ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ეწვევა
28 თებერვალს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში - ტურნეს იწყებს და ის 3 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირის პრეზიდენტი 28 თებერვალს ეწვევა კიშინიოვს, სადაც მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება. მოლდოვის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება. შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა. საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობებისა და COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლის გარდა, დღის წესრიგში იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.
ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობაზე სტატიას აქვეყნებს
დეკემბრის ბოლოს, საქართველოში ონლაინ კლინიკის მეშვეობით სამედიცინო მომსახურება 5000-ზე მეტმა კოვიდ პაციენტმა მიიღო, - აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაქმოქვეყნებულ სტატიაში, საუბარია კახეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინ კლინიკაში დანერგილ საპილოტე პროექტსა და მის შემქმნელზე, ამერიკაში მომუშავე ქართველ ნევროლოგზე, დავით მრელაშვილზე. დავით მრელაშვილმა ონლაინ კლინიკა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება. „ინდივიდუალურ პაციენტებს, მომსახურების მისაღებად, შეუძლიათ ექიმს სმარტფონის საშუალებით დაუკავშირდნენ, ხოლო ზოგადი, პროტოკოლის საფუძველზე, გარკვეული რჩევების ატვირთვა სამედიცინო პროგრამის სტუდენტებს პლატფორმაზე შეუძიათ”, - განმარტავს დოქტორი მრელაშვილი. მისი თქმით, "ადრე ექიმებს უწევდათ სატელეფონო ზარების პასუხი, შენიშვნების დაწერა და თითოეული პაციენტისთვის საკითხის ინდივიდუალურად განმეორება. ახლა ექიმის ყველაზე სასწრაფო მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად დრო აღარ ეკარგება. ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და უფრო მეტად გახადოს ადამიანების საჭიროებებზე მორგებული“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა. „ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს“, - განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს
საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადბას საპატრიარქო ავრცელებს. `დეკანოზს, რომელიც თავის დროზე მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ არის ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, საპატრიარქო მცირე ისტორიულ ექსკურსს უტარებს. „2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: - კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო. სიცრუეზე დამყარებული განცხადების ავტორს უნდა შევახსენოთ: ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებულ კანონიკურ საზღვრებში თვითონ აგვარებენ ყველა საეკლესიო პრობლემას. აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად. VIII საუკუნიდან აფხაზთა საკათოლიკოსო, XI საუკუნიდან სრულიად საქართველოს საპატრიარქო, XV საუკუნიდან ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა საკათოლიკოსო ჯერ ცენტრით ბიჭვინტაში, ხოლო XVI საუკუნიდან გელათში. იქნებ აგვიხსნას მამა ბესარიონმა, რატომ აღასრულებდნენ ქართულად წირვა-ლოცვებს ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათოლიკოსები, იოაკიმედან დაწყებული დოსითეოზით დამთავრებული? იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით მოსახლეობა იყვნენ ქართველები და ქართველთა ნათესავი კავკასიელები: აბაშიძე, ჩხეტიძე, ლორთქიფანიძე, ქვარიანი, ერისთავი, ბაგრატიონი, წერეთელი და მოსახლეობა იყო ქართველი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნეში, აფხაზეთის ეპარქიას ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამბროსი. 1921-1993 წლებში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელები ყოველთვის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში. თავდაპირველად ეპარქია, 300 000 კაცთან ერთად, დევნილი აღმოჩნდა თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან 1993 წლის ცნობილი მოვლენების დროს და 2008 წელამდე დევნილი სასულიერო პირები მხოლოდ კოდორის ხეობაში მსახურობდნენ, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ იქნენ გამოდევნილნი აფხაზეთის ტერიტორიიდან. რაც შეეხება პატრიარქ ტიხონის მიერ აფხაზეთში უკანონოდ გაგზავნილ ეპისკოპოსს, პატრიარქი ტიხონი არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა მისი პოზიციების შესუსტებას აფხაზეთში, მაგრამ პატრიარქ ტიხონს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არასდროს განუხილავს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში XX საუკუნეში ყოველთვის ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ და ეპარქია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, როგორც საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, დაადასტურა 1943 წლის ოქტომბერში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა, როდესაც სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თავის ისტორიულ საზღვრებში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ღვთისმსახურება შეწყდა. ოკუპირებულ აფხაზეთში, ღვთისმსახურება „დროებით - აფხაზური ეპარქიის სტატუსის განსაზღვრამდე“ შეწყდა. ამის შესახებ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა, მამა ბესარიონ აპლიამ განაცხადა.
სტრასბურგის სასამართლომ მავთულხლართების გავლებით დაზარალებულთა საქმის განხილვა დაიწყო
"2021 წლის 5 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული პირების საქმის განხილვა დაიწყო", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საუბარია 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსი და ოსი “მესაზღვრეების” მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებაზე, რამაც გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის შედეგადაც, დვანის 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. საია-ს განცხადებით, მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ორგანიზაციის თქმით, ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა, რაც მათი ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად კი ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ. საიამ მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის სახელით საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 2014 წლის 11 აპრილს გააგზავნა. წარდგენილ საჩივარში საია დვანის მაცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებითშეუფერხებელი სარგებლობის უფლების (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი), მიმოსვლის თავისუფლებისა (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვისეფექტიანი საშუალების უფლების (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი) დარღვევაზე დავობს. ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო, რის თაობაზეც მომჩივნებს და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს 2021 წლის 24 თებერვალს შეატყობინა. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას მოუწევს წარადგინოს მისი პოზიცია მათ შორის იმ საკითხებზე, რამდენად ექცევა მომჩივანთა უფლების დარღვევის შემთხვევები რუსეთის იურისდიქციის ქვეშ; ადგილი ჰქონდა თუ არა მომჩივნების საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევას და დაირღვა თუ არა მომჩივანთა მიმოსვლის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 2 ივნისამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, რუსეთი დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.
აშშ-მა სლოვაკეთის ყოფილ მთავარ პროკურორს და მის ვაჟს სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სლოვაკეთის ყოფილ მთავარ პროკურორს, დობროსლავ ტრნკას და მის ვაჟს, იაკუბ ტრნკას, მნიშვნელოვან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სანქციების გათვალისწინებით, მათ შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ. „სლოვაკეთის გენერალური პროკურორის თანამდებობის ფარგლებში, ტრნკა მონაწილეობას იღებდა კორუფციულ ქმედებებში, რამაც ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და სლოვაკეთის საზოგადოების რწმენას მათი მთავრობის დემოკრატიული ინსტიტუტების, თანამდებობის პირების და საზოგადოებრივი პროცესების მიმართ“, - აცხადებს ბლინკენი. ცნობისთვის, ყოფილი გენერალური პროკურორი დობრასლავ ტრკნა 2019 წლის ბოლოს დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში 2018 წელს მოკლული ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებაში ჩანაწერების დამალვისთვის.
Bloomberg-ი: საქართველო - ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისი
„საქართველო - ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისი“, - ამ სათაურით სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ თუ ბაიდენს სურს, შეასრულოს დაპირება, რომ ამერიკა გლობალურ ლიდერად დაბრუნდა, ის საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ვერ იქნება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისეთი საგარეო პოლიტიკის პირობა დადო, რომელიც ამერიკის ძალას მის ღირებულებებს შეუსაბამებს. ამ პრინციპის პირველი ტესტი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საქართველოს კრიზისია და ჯერჯერობით, ის ვარდება. ხანგრძლივმა დაძაბულობამ მმართველ „ქართულ“ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სამშაბათს იფეთქა, როდესაც მაღალჩინოსნებმა დააკავეს უმსხვილესი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია. ასობით პოლიციის ოფიცრის მიერ თბილისში პარტიის ოფისის დარბევა ძალის დემონსტრირება იყო. ეს დაკავება იყო პირდაპირი პროვოკაცია. იმდენად საკამათო იყო მელიას დაპატიმრება, რომ გასულ კვირას ქართული ოცნების პრემიერმინისტრი გადადგა მელიას მომავალი დაპატიმრების გამო და თქვა, რომ ეს „საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს“. ასეთი კრიზისი აშშ-სგან მკაცრ შეფასებებს და მმართველი მთავრობის დასჯის გეგმასაც მოითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს ბერკეტი, რადგან აშშ აგრძელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას. 2010 წლიდან 2019 წლამდე აშშ-ს არასამხედრო დახმარება საქართველოსთვის წლიურად, დაახლოებით, 64 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში, აშშ-მ საქარველოს სამხედრო დახმარების სახით 265 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაპირველი პასუხი მეტ-ნაკლებად რბილი იყო. სამშაბათს სპიკერმა ნედ პრაისმა დაგმო მელიას დაპატიმრება, მაგრამ შემდეგ თქვა: „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს“. ეს სახიფათო გზავნილია, რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია მიმდინარე კრიზისზე. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ ახალ პარლამენტში შესვლაზე, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული კითხვები ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ამასობაში, გასულ მარტში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი პოლიტიზებული საქმეები წამოიწყო. აშშ-ს თავდაპირველი რეაგირების კიდევ ერთი პრობლემაა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აკისრებს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს და მის უმდიდრეს მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს, კრიზისში მისი როლის გამო. თუ ევროპა და აშშ კმაყოფილი იქნებიან მელიას ციხიდან გათავისუფლებით, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების დარღვევების გამო არაფერს იტყვიან, რეჟიმი არსებითად წახალისდება, რომ მეტი მძევალი აიყვანოს. შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, უნდა დაიწყოს ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული მნიშვნელოვანი ქონების აღრიცხვის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ივანიშვილმა დააანონსა, რომ გადადგებოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან, დამკვირვებელთა უმეტესობა მაინც თვლის, რომ ის სიტუაციას კვლავ აკონტროლებს. თუ ის დანამდვილებით შიშობს, რომ აშშ-ს მთავრობამ შეიძლება მისი ქონების მართვას პრობლემა შეუქმნას, შეიძლება გადააფასოს მისი პოლიტიკური ოპოზიციის მოსპობის სტრატეგია. ეს იყო ნაბიჯი, რაც ბაიდენის წინამორბედს არასდროს გადაუდგამს საქართველოში. თუ ბაიდენს სურს შეასრულოს დაპირება, რომ ამერიკა გლობალურ ლიდერად დაბრუნდა, ის საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ვერ იქნება“, - აღნიშნულია Bloomberg-ის სტატიაში.
NATO სომხეთს მოუწოდებს, პოლიტიკური უთანხმოებები მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოაგვაროს
NATO სომხეთს მოუწოდებს, პოლიტიკური უთანხმოებები მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოაგვაროს. განაცხადა ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამის შესახენ NATO პრესსპიკერმა Twitter-ზე დაწერა. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ სიტყვები ან ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია. ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად და დემოკრატიულად, სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად", - წერს NATO-ს პრესსპიკერი. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა ერევნის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავენ.
აშშ-მა სირიაში ირანის მიერ დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტები დაბომბა
აშშ-მა სირიაში ირანის მხრიდან დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. პენტაგონის თქმით, იერიში ამ თვის დასაწყისში ერაყში ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა. როგორც ცნობილია, სირიაში საჰაერო იერიშის განხორციელება თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის რჩევა იყო, გადაწყვეტილება კი ჯო ბაიდენმა მიიღო. ეს აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის პირველი სამხედრო განკარგულება იყო. პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს იერიში მხოლოდ ერაყში მომხდარი თავდასხმის პასუხი კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ქმედება რეგიონში მყოფი აშშ-სა და კოალიციის ძალების დასაცავად. "იერიშმა გაანადგურა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტთან მყოფი რამდენიმე ობიექტი, რომელთაც ირანის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სამხედრო დაჯგუფება იყენებდა, ქათა'იბ ჰეზბოლასა და ქათა'იბ საიდ ალ-შუჰადას ჩათვლით. ოპერაცია ერთმნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს. პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკის კოალიციის ძალების დასაცავად იმოქმედებს. ამავდროულად, ჩვენი ქმედება მიმართული იყო საერთო სიტუაციის დეესკალაციისკენ, როგორც აღმოსავლეთ სირიაში, ისე ერაყში." - განაცხადა კირბიმ.
რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას დრეზინათი ტოვებენ
რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას დრეზინათი (რკინიგზის პატარა ვაგონი (ურიკა), რომელიც მოძრაობს ძრავით (ავტოდრეზინა) ან ხელით) ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში მყოფი რუსეთის საელჩოს 8 წარმომადგენელი, ოჯახის წევრებთან ერთად, 25 თებერვალს რუსეთში დაბრუნდა. ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნებთან სატრანსპორტო მიმოსვლა აკრძალა. გასული წლის დასაწყისიდან მატარებლებს და ვაგონებს ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა და გასვლა. შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო ფრენების უმეტესობაც. „რადგან უკვე წელზე მეტია, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ხოლო სამგზავრო მიმოსვლა შეწყდა, სახლში დაბრუნება მათ სხვა რთული და გრძელი გზით მოუხდათ. თავდაპირველად, 32 საათი მატარებელში, შემდეგ ორი საათი ავტობუსში საზღვრამდე და ბოლოს იყო, ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთი - საფეხმავლო გასასვლელი რუსულ საზღვარზე. ამისთვის საჭირო იყო ურიკის მოწყობა, მისი რელსებზე დაყენება, მასზე ნივთების დალაგება და მათ შორის, ბავშვების დასმა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრტელდა - 320, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25436, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17311, PCR ტესტით - 8125 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,32%, ბოლო 14 დღის - 2,2%, ბოლო 7 დღის - 2,03% კარანტინის რეჟიმშია 304 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 1542 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 167. ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 270137 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა - 264047 , გარდაიცვალა - 3485 კოვიდინფიცირებული.
საქსტატი: წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. "წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა", - ნათქვამია ანგარიშში. 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდაშემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელიმრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება,უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისდა კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების დამოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში. ამასთან, 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 835 შეადგინა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება. 1-ელი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. „აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. აღნიშნული შემთხვევის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ადგილიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები რამდენიმე ადგილიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო მარშით - „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ ცდილობენ, საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი „თავისუფლება ნიკა მელიას“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ პროცესი ჩიხშია შესული და არჩვენების შემდეგ ხელისუფლება არ ფიქრობს, ეს ვითარება შეცვალოს. .კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ. ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით მოემართებიან. მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.
ღარიბაშვილი ვაქცინის მიღების დაჩქარების საკითხზე ჯანმოს ხელმძღვანელს ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც საუბრის დროს, პრემიერმა განაცხადა, მსოფლიოში ვაქცინის მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა, ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას, პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ღარიბაშვილმა ჯანმო-ს ხელმძღვანელთან ასევე ისაუბრა, ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს. აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყანაში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
ბაქომ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო
აზერბაიჯანმა ყარაბაღის ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო და მისი ფუნქციონირებას შემოდგომაზე ელის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას News.am-ი ავრცელებს. ”რაც შეეხება ფიზულის აეროპორტს, სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენ ოპერატიულად დავიწყეთ ტერიტორიის მოწესრიგება, რადგან, პირველ რიგში, საჭირო იყო ტერიტორიის გაწმენდა (ნაღმებისგან); პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. აეროპორტი დროულად ამოქმედდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, აეროპორტი ექსპლუატაციაში უკვე ამ შემოდგომაზე შევა", - განაცხადა ალიევმა. ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას საფუძველი 18 იანვარს ჩაუყარა. როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი.
პარლამენტთან, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია იმართება
პარლამენტთან, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ. პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიას წერილი წაუკითხა. როგორც ნიკა მელია წერს, რომ მისგან "თავისუფლების ქირა" და ხარკი მოითხოვეს, მან მთავრობას უთხრა, რომ "თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო". "მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მე ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ნება, მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება, ვიცი რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველ გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას", - დაწერა ნიკა მელია თავის წერილში. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები, პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლებენ. ამავდროულად, დაანონსდა ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯებიც. აქციაზე, 2 მარტს, ოპოზიციამ საქართველოს პარლამეტის პიკეტირება დააანონსა. 5 მარტს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 9 მარტს აქციას გამართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო 11 მარტს სასამართლოსთან. 13 მარტს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გეგმავს პარლამენტთან შეკრებას.
ოპოზიციამ პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება დააანონსა
ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გაახმაურა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ გეგმაშია პარლამენტის პიკეტირებაც. ეს აქცია 2 მარტისთვის დაიგეგმა. „5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღაირიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის. 9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური. 11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ. 13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ლიეტუვა მზადაა საქართველოში მედიაციისთვის, რომ მხარეებმა დიალოგსა და კონსენსუსს მიაღწიონ
"ლიეტუვა მზადაა საქართველოში მედიაციისთვის, რომ მხარეებმა დიალოგსა და კონსენსუსს მიაღწიონ", ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედასმა თავის წერილში ისაუბრა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა. წერილში, ლიტუვის პრეზიდენტი წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობაზე და რეპრესიებზე საუბრობს. "ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ დაიპყრო ახლად დაარსებული დემოკრატიული რესპუბლიკა - შეაჩერა ქართველი ხალხის ამბიციური გადაწყვეტილება და მათი გამართლებული სურვილი, გახდეს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. მოვლენების სამწუხარო მონაკვეთში, საქართველო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გახდა საბჭოთა იმპერიის ნაწილი. მიუხედავად ამ ტერორისა, ხალხი ინარჩუნებდა თავისუფლების სულისკვეთებას, ზოგჯერ ფარულად ან იატაკქვეშეთში, თუმცა სანუკვარი და მტკიცედ დაცული. ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ ააღორძინა ეს სულისკვეთება, რამაც დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე მიიყვანა - კიდევ ერთხელ მოიპოვა შესაძლებლობა საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრი გამხდარიყო ლიტვას ესმის ოკუპაციებისა და რეპრესიებისგან მოტანილი უზარმაზარი ტკივილი, თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა", - აღნიშნულია წერილში. გიტანას ნაუსედა წერილში, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავების საკითხსაც ეხმიანება, რამაც, მისი თქმით, დიდი შეშფოთება გამოიწვია. "სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია. პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეტანხმება შესაძლებელია მხოლოდ მხარეებს შორის ნამდვილი დიალოგის საშუალებით. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთობასა და შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის კონსტრუქციულ და მუდმივ დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის გადალახვას. ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის ყველა მხარეს შორის დიალოგისა და კონსენსუსის მოსაძიებლად" - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპისა და ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივ წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატის, გერმანიის ბუნდესტაგის, ბრიტანეთის თემთა პალატის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. როგორც წერილშია ნათქვამი, ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სისუსტე გამოააშკარავა. საპარალმენტო კომიტეტების ხელმძღვანელები ქართველებს მოუწოდებენ, იზრუნონ პოლიტიკური გამოსავლის ძებნისთვის და არ მიმართონ იმ ტიპის პრაქტიკებს, რომელიც "ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვებმა გამოიყენეს". დიპლომატები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მათი თქმით,ძალადობისა და თავისუფლებაზე მიტანილი იერიშის შედეგად საქართველოს ევროატლანტიკური კურსი თავდასხმის ქვეშ არის. "ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით განხორციელებულმა შტურმმა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოააშკარავა. მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ ბოლო წლებში აღმოცენებული პრობლემებისთვის პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად და არ მიჰყონ ხელი იმ ტიპის პრაქტიკას, რომელიც სხვებმა გამოიყენეს, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ხელისუფლებაში მყოფი თითოეული პირის პასუხისმგებლობას, გამოიჩინონ თავშეკავება. მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგები კი სწორედ მათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც თავშეკავებას არ გამოიჩენს. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში არა ეჭვის, არამედ თავდასხმის ქვეშ არის ძალადობისა და თავისუფლებების შელახვის შედეგად", - ნათქვამია ერთობლივ წერილში. პავილიონისი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმჯდომარეებთან ერთად გამოქვეყნებული განცხადების შესახებ ამბობს, რომ ეს დასტურია საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთობლივი გამკლავებისა. "კრემლის მცდელობები და ინფორმაციული შეტევები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ყველა ჩვენგანის დაყოფას, განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. სოლიდარობის ეს ერთობლივი განაცხადი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმჯდომარეებთან ერთად, ... კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ მარტონი საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავებაში, ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობის ხაზგასმით ძალადობის წაქეზებასა და თავისუფლების წინააღმდეგ მიტანილი იერიშის გამო", - განაცხადა პავილიონისმა.