველო 70 წელი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მაგრამ საბჭოთა მემკვიდრეობისგან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გათავისუფლდა. ეს კვალი ახლაც, 30 წლის შემდეგაც არ გამქრალა, რაც ხელს უშლის მეტი ევროპული ფასეულობის დამკვიდრებას.100 წლისწინანდელი ოკუპაცია უნდა გვახსოვდეს სწორედ იმიტომ, რომ უფრო ძლიერი, დემოკრატიული ევროპული საქართველო გვქონდეს.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. „სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მან ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, გამოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე.
ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მან ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, გამოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
ნათია თურნავა: ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გაიხსნან
„ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გაიხსნან“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრამ ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, სასტუმროების ნაწილმა ვერ მოასწრო გახსნისთვის მომზადება. „დღეს შეზღუდვების შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ, შეიძლება, ვერ მოასწრო ამ დროისთვის მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიხსნან. თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში სეზონი გრძელდება. ხედავთ, რომ კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს რესტორნების ღია სივრცეებს, მაგრამ ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში“, - განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ ბიზნესს ეპიდვითარების შენარჩუნების მიზნით პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. „მთავარია, რომ დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდებს და არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება, ამიტომ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - თქვა მინისტრმა.
ჯო ბაიდენმა კანადის პრემიერ-მინისტრთან ვირტუალური შეხვედრა გამართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ერთმანეთს პირველ ვირტუალურ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ბაიდენის პირველი ოფიციალური შეხვედრაა სხვა ქვეყნის ლიდერთან. ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, კლიმატის ცვლილების და ჩინეთის საკითხებიც. მათ პირობა დადეს, რომ 2050 წლისთვის სუფთა ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად კლიმატის მიზნები გაასწორებენ. ბაიდენმა თქვა, რომ აშშ კანადას პეკინის მიერ დაკავებული ორი კანადელის გათავისუფლებაში დაეხმარება. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიხედვით, რომელიც პრესას ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრა, ამბობს, რომ ბაიდენმა შევხედრაზე კლიმატის ცვლილების, კორონავირუსის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის თემები განიხილა.
ნიუ-იორკში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს
ნიუ-იორკში მკვლევარებმა COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი ხელს უშლის სხეულის ბუნებრივი იმუნური რეაქციის თავიდან აცილებას - აგრეთვე მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის ეფექტებს. მკვლევარებმა მუტაციას B.1.526. უწოდეს და განმარტეს, რომ ვირუსის ახალი სახეობა სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტს ჰგავს. მკვლევარების და მედიკოსების განმარტებით, ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ვირუსის ეს მუტაცია ვაქცინაზე იმუნიტეტის რეაგირებას ასუსტებს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, იმ ფონზე, როცა აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ახალი ვირუსული შტამების ეტაპობრივი გამოვლენა მოულოდნელი არ იყო.
მაიკ მაკფოლი: რეჟიმებს, რომლებიც თავს იძულებულად გრძნობენ ჩაკეტონ კრიტიკოსები, ეშინიათ თავიანთი ხალხის
"რეჟიმებს, რომლებიც თავს იძულებულად გრძნობენ ჩაკეტონ კრიტიკოსები, ეშინიათ თავიანთი ხალხის", - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი საქართველოს, რუსეთის და ბელარუსის რეჟიმებს აფასებს და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. "რეჟიმებს, რომლებიც თავს იძულებულად გრძნობენ ჩაკეტონ კრიტიკოსები, ეშინიათ თავიანთი ხალხის. რეჟიმებს, რომლებიც კრიტიკოსებს იტანენ, არ ეშინიათ თავიანთი ხალხის. ეს ასეთი მარტივია, ხალხო. #რუსეთი. #ბელარუსი. #საქართველო." - წერს მაკფოლი.
