ძებნის რეზულტატი:
პროკურატურა ვახო სანაიაზე თავდამსხმელებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალი წარუდგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართევლოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ. სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126 ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს გუშინ დაესხნენ - დაკავებულია 3 ადამიანი
ცნობილია, როდის იწყება ერთაინი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია და რა ცვლილებები ხვდება აბიტურიენტებს
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა დაშეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე დროს იქნება შესაძლეებლი სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაციაც. გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ. გვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. ცენტრმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2021 წლის ცნობარი გამოაქვეყნა. ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები. ცნობარში ასევე მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარის მიხედვით, 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკა - 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 საათი, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ). ფიზიკა და ქიმია - ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63. გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება. 2021 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში,ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოში.
ილჰამ ალიევი: თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას
თუ საქართველოს სურს, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე, ალიევმა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგი მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. „როგორც თურქეთსასევე ირანს და მომავალში - თუკი სურვილი ექნება - საქართველოს, შეუძლია შეუერთდეს ამ პლატფორმას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.
ზუგდიდში, "ოქროს ბირჟაზე" სავარაუდო თავდამსხმელი სროლის შედეგად გარდაიცვალა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები. „ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება
თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ: · 91-100 ქულა - სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ის ტოლი ან ნაკლებია. · 71-90 ქულა - სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 010 -150 000-ია, სემესტრული თანხის 70%; · 51–70 ქულა - სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე. დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი. რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა. დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პირადად. განცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის პირველი მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
იენს სტოლტენბერგი: NATO-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია
"NATO-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საფრთხეებთან დამოუკიდებლა გამკლავება არც ერთ ქვეყანას არ შეულია. „NATO-სთვის ამ პანდემიის დროს მთავარი ამოცანა იყო იმაში დარწმუნება, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ გადაქცეულიყო, რადგან ის საფრთხეები, რომელთა წინაშე პანდემიის დაწყებამდე ვიდექით, კვლავ არსებობს – რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის უფრო სასტიკი ფორმები, დახვეწილი კიბერშეტევები, ჩინეთის აღზევება და კლიმატის ცვლილებები. ამიტომ, არც ერთ ქვეყანასა და კონტინენტს არ შეუძლია ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. გენერალური მდივანი მიესალმება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უნდა განმტკიცდეს.
ილჰამ ალიევი: სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს
"სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. დღეს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან, ვიდეოფორმატში გამართა შეხვედრა. მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში, საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით, მან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა. "ამ პლატფორმის მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ამიტომ, როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში საქართველოს, შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 2020 წელს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი. 11 იანვარს ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება რუსეთს და ირანს, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთის გავლით დაუკავშირდება თურქეთს. 2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა“ ახსენა. „მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს.
აზერბაიჯანმა იარაღის შესყიდვაზე თურქეთთან კონტრაქტი გააფორმა
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ თურქეთში წარმოებული ყველაზე თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის კონტრაქტს. ეს ჩვენს არმიას კიდევ უფრო გააძლიერებს" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმ,ა ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც ალიევმა აღნიშნა, გასულ წელს ყარაბაღის კონფლიქტის დროს, თურქული შეიარაღების დახმარებით, აზრბაიჯანმა უპირატესობა მოიპოვა. მისივე თქმით, თუ აზერბაიჯანისთვის რაიმე საფრთხე გამოჩნდება, ის დარწმუნებულია რომ თურქეთი მათ ქვეყანას დაეხმარება. "თურქული არმია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, NATO-ში კი მეორე ადგილზეა. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანში შევქმნათ თურქული არმიის მცირე მოდელი. ამ მიმართულებით უკვე მიდის მოლაპარაკებები. "სამხედრო სფეროში ჩვენი თურქეთთან თანამშრომლობა გრძელდება" - თქვა ილჰამ ალიევმა. აღნიშნულ თემაზე ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან, ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ომის დროს აზერბაიჯანმა დიდი გამოცდილება მიიღო და სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ. "აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს დიდი კანონშემოქმედებითი ბაზა. თურქეთთან რიგი ხელშეკრულებები გავაფორმეთ, მათ შორის ურთიერთდახმარების შესახებაც. " - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტს ტოვებს და გიორგი გახარიას მადლობას უხდის
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა თანამდებობას ტოვებს, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას მადლობას უხდის და დასძენს, რომ დარწმუნებულია, გახარიასთან ერთად, მომავალშიც შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში. თანამდებობიდან წასვლის შესახებ, სიჭინავამ განცხადება facebook-ზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა! გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ გამოწვევებთან გამკლავება. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინ სად და რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, რადგან იცვლება მხოლოდ პოზიციები, მიზნები კი, რომელსაც ვემსახურებით - არასოდეს! და ბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში!წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელობას!“, - წერს ბერდია სიჭინავა Facebok-ის გვერდზე. რამდენიმე დღის წინ, თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმაც, კახა ქემოკლიძემ.
