ძებნის რეზულტატი:

ჰელსინკის კომისია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში

ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. კომისიის ლიდერები „ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას აკრიტიკებენ“. „როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, აგრესიის ნაცვლად“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადება ხელს აწერენ: ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი.

ამერიკელი კონგრესმენები: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ნიკა მელია და გიორგი რურუა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლსი. კონგრესმენები ყველა პარტიას მოუწოდებენ, შეწყვიტონ პროვოკაციები, ხელისუფლებას კი ყველა პოლიტპატიმარის, მათ შორის გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებას სთხოვენ. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისის ძალადობრივი დარბევა და მისი ლიდერის, ნიკა მელიასა და ათობით აქტივისტის დაპატიმრება ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განხორციელებისთვის საფრთხის უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატისა და ევროატლანტიკური გზისგან. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოლაპარაკება დაიწყონ ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ", - ნათქვაია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში. მოგავიანებით კონგრესმენების კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკქოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი. აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ. „საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა. პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისარი: ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს

"ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", -. ასე გამოეხმაურა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ევროკომისარი განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს. „საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია“, - წერს ოლივერ ვარჰეი

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 443 ადამიანს დაუდასტურდა, 461 გამოჯანმრთელდა, 6 კოვიდინფივირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 226 PCR ტესტით. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. 263 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 463 კი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%. 443 ახალი შემთხვევიდან 213 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 15, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 37, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323. მძიმე პაციენტი 302, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 33, იმერეთში - 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 103, მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 899 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 91. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 107 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 152 პირი, აჭარაში - 440, იმერეთში - 763.

შატილის გზაზე ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ავტობუსის მესაკუთრე დააკავეს

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის დროსაც 17 ადამიანი გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ დირექტორი და კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე. მათ ბრალად ედება ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს "თრეველ ჯის" დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

ჯო ბაიდენის მრჩეველი: შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაპატიმრებით, მხარეებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის Twitter-ზე აქვეყნებს. „შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, - წერს ჯეიკ სალივანი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი: მოვუწოდებ პოლიტიკურ აქტორებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და ასევე ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად", - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა. „ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ასევე ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა სურს,“- წერს დიტმირ ბუშატი .

მარკეტა გრეგოროვა: ეს მოვლენები აბრკოლებს NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას

"ეს მოვლენები აბრკოლებს NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას", - ასე შეაფასა ევროპელ „მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“, (Greens/EFA) წევრმა, ჩეხმა პოლიტიკოსმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მას „აბსოლუტური იმედგაცრუება“ უწოდა და ნიკა მელიას დაკავება შეაფასა, როგორც დემოკრატიის გზაზე ქვეყნის უკუსვლა. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა. მისი თქმით, "ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის წვერია". ამავე დროს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ის ორივე მხარეს მოუწოდებს დიალოგისკენ, რათა შექმნილმა ვითარებამ გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა არ იქონიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. "იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან კონტაქტი მაქვს ორივე მხარესთან, ოპოზიციასთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ და ვთათბირობთ სხვადასხვა გზასა თუ მიმართულებაზე, თუ როგორ მოგვარდეს ვითარება. საქართველოში ყველა ყოველთვის მარწმუნებს, რომ ყველა ცდილობს ვითარების განმუხტვას, რათა ის არ გაუარესდეს. ამიტომ ესკალაცია იმედგაცრუებას იწვევს, ვინაიდან, ეჭვგარეშეა, ეს ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ქუჩებში გადის დემონსტრაციებზე (რაც, ცხადია, ამჟამინდელი პანდემიის პირობებში პრობლემურია ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც), არამედ დემოკრატიის უკუსვლის თვალსაზრისით... ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ ასეთი ძლიერი ზომები ცუდ სიგნალებს აგზავნის და ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას და არა დეესკალაციას", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, არსებული ვითარება შეადარა "აისბერგის წვერს", რადგან ეს ვითარება უცებ არ წარმოქმნილა, ეს პრობლემა რამდენიმე თვე გრძელდება. ამასთანავე, პოლიტიკური პატიმრების პრობლემა, რაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით, უნდა მოგვარებულიყო, ჯერ ისევ პრობლემას წარმოადგენ. "მე ვითარება შევადარე აისბერგის წვერს, ვინაიდან ეს ვითარება უცებ არ წარმოქმნილა, ეს პრობლემა რამდენიმე თვე გრძელდება... 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება გვპირდებოდა, რომ მოგვარდებოდა პოლიტიკური პატიმრების პრობლემა, მაგრამ ამ შეთანხმების ერთი წლისთავზეც ვითარება უცვლელია და შეიძლება უარესიც კი. იმაში, თუ რა არის აისბერგის წვერის ქვეშ, ვიგულისხმე პრობლემები, რომლებიც განვლილი თვეების განმავლობაში გროვდებოდა. ვიცი, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მხარეებს შორის შუამავლობის მცდელობები. ვიცი, რომ ევროკავშირის ელჩი ეცადა ამას რამდენჯერმე. მაგრამ ვფიქრობ, რომ იდეალურ შემთხვევაში ევროპის პარლამენტმაც უნდა გაგზავნოს მედიატორთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შესაძლოა ჯობდეს შედიოდნენ ექსპერტები და არა პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები. ვინაიდან, საჭიროა პრობლემების გადაჭრა და არა განცხადებები და დეკლარაციები. მეორე მხრივ, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ხელი შეუწყოს ვითარების მოგვარებას. ასევე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის უახლოეს პლენარულ სხდომაზე მარტში მიღებული იქნება რეზოლუცია, რომელშიც შევა კონკრეტული ზომების თაობაზე მოწოდება... მე არაფრის დაპირება არ შემიძლია, ეს ჯერჯერობით მოლაპარაკებების და დისკუსიების სტადიაშია.", - აცხადებს გრეგოროვა. გრეგოროვამ სამომავლო პერქსპეტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს აბრკოლებს. "გრძელვადიანი პერსპექტივით ეს მოვლენები აბრკოლებს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის იმედებსა და მცდელობებს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ვითარების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება იმათი დახმარებით, ვისთანაც გსურთ ინტეგრირება. ვინაიდან, აშკარაა, რომ პრობლემებს განსხვავებულად ვუდგებით და ჩვენ საქართველოს მხარეს და დასავლეთს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს.“ - განაცხადა განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