აშშ-ის ელჩი ოკუპაციის დღეზე: დღევანდელი დღე გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
„დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი წერს. აშშ-ის ელჩის შეფასებით, 1921 წელს საბჭოთა ჯარების საქართველოში შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. „დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი“. ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს.ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს. დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი: დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა
"მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. უწყების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ინტენსიური ნაბიჯები ადასტურებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა და ამბიციური გეოპოლიტიკური ზრახვები არ შეცვლილა. რუსეთის ფედერაცია ყველა ხერხს მიმართავს, სამხედრო ოკუპაციის, ჰიბრიდული ომისა და ღია პროპაგანდის ჩათვლით, რათა შელახოს სუვერენული ქვეყნების დამოუკიდებლობა, ხელოვნური დაბრკოლებები შექმნას მათი დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამგვარად შეაფერხოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რაც ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია. „25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეა. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. საბჭოთა იმპერიის ერთადერთმა სამართალმემკვიდრემ - რუსეთის ფედერაციამ არათუ განახორციელა რაიმე ქმედება ოკუპაციის შედეგების აღმოსაფხვრელად, არამედ მეტიც, რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ტრაგედიად შეაფასა. დღეს, ისევე როგორც ერთი საუკუნის წინ, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების განადგურებას. მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა. ამის ნათელი მაგალითი არის 2008 წელს რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო ინტერვენციის განხორციელება და საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, სადაც დღემდე ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად მძევლად არის აყვანილი და ყოველდღიურად იტანჯება უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის შევიწროვება, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რიგითი მოქალაქეების უკანონო დაკავება, თავისუფალ გადაადგილებაზე უმკაცრესი შეზღუდვების დაწესება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე იძულებით გადაადგილებული პირებისა ლტოლვილებისთვის დაბრუნების უფლების წართმევა არის მიმდინარე ოკუპაციის გამოვლინება, რომელზეც პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების მსგავსად, 2008 წლის ომს საქართველოს ასეულობით მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო ღია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთა შორის არიან დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელია, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელთა სიცოცხლე საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვას შეეწირა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ინტენსიური ნაბიჯები ადასტურებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა და ამბიციური გეოპოლიტიკური ზრახვები არ შეცვლილა. რუსეთის ფედერაცია ყველა ხერხს მიმართავს, სამხედრო ოკუპაციის, ჰიბრიდული ომისა და ღია პროპაგანდის ჩათვლით, რათა შელახოს სუვერენული ქვეყნების დამოუკიდებლობა, ხელოვნური დაბრკოლებები შექმნას მათი დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამგვარად შეაფერხოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რაც ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია. კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება ქვეყნის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს თანმიმდევრული, პრაგმატული და მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის გატარებას. აღნიშნულ პროცესში, ტერიტორიების დეოკუპაციასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს, ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს. რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება. ამ კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ამერიკელი პროფესორი, რომელიც 1921 წელს ტაბახმელასთან ბოლშევიკებს ებრძოდა
დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა. ძალიან ცოტამ თუ იცის, იმის შესახებ, რომ 1921 წელს, ტაბახმელასთან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ჰ,არვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 35 წლის რობერტ ბლეიკიც იბრძოდა. ამის შესახებ Europetime-ს ეკატერინე კობახიძემ უამბო. კობახიძის ცნობით, ბლეიკი ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაიჭრა. იმავე წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში დაბრუნდა და 9 წელი ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო. ამერიკელი ორიენტალისტი და ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი საქართველოში პეტერბურგის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა. ამერიკელი მეცნიერი ნიკო მარის მოსწავლე იყო და ქართველოლოგიც გახდა. პეტერბურგის უნივერსიტეტში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა. 1918- 1921 წლებში კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. რობერტ ბლეიკს ნაშრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამერიკის სამეცნიერო წრეებში. ამერიკული ბიზანტინოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის მიჩნეული. ამერიკელმა პროფესორმა მთელი გულით შეიყვარა ქართული კულტურა და საქართველო. „მეცნიერმა არაერთი ნაშრომი გამოსცა ქართულ ძეგლებზე. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ თსუ-ს!", - განუცხდა Europetime-ს ეკატერინე კობახიძემ. მან ასევე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერების შესწავლაში, რომელთაგან მრავალი ბლეიკმა აღმოაჩინა პალესტინაში და ათონის მთაზე. პროფ. რობერტ ლი ვოლფი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ბლეიკი ჰარვარდის უნივერსიტეტში პროფესორია 1920 წლიდან. 1921 წელს ის უკვე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო როცა, საქართველოს თავისუფლებისთვის, ტაბახმელასთან ბოლშევიკებს ებრძოდა. სოციალურ ქსელში ნინა ჭაიჭიაშვილი წერს, რომ ბლეიკი 1921 წელს ათონის მთაზე იყო, მორგანის მიერ დაფინანსებულ ექსპედიციაში. ამ დროს მისი მეუღლე კრიჟანოვსკაია თბილისში ქართული ხელნაწერების ფოტოპირებს იღებდა, რომლებიც ახლაც ჰარვარდში ინახება. „ნიკო მარის მოსწავლე იყო. ყველაზე დიდი ბედნიერება კი მე-10 საუკუნის ქართული ხელნაწერის აღმოჩენამ მიანიჭა", - წერს ჭაჭიაშვილი. თეკლა ოსეფაშვილის ცნობით, ბლეიკმა გამოაქვეყნა სტატია ბერთის ოთხთავის შესახებ, „ბლეიკმა აღწერა იერუსალიმში დაცული ქართული ხელნაწერები. ფილოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და, ზოგადად, საქართველოს კულტურით და ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან ცნობილი სახელია“, - წერს თეკლა ბუკია. რობერტ პიერპონ ბლეიკი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1886 წლის პირველ ნოემბერს. როგორც ჯონ ჰარვარდის მოგზაური სტიპენდიანტი, იგი ძირითადად სწავლობდა და მუშაობდა 1911–1918 წლებში რუსეთში, სადაც რუსულ ენას დაეუფლა და დაიწყო არაბული, სირიული, ქართული და სომხური ენის შესწავლა. 1918 წელს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ჩამოვიდა საქართველოში, რათა განეახლებინა თბილისის ხელნაწერთა ურთიერთსაწინააღმდეგო კატალოგები. მან გამოიკვლია ბიბლიის სხვადასხვა ტექსტი. 1918 წელს ახლად დაფუძნებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ბერძნულ ენას და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა მანამ სანამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოება მოხდებოდა. როგორც მოხალისე, იბრძოდა რუს დამპყრობლებთან თბილისის მახლობლად ტაბახმელასთან, 1921 წლის თებერვალში. რობერტ ბლეიკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შეერთებულ შტატებში ბიზანტიისტიკის შესწავლაში. მ. ის 1950 წლის 9 მაისს გარდაიცვალა კემბრიჯში, მასაჩუსეტსი. მისმა ვაჟმა იგორ რობერტმა წიგნში „In Search of Byzantium, a Biography: The Life of Robert Pierpont Blake“ (1996). დეტალურად აღწერა მამის ბიოგრაფია
ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ, ფაშინიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს განაცხადა. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს. "მე ხელი მოვაწერე საჭირო დოკუმენტებს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აცხადებს ფაშინიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი. „სიტუაცია ძალიან რთულია. თქვენ იცით, რომ გადავწყვიტე თანამდებობიდან გავათავისუფლო გენერალური შტაბის უფროსი და მისი პირველი მოადგილე. მიზეზებს მოედანზე დავასახელებ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სამოქალაქო და სახალხო ხელისუფლების შენარჩუნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ვაქცინაციისთვის სამიზნე ჯგუფების რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოში პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. უკვე გამოყოფილია დაახლოებით 57 000 ადამიანი პირველ სამიზნე ჯგუფში და მათი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. „შემდეგ გადავალთ ასაკობრივ ჯგუფებზე, თავშესაფრის ბენეფიციარები, მათი თანამშრომლები და ასაკობრივი ჯუფები, ქრონიკული დაავადებების მქონეები. დაახლოებით მილიონ 700 000 ადამიანი უნდა მოვიცვათ წლის ბოლომდე. დღეს არის დიდი კონკურენცია და დიდი მოწოდება, მაგრამ არის საიმედო პროგნოზები, რომ იქნება ახალი ვაქცინები - რეალურია მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს. მეორე, მესამე კვარტალი უფრო სწრაფი იქნება ვაქცინაციის კუთხით როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში, სადაც არ დაწყებულა ვაქცინაცია და ასეთი დაახლოებით, 173 ქვეყანაა, მაგრამ მარტიდან და აპრილიდან სავარაუდოდ ყველგან დაიწყება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში.