ჯო ბაიდენი: აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ყირიმი უკრაინაა
შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ყირიმი უკრაინაა!", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ მუშაობას იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და დამამცირებელი ქმედებებისთვის პასუხი აგოს. "შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის კანონები დაარღვია, ის კანონები, რომელთაც თანამედროვე სახელმწიფოები ურთიერთობისას იყენებენ. შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა, ყირიმში შეჭრით, მეზობელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შელახა. შეერთებული შტატები, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას. ამ გამომაფხიზლებელ დღეს, მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიმეოროთ: ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და იმედს, რომელიც ღირსების რევოლუციის დროს ვიხილეთ, როცა ტყვიებისა და მოძალადეების მიუხედავად, მაიდანზე მყოფი ადამიანები თავიანთი ქვეყნისთვის ახალ დასაწყისს ითხოვდნენ. შეერთებულ შტატებს კვლავ სჯერა უკრაინის და აგრძელებს იმ ხალხის გვერდით დგომას, რომლებიც მშვიდობიანი, დემოკრატიული და განვითარებული მომავლისკენ ილტვიან", - აღნიშნულია ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა, რუსეთის მიერ, ყირიმის ანექსიის 7 წლის თავთან დაკავშირებით გაავრცელა.
ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე თავდამსხმელი, დაკავების დროს, ორმხრივი სროლისას გარდაიცვალა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ის ცნობით, მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელს მიაგნო და დაკავების დროს ორმხრივი სროლა მოხდა. სროლის შედეგად, ძარცვაში ეჭვმიტანილი ადგილზე გარდაიცვალა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მუქარის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებაზე,მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულების სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირში COVID-პასპორტს გამოშვებას სამი თვე დასჭირდება
ევროკავშირს კორონავირუსის ვაქცინის სერთიფიკატის შემუშავება სურს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია ტურისტული სეზონისთვის, მაგრამ სისტემის შედგენას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. როგორც ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა ვიდეოკონფერენციის შემდეგ, ტექნიკური სამუშაოების გარდა, COVID-პასპორტთან დაკავშირებით, რამდენიმე ღია პოლიტიკური კითხვაც არსებობს. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კოვიდ-პასპორტის შემოღებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ და მათი აზრი ორად იყოფა. ინიციატივის მხარდაჭერას არ ჩქარობს გერმანია და საფრანგეთი. პარიზსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ ასეთი პასპორტების ან სერტიფიკატების შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია. აღნიშნულ ქვეყნებს ასევე მიაჩნიათ, რომ მხოლოდ აცრილი პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ვაქცინაციის პირველ ფაზებში ახალგაზრდები ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზად ვირუსის სწრაფად გავრცელებას, ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებლივი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ, ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.
“ლელო”: კატეგორიულად ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, მათ შორის "კარვების ქალაქს"
"ლელო" კატეგორიულად ვემიჯნებით, ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, მათ შორის აქტივისტების ინიციატივას "კარვების ქალაქზე", - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს. ხაზარაძის თქმით, ის პატივს სცემს რუსთაველზე ახალგაზრდა აქტივისტების ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით. "თუმცა ახლა, ისედაც ვერ მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირების დრო არ არის. რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალი არ არის. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ ამას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს… საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში. ვიმედოვნებ საერთაშორისო რეაქციებზე დაყრდნობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის “ნორმალური დიალოგი” შედგება.”, – განაცხადა ხაზარაძემ. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტები, მოძრაობიდან “საქართველოსთვის”, ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ 3 მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირი (სამანქანო გზა) კარვებით გადაიკეტება.
