ძებნის რეზულტატი:
ომბუდსმენმა ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. რეგიონული განაწილება ასეთია: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. ეს დარღვევები სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილ პაციენტებში ინფექციის გავრცელების, ნოზოკომიური ინფექციებით გამოწვეული ავადობის და ლეტალური შედეგების რისკებს ზრდის. „2023 წელს პირველად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი ჩაატარა და შედეგები სპეციალურ ანგარიშში „სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგები“ ასახა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, უფლებამოსილი უწყებებიდან გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. კერძოდ: მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის. სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა. ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები. გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები. 4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა
ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გადასცა. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. შეგახსენებთ, უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 4,5 მილიარდი ევროს ოდენობით, მიმდინარე წლის მარტში უკვე მიიღო.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Paveway IV-ს ტიპის მართვად ბომბებს გადასცემს - Telegraph
ბრიტანული მედიის ცნობით, შემდგომი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი უკრაინას Paveway IV-ის ტიპის საჰაერო ბომბებს გაუგზავნის. Paveway IV ბომბი არის 230 კგ საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელიც აღჭურვილია ორი მართვის სისტემით: GPS და ლაზერით. იგი წარმოებულია დიდი ბრიტანეთის კომპანია Raytheon UK-ის მიერ და არის Paveway სერიის უახლესი ვერსია. Paveway IV არის ეფექტიანი და მრავალმხრივი იარაღი, რომელსაც სამეფო საჰაერო ძალები იყენებს. 10 აპრილს უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას თავდაცვის მასალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა სამხედრო დახმარებისა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს. სუნაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა. გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებდა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით,“ განუცხადა მან მედიას. გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ მის საქმეზე პოლიტიზირებული განაჩენი გამოიტანა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღბნიშნა, რომ ის არ ნანობს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა 12 აპილს მიიღო. პრეზიდენტი შეწყალების აქტს ვერ გამოსცემდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო - მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო. მოსამართლემ ადვოკატებს განაჩენი დღეს გადასცა. პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღესვე გამოსცა.
რუსეთის სმოლენსკის ოლქში, ნავთობსაცავებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონები დაესხნენ თავს - უკრაინული მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SSU) დრონები 24 აპრილის ღამეს დაესხნენ ნავთობის ორ საცავს რუსეთის სმოლენსკის ოლქში. საწყობებში 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი იყო, იტყობინებიან RBC-Ukraine-ის წყაროები. წყაროები მიუთითებენ, რომ როსნეფტის ორი ბაზა, რომელიც ნავთობპროდუქტების შენახვასა და გადაზიდვას უზრუნველყოფს, თავდასხმის სამიზნე იყო. ეს ობიექტები სმოლენსკის ოლქის იარცევოსა და როზდოროვოს დასახლებებში მდებარეობს. როგორც უკრაინული მედია წერს, ადგილებზე ძლიერი აფეთქებების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რამაც პერსონალის ევაკუაცია გამოიწვია. „SSU აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის ეფექტიან განადგურებას, რომელიც ამარაგებს რუსეთის არმიას უკრაინაში. ეს ობიექტები არის და დარჩება ჩვენს აბსოლუტურად ლეგიტიმურ სამიზნეებად," - განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას. დრონის თავდასხმის შემდეგ, რუსეთში, სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის გზასთან. განცხადება ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტისა და EESC-ის საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტის ოლივერ როპკეს სახელით გავრცელდა. განცხადების ავტორების თქმით, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ხელახლა შემოიღო წინა ტექსტი, რომელიც ერთი წლის წინ შეჩერდა. ისინი მიუთითებენ, რომ ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) დაამყარა ძლიერი ურთიერთობები საქართველოს ენერგიულ და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად ქუჩაში გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ. „ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვეობით,“ აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ამ დისკრიმინაციული ინიციატივით, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და მედიის მიმართ. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მომავალ კვირაში დამტკიცების შემთხვევაში, შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეაფერხოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; მოახდინიოს მათი სტიგმატიზირება და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უპასუხოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მომავალ კვირას არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული,“ ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ეს სტრუქტურა პასუხისმგებელია სამოქალქო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ევროკავშირის მასშტაბით. კომიტეტი აწარმოებს კონსულტაციებს ევროპის არასამთავრობო და სამოქალქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მათ წინადადებებს, შეხედულებებს, საკანონმდებლო იდეებს აწვდის ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტს.
