ძებნის რეზულტატი:
ფაშინიანმა თბილისში ვიზიტისას, „ისტორიულ შესაძლებლობაზე“ ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მაღალ დინამიკას და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობას. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს ასევე პარტნიორობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და პატივია, გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი ვიზიტი მარტში, სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის. საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. კობახიძემ ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობის შენარჩუნების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „შეხვედრისას მადლობა გადავუხადე კოლეგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა, აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი ორმხრივი ვიზიტები უმაღლეს დონეზე, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, შევინარჩუნოთ ეს ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში და მაღალი ინტენსივობა ამ ურთიერთობებში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს სფერო არის თანაბრად პრიორიტეტული ჩვენთვის,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. „საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას და ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. დასასრულს მსურს, კმაყოფილება გამოვხატო იმ შეხვედრების გამო, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მოხარული ვარ, რომ მქონდა კიდევ ერთხელ საშუალება, გაგვეცვალა მოსაზრებები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ -სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში,“ - განაცხადა კობახიძემ. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის ქვეყანაც დასავლეთთან ურთიერთობებს აძლიერებს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის.“ „მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმართმასპინძლობისთვის. ჩვენს ურთიერთობაში მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის გაგვეფართოებინა ყოველისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამ წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მოვახერხეთ, შეგვექმნა სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი ეფექტიანი და პერიოდული კონტაქტების, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ძმური ხალხების მიერ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლინობა და სუვერენიტეტი. ისინი ამ ფაქტს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიან. რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ეხება ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევასა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას. „უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს. ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ [ე.ი. სომხეთი] ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ პროგრესს ასევე სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში, რომელიც უკვე განვიხილეთ და გვაქვს საერთო გაგება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და არხის განბლოკვა და სრული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც სომხეთის მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. „თქვენ იცით, რომ თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ, შეთანხმდნენ სამშვიდობო და ქვეყანათა შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80 პროცენტზე. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. ყველა ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და არხის განბლოკვა და სრული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც სომხეთის მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩვენი იდეები ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში, რომელიც შექმნა სომხეთის მთავრობამ და რომელიც პირველ რიგში, გავუზიარეთ ჩვენს საერთაშიროსო პარტნიორებს თბილისში, კონფერენციის დროს. მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები, არამხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ, საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. შეგახსენებთ, საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა მიმდინარე წლის იანვარში დაამყარეს. ცნობისთვის, 9 სექტემბერს, ერევანში, ევროკომისიამ და სომხეთის რესპუბლიკამ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
პრეზიდენტმა ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდეტმა „ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ათონელის რეზიდენციაში მიიწვია. პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსები მათთან ხვალ, 17 სექტემბერს უნდა მივიდნენ. „საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე (ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება). ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ, ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას. სწორედ ამისთვის შეიქმნა ,,ქართული ქარტია“ და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტიანი დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ. ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს. მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდება.
აშშ-მ სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა
აშშ-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომელშიც 50% ან მეტი წილი აქვთ. ამერიკის მოქალაქეებსა და პირებს ამ სანქცირებული პირების კუთვნილებაში არსებულ კომპანიებთან თუ აქტივებთან კავშირი ეკრძალებათ. ის ფინანსური ინსტიტუტები თუ სხვა პირები, რომლებიც ამ პირებთან და კომპანიებთან რაიმენაირად არიან დაკავშირებულნი ან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებენ მათთან, ასევე სანქციების თუ სხვა აღსრულებითი ზომის სამიზნეები გახდებიან. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, დღეს, აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან და ასევე - საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულნი ძალადობრივ ქმედებებში; დემოკრატიულ პროცესში ჩართულ ქართველთა მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში. დეპარტამენტის განმარტებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ზედამხედველობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებად არიან მოხსენიებულები „ალტინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე. მათ სანქციები დაუწესდათ 2021 და 2023 წლების ძალდობის მხარდაჭერისთვის. „კონსტანტინე მორგოშია არის მედიაკომპანია "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, რომელსაც ის დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად იყენებდა. 2021 და 2023 წლების ივლისში მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე. ასევე, ხელმძღვანელობდა ასობით პირს, შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში და თავს დასხმოდნენ ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც პოლიციაც ადგილზე იყო. "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა ონლაინ რეჟიმში," - წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და ეხება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციის ფაქტებს მთელ მსოფლიოში. „დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგების და წამყვანი კონკრეტული პირების მიერ ძალადობისა და დაშინების გამოყენებით, საკუთარი მიზნების მისაღწევი ძალისხმევის თაობაზე,” - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრედლი სმითი. ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. “შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ ანგარიშვალდებულება დააკისროს მათ, ვისაც ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა სურს,” - ამბობს სმითი. ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 28 მაისს, მიუხედავად საპროტესტო დემონსტრაციებისა, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი მიიღო. „ძალადობა, რომელიც ჩაიდინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, მოიცავდა ახალი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტეტში მონაწილე ბევრი ადამიანის სასტიკ ცემას, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების. ხარაზიშვილი კარგადაა ცნობილი მისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში,“ - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილე. დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." "მაგნიტსკის აქტი“ "მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგატიშვალდებულების გლობალური აქტი" 2017 წელს გამოიცა და ის მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებისა თუ კორუფციული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების დაწესებას ამერიკის გარეთ მომხდარ ფაქტებზე მაშინ, როცა ამ ქმედებებმა "მიაღწია ისეთ მასშტაბსა და სიმძიმეს, რომ ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილურობას." "მაგნიტსკის სიის" სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, ერთი წლის შემდეგ კი, ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა "მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი" დაამტკიცა, რომლითაც შეიქმნა მექანიზმი, რომ დაწესებულიყო სანქციები იმ პირებისთვის, ვინც მაგნიტსკის დაკავებაში და სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან რუსეთში ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. 2016 წელს კი, ეს აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა და სანქციები ვრცელდება ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლზე, რომელიც შეერთებული შტატების შეფასებით, ადამიანის უფლებებს არღვევს და კორუფციულ ნაბიჯებს დგამს. ეს აქტი სხვა ქვეყნებშიც არის დამტკიცებული, 2020 წელს ის მიიღო ევროკავშირმაც. (წყარო - ამერიკის ხმა) შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
აშშ 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს. განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს. ბლინკენის განცხადებით, დასანქცირებულთა შორის მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, "რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით." „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა - „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმებისთვის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველისადმი, ასევე მათი ოჯახის წევრებისადმი, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს პირები არიან მთავრობის წარმომადგენლები და მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ასევე - კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტოს მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ დამატებითი, საპასუხო ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი, ძალადობის, დაშინებისა და ჩახშობის შიშის გარეშე," - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. დღეს, 16 სექტემბერს, აშშ-მ სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს“
აშშ-ის მიერ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს. უწყების პრესსპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია საქართველოს საკითხზე საუბრით დაიწყო. „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს, აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს, ასევე, 60-ზე მეტ ქართველ პირს სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედბებში მონაწილეობის გამო,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. მეთიუ მილერის განცხადებით, ხსენენული ქმედებები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგს წარმოადგენს. „აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაწვევითა და გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმებისთვის რეკომენდაციების შესრულებისას მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით, შეუძლია, ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს. „ბოლო 32 წლის განმავლობაში, აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული გახდეს და გახდეს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. დღეს, 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
მეთიუ მილერი: არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება
„არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება,“ - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა დასვა. მისი თქმით, სწორედ რუსეთი არის აგრესორი. „მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი როინიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სპეციალური დანაყოფი "თბილისი" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როინიშვილი "თბილისის" მეთაურის მოადგილე იყო, ის კურსკის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა. დანაყოფის ინფორმაციით, ამავე ბრძოლაში კიდევ სამი მებრძოლო დაიჭრა. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
კოკოითის თქმით, „საქართველომ ე.წ. სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „პრეზიდენტი“ იყო, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის.“ „ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ... ყველაფრის უტვინო სააკაშვილსა და აშშ-ზე დაბრალება ძალიან წარუმატებელი და ახლომხედველურია, პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე. კოკოითი მიიჩნევს, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას“, ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები. ცხინვალი ადრეც აცხადებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები“. „სამხრეთ ოსეთისთვის“ 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზარალი, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ მანამდე, არასაკმარისია. მაგრამ საქმე ამაში საერთოდ არაა. ვინ დაგვიბრუნებს ათობით ათას მოკლულ ძმასა და დას, ვინ დაუამებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნათესავებსა და ახლობლებს? ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ,“ - ამბობს კოკოითი. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომი სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო.“ შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს - საელჩო
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს შეფასებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. სალჩომ მწუხარება გამოთქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს.“ „დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის „სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს.“ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განცხადებით დაგმეს „სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში.“ ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა. ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება. კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გააგრძელონ მასზე მუშაობა. კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის,“ - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან. ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დაარეგისტრირეს, რასაც წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგიონებში უკვე ჩაატარა შეხვედრები კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაასახელა თავიანთი მთავარი არგუმენტი, რატომაა საჭირო ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვა. „ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელმაც შესაძლოა, ეს კანონები გააუქმოს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები,“ - აღნიშნა მდინარაძემ. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი შემდეგი მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატი მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებს. დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია. დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებას 91% უჭერს მხარს. „პროპაგანდასთან დაპირისპირება ჩვენი ვალია ქართული საზოგადოების წინაშე,“ გააცხადა ირაკლი კობახიძემ. ინფორმაციისთვის, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლში წერია: 1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“
პარლამენტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება დაასრულა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების 6-წლიანი პროცესი დასრულდა. პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ერთხმად დაამტკიცა. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში მუშაობის დაწყებას მომავალ წლამდე ვერ შეძლებს, რადგან 28-ე ადგილი უზენაეს სასამართლოში ვაკანტური 2025 წლიდან გახდება. სწორედ მომავალ წელს ეწურება უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა და პარლამენტმა მისთვის წარდგენილი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წინასწარ დაამტკიცა. ის ამ თანამდებობაზე საქმიანობას გასიტაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის (2025 წლის 12 ივნისს) შემდეგ შეუდგება. არასამთვრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, „ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით მმართველმა პარტიამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტების პროცესს, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ამდენად, 5 წელი დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.“ ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. პარლამენტმა 2019, 2021 და 2024 წლებში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეები რამდენიმე ეტაპად დაამტკიცა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - სამი.
კობახიძე: სანქციების დაწესების ერთადერთი მიზანი შეიძლება, არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის, პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების საკითხზე განაცხადა, რომ „ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების დაწესების ერთადერთი მიზანი შეიძლება, არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს.“ „ჩვენ ხელი გავუწოდეთ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული ოთხი წლის მანძილზე. თქვენ იცით ამაში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული „წვლილი“. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი. ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთი რეჟიმის თავის დროზე ხელისუფლებაში მოყვანისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ამერიკიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.“ „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კითხვას ექნება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, პრემიერმა უპასუხა, რომ კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედგება. „ბაიდენის მიღებული არ მგონია ეს გადაწყვეტილება და მგონი, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომელთაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნება კომუნიკაცია, ალბათ პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის, კომუნიკაციისთვის. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, თუმცა სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას ორჯერ, 2020 წლიდან მოყოლებული. ასეთ დროს, საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია, ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს განცდა ხომ რჩება. ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ, სამომავლოდ, ველით, ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო - ვის შეეხება ამნისტია
84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე. პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება. "ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი," - განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით შემცირება; სასჯელის 1/4-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
Meta RT-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიაქსელებს კრძალავს
Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიაქსელებს აკრძალავს. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის მცდელობა“ დაასახელა. „ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებულ სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო,“ - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება. Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში. RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. მანამდე, ვაშინგტონმა კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი RT და მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებით აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის და მისდამი ნდობის შერყევის მცდელობაში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა
ბაქო: აზერბაიჯანმა და საქართველომ სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეათანხმეს, საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს
„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სადავო საკითხები არ არის, არის საკითხები, რომლებიც არ არის შეთანხმებული,“ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ Report-თან ინტერვიუში. „სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესებს, არამედ, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონში, ხსნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ჰაჯიზადამ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს შრომატევადი საკითხია. „1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის შესაბამისი კომისია მუშაობს დელიმიტაციაზე და დღემდე შეთანხმებულად ითვლება საზღვრების 2/3. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე არ არის სადავო საკითხები, არამედ ის საკითხებია, რომლებიც არ არის შეთანხმებული. ეს ბუნებრივია, რადგან საზღვრის საკითხი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს. ამ კუთხით მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს,“ აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. აქ სიტუაცია განსაკუთრებით 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯაში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა აქციები 2010 წელსაც იმართებოდა. გასული წლის 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე. ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა.“ 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
EUMM: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩის რაიონში დროებით დააკავეს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აცხადებს, რომ მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების დროს ხურჩის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. მათივე ცნობით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. „დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს," - წერია EUMM-ის განცხადებაში.
