ძებნის რეზულტატი:
თორნიკე შარაშენიძე: 2007 წლის შემდეგ დასავლეთს ასე მწვავედ არ გაუკრიტიკებია ხელისუფლება და ეს მაშინ, როცა 2020 წლის არჩევნების მერე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს ჰქონია დასავლეთის ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჰქონდა. 2007 წლის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დასავლეთს არ გამოუთქვამს ისეთი მწვავე კრიტიკა, როგორც ეს გუშინ მოხდა", - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. Europetime-თან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, დასავლეთის რეაქციით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა უზარმაზარი საგარეო საფრთხეების წინაშე დგას. "როცა სახელმწიფო ფინანსურად დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე, ასეთ სიტუაციაში დასავლეთიდან მხარდაჭერის დაკარგვა, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა. შეიძლება, ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ არც დასავლეთს არ უნდა, ხელი ჰკრას მას. ვნახოთ. გუშინ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან როგორი მწვავე შეფასებაც დაფიქსირდა, ასეთი მწვავე კრიტიკა მე ჯერ არ მახსოვს 2007 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლება ცდილობს, გაერკვეს და დრო მოიგოს. მას სჭირდება სულ ცოტა ის, რომ დასავლეთის კეთილგანწყობა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. თუ მელიას გაუშვებენ, საერთაშორისო პარტნიორების კეთილგანწყობის მოპოვების შანსი ისევ აქვთ. თუ არ გაუშვებენ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან და გაუჭირდებათ პოზიციების შენარჩუნება, ხელისუფლებაში დარჩენა. ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" მიზანია, საქმე არ მიიყვანონ ვადამდელ არჩევნებამდე, მაგრამ ახლა, როცა შიდა ფრონტზეც უჭირთ და საგარეო ფრონტზეც, ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამიტომ საჭიროა, საგარეო ფრონტზე ისევ მოიპოვონ მხარდაჭერა, უფრო სწორად დაიბრუნონ, რადგან ჰქონდა ხელისუფლებას ეს მხარდაჭერა, არჩევნების შემდეგ, მაგრამ ერთი სულელური ნაბიჯით, სიტუაცია ოპოზიციის სასარგებლოდ შემოაბრუნეს", - აღნიშნავს ექსპერტი. შარაშენიძის აზრით, 2020 წლის არჩევნების შემდგომ "ქართული ოცნება" დასავლეთის ასეთმა აქტიურმა მხარდაჭერამ და ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებამ გაათამამა, რასაც დაემატა კიდევ რამდენიმე ფაქტორი. "სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა, ის რამაც ხელისუფლება ჩააგდო მძიმე დღეში. ახლა აუცილებელია, ჯერ დასავლეთის კეთილგანწყობა დაიბრუნონ და მერე შიდა პოლიტიკის ფრონტზე დაალაგონ სიტუაცია. რიტორიკა ასე მალე არ შეიცვლება. ხელისუფლებამ რიტორიკა რომც არ შეცვალოს, დარწმუნებული ვარ, მელიას მაინც გამოუშვებს, რადგან არ მგონია, მელიას გამო, საბოლოოდ გადაიკიდოს დასავლეთი. მე არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა და მათ სურთ, საქართველო დააბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ, არ მგონია, მელიას გადააყოლონ ეს ამბავი. ხელისუფლების გუნდში ნამდვილად არის კომპეტენტური ხალხი. საქმე იმაშია, რომ მათ აკლიათ პოლიტიკური გამოცდილება. შეიძლება, კარგი რამის გაკეთება უნდათ, მაგრამ რადგან პოლიტიკურ ბრძოლაში არიან შესულები, ეს არ გამოსდით, გარედან მაინცდამაინც კარგად არ ჩანს. ორივე მხარის შიგნით არის კომპრომისის მომხრე ხალხი. სამწუხარო ისაა, რომ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის მომხრე პოლიტიკური ლიდერები ვინც იყვნენ, მაგალითად გრიგოლ ვაშაძე, წავიდა. ხელისუფლებიდან ასევე ადეკვატური კომპრომისული ადამიანი, გიორგი გახარია წავიდა. ეს არის პრობლემა. მე მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. დიალოგის პერსპექტივას ჯერ ვერ ვხედავ. მე მგონი, პირიქით ხდება. "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად სააკაშვილი, შეეცდებიან, ბოლომდე მიიყვანონ საქმე, გამარჯვებამდე. ხელისუფლება ბუნებრივია შეეცდება მათ წინააღმდეგ ბრძოლას იგივე სტრატეგიით, რომ სააკაშვილი რომ არ დაბრუნდეს, ისევ ოცნება უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ამ თამაშს გააგრძელებს ორივე ძალა. კომპრომისის ვარიანტს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ",- აღნიშნა Europetime-სთან თორნიკე შარაშენიძემ. 