ძებნის რეზულტატი:

სამხრეთ კორეა უკრაინას $2,3 მილიარდიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

სამხრეთ კორეა უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის საშუალო და გრძელვადიანი დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სეული 12 მილიონ დოლარს გამოყოფს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის იარაღით მხარდაჭერა გავლენას ახდენს არამხოლოდ ევროპის, არამედ, კორეის ნახევარკუნძულისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე.   

რუმინეთში გაიმართება სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2024“, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

რუმინეთში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო და მოლდოვაც იქნებიან. წვრთნები რუმინეთის საზღვაო ძალების ორგანიზებით ჩატარდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სწავლება 8 აპრილიდან 21 აპრილამდე გაიმართება. მასში NATO-ს 12 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ასევე, მოლდოვა და საქართველო. 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ტექნიკა (მათ შორის, საზღვაო ხომალდები, თვითმფრინავები) ჩაერთვება შავ ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილ მანევრებში, რომლის დროსაც ისინი გაივლიან სხვადასხვა სცენარს - სამძებრო-სამაშველო ოპერაციებიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვამდე. წვრთნები ასევე ჩატარდება დუნაის დელტაში. "Sea Shield-ი" პირველად 2015 წელს ჩატარდა.  

USAID სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, $8,6 მლნ-ს გამოყოფს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების სტაბილიზაციაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ერინ მაქიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახალი 8.6 მილიონი დოლარის პროგრამა გააუმჯობესებს სომხეთის ხელმისაწვდომობას განახლებად ენერგიაზე და ის ხელს შეუწყობს ინტეგრაციის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, საგანგებო დაგეგმვა საშუალებას მისცემს სომხეთს, სისტემატურად უპასუხოს მიწოდების შეფერხებებსა და გაზარდოს ენერგოეფექტურობა. ეს დაფინანსება ასევე გააძლიერებს სომხეთის, უნარს უკეთ გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში,“ - აღნიშნა მაქიიმ.  

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება. მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს. საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.  

12 აპრილს პრემიერი გერმანიის კანცლერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება. „ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი 2024 წლის 12 აპრილს 11:30 საათზე ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე განიხილება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები,“ - გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.  გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები გაუგზავნა

ლიეტუვამ უკრაინას M577-ის ტიპის ახალი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ მიწოდებული მანქანების რაოდენობას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 5 აპრილს განაცხადა, რომ ლიეტუვა 3000 უპილოტო თვითმფრინავს  შეიძენს კიევისთვის და 15 მილიონ ევროს გამოყოფს (დაახლოებით $16 მილიონი) დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო პროგრამებზე. ვილნიუსი კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, ლიეტუვის სამხედრო შენატანები უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილის მიხედვით.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის 24 თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები აპირებს, უკრაინას სულ 24 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიაწოდოს. ამის შესახებ მან ჰააგაში Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ. „ვაპირებთ 24 F-16-ის გამანადგურებლის გადაცემას. ისინი გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ეს დამოკიდებულია უკრაინელი მფრინავების და ტექნიკოსების მომზადებაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე,“ - აღნიშნა კასა ოლონგრენმა.  