რა შედეგით დატოვეს პრეზიდენტის სასახლე მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლე დატოვეს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. „მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე - რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. „დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება, იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა,“ – განაცხადა ხაზარაძემ. „სხვა საკითხებს თუ გულისხმობთ, რომელიც ეხება იგივე წერილს, იგივე ანაკლიის საკითხს, სხვა ამბავს, ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ეს საკითხი უნდა იყოს გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა თანამშრომლობდეს, 20 ივნისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.“ თავის მხრივ, გიორგი გახარიას თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო. „მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა, ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, რადგან, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო. ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი ყოველთვის, საქართველოში ჩვენი მოღვაწეობის ყოველდღე სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებდით პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე, რათა პოზიცია დააფიქსიროს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. „მახსოვს, მეძახდნენ თვალთხარიასაც, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ წევრებიც მეძახიან თვალთხარიას. „ოცნების“ ნარატივში გამოვიდა, ესენი ერთმანეთს თვალთხარიასო და გახარია თაღლითს ეძახდაო. საერთოდ, ჩემი ლექსიკა არ არის, ბევრი რამ მითქვამს, მითქვამს მატყუარა, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ქვეყანაზე და სახელმწფიო ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა, ერთი არჩევნების პირობებში ერთდროულად შევძლოთ, დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ამაში ვინმე რამე ცუდს თუ ვხედავთ ან შემძრახავთ, ამასაც მივიღებ,“ უპასუხა გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ „მისთვის დღეს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს, 26 ოქტომბრის შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება.“ „კი არ გაქრეს, ვერ შეძლოს, ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ქვეყნის ხელისუფლებაში, რადგან ეს დაუშვებელია. ეს შეთანხმება ამას თუ ხელს შეუწყობს, მერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე რას ფიქრობდა ჩემზე ან რას ამბობდა. დიდი მიზანია, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ ახლა მე რომ დავიწყო საუბარი, ხაზარაძემ ეს თქვა და გაბუტული ვარ, არასერიოზული იქნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო. ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ს ინფორმაციაში.
პრემიერი ელჩს: ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.“ „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“
ლიბანში პეიჯერების აფეთქების შედეგად, „ჰეზბოლას“ მებრძოლები დაიღუპნენ, დაშავებულია ირანის ელჩი
17 სექტემბერს, სამხრეთ ლიბანში პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაშვებულთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ მედია პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჰეზბოლას“ ცნობით, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა. ბეირუთში ირანის ელჩმა ზედაპირული დაზიანება მიიღო. იტყობინებიან ირანული მედიასაშუალებები. ამ ცნობას Reuters-ი ვერ ადასტურებს. ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ზიად მაკარიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაგმო პეიჯერების აფეთქება, როგორც "ისრაელის აგრესია." „ჰეზბოლამ“ ასევე დაადანაშაულა ისრაელი პეიჯერების აფეთქებებში და განაცხადა, რომ ის მიიღებს "სამართლიან სასჯელს." ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს აფეთქებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო "უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა", რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში. ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან - გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ჩაერთნენ საზღვრისპირა ომში, რაც ბოლო წლების ყველაზე უარესი ესკალაციაა. „ჰეზბოლამ“ სულ მცირე სამი ადამიანის, მათ შორის - მისი ორი მებრძოლის დაღუპვა დაადასტურა. მათივე თქმით, მესამე დაღუპული, გოგო იყო და რომ აფეთქებების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფეთქებები შეაფასა, როგორც ისრაელის "საშიში და მიზანმიმართული ესკალაცია." ლიბანის შიდა უსაფრთხოების ძალებმა განაცხადა, რომ უამრავი უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობა აფეთქდა ლიბანის მასშტაბით, განსაკუთრებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რაც ჰეზბოლას დასაყრდენად მიიჩნევა. „პეიჯერები, რომლებიც აფეთქდა, ჰეზბოლას მიერ ბოლო თვეებში შემოტანილი უახლესი მოდელები იყო,“ განაცხადა უსაფრთხოების სამმა წყარომ Reuters-ის ცნობით. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად, 2750 ადამიანი დაშავდა, მათგან 200 მძიმე მდგომარეობაშია. „დაშავებულთა შორის ბევრი იყო ჰეზბოლას მებრძოლი, რომლებიც შეიარაღებული ჯგუფის უმაღლესი პირების შვილები არიან,“ განუცხადა Reuters-ს უსაფრთხოების ორმა წყარომ. ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
ჰელსინკის კომისია სანქციებზე: ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა
„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს,“ - შესაბამის განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის გვერდზე ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი სანქციები, ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ შიშის გარეშე. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“ წერს ჰელსინკის კომისია. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.