ოპოზიცია სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას აანონსებს
ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და "კარვების ქალაქის" მოწყობას გეგმავს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, მოთხოვნები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს 2 კვირის ვადაში, არის შემდეგი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ცესკო)პოლიტიკური დევნის შეწყვეტაპოლიტპარიმრების გათავსიუფლებაალიკა კუპრავას განცხადებით, ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაკავებით წითელი ხაზები გადაკვეთა. “საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ხელისუფლება მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს”, – განაცხადა კუპრავამ. ამჟამად პარლამენტის წინ, ტროტურაზე არაერთი კარავია გაშლილი. რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი დღეს ტროტუარზე გადაიტანეს. გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს და განაცხადეს, რომ თუკი ბევრი ადამიანი დარჩება კარვებში, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაკეტავენ გზას.
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება აღნიშნუალი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე რამდენიმე დღის წინ მიიღეს. გარკვეული შეზღუდვების მოხსნაზე ირაკლი ღარიბაშვილმა, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა
დღეიდან საქართველოში, სამთვიანი პაუზის შემდეგ, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. საქართველოს რკინიგზა მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს. გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მატარებელში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
აშშ-მა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობის გამო, სავიზო შეზღუდვები და გარკვეული სანქციები დაუწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. სანქცირებულთა სიაში მეფისნაცვალი მუჰამედ ბინ სალმანი არ მოხვდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ხაშოგჯის მკვლელობის გამო "მსოფლიო იყო შეძრწუნებული". ბლინკენის თქმით, სავიზო შეზღუდვები წესდება ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელსაც „ხაშოგჯის აკრძალვა“ უწოდეს და რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს შესაძლებლობას აძლევს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს პირებს, რომლებიც უცხოეთის სახელმწიფოს მთავრობის სახელით მოქმედებენ და „ჟურნალისტებს და იმ პირებს, რომლებიც დისიდენტებად ითვლებიან, ახშობენ, დევნიან, აკონტროლებკენ, ემუქრებიან და ზიანს აყენებენ".
ნიგერიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სკოლიდან 300-ზე მეტი გოგო გაიტაცა
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სკოლიდან დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა 300-ზე მეტი გოგო გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მინიმუმ 317 გოგო გატაცებას ადასტურებს. პოლიციის განცხადებით, მათ სჯერათ, რომ მას შემდეგ, რაც პარასკევ დილით ჯანგბეში, ზამფარას შტატში, სკოლიდან გატაცებული გოგოები ტყეში წაიყვანეს. როგორც ცნობილია, ზამფარის შტატში მომხდარი ასეთი ინციდენტი პირველი არაა ნიგერიაში. შეიარაღებული ბანდები ხშირად იტაცებენ სკოლის მოსწავლეებს გამოსასყიდისთვის. პრეზიდენტმა მუჰამედუ ბუჰარიმ დაგმო ბოლოდროინდელი გატაცება და განაცხადა, რომ ეს "არაადამიანური და ყოვლად მიუღებელია". გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ასევე დაადასტურა, რომ სკოლიდან 300 – ზე მეტი გოგო გაიტაცეს.
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს - საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდე 2 საფეხური დარჩა. "რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ნიშნულამდე შემცირებისა, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან არის დადებითი. კონკრეტულად სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტი იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე. სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზაობას. საფინანსო ინსტიტუტების დროული მხარდაჭერა არის გონივრული მაკროეკონომიკური მმართველობისა და საერთაშირისო სავალუტო ფონდთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება მიმართული იყო როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, ისე სხვადასხვა პროექტისა და რეფორმების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს არ შეუჩერებია ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: პენსიების ინდექსირება, დღგ-ს სრულად ავტომატური დაბრუნების რეფორმა და სხვა. ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასახულია სააგენტოს ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინვესტორების ნდობას და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამციროს ინვესტიციების მოცულობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო, რათა ხელი არ შეეშალოს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება, აისახება საკრედიტო რეიტინგებზე და საბოლოოდ, მიგვიყვანს საინვესტიციო რეიტინგამდე, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.