ძებნის რეზულტატი:

ცნობილია, როდის განაახლებენ თეატრები მუშაობას

ქვეყნის მასშტაბით თეატრები და პროფესიული ანსამბლები წარმოდგენების მაყურებლის დასწრებით გამართვას 1-ლი აპრილიდან შეძლებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეპეტიციების განახლება 15 მარტიდან აღდგება. იგივე სქემით იმოქმედებენ სპორტული კლუბები.

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით აღდგება. ამ სახით მუშობას ისინი 8 მარტიდან დაიწყებენ.

რომელი ქვეყნები დაემატა სიას, რომელთა მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ​PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებენ

პრემიერმა იმ ქვეყნების გაფართოებული ჩამონათვალი დაასახელა, რომელთა მოქალაქეები საქართველოში საჰაერო საზღვრის გადაკვეთით ჩამოსვლას მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა. რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული. ქვეყნებს, საიდანაც მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს, თურქეთი დაემატება

ვახტანგ ხმალაძის სამართლებრივი განმარტება, თუ რატომ არის უსაფუძვლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება

"თუ მელიას საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ Europetime-ს განუცხადა. კონსტიტუციონალისტმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ Europetime-თან , ის სამართლებრივი ნიუანსები განმარტა, რის გამოც, თვლის რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლო იყო. მისი თქმით, ნიკა მელიას საქმე, ფორმალურად შეიძლება გამართლდეს კანონის თვალსაზრისით, მაგრამ ვერ გამართლდება სამართლიანობის თვალსაზრისით. მითუმეტეს, რომ კანონის თვალსაზრისითაც ამ მოქმედებათა ჯაჭვის გამართლება ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. ხმალაძის განცხადებით, მელიას გირაოს და პატიმრობის შესაფარდებლად საჭირო სამი პირობიდან არცერთ არ დაურღვევია და სასამართლოს, არა თუ არ უნდა დაეკმაყოფილებინა პროკურატურის შუამდგომლობა, მანამდე დაწესებული გირაოც უნდა მოეხსნა. "20 ივნისის მოვლენების შემდეგ, თავის დროზე, მელიას შეუფარდეს გირაო. მან ეს გირაო გადაიხადა. ჩავიხედოთ კანონში როდის გამოიყენება გირაო.გირაო ეს არის ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიება. სხვა ღონისძიებებთან ერთად. რამდენიმე სახის ღონისძიება არსებობს, ეს არის გირაო, შინა პატიმრობა ელექტრონული სამაჯური და პატიმრობაც. პატიმრობა გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ სამი პირობიდან ერთ-ერთი პირობის დარღვევის საფრთხე მაინც არსებობს. პირველი არის, როცა ბრალდებულის მიმალვის ალბათობა დიდია. მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა მაღალი ალბათობით შეიძლება გაანადგუროს თავისი დანაშაულის მტკიცებულებები. მესამე ეს არის, როცა ბრალდებულმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს დანაშაულის მოწმეებზე. პატიმრობა მხოლოდ ამ სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის დარღვევის დროს გამოიყენება. თანაც,ჩამოთვლილი უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან, უნდა იყოს გამოყენებული სხვებთან შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიება, თუ ეს საკმარისია, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომ ეს სამი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. პატიმრობა არის უკიდურესი შემთხვევა, რომელიც გამოიყენება, მხოლოდ მაშინ როდესაც ბრალდებულის თავისუფლებაზე დატოვებით, ჩამოთვლილი სამი პირობიდან, ერთ-ერთის დარღვევის რისკი არსებობს. ახლა შევხედოთ მელიას საქმეს. ბრალი რომელიც მას წაუყენეს ეხება 2019 წლის ივნისის მოვლენებს. ახლა არის 2021 წლის თებერვალი. გასულია წელიწად ნახევარზე მეტი. თუ რამე მტკიცებულება იყო, წესით, უკვე ყველაფერი მოგროვილი უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარეს. პირველი პირობა - მტკიცებულებების განადგურება: რასაც მელიას ბრალად უყენებენ, საჯაროდ სივრცეში ხდებოდა, უამრავი ადამიანის თანდასწრებით. ასე რომ მელია მტკიცებულებებს ვერ გააყალბებდა. თან ეს მტკიცებულებები, მხოლოდ ვიდეო, აუდიო ჩანაწერების, ან სატელეფონო საუბრების სახით შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას მელია უკვე ვეღარ გაანადგურებს. ანუ პატიმრობის ეს ერთი საფუძველი უკვე მოიხსნა. მეორე პირობა - მოწმეებზე ზემოქმედება: ამ საქმის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია. თუ ამ დრომდე