სომხეთის პარლამენტის სპიკერი ყველა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ყველა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სიმონიანმა განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ „კონფერენციის ფოკუსი არის უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკითხები“, მას სურს დაადასტუროს, რომ სომხეთი „მტკიცედ იცავს უკრაინის, ასევე, მოლდოვის, საქართველოს, კვიპროსის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.“ სიმონიანის ამ განცხადებას მისი რუსი კოლეგის აღშფოთება მოჰყვა. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ პარლამენტის წევრებს დაავალა, მოამზადონ და სომხეთის პარლამენტში გაგზავნონ მოთხოვნა - სპიკერ ალენ სიმონიანის „ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით.“ „ჩემს კოლეგას, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მინდა დავუსვა კითხვა: ვისი სახელით გაახმოვანა ასეთი ისტორიები? რა თქმა უნდა, არა - სომეხი ხალხის სახელით, რომელთანაც რუსეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ასეთი რუსოფობიური რიტორიკა. სომხეთის პარლამენტს წერილობით თხოვნას გავუგზავნიდი და ვკითხავდი, ვისი სახელით ლაპარაკობდა და იზიარებს თუ არა სომხეთის პარლამენტი ამ შეხვედრაზე გამოთქმულ შეფასებებს,“ - განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა
ლიეტუვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
ლიეტუველმა კანონმდებლებმა მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც სხვა ქვეყნების 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სწავლებაში - Baltic Operations 2024 (BALTOPS), რომელიც ივნისში გაიმართება. თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა განაცხადა, რომ 4-21 ივნისს დაგეგმილ წვრთნებში 10 ათასამდე სამხედრო და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. „ეს არის ყველაზე დიდი წვრთნები, რაც ჩვენ ოდესმე ჩაგვიტარებია,“ განაცხადა მინისტრმა. ტრენინგი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადებას და სამხედრო რეაგირების გაძლიერებას ბალტიის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. წვრთნებში მონაწილეობისთვის პერსონალი აშშ-დან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან ჩავა. ორშაბათს, 22 აპრილს, ლიეტუვაში ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული სამხედრო წვრთნა - Thunder Strike, 23 აპრილს კი, გერმანიის ბუნდესვერის ფართომასშტაბიანი წვრთნები - Grand Quadriga 2024 დაიწყო. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
საფრანგეთი ევროკავშირს, მთელ მსოფლიოში რუსული დეზინფორმაციისა და არჩევნებში ჩარევის საწინააღმდეგოდ, სანქციების დაწესებას სთავაზობს - Bloomberg
საფრანგეთი ევროკავშირს, მთელ მსოფლიოში რუსული დეზინფორმაციისა და არჩევნებში ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს. იტყობინება Bloomberg-ი საფრანგეთის წინადადებაზე დაყრდნობით. „კერძოდ, ეს წინადადება მიზანში იღებს მათ, ვინც ემუქრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან მესამე ქვეყნების სტაბილურობას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს არჩევნების, კანონის უზენაესობის შელახვით, ძალადობის აქტების ხელშეწყობით ან ამის გაკეთებით, ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის გზით“, წერს Bloomberg-ი. „რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ყველგან - ევროპაშიც გაიზარდა - რუსეთის რეჟიმმა მიიღო ზომები დემოკრატიის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შელახვის მიზნით სხვადასხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტების მეშვეობით,“ - ნათქვამია საფრანგეთის წინადადებაში, რომელსაც გამოცემა გაეცნო. წინადადებას მხარს უჭერენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ნიდერლანდები და პოლონეთი. „ევროკავშირის ოფიციალური პირები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან რუსეთის დეზინფორმაციითა და ევროპარლამენტის არჩევნებში შესაძლო ჩარევით,“ განუცხადეს Bloomberg-ს წყაროებმა. მათი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დეზინფორმაციის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. Microsoft-მა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსული ონლაინ დეზინფორმაციის კამპანია, რომლის სამიზნეც აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია, უკვე დაიწყო. ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
„ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, „საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.“ საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვთქვი ჩემი შეშფოთება „უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება, ჰქონდეს მას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში," - წერს ნაუსედა თავის მხრივ, სოციალურ პლატორმა X-ზე.
ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო.