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი დაშავებლი სტაციონარში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს, ნიკა მელიას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე თანამდებობიდან გადადგა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე თანამდებობიდან გადადგა. კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, გიორგი გახარიამ 4 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას და წარმატებებს უსურვებს ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. აღნიშნავს, რომ ქვეყანას საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა. ვრცელ წერილში ქემოკლიძე, თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ „დაბრუნებას“ გეგმავს. „დადგა დრო როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პროფესიონალ, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით. არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში! მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!“.
ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს გერმანიაში 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს ერაყელ სასულიერო პირს, აჰმად აბდულაზიზ აბდულა აბდულას, რომელიც აბუ ვალაას სახელით არის ცნობილი და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს. უცხოური მედიის ცნობით, როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, აბუ ვაალი ხელმძღვანელობდა ჯიჰადისტურ ქსელს, რომელიც ევროპაში ახალგაზრდების რადიკალიზაციას ეწეოდა და მათ ერაყსა და სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალაქ ჰილდესჰაიმის მეჩეთის იმამი აბდულა, მთელი გერმანიიდან იზიდავდა ისლამისტებს და რომელიც მოგვიანებით დახურა ხელისუფლებამ. ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ცელეს სასამართლომ 37 წლის აბდულა დამნაშავედ ცნო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში, ძალადობრივი აქტების მომზადებაში და ტერორიზმის დაფინანსებაში. აბდულა ვაალასთან ერთად გაასამართლეს კიდევ სამი პირი, რომელთაც რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ ერთ სასამართლო პროცესში ქალაქ კობლენცში სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა სამოქალაქო პირების წამების ბრალდებით.
ერთჯერადი აქტი, რომელიც უნებართვო შენობებს და ჩაუბარებელ ობიექტებს ეხება - მერიამ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი წარადგინა
თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს“, სამშენებლო ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, რომელიც 2020 წლის აგვისტომდე აშენებულ უნებართვო შენობებს და ჩაუბარებელ ობიექტებს ეხება. თბილისის მერიამ კანონპროექტი უკვე წარუდგინა პარლამენტს. მერიის ცნობით, ამნისტია ეხება ყველა ტიპის მშენებლობას: პირველიდან მეხუთე კლასის ჩართვით. დარღვეული K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, განაშენიანების ხაზები და სიმაღლე - ყველა დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ექსპერტის დასკვნა იქნება.
Amnesty International-მა ალექსეი ნავალნის "სინდისის პატიმრად" გამოცხადების გადაწყვეტილება გააუქმა
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა, რომელმაც იანვრის ბოლოს რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "სინდისის პატიმრად" აღიარა, ახლა კი თავისი გადაწყვეტილება გააუქმა. საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ნავალნის ძველი განცხადებების გამო მიიღო, მათ შორის არის ალექსეი ნავალნის მიერ 15 წლის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც ის იმიგრანტებს ტარაკნებს ადარებს. უფლებადამცველებმა აღნიშნული განცხადებები დისკრიმინაციულად და ქსენოფობიურად მიიჩნიეს. Amnesty International-ს მიაჩნია, რომ ეს "სიძულვილის ენაა", რომელიც "სინდისის პატიმრის" სტატუსს არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, ძალაში რჩება, ორგანიზაციის მოწოდება პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკოორტდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საქალაქთაშორისო მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე თვე შეზღუდული იყო. ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან
დღეიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება
დღეიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება . ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან.