დაკითხული არ ჰყავთ, ეს უკვე ბრალდების ბრალია. როგორც მახსოვს, მოწმეები პოლიციელები არიან. ასე, რომ მელიას მხრიდან პოლიციელებზე ზემოქმედება პრაქტიკულად გამორიცხულია, ამის ალბათობა ნულთან ახლოს არის. მესამე პირობა - მიმალვის საფრთხე: მას შემდეგ, რაც მელიას პასპორტი დაუბრუნეს, წელიწადნახევარი გავიდა. ამ წელიწადნახევარმა აჩვენა, რომ თეორიულად მას საქართველოს დატოვება შეეძლო, თუმცა მიმალვა არც კი უცდია. მელია არ არის შეუმჩნეველი პიროვნება, რომელიც საქართველოში შეძლებდა დამალვას, ან საქართველოდან გაპარვას მოახერხებდა. ასე რომ ეს მესამე პირობაც, არ არსებობს! როცა ეს სამი პირობა არ არსებობს, არა თუ რაიმე ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება, არ უნდა გამოეყენებინათ მელიას წინააღდგე, რა ღონისძიებაც ჰქონდა შეფარდებული, ისიც უნდა მოეხსნათ. რამდენიმე თვის წინ, მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და თქვა, რომ მე ამას არ გავიკეთებო, მას შემდეგ გავიდა ორ თვეზე მეტი, სწორედ ამის მერე გადაწყვიტა პროკურატურამ ხელმეორედ გირაოს დაკისრება. როცა, ის სამი საფუძველი არ არსებობდა, რა მიზანს ემსახურებოდა ხელმეორედ გირაოს დაკისრება? გირაო არ არის სასჯელი. თქმა იმისა, რომ გირაო სამაჯურის მოხსნის გამო დაუწესეს, სრულიად გაუგებარია. რა, ამით დასაჯეს? გირაო სასჯელი არ არის. თანაც, 30 ათასი, პირველი გირაო უკვე გადახდილი ჰქონდა მელიას. ახლა კიდევ 40 ათასი გადაიხადოსო. რატომ?! თუ იმ 30 ათასმა უზრუნველყო ის მიზანი, რის გამოც დააკისრეს გირაო, მაშინ უფრო მეტის დაკისრება აღარ არის თანაზომიერი მოთხოვნა. რასაც ნაკლები უზრუნველყოფს, იმაზე მეტის დაკისრება უკვე არა თანაზომიერია. გირაოს გაზრდაც და პატიმრობის შეფარდებაც დარწმუნებული ვარ იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების მიერ შეკვეთილი. აღნიშნული მოქმედებები მიუთითებს იმაზე რომ, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო პოლიტიკური. სამართლიან სასამართლოს, პროკურატურის ეს შუამდგომლობა აღარ უნდა დაეკმაყოფილებინა. გირაოს დაწესების შუამდგომლობაც კი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. ხოდა, გაზრდილი გირაო, რომელიც წესით არ უნდა დაეწესებინათ, იმ გირაოზე ედავებიან, გირაო არ გადაიხადა და ამიტომ პატიმრობა მივუსაჯოთო, აი ეს ნამდვილად არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება. ადრე დაწესებული გირაო არა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მელიას იმ სამი მოქმედებიდან მელიას რომელიმე არ ჩაედინა? ვერავინ იტყვის, რომ მელიას ამ სამი მოქმედებიდან, რომელიმეს ჩადენის მცდელობა ჰქოდა. თუ ამას იტყვიან, მაშინ ეს უკვე დანაშაულია და მელიასთვის ბრალი უნდა წარედგინათ. მსგავსი რამ არ მომხდარა. თუ მსგავსი არ მომხდარა, ახალი გირაო არ უნდა დაეწესებინათ. თუ გირაო არ გადაიხადა ამისათვის პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ. მიზანი რისთვისაც გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება აღარ არსებობს, რადგან ის მიზანი პატიმრობის გარეშეც მიღწეულია. სამართლებრივი თვალსაზრისითაც, თითქმის", - განმარტავს კონსტიტუციონალისტი. კონსტიტუციონალისტი შიშობს, რომ მელიას დაპატიმრებით გამოწვეული დაპირისპირების გამო, შეიძლება ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს ყველაფერი და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, "შესაძლებელია ხელისუფლებაში ვინმე გონს მოეგოს და დათმონ, ის რაც აქამდე, არ ეთმობოდათ. ვნახოთ, მე ვერ ვიტყვი რა მოხდება. ერთი რამ ცხადია, რომ დემოკრატიული სამყაროსგან არის მძაფრად უარყოფითი შეფასებები. რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების მხრიდან შესაძლო ზეწოლას ხელისუფლებაზე, ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, როგორ იქნება, რა იქნება და რა ხარისხის ზეწოლა იქნება. ბევრი რამეა არის ამაზე დამოკიდებული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რომ დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში, საქართველო არ არის მთავარი წერტილი. ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ამიტომ პროგნოზირება იმისა, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ამის თქმა არ შემიძლია. დრო გვიჩვენებს", - აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე. 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი დაშავებლი სტაციონარში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. .