შოლცის თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ის მიერ დახმარების დამტკიცების შემდეგაც გაზრდის
აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს ბერლინში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკების დროს. მაგრამ გერმანიის პოზიცია უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ იგივე რჩება, ციტირებს შოლცის სიტყვებს Reuters-ი. გერმანია უარს ამბობს უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდებაზე, რადგან მათი 500 კმ-მდე დიაპაზონი თეორიულად საშუალებას აძლევს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის ჩათვლით. „კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია [...] პუტინი ცდება, თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საბოლოოდ მიატოვებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,“ - განაცხადა შოლცმა.
პენტაგონმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. „ეს არის აღჭურვილობის 56-ე ტრანში, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან 2021 წლის აგვისტოდან გადასცემს. პაკეტი […] შეფასებულია 1 მილიარდ დოლარად და მოიცავს სახსრებს უკრაინის ყველაზე მწვავე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს,“ - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. პირველ პაკეტში, კერძოდ, შედის RIM-7 და AIM-9M რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტები Stinger MANPADS-ისთვის, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, დრონებთან საბრძოლველად, საბრძოლო მასალა HIMARS MLRS-ისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები. ბრედლის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, Javelin-ის და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ღამის ხედვის მოწყობილობები და სხვა აღჭურვილობა. როგორც BBC წერს, პაკეტი ასევე შეიცავს აეროდრომის დამხმარე აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება, თვითმფრინავების კიევში გადაყვანაზე მიუთითებდეს. აშშ უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - Reuters
თურქეთის უდიდესმა ავიაკომპანიამ, რუსეთიდან მექსიკის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა - მედია
თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რუსეთიდან მექსიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა. მედიის ცნობით, ამჟამად, ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეუძლებელია ბილეთის შეძენა მოსკოვიდან, ყაზანიდან ან სანკტ-პეტერბურგიდან მეხიკოში ან კანკუნში, რომელიმე შესაძლო თარიღზე. სტამბოლიდან მექსიკაში გასამგზავრებელი ბილეთის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასევე შეუძლიათ ფრენა სტამბოლიდან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ATOR) დაადასტურა პრობლემა და ურჩია მგზავრებს, ამ დროისთვის არ ისარგებლონ Turkish Airlines-ის მომსახურებით. ATOR-ის ვიცე-პრეზიდენტის არტურ მურადიანის თქმით, გადამზიდავი ამას აკეთებს შეერთებული შტატების პრეტენზიების შიშით, რომელიც მექსიკას არალეგალური მიგრაციის მთავარ არხად მიიჩნევს. უფრო ადრე, თურქეთში რუსეთის საელჩომ გააფრთხილა მოქალაქეები, რათა თავი შეიკაონ Turkish Airlines-ის ფრენებით სარგებლობისგან, იმის გამო, რომ ბოლო დროს მგზავრებს უარი ეთქვათ ჩასხდომაზე სტამბოლიდან ლათინური ამერიკის მიმართულებით ფრენებზე.
ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს
ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ყაზახეთის მთავარი და საიმედო პარტნიორი, ასევე, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ისტორიული და უნიკალური ორმხრივი დოკუმენტი ახალ იმპულსს მისცემს ასტანასა და ლონდონის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო კავშირებს და იმუშავებს მრავალი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინა NATO-ს კიბერუსაფრთხოების უდიდეს წვრთნებში პირველად მონაწილეობს
მსოფლიოში უდიდეს კიბერუსაფრთხოების წვრთნებში - Locked Shields 2024, რომელიც ესტონეთში NATO-ს ეგიდით ტარდება, უკრაინის წარმომადგენლები პირველად მონაწილეობენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კიბერუსაფრთხოების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდა (NCCC) იუწყება. მთლიანობაში, წვრთნებში 4000-მდე ექსპერტი 40-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. მათ დაევალებათ, დაიცვან პირობითი ქვეყნის ინფრასტრუქტურა რეალურთან მიახლოებულ პირობებში. „სხვადასხვა ქვეყნისა და პარტნიორების გაზრდილი ჩართულობა აჩვენებს Locked Shields 2024-ის გლობალურ მიღწევებსა და მნიშვნელობას, რაც ადასტურებს ამ წვრთნების მნიშვნელოვან როლს კიბერ თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში,“ - წერს NCCC. Locked Shields-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კიბერუსაფრთხოების სწავლება. წვრთნას NATO-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი ხელმძღვანელობს. 2023 წელს მასში 33 ქვეყანა მონაწილეობდა. უკრაინა NATO-ს კიბერცენტრს 2022 წლის მარტში შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ
24 აპრილს პარლამენტთან ე.წ. "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითებდა, რომ კრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