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი გავიდა
საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეც.
უენდი მორტონი: მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს
"მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში, უენდი მორტონმა Twitter-ში დაწერა. მინისტრმა მხარეებს დილოგისკენ მოუწოდა. „დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს დავაფიქსირე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ უთანხმოება მოგვარდეს,“ - წერს უენდი მორტონი.
IRI-ის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია
"ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია", - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ტვაინინგის თქმით,მიმდინარე მოვლენებში პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს და არა მხოლოდ მთავრობას და ოპოზიციას, არამედ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, თუმცა ტვაინინგი მთავრობის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება, რადგან ის ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა წარმოადგენდეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს. „ვფიქრობ, ყველა მხარეა პასუხისმგებელი. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა და მხოლოდ ოპოზიცია. ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს წესები გვაქვს იმისთვის, თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს ჩანს ჩვენს ქვეყანაში, ბევრ სხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. დემოკრატია ყველგან ზეწოლის ქვეშაა. საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არჩევნების შეფასების მხრივ. ჩვენ ცოტა ხანში რეკომენდაციებით ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. თუმცა, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს,”- აცხადებს ტვაინინგი. ტვაინინგი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანია. "იმედი მაქვს, ორივე მხარე, ყველა მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. იყო მოწოდებები ორივე მხრიდან, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს მოწოდებები პირნათლად უნდა შესრულდეს. არ უნდა იყოს ისე, რომ გაჟღერდეს მოლაპარაკებების მოწოდება და ამავე დროს რაღაც სხვა აკეთო, რასაც ღირებული შედეგი არ მოაქვს. აქ რამდენიმე რამაა შემაშფოთებელი. ერთი ისაა, რომ ეს ყველაფერი ფოკუსში აქცევს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას და ამ ეტაპზე ეს კარგად არ გამოიყურება იმ თვალსაზრისით რომ საქართველო შემდგარი და წარმატებული დემოკრატიაა. ვფიქრობ, ნატოში და დასავლეთში იმედი გვაქვს, რომ სიმშვიდე, სტაბილურობა, წესრიგი და დემოკრატია გაიმარჯვებს. ასევე, ეს პოლარიზება, დაპირისპირება და დაძაბულობა საუკეთესო ვექტორია მტრულად განწყობილი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ან ქვეყნის შიგნით არსებული ექსტრემისტული ძალებისთვის იმის გასაკეთებლად, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. პოლარიზაციასთან ყველას გვაქვს შეხება და ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. ყველას გვყავს მტრული ძალები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებული განსხვავებების გამოყენებას ცდილობენ. გვინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ასეთი გავლენები საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის... საქართველოში არავინაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველო კრიზისული ქვეყნების სიას, იმ სიას დაემატოს, რომელიც ჩამონგრევის რაღაც ეტაპზეა. საქართველოს წარმატება ყველას ინტერესებშია. ამერიკას საქართველოს სახით ძლიერი და წარმატებული მოკავშირე სჭირდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა მართავს ქვეყანას. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უკავშირდება არა იმას, თუ ჩვენ რა გვსურს, არამედ იმას, თუ რა სურს ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს სურს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მათთვის მუშაობს და მისი მოქალაქეების წინსვლისთვის ქვეყნის გაერთიანებას ცდილობს,“ - აცხადებს ტვაინინგი.
ევროკავშირი: პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის
ეროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ყველა მხარეს მოუწოდებს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნულია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პილიტიკური პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. „საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას. გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად. ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკვე აცნობა აშშ-ის კონგრესს. პრეზიდენტის თქმით, საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია 2021 წლის 1 მარტის შემდეგაც, რადგან COVID-19-ის პანდემია ისევ სერიოზული რისკია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ხალხის უსაფრთხოებისთვის და მასთან საბრძოლველად ფედერალურმა მთავრობამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის მარტში, ერთი წლით გამოაცხადა.