ცნობილია, როდიდან განაახლებენ მუშაობას მუზეუმები და ბიბლიოთეკები

ქვეყნის მასშტაბით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას 1-ელი მარტიდან განაახლებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აღნიშნუალი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო: 1-ელი მარტიდან სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ სოციალური პროექტი შეწყდება

1-ელი მარტიდან, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის სოციალური პროექტი შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში. სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა.თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება.

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია  98 ქვეყანაში მიმდინარეობს, 130 ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა. თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, 5 წელი დასჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დღეისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98 ქვეყანაში მიმდინარეობს, 130 ქვეყანაში კი ჯერ არ დაწყებულა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გლობალურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ვაქცინაცია მომავალშიც დღევანდელი ტემპებით გაგრძელდა, როგორიც ახლაა, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნას 5 წელი დასჭირდება. " დღეს დილისთვის დაახლოებით 209 მილიონი ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში. ამ ტემპით, როგორც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში ვაქცინაცია, გათვლილია, რომ 75 პროცენტზე რომ ავიდეს მოიცვა და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, დასჭირდება 5 წელი, რაც ძალიან ბევრია. მოგეხსენებათ, მაგალითად აშშ გეგმავს, დაამთავროს ვაქცინაცია ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, ორჯერადი დოზით აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანა გიბრალტარს – 37 პროცენტი. შემდეგ მოდის ისრაელი 34 პროცენტით, შემდეგ სეიშელი, სერბეთი, აშშ, მალტა. რაც შეეხება აბსოლუტურ ციფრში, თუ ვის რამდენი ჰყავს აცრილი, ყველაზე მეტი არის აშშ-ში – 64 მილიონი, ჩინეთში 40 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში 18 მილიონი, ინდოეთში 11 მილიონი, ისრაელს 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი. მოოგეხსენბათ, საჭიროა ორი აცრა გარკვეული დროის გამოტოვებით, რომ მყარი იმუნიტეტი შეიქმნას“, - გნაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გარკვეული ნაწილი იხსნება. შეზღუდვების მოხსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ღარიბაშვილმა განმარტა თუ რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან. ხვალიდან, 25 თებერვლიდან იხსნება: სამთო-სათხილამურო კურორტები; მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 1-ელი მარტიდან: საბავშვო ბაღები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ, 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ; მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ; ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა); კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 8 მარტიდან: არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ; მთელი საქართველოს მასშტაბით, რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა); ამუშავდება სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები. 15 მარტიდან: უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ; სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას შეძლებენ; ამუშავდება სასკოლო წრეები; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ. 1 აპრილიდან: თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას. კონენდანტის საათი არ უქმდება.