საია: მელიას დაკავებამ ვითარება უფრო დაამძიმა, მთავრობამ ვერ უზრუნველყო კრიზისის განმუხტვა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. საია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საიას შეფასებით, მთავრობამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით პროცესების დეესკალაცია ვერ უზრუნველყო. "სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები. საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ, კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება", - წერს საია. საიას შეფასებით, სამართალდამცავებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში წიწაკის სპრეი კანონის დარღვევით გამოიყენეს. "ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით". - წერია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიის ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღებასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ აუცილებელია, განმარტებული იყოს ამის დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი. "აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი". – ვკითხულობთ განცხადებაში. საიას განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტთან სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე სამართალდამცავებმა დაუსაბუთებლად დააკავეს. "აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალადარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული დაკავების მიზნებსა და საფუძვლებს, აგრეთვე დაკავების წესს. ადმინისტრაციული დაკავების პროცესში სამართალდამცავები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. დაუშვებელია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად, პირთა მათთვის არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად ან/და სხვა ისეთი მიზნით, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ემყარება მხოლოდ ცალკეულ პოლიციელთა ან მათ ხელმძღვანელ პირთა შეხედულებას". – წერია განცხადებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას: მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით; ამასთანავე, მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება

ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ

არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კინზინგერი იმედოვნებს, რომ აგრესიული ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ იქნება. „რაც შეეხება ინსტრუმენტებს, არ მინდა ვისაუბრო საბაზისო, განსჯის და დაჯილდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე, როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო სამხედო თანამშრომლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს, თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს“, - განაცხადა კინზინგერმა. მისი თქმით, ის რაც სიტუაცია, რაც საქართველოშია, ამერიკაშიც უნახავთ. ადამ კინზინგერი ამ ეტაპზე, სანქციებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა, ხელს შეუშლის საქართველოს მხარდამჭერი აქტის წინ წაწევას. "ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, როგორიცაა მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ," - ამის შესახებ ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები ისევ გამწვავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. აქციები იმართება როგორც ერევანში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. აქციებში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში. აქციის მონაწილეები ნიკოლ პაშინიანს "მოღალატეს" უწოდებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკის მოედანთან, სამთავრობო შენობების დასაცავად პოლიციის კორდონებია განლაგებული. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს

შსს მოქალაქეებს აფრთხილებს: 31 მარტს, ავტომობილების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა ეწურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საზოგადოებას შეახსენებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება და მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სანომრე ნიშნის შესაცვლელად. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებ. "ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი. გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი. დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში. ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას. ასევე, გაცნობებთ, რომ მიმიდინარე წლის პირველი მარტიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავის ტერიტორიულ ერთეულში მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული სერვისების მისაღებად შეეძლებათ ანგარიშსწორება აწარმოონ პლასტიკური ბარათის საშუალებით სააგენტოს ოპერატორებთან. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე,"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჯანმო: Covid-19-ის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ჰანს კლუგეს თქმით, COVID-19 კვლავ გავრცელებული იქნება 2021 წელს, თუმცა ის უფრო მართვადი გახდება, ვიდრე 2020 წელს იყო. „ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ. მისივე განცხადებით, ეს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია. წინასწარ პანდემიის მომავალი არავინ იცის. ”ვირუსი კვლავ გაგრძელდება, მაგრამ, ვფიქრობ, შეზღუდვები არ იქნება საჭირო. ეს არის ოპტიმისტური მესიჯი ”, - თქვა მან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის, ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება.

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ცნობილია, როდის განაახლებენ რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ ბათუმში - 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან, შაბათ-კვირის გარდა. აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობილია, როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას

1-ლი მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლამდელი დაწესებულებები 1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ. ორ კვირაში ერთხელ კი მათი თანამშრომლების 20%-ს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ.

ცნობილია, როდის გაიხსნება სპორტული დარბაზები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სპორტული დარბაზები 15 მარტიდან გაიხსნება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით, - ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

სამთო კურორტებზე  სასტუმროები 25 თებერვლიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება

სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები გაიხსნება 8 მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით. „ხვალიდან, 25 თებერლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანადარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენდანტის საათი ისევ იმოქმედებს

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდეა აკრძალული.

ცნობილია, როდის განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში

1-ლი მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება, ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში - 15 მარტიდან განახლდება. „უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.