ძებნის რეზულტატი:
ქუთაისში მოსკოვის ქუჩას, შინდისის გმირების სახელი დაარქვეს
ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა. სახელი სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლების ინიციატივით გადაერქვა. აბრა ერთერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის გადარჩენილმა გმირმა ტრისტან ჩიტიძემ თავად გააკეთა. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე გმირულად დაიღუპა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დარწმუნებული ვარ, ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა
„დარწმუნებული ვარ, ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში საუბრობს. „თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა. დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა“, - ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, პატიმრობის შეფარდების გაუქმების თაობაზე. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. საჩივარი დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა. სააპელაციო სასმართლოს ცნობით, საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. მოქმედი კანონმდებლობით, საქმის არსებითი განხილვისას გამოტანილი აღკვეთის ღონისძება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა მელიას ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და შესაბამისი უფლება ჰქონდათ. 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვლას დააკავა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვახტანგ ხმალაძის სამართლებრივი განმარტება, თუ რატომ არის უსაფუძვლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება
აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს
აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს. აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში საფრანგეთის ელჩი ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს. შესაბამისი განცხადება დიეგო კოლასმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ჟურნალისტებზე თავდასხმა არავითარ კონტექსტში არ უნდა იყოს მოთმენილი. ისინი დემოკრატიის უსაფრთხოების საკვანძო ფიგურები არიან“, - წერს ელჩი. ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება
"ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, ქართველი იუნკერების მემორიალთან განაცხადა. პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერთან ერთად კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, „ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“. „ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერევნის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავენ
სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ჩანს, რომ „სუ 30“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ერევნის თავისუფლების მოედნის მახლობლად ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამ წუთებში სომხეთში ორი აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ - ჰუბერტ ქნირში
„საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა. „საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ. ეს ნათლად ჩანს, როდესაც ისინი პარლამენტში იყრიან კენჭს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთს არ იღებენ.ასევე ზოგადად, პარტიები ხშირად პოლიტიკის ისეთ მსოფლმხედველობას მისდევენ, სადაც მეორე მხარის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების სამსახურში ყოფნა.თუ ეს არ შეწყდება, ეს გადაიქცევა ბრძოლად იმ გემზე, რომელიც იძირება. ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც მოვლენებს გარედან აკვირდება. მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით.დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რასაც იმისათვის აკეთებთ, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს მოაწონოთ თავი. და არც იმისათვის, რომ გააბრაზოთ ადამინები კრემლში და მათი შიშები კვებოთ.ამას თქვენი საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის აკეთებთ და ვინაიდან ვალდებულნი ხართ მისი ისტორიის წინაშე“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რა შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით
„გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით. სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა მოცემულ შემთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკანორ მელიას მიმართ.მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას. ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, რასაც ბრალდება ყოველთვის უსვამდა ხაზს არამარტო სიტყვით, არამედ ამ მიმართულებით მიღებული თითოეული გადაწყვეტილებითა და განხორციელებული ქმედებით. უფრო მეტიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა, ვინაიდან მის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას არ შეეცვლებოდა გირაო პატიმრობით. მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა - ის, რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ღარიბაშვილს: მადლობას გიხდით თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის
"მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას", - აღნიშნული განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილს უგზავნის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თქმით, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია. ვამაყობ, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ჩვენი მყისიერი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს COVID-19-ზე მტკიცე პასუხის გაცემაში. გისურვებთ წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. პრემიერის თქმით, ერთმნიშვნელოვნად გმობს ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. „მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკანორ მელიას საჩივარი დაუშვებლად ცნო, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უფლებამოსილებას – განიხილოს საჩივარი საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა წარდგენილ საჩივარს, – ამის შესახებ აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში. „რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას, წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საჩივრის არსებითი განხილვა ვერ მოხდა, საგამოძიებო კოლეგიაში ამგვარად გასაჩივრების დაუშვებლობის გამო, ამავე დროს სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს აქვს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა, რომ მოხდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა; ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად; საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე ვალდებულია – განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვლას დააკავა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვახტანგ ხმალაძის სამართლებრივი განმარტება, თუ რატომ არის უსაფუძვლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება
კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზაციას ახდენს. ვინც არ უნდა იყო - შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი მასში, და არც შენი პარტია - ჰუბერტ ქნირში
„გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციამდე ორი წლით ადრე მიიღეს, შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი მაგალითი. მაგალითი იმ წყობისა, რომელიც არა გარე, არამედ შიდა აგრესიის შედეგად დაინგრა. მაგალითი დემოკრატიისა, სადაც ძალიან ბევრი მებრძოლი და ძალიან ცოტა დემოკრატი იყო. ჩვენმა ქვეყნებმა მეორე შანსი მიიღეს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მომიწვიეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის მემორიალური დღის აღსანიშნავად. ეს ორი თარიღი, რომლებსაც სულ რამდენიმე დღე აშორებთ ერთმანეთისგან, მკაფიო ენით გვესაუბრება. მაშინ, ასი წლის წინ, საქართველოს არ მიეცა თავისი კონსტიტუციის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა. ისტორიის გზავნილს არ სჭირდება ინტერპრეტაცია. ის ყველა ჩვენგანისთვის ნათელია:იცხოვრეთ თქვენი კონსტიტუციით! მუდამ თან იქონიეთ და გახსოვდეთ იგი! დაიცავით იგი თქვენი გონების მთელი ძალით - თუნდაც იგი იყოს თქვენი საკუთარი ვიწრო ინტერესების, თქვენი პირადი იმპულსების წინააღმდეგ! კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზაციას ახდენს. ვინც არ უნდა იყო - შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი მასში, და არც შენი პარტია. დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა ხორციელდება ინსტიტუციების საშუალებით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმაცია. გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციამდე ორი წლით ადრე მიიღეს, შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი მაგალითი. მაგალითი იმ წყობისა, რომელიც არა გარე, არამედ შიდა აგრესიის შედეგად დაინგრა. მაგალითი დემოკრატიისა, სადაც ძალიან ბევრი მებრძოლი და ძალიან ცოტა დემოკრატი იყო. ჩვენმა ქვეყნებმა მეორე შანსი მიიღეს“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება. "საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კალრ ჰარცელი twitter-ზე წერს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას. "ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ. ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია“, - წერს ელჩი. დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს ოკუპაცის დღიდან 100 წელი შესრულდა
ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის კრიზისის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. „განხილულ იქნა სომხეთში არსებული ვითარება. პუტინმა ისაუბრა სომხეთში წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნების, კანონის ფარგლებში ვითარების მოგვარების სასარგებლოდ. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მოუწოდა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. სომხეთში ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა. ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
პრეზიდენტი მიესალმება მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის გახანგრძლივებას
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. აღნიშნულ ეტაპზე კი, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.
ჩინურმა ელექტრომობილმა გაყიდვებით Tesla-ს გაუსწრო
ჩინურმა ბიუჯეტურმა ელექტრომობილმა, რომლის ფასიც 3,200 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, გაყიდვებით მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ Tesla-ს გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ყველაზე დაბალფასიანი მოდელის ფასი 27,000 ფუნტი სტერლინგია. BBC-ის ცნობით, Hong Guang Mini-ის ელექტრომობილი General Motors-ის ბაზაზე შეიქმნა და ჩინეთში უკვე ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. 2020 წლის მეორე ნახევარში 112,000, მიმდინარე წლის იანვარსში კი, კომპანიამ 25,778 ავტომობილი გაყიდა, გაყიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება Tesla-ს გაყიდვას. Tesla-მ 13,843 ავტომობილი გაყიდა. Hong Guang Mini-ი სავარაუდოდ ევროპის ბაზარზეც მალე გამოჩნდება, კომპანიასთან თანამშრომლობით ლატვიელი ავტომწარმოებლები უკვე დაინტერესდნენ.
ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით აფასებენ. „ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, იმოქმედონ თავშეკავებით, განმუხტონ სიტუაცია და კონსტრუქციული გამოსავალი იპოვონ საქართველოს ინტერესებისა და ყველა მისი მოქალაქისთვის. ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად. შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით. ეს რისკები ძირს უთხრის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დაუკავშირონ მათი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და მიისწრაფონ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას ამ ამბიციური საგარეო პოლიტიკური მიზნებს მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეიდან, რკინიგზის სალაროებში ბილეთის შეძენა შესაძლებელია
რკინიგზის სალაროებში ბილეთის შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ხოლო მატარელბლები მოძრაობას ხვალიდან, 27 თებერვლიდან, განაახლებენ მოძრაობას. მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა
ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პირველი კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კაცი იყო, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 800 შემთხვევაა დადასტურებული. 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 475 კი გარდაიცვალა.