ამირან გამყრელიძე: ვაქცინების არათანაბარი გადანაწილება ხდება მდიდარი ქვეყნებისთვის, რაც დიდი უსამართლობაა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ვაქცინებით ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როცა საშუალო და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის ვაქცინა დღემდე მიუწვდომელია. გამყელიძის თქმით, ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში და ძალიან დიდი უსამართლობაა, რადგან ვაქცინის განაწილება, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისად არ ხდება. „ძალიან ძლიერი ქვეყნები, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, გეგმავს, რომ დაამთავროს ვაქცინაცია. ახლა 200 მლნ დოზა დამატებით შეისყიდა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ცდილობენ, რომ დაამთავრონ ის ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი 7-იანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა, მისი განაწილების შესახებ. დღეს, ვაქცინებით, რომელიც ამ ეტაპზე, 15 პროცენტია მთლიანი მოსახლეობის დარეზერვებული, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებული ქვეყნებისთვის , სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება. ამიტომ იყო მოწოდება დიდი 7-იანის პირველი პირების, რომ მოხდეს ეს გადანაწილების მექანიზმი“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის ცნობით, დღეისთვის აცრილი ადამიანი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში - 64 მლნ, შემდეგ მოდის ჩინეთი - 40 მლნ, გაერთანებული სამეფო - 18 მლნ და შემდეგ ინდოეთმა გადმოინაცვლა - 11მლნ, შემდეგ არის ისრაელი, რომელსაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი - 82 ადამიანი ერთი აცრით. "დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ არ დაწყებულა ვაქცინაცია . დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 2-ჯერადი დოზით, აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანას, გიბრალტარს 37%, შემდეგ მოდის ისრაელი 34 %-ით, მე-3 სეიშელი - 22%-ით, მე-4-ზეა სერბეთი - 7 %-ით, მე-5-ზე შტატები - 5.9%-ით და შემდეგ მოდის მალტა - 4,2%-ით. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 209 მლნ ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია, რომ დასჭირდება 5 წელი, რათა მოცვა 75%-ზე ავიდეს და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ძალიან ბევრია", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

რუსთავის ციხესთან, რომელშიც ნიკა მელია იმყოფება, აქცია იმართება

რუსთავის ციხესთან, რომელშიც ნიკა მელია იმყოფება, სამოქალაო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეები ნიკა მელიას შეძახილებით ამხნევებენ. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია გუშინ დააკავეს.

საქართველო ინდოეთსა და კორეაში წარმოებულ AstraZeneca-ს ვაქცინებს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას. თამარ გაბუნიას ცნობით, კომპანია AstraZeneca-სგან საქართველო ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში წარმოებულ ვაქცინებს მიიღებს. მისი თქმით, გადაიწია Pfizer-ის ვაქცინების მიღების ვადამ, რასაც საქართველო თებერვლის შუა რიცხვებისთვის ელოდა და შესაძლოა, მასზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინები შემოვიდეს. “ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებით Pfizer-ისგან ქვეყანაში 29 ათასი დოზა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დასტური. მათი მხრიდან პირობები ძირითადად ცივი ჯაჭვის საკითხს ეხებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავმართავთ მოლაპარაკებებს მათთან და ყველა დეტალი დაზუსტდება შედეგად გვეცოდინება, როდის მივიღებთ ამ დოზებს, რაც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველომ უნდა მიიღოს პირველ კვარტალში. დოზებს ველოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა დამატებითი პირობების გამო გადავადება გამოვიდა. რაც შეხეება AstraZeneca-ს, მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც კოვაქს პლატფორმით, ასევე პირდაპირი გზითაც. WHO-მ ავტორიზაცია მისცა AstraZeneca-ს ორ ვაქცინას, რომლებიც ინდური და კორეული წარმოებისაა. ჩვენი რეგიონისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორივე ვაქცინა. ზუსტდება დეტალები, ფაიზერის ვაქცინების რა რაოდენობას მივიღებთ ჩვენ COVAX პლატფორმით. სავარაუდო რაოდენობა არის 315,000 დოზამდე, რაც უახლოეს დღეებში დაზუსტდება. რაც შეეხება 150,000 დოზას, რომელსაც პირდაპირ ვყიდულობთ AstraZeneca-სგან, ამაზეც ჩვენი მხრიდან სახელშეკრულებო პირობები დასრულებულია და ველოდებით კიდევ გარკვეულ ფორმალობებს, იმისთვის, რათა თანხა გადავიხადოთ და უკვე დაიწყება მოწოდების პროცედურა. ეს ხდება COVAX-ის მიღმა. რაც შეეხება უშუალოდ COVAX-ის მეშვეობით 315 ათასი დოზის მიღებას ესეც ზუსტდება და მომავალ კვირას ჩვენ გვექნება უფრო მეტი დეტალი იმ დონეზე, რათა ვიცოდეთ საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის. შესაძლებელია AstraZeneca-მ დაასწროს ჩამოსვლა,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბაკურიანში, საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებაზე, 500-მდე სპორტსმენი ჩამოვა