ვიცე-პრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამ პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიკავებენ. „ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა პრემიერმა. პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა 22 თებერვალს დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის პირველი სხდომა გამართა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 362 ადამიანს დაუდასტურდა, 470 გამოჯანმრთელდა, 12 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 800 შემთხვევაა დადასტურებული. 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 475 კი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.25%. 362 ახალი შემთხვევიდან 165 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 25, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 572, საიდანაც: 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 729, აჭარაში - 157, იმერეთში - 309. მძიმე პაციენტი 289, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 37, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 69 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 302 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 89. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 127 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 122 პირი, აჭარაში - 443, იმერეთში - 763.
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის პირველ ივნისამდე გადავადდება
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის პირველ ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. „მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟება გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყოს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო წლებში იყო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება
საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა, ამ კომპანიების მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ამ პროცესში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს ვქმნით. საბჭო შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში. რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რითაც ხელი უნდა შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მსჯელობა გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო, როდესაც მან მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომლის რეფორმირებაც დაიწყება, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის შეიქმნებოდა სახელმწიფო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებდა.
ვლადიმერ პუტინმა მედიის შემზღუდველ კანონს ხელი მოაწერა
24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს. სადავო კანონი გარკვეულ ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. პუტინის მიერ 24 თებერვალს ხელმოწერილი კანონების თანახმად, ე.წ. "უცხოელი აგენტების" და მათი მასალების შესახებ ინფორმაციის გაცემა, მათი სტატუსის მითითების გარეშე, შეიძლება დაჯარიმდეს ფიზიკური პირები 2500 რუბლამდე ($ 34) და იურიდიული პირები 500,000 რუბლამდე ( 6 720 აშშ დოლარი). „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი, არ განარჩევს და თანაბრად მოქმედებს, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე. იმავე დღეს, პუტინის მიერ ხელმოწერილი სხვა კანონები, სხვადასხვა დანაშაულისთვის სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმებს აწესებს. თუ რუსულმა სასამართლომ ინდივიდი მიტინგის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ სცნო, ის 15,000 რუბლამდე (200 დოლარი) დაჯარიმდება, ხოლო ოფიციალური პირები და ოგანიზაციები ამგვარი ქმედებებისთვის 30 000-დან (400$) 100 000 რუბლამდე (1,345 $) ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან. კიდევ ერთი ხელმოწერილი კანონი, მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმებს, პოლიციის დამორჩილებობისთვის დაკავებული პირებისთვის.
დევიდ კრამერი: სანქციები არა ქვეყანას - არამედ ივანიშვილს, პრემიერს, შს მინისტრს უნდა დაეკისროს
„მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც“, - ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთერში განაცხადა. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას, როგორც თავისუფლების კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში. ახლა არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ იხრება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლონ მელია, რომ ინდივიდუალურ სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც. ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს, არ მომწონს, რომ საქართველოს და სანქციებს ერთ წინადადებაში მოვიხსენიებ, მაგრამ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს, მაღელვებს ეს სიტუაციაც. ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა გახარია, რომელმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ღარიბაშვილმა კი სიამოვნებით ჩაატარა ოპერაცია და ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს. ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძნობს, ფასის გადახდაც მოუწევს. თუ მიმართულება არ შეიცვლება, საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს მხოლოდ იმ ხალხს გაუხარდება, ვინ კრემლში ან პუტინის სასახლეშია", - განაცხადა კრამერმა.
განაში ვაქცინაცია დაიწყო
განამ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც COVAX პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიეწოდა. როგორც ცნობილია, განამ AstraZeneca/Oxford ვაქცინის 600 000 დოზა მიიღო.
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრამ ნათია თურნავამ განაცხდა. "საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს. გარკვეული მომზადება დასჭირდა და უკვე განაახლებს მარშუტებს და გამოაცხადებს განრიგს", -განაცხადა თურნავამ.