ზელენსკი: საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება. „არ გეტყვით, რამდენი Patriot სისტემა გვაქვს. გეტყვით: უკრაინის სრულად დასაცავად, სამომავლოდ უკრაინას სასურველია 25 Patriot სისტემა ჰქონდეს, თითოში 6-8 კომპლექსი. საიდუმლოებს ვერ ვხედავ ამაში, ვინაიდან ყველა ჩვენმა პარტნიორმა უკვე ისედაც მშვენივრად იცის ამის შესახებ, წერტილებიც კი იციან, სად უნდა იდგას და მოქმედებდეს შესაბამისი სისტემები. Patriot სისტემები და ანალოგები. რამდენიმე ანალოგია მსოფლიოში, ისინი ასევე მშვენივრად მუშაობენ. სისტემური მიდგომა გვაქვს ამაზე, ის სრულად გათვლილია. კი, როგორც დიდი რაოდენობა ჩანს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაც ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს სრულად დასაცავად, იმ რეგიონებისაც, რომლებიც არ ან თითქმის არ იბომბებიან, ჩვენი სახელმწიფოს სრულად დასაფარად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურაში ყველა სხვა სისტემასთან ერთად, რომლებიც გვაქვს, 25 Patriot სისტემა გვჭირდება,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსული თავდასხმების ინტენსიურობა საკმაოდ მაღალია. „დღეისთვის საჰაერო თავდაცვის მარაგი გვაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება ხვალ. ხვალ შეიძლება ასეთი ინტენსიურობა გაგრძელდეს - [მარაგები] არ გვეყოფა. ყოველ დღე თუ ისეთ დარტყმებს განახორციელებენ, როგორც ბოლო თვის განმავლობაში, შეიძლება, რაკეტები არ გვეყოს, ეს ასევე პარტიორებაც იციან,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

უკრაინამ ოდესის დიდი პორტებიდან საკონტეინერო გადაზიდვები განაახლა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩორნომორსკში, საზღვაო დერეფნით, ოდესის ერთ-ერთი დიდი პორტი პირველმა საკონტეინერო გემმა გაიარა. 4 აპრილს გემი კონსტანცაში გაემგზავრა. პირველი საკონტეინერო გემი (T Mare), რომელმაც უკრაინის დერეფანი გაიარა, პანამის დროშის ქვეშ მოძრაობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს არა სრულფასოვანი სპეციალიზე ბული ხომალდი, არამედ, მკვებავი გემია, რომელიც ახორციელებს ჩარტერულ რეისებს კონსტანცასა და ოდესის უდიდეს პორტებს შორის (ჩორნომორსკი, პივდენი და ოდესა - რედ.). საკონტეინერო ტრანსპორტი ადრე ოდესის ოლქის დუნაის პორტებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ დღეიდან მისი არეალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტში გაირკვა, რომ უკრაინის საზღვაო დერეფნის გასწვრივ, პირველი საკონტეინერო გადაზიდვა, შეიძლება, ორ-სამ კვირაში განხორციელებულიყო.  

თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. „შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება," - ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება. „აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ლაბუჩიძემ.  

უკრაინა მზადაა, აშშ-სგან სამხედრო დახმარება კრედიტით მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ამერიკული დახმარება კრედიტით მიიღოს. ზელენსკიმ აშშ-ის სამხედრო დახმარებას "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" უწოდა და განმარტა რომ უკრაინა "სიტუაციის მძევალია." „სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საკითხი შეერთებულ შტატებში საშინაო პოლიტიკურ საკითხად იქცა, თუმცა ეს არის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რომ კიევს შესთავაზოს სამხედრო დახმარება „დღესვე კრედიტით“ ან „უფასოდ ერთი წლის შემდეგ“, ის პირველ ვარიანტს აირჩევს. „უკრაინას რომ შესთავაზონ ყველაფრის კრედიტით მიცემა დღესვე ან უფასოდ ერთ წელიწადში, ვიტყოდით: „მხოლოდ დღესვე“. ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს - გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. ვცდილობთ ამის გაკეთებას სხვადასხვა გზით. მნიშვნელოვანია - რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პოპულისტმა პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო ვიდრე ფიცო ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

უნგრეთში ორბანის მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. Reutersის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იურისტი პიტერ მადიარი იყო, რომელიც ადრე ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, 43 წლის მაგიარი ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო. ცოტა ხნის წინ კი, პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა. „ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს," - განაცხადა მაგიარმა. ის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით გამოდის. „ჩვენ არ გვეშინია“; „ორბანი გადადგეს!“ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით გაიმართა.    