თებერვლის ბოლოს, ბაკურიანში, საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებაზე, 500-მდე სპორტსმენი ჩამოვა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სრულად ვერ მოახდენს იმ პრობლემების კომპენსაციას, რაც ზამთრის კურორტებს აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნათ, მაგრამ ალბათ, დაგვეთანხმებით რომ მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბაკურიანში, მესტიაში, გუდაურში", - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, საქართველოს სპორტულ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით ჩამოვა. „ბიზნესისთვის მუშაობის რეჟიმის შემსუბუქების კალენდარი, პრაქტიკულად ხვალიდან ამოქმედდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება ზამთრის კურორტებისთვის. გვესმის ძალიან კარგად, რომ გამომდინარე ეპიდვითარებიდან მოგვიწია ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ ოთხი ძირითადი ზამთრის კურორტის, მაგრამ ხვალიდან გაიხსნება ამ ოთხივე ლოკაციაზე არსებული ჩაკეტილი სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, რომელიც არის ბაკურიანში თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში „ფრისთაილში“ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის შესრულებით და 8 მარტს ამას მოჰყვება საბაგიროების გახსნა, რადგან გარკვეული დრო სჭირდება სასრიალო არეალის მომზადებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი: მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კვების ობიექტების შიდა სივრცეების გახსნა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება, ვინაიდან აღნიშნულ ადგილებში ინფიცირების რისკი კვლავ მაღალია. როგორც დღეს ბრიფინგზე თურნავამ აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს. მინისტრის თქმით, შაბათი-კვირის შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გავლენას მოახდენს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. "სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეები პრაქტიკულად 10 დღეში გაიხსნება, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რადგან მთელ მსოფლიოში დღემდე ძალიან სამართლიანად არის მიჩნეული, რომ რესტორნები წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალი მობილობის მაგენერირებელ სფეროს, სადაც ინფიცირების საფრთხე არის მაღალი, რადგან უბრალოდ შეუძლებელია პირბადის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, როგორ განხორციელდება პროტოკოლების შესრულება. სარესტორნო ბიზნესთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მათი მხრიდან დავინახეთ პასუხისმგებლიანი მიდგომა. აქაც იქნება სავალდებულო ტესტირება პერსონალისთვის. მკაცრი კონტროლი იქნება იმაზე, რომ ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ განხორციელდეს, ეს კვლავ შეზღუდვაში რჩება. მზად ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გავამკაცროთ“, – განაცხადა თურნავამ. მიაი თქმით, კვების ობიექტების შიდა სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება აუცილებელია დაახლოებით 200 000 ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ამ ინდუსტრიამაც მიიღოს შემოსავალი. თუმცა კვლავ რჩება შეზღუდვაში შაბათი-კვირა და მომდევნო ეტაპზე, როდესაც დავინახავთ, როგორ იმუშავა ამ გახსნებმა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მერე ვიმსჯელებთ რესტორნებისთვის შაბათ-კვირის შემსუბუქება-არშემსუბუქების საკითხზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია, როდის განაახლებენ რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას

ევროსაბჭოს თანამომხსენებლები: საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი სჭირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. მათი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. „მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინაზე პოლიციის თავდასხმამ და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა ვითარება ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული სამი ადამიანის 31 კონტაქტი გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე დადასტურებულია კორონავირუსის ახალი შტამის სამი შემთხვევა და მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი 31 ადამიანი, რომელიც სამ კლასტერს აერთიანებს. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. „სამი დადასტურებულია სეკვენირებით და 31 ადამიანია მათთან დაკავშირებული, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები, საუბარია ძირითადად ბრიტანულზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას: შეწყდეს რეპრესიული ინსტუმენტების გამოყენება