ეკონომიკის მინისტრი: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია საქართველოში დიდ პერსპექტივას ხედავს, საერთაშორისო ზამთრის ჩემპიონატების მსოფლიო რუკაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში, „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. მინისტრის ინფორმაციით, ბაკურიანში „სქი-ქროსის“ მსოფლიო ეტაპები 26 – 28 თებერვალს გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის „სქი-ქროსის“ მიმართულების დირექტორი კლაუს ვალდნერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ნათია თურნავამ ისაუბრა ბაკურიანში მაღალი რანგის სამთო – სათხილამურო ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზებისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვას და ამ მიზნით აქტიურად მონაწილეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინისტრის განცხადებით, ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს როგორც მსოფლიო თასის ეტაპებს, ასევე 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. „ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივები და საქართველო, როგორც ერთ-ერთი ახალაღმოცენებული ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებების ზამთრის ჩემპიონატებს მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ძალიან დადებითად აფასებენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივები, ასევე ქვეყნის ზამთრის კურორტების მზადყოფნაზე, უმასპინძლოს ზამთრის სპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებს. აღსანიშნავია, რომ „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ა.შ.შ.). ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებას აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია. ტურნირების პირდაპირი გაშუქება მოხდება იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია მოწოდებები, რომლებსაც ბოლო დღეებში ვისმენთ. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები არიან
"ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები,რომლებსაც ბოლო დღეებში ვისმენთ, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. არის მხარდაჭერა და არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ გარკვეულწილად საუბარი, მოლაპარაკება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას. კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებული მოწოდებები საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის გამოხატულებაა. „ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა, არც ახლა და არც მომავალში“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
პრეზიდენტი ოკუპაციასთან მებრძოლთა მემორიალური კომპლექსის დაარსების ინიციატივით გამოდის
"100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა. ორბელიანების სასახლის ეზოში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე, გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! "ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია. იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ წლებში - 1922, 23, 24 წლებში, საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობდა მანამდე, სანამ სასტიკმა ტოტალიტარულმა მანქანამ ერის ხმა არ ჩაახშო, თუმცა დროებით. 1956, 1978, 1989 წლები ეროვნული ენერგიის გაღვიძების თარიღებია. საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა და საკუთარი იდენტობა და მეობა კულტურის დაცვასა და განვითარებაში გადაიტანა. ამ წლების თავისუფალი სული ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძისა თუ ქეთევან მაღალაშვილის ტილოებშია, ევგენი მიქელაძის მუსიკაში, პეტრე ოცხელის შემოქმედებაში, გალაკტიონისა თუ პაოლოს პოეზიაში, სწორედ ისინი არიან დამოუკიდებლობის სულის გამგრძელებლები და ეროვნული სულისკვეთების გადამრჩენელები. საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია სამართლებრივი არსებობა, არ უღიარებია საბჭოთა ძალაუფლება. მან საზღვარგარეთ გააგრძელა ბრძოლა: ემიგრაციაში გაიტანა სამფეროვანი დროშა, სუვერენობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამართლებრივ დონეზე გააგრძელა - ამერიკის კონგრესის მოსმენებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა არ გამქრალიყო და არც გამქრალა. როგორც პარიზის წმინდა ნინოს ეკლესია დაარსებიდან ქართული ეკლესიის ტრადიციას, თავისუფალ სულს ატარებდა და ატარებს. საქართველო მარცხს არ შეეგუა! და პირიქით, მან მარცხი საკუთარ გამარჯვებად აქცია: აღდგა ეროვნული მოძრაობა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა დამოუკიდებელი საქართველო, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე! ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! გამარჯვება, რომლის გარდაუვალობის გვჯეროდა ქვეყნის გარეთ - ემიგრაციაში - და რომლისაც სჯეროდათ ქვეყნის შიგნით, შიდა ემიგრაციაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ხვედრი იყო. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი დღევანდელი ტრაგედიაა, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენულია და მყარად დგას განვითარების გზაზე! ეს არის ჩვენი გამარჯვება! გამარჯვებაა ისიც, რომ კონფლიქტებისა და ომის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, გზას დემოკრატიის მშენებლობისკენ! მოდის დრო, როცა მეხსიერება ისტორიად უნდა იქცეს, ანუ მარადისობაში გადავიდეს. ასე იწერებოდა და დაიწერება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორია. გლოვასაც თავისი დრო აქვს. ალბათ მოვიდა დრო, რომ გლოვა დავასრულოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული დარჩა ამ 70 წლის ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ კი გვჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენს მიზანს - ქვეყნის გამთლიანებას და გაერთიანებას. 25 თებერვალი უნდა იქცეს იმ დღედ, როცა გავიხსენებთ, როგორ იმარჯვებს სიმართლე და ღირსება, როგორ შეიძლება პატარა ერი გამარჯვებული გამოვიდეს დიდ იმპერიასთან ჭიდილიდან, როგორ შეუძლია ქვეყანას თავის ტრადიციებსა და იდენტობაზე დაყრდნობით დაისახოს მომავალი და მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო - ევროპის ასოცირებულ წევრობას და ნატო-ს პარტნიორობას. მინდა ამ დღეს დავუკავშირო ჩემი ერთი მოსაზრება და თქვენ წარმოგიდგინოთ. მემორიალური კომპლექსის დაარსებით მივაგოთ პატივი მათ, ვინც ამ 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შევქმნათ მემორიალი, რომელიც ასახავს ამ უწყვეტი ბრძოლის ისტორიას, მის ფურცლებს, მისი გმირების ღვაწლს - ყველასი: 1921 წლის მებრძოლების, აჯანყებების მონაწილეების, რეპრესირებული ადამიანების, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის მეომრების, 1956 წლის სტუდენტების, 9 აპრილის მსხვერპლთა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში და 2008 წლის ომში დაღუპულების, - ყველასი, ვინც იბრძოდა ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის. ასეთი მემორიალი, დაყოფილი ჩვენი ისტორიის ამდენივე ფურცლად, ამავე დროს, ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ისტორიის გაცნობისა და გაცნობიერების საშუალებას მისცემს, უცხოელ სტუმრებს კი გააგებინებს, რა შეუპოვრად იბრძოდა საქართველო თავისუფლებისთვის. სამშობლოს სიყვარულისათვის გაერთიანებული და დაღუპული გმირები შეიძლება კიდევაც გამოგვადგეს შერიგების მაგალითად!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს სომხეთსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს. „გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოსტზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების ფარგლებში, რათა სრულად იყოს გამოყენებული სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მილოცვაში.