მეუფე ზენონი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,“ - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.“ „მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“, სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ (იხ. მუხლი 2.1). კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში თავსდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო, როგორც ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ოთხწლიანი პროცესის წარმმართველთაგანი (დასრულდა 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით), მოგახსენებთ: ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებული სუბიექტი ან წარმომადგენელი ფიზიკური პირი, სახელმწიფოს წინაშე იძენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის სტატუსს და ამ სტატუსით მოქმედებს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას. წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის. (იხ. კონსტიტუციური შეთანხმება. პრეამბულა; იხ. მუხლი 1. 1. იხ. მუხლი 1. 3 ). საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი განმარტავს - ,,რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ (იხ. მუხლი 1.1). რაც შეეხება გამჭირვალობის აუცილებლობას საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მიღმა. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის” მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავსძენ, სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ ვალდებულება, აწარმოონ მონიტორინგი საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ნებისმიერი ქვეყნიდან ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოსავლებზე. გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას. სტიგმატიზირების საფრთხე კანონი ძველ ბერძნულ სამყაროში აღმოცენდა და იგი მიმართულების საზომს წარმოადგენდა. თავდაპირველი ხელოვნების ნიმუშისგან ის შემდეგ თეორიად იქცა და ასე დამკვიდრდა ეს ცნება სამართლის ფურცლებში დადგენილი ნორმის წარმოსადგენად. ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი. სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. სტიგმა, დეფექტის აღბეჭდვასთან ასოცირდება და მისი სათავე ქრისტიანობამდელ სამყაროში იძიება. სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზაციისადმი მგრძობიერია ადამიანი და მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი. მისი აღქმა შესაბამის გავლენას ახდენს პიროვნების იდენტობაზე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებთან. რაც უფრო ცივილიზებულია გონება, სამართლის ნიმუშიც მით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, რადგან კანონი თავისუფლების პირმშოა ( სახელმწიფოსთვის თავისუფლების გაგების განსაზღვრება კონსტიტუციით დეკლარირებულია). კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი: ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ამ დღეებში ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობდა ყველა დონეზე, რათა ოპერატიულად “შეევსო ეს პაკეტი” სწორედ ისეთი იარაღით, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ. „ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ. ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ - ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ჩვენი შეთანხმება რეალიზებული იყოს ასი პროცენტით. მადლობა, ამერიკა!” - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. „მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა," - წერდა ასევე დღეს, ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო. ბაიდენმა კი, დახმარების პაკეტს, დღეს, 24 აპრილს მოაწერა ხელი.
აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, უკრაინისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდება შეერთებული შტატების უწყებებმა გაზაფხულზე დაიწყეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა 24 აპრილს, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მას ჰკითეს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბოლო კვირებში ფარულად გაუგზავნა. პატელის თქმით, ბაიდენმა ფარულად უბრძანა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, გაეგზავნათ ATACMS-ები უკრაინაში, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად თებერვალში. „მათ დაიწყეს მოძრაობა სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 12 მარტს," - აღნიშნა პატელმა. პატელის თქმით, უკრაინამ რაკეტები აპრილში მიიღო. მანამდე, Reuters-ი წერდა, რომ აშშ-მ გასულ კვირებში უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინელებმა უკვე ორჯერ გამოიყენეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, გადაცემული რაკეტების რაოდენობა არ დააზუსტა. წყაროს ინფორმაციით, რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რაკეტების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გაიგზავნა უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინა ვალდებულია, გამოიყენოს იარაღი მხოლოდ უკრაინის შიგნით და არა რუსეთში. „ზოგიერთი რაკეტა შედიოდა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს დაამტკიცა,“ აღნიშნა სალივანმა. Reuters-თან საუბარში წყარომ ასევე დაადასტურა, რომ 17 აპრილს ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე იერიში უკრაინელებმა სწორედ ATACMS-ებით მიიტანეს. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მეორედ, იარაღი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა. შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს კი, მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი აქვთ. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.