პროფესორ-მასწავლებლები პეტიციას ავრცელებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე. საერთო განცხადებას აკადემიური სფეროს 41 წარმომადგენელი აწერს ხელს. "შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის. ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს", - ნათქვამია პეტიციაში. პეტიციაში აღნიშნულია, რომ ყველა მათგანი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდა: "ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის", - ნათქვამია განცხადებაში. პროფესორ-მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, საქართველო რუსეთთან პირისპირ და მარტო აღმოჩნდება. ხელმომწერები ხელისუფლებას 4-პუნქტიანი მოწოდებით მიმართავენ: "სწორად გაანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს"; "უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე"; "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები"; "შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით". პეტიციას ხელს აწერენ: 1) ქეთევან ერემაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი; 2) კახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; 3) დავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; 4) ბესიკ ლოლაძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი; 5) დავით ზედელაშვილი - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი; 6) ავთანდილ დემეტრაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 7) გიორგი მშვენიერაძე - პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტი; 8) დიმიტრი გეგენავა - სამართლის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; 9) მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 10) კონსტანტინე კუბლაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე; 11) კოტე ჩოკორაია - კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 12) ზაზა მეიშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე; 13) გიორგი პაპუაშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე; 14) გიორგი გორაძე - პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; 15) ირაკლი ფორჩხიძე - სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი; 16) სოფო დემეტრაშვილი - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; 17) დავით ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი; 18) ედუარდ მარიკაშვილი - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი; 19) კახა ურიადმყოფელი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 20) გიორგი მელაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 21) ლიკა საჯაია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; 22) ეკა კაველიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; 23) გივი ლუაშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი; 24) თამარ ლალიაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; 25) თენგიზ თევზაძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; 26) ალიკა კუპრავა- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი; 27) გიორგი მუმლაძე- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი; 28) გიორგი ნონიაშვილი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი; 29) გიორგი ჩიტიძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 30) მარინა მესხი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 31) გიორგი ბერაია - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი; 32) ზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; 33) გიორგი სიორიძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. Მოწვეული ლექტორი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა; 34) გიორგი გობრონიძე - ასისტენტ-პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; 35) სოფიო ასათიანი - მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტი; 36) ბექა კობახიძე - პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 37) რაულ აგიკიანი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 38) თამარ ავალიანი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; 39) დავით ძიძიშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „Სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” დამფუძნებელი; 40) ანა ჟვანია - სოციოლოგიის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 41) თინათინ ერქვანია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; გუშინ 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ”მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებულ შტატები შეეცდება აირჩიონ ადამიანის უფლებათა საბჭოში 2022-24 წლის ვადით. ჩვენ თავმდაბლურად ვთხოვთ საბჭოს წევრებს , მხარი დაუჭირონ ჩვენს მისწრაფებას, რომ ისევ გავხდეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები ”- თქვა ბლინკენმა ჟენევაში მყოფ ორგანოს ვიდეომიმართვაში. ბლინკენის თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაწილობრივ იზიარებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საბჭოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. კონკრეტულად კი ისრაელთან მიმართებაში საბჭოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წლის 20 ივნისს დატოვა.

ევროპარლამენტარები: ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება კრიზისის დაძლევის გზას არ წარმოადგენს

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტში მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ორივე მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალიზაციისთვის, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არ არის და არ უზრუნველყოფს კრიზისის დაძლევას“,- ნათქვამია განცხადებაში. სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან და დიალოგს დაუბრუნდნენ. "ერთადერთი გზა, საქართველომ გადაჭრას ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი ისე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს პოლარიზებული რიტორიკის, ასევე ისეთი ქმედებებისგან, რაც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში. აუცილებელია, ყველამ, ვისაც ძალაუფლება ანდეს, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ნებისმიერი პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დააყენოს ”, - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

ფინეთის საგარეო უწყება: პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება

"პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება", - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა. ჰაავისტო მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. "ძალიან დამწუხრებული საქართველოში დაძაბულობის ესკალაციაზე. პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება. ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, პოლიტიკური დიალოგისკენ და კანონის უზენაესობის, დემოკრატიული განვითარების პატივისცემისკენ მოვუწოდებ", - წერს ჰაავისტო.