ფაშინიანის და ალიევის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას თურქეთის პრეზიდენტიც ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. „თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა. დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, - ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში. თურქეთის პრეზიდენტის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და უკრაინის პრემიერმა მიულოცეს.
ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების მნიშვნელობაზე. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მეგობრული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მილოცვაში.
კომუნიკაციების კომისია: დეპუტატი ფრიდონ ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, დეპუტატი ფრიდონ ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა. როგორც კომისიის განცხადებაშია ღნიშნული, საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადება, რომ კომუნიკაციების კომისიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თავად წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, აღნიშნულს კი საჯარო რეესტრის 24 თებერვლის ამონაწერი ადასტურებს. "საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა. სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, არამედ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაჩქარებული წესით 24 თებერვალს განახორციელა. ცვლილების შეტანისთანავე ინჯიამ მორიგი შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა, თითქოს აღნიშნული არა 24 თებერვალს, არამედ მანამდე ჰქონდა გაკეთებული. აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების მიუხედავად, დეპუტატ ინჯიას კვლავ რჩება ინტერესთა კონფლიქტი და ის აგრძელებს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევას. საგულისხმოა, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ინჯიამ სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც კომუნიკაციების კომისიამ ინტერესთა კონფლიქტისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ფრიდონ ინჯია 2021 წლის 24 თებერვლამდე იყო შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აღნიშნული კი წარმოადგენს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი „თანამდებობის პირი და მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.“ ამასთანავე, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 24 თებერვლიდან ფრიდონ ინჯიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის მიუხედავად იგი, მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები კვლავ რჩებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების წილის მფლობელებად, მიუხედავად იმისა, რომ წილების ფლობა არ წარმოადგენს კანონდარღვევას ფრიდონ ინჯიას, როგორც პარლამენტის წევრს, კვლავ აქვს ვალდებულება დაიცვას „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ფრიდონ ინჯიას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიაზე მისი დაუსაბუთებელი თავდასხმები ნაკარნახევია სწორედ მისი და მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ბიზნეს ინტერესებით, რომელთა მიმართაც კომისიის მხრიდან უკანასკნელი თვეების განმავლობაში კანონმდებლობის დარღვევის გამო, გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. რაც შეეხება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ და შევახსენებთ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს შესულ ცვლილებამდე, კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა, რომ ამოწურვადი რესურსით (რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით) სარგებლობის საფასური სრულად უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჩანაწერის არსებობა განპირობებული იყო ერთი მხრივ საფასურის, ხოლო მეორე მხრივ გადასახადისა და მოსაკრებლის განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმით. გადასახადი და მოსაკრებელი თავის თავშივე გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ თანხას, ხოლო საფასურის მიმართ ასეთი დაშვება არ არსებობს და იგი გადაიხდება იმ ორგანოს ანგარიშზე, რომელიც გასცემს სარგებლობის უფლებას. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს არა უფლების მიმნიჭებელი ორგანოს ანგარიშზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში, მაშინ საჭიროა სპეციალური დათქმა, როგორც ეს იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებამდე. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი რადიოსიხშირულ სპექტრზე და ნუმერაციის რესურსზე გაუქმდა სანებართვო რეჟიმები, შესაბამისად, გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელი და დარჩა მხოლოდ სარგებლობის საფასური, თუმცა გაუქმდა დათქმა, რომლის თანახმადაც საფასური უნდა გადახდილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამე არ იქნება დადგენილი, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური გადახდილ უნდა იქნას კომისიის ანგარიშზე. ასევე შეგახსენებთ, რომ ნუმერაციის რესურსის საფასურისგან განსხვავებით ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს დათქმა რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება", - აღნიშნულია განცხადებაში.