გაეროს სპეციალური მომხსენებელი „უცხოური აგენტების კანონპროექტზე“: დამარწმუნეს რომ ეს არ მოხდებოდა

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტის“ კვლავ ინიცირებით ღრმად შეშფოთებულია. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დამარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა,“ წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი. ის აღნიშნავს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს,“ - წერს მერი ლოლერი. გაეროს სპეციალური მომხსენებელი მისივე ანგარიშში მიუთითებს, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გაუქმების მიუხედავად, მისი ზეგავლენა არაერთხელ განიხილებოდა მისი ვიზიტის დროს. ანგარიშის მიხედვით, უფლებამდაცველები საუბრობდნენ მზარდ დაუცველობაზე, რომელსაც გრძნობდნენ ამ კანონპროექტის შემოღების მცდელობის შემდეგ. ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს სახელმწიფომ განუცხადა, რომ „უცხოური აგენტის კანონი “აღარ იქნებოდა წარდგენილი.  ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

თბილისში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ სამი ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული. თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა  

პატრიარქი: სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში

სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნეებს ხარების დღესასწაული მიულოცა. "გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით "გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ "გიხაროდენ,“ - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი,” - ამბობს ილია მეორე.  

არასამთავრობოებმა მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ თავად მოქმედებენ და იმოქმედებენ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "რუსული კანონის" ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის: - ირაკლი კობახიძე - 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში; - შალვა პაპუაშვილი - 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში; - გივი მიქანაძე - 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა; - რატი იონათამიშვილი - 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა; - ნიკოლოზ სამხარაძე - 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში; - არჩილ თალაკვაძე - 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“; მაია ბითაძე - 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად,” - წერია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი; მწვანე ალტერნატივა; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია; პლატფორმა სალამ; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საფარი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ევროპული ორბიტა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, Tbilisi Pride. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გასამარტივებლად, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეთანხმება მიზნად ისახავს ტრანზიტით გადატანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის. შეგახსენებთ, 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში გაფორმდა „შეთანხმება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის, მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ, საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში.“  

WP: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს

ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს. კერძოდ, ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა, უკრაინას მოუწოდებს, დათმოს ყირიმი და დონბასის ნაწილები. როგორც რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, მან ტრამპი გააფრთხილა პუტინისთვის ტერიტორიის გადაცემის წინააღმდეგ, რადგან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა საფასური უნდა გადაიხადოს. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია განახლება: დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ „ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, სიცრუეა.“ „ეს ყველაფერი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციაა. ისინი ამას უბრალოდ იგონებენ. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვინც მკვლელობების დასრულების შესახებ საუბრობს. ჯო ბაიდენი კი, მეტი სიკვდილის შესახებ საუბრობს,“ - განაცხადა მილერმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ამერიკელების წინააღმდეგ“ წავა თუკი ის რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს უკრაინის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ცნობით. კიევში საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, რომ „ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ) პუტინის მხარეს.“ „ეს დაუჯერებელია,“ ციტირებს ზელენსკის სიტყვებც CNN. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ტრამპი, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, არ ესმის პუტინის მიზნების. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის მას შეხვედრია, მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს...“  მე უკეთესად მესმის... ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ რომ რუსეთი „მილიარდებს“ ხარჯავს ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და რომ მან წარმატებით გამოიყენა დეზინფორმაცია იარაღად -  გავლენა მოახდინა აშშ-ში დებატებზე. „უკრაინელი მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი ცრუ ნარატივებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ  - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს. „დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან. ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ზელენსკი: აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ეცნობოს, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს. მისი თქმით, დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება გადარჩეს, როგორც ქვეყანა, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს. უკრაინის პრეზიდენტმა 6 აპრილს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა არ შეუძლია. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ამერიკული Patriot-ის 25 სარაკეტო სისტემა, რათა დაიცვას თავი რუსეთის მასიური თავდასხმებისგან. მანვე აღნიშნა, რომ „ცის დახურვა“ განსაკუთრებით აუცილებელია ხარკოვში, რომელსაც რუსი სამხედროები ყოველდღიურად ბომბავენ. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან