ძებნის რეზულტატი:

გერმანიამ რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი ბალტიის ზღვაში არ შეუშვა - მედია

ნავთობტანკერი, რომელიც რუსეთის პორტისკენ მიემართებოდა, ბალტიის ზღვის შესასვლელთან მოულოდნელად შემობრუნდა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის გავლით რუსეთისკენ (სავარაუდოდ, მურმანსკისკენ, სადაც ნავთობის ჩატვირთვაც შეიძლება) გაემართა. Bloomberg-ის ცნობით, ტანკერი Arcusat, დანიასა და შვედეთს შორის ვიწრო სრუტეში გადიოდა და ფინეთის ყურისკენ მიემართებოდა. თუმცა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში ის შემობრუნდა და ჩრდილოეთისკენ გაემართა. გერმანულმა მედიამ ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ტანკერი აიძულა, მარშრუტი შეეცვალა. სააგენტოს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულმა ქვეყანამ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემს ბალტიის ზღვაში შესვლაზე უარი უთხრა. ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსულ და ვენესუელურ ტვირთებთან დაკავშირებული რამდენიმე ტანკერი დააკავა, ხოლო ევროპის მთავრობებმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული გემების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრეს.  

აშშ ევროპის რამდენიმე ქვეყანას 10%-იან ტარიფებს უწესებს

გრენლადიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.  აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის პირველი თებრვლიდან, აღნიშნულ ქვეყნებს 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, რაც 2026 წლის პირველი ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, და ტარიფები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება.” ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ ის „ერთობლივ რეაგირებას კოორდინაციას უწევს.“ ტრამპის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კოშტა ამბობს: „ევროკავშირი ყოველთვის ძალიან მტკიცე იქნება საერთაშორისო სამართლის დაცვაში... რაც რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე იწყება.“ განახლება: ჩინეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ე. წ. „ჩინური საფრთხის“ გამოყენება საკუთარი ინტერესების განსახორციელებელ საბაბად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა. ჩინური მედიის ცნობით, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და ის  მკაცრად უნდა იყოს დაცული. კრემლის შეფასებით, „ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს.“ პესკოვის თქმით, „არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ გრენლანდიის შეერთების საკითხის გადაწყვეტის შედეგად, ტრამპი ისტორიაში შევა.“ „ტრამპი არამხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ, მსოფლიო ისტორიაში შევა. იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი ეს, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს, ძნელია, ექსპერტებს არ დაეთანხმო,“ - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. განახლება:  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ძიაკუნმა განაცხადა. ძიაკუნმა არ დააკონკრეტა, დაეთანხმა თუ არა ჩინეთი აშშ-ის მიწვევას. „გასულ წელს აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებში აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები იყო, თუმცა საბოლოოდ, დინამიკა სტაბილური გახდა. ჩინეთი მზადაა, ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით აშშ-სთან ითანამშრომლოს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა. ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა  

ტრამპი POLITICO-სთან ინტერვიუში: „ირანში ახალი ლიდერის ძებნის დროა“

Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიათოლა ალი ხამენეის 37-წლიანი მმართველობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. „დროა, ირანში ახალი ლიდერები ვეძებოთ,“ - განუცხადა ტრამპმა POLITICO-ს. ტრამპმის თქმით, საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც რეჟიმმა ოდესმე მიიღო, 800 ადამიანის სიკვდილით არდასჯა იყო. ჟურნალისტმა შეერთებული შტატების ლიდერს ასევე აჩვენეს აიათოლა ალი ხამენეის პოსტები, რომლის თანახმად, ირანის სულიერი ლიდერი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დამნაშავეა ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის. „ეს კაცი ავადმყოფია. მან სათანადოდ უნდა მართოს თავისი ქვეყანა და შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა. მისი ქვეყანა ცუდი ხელმძღვანელობის გამო, ყველაზე საშინელი ადგილია საცხოვრებლად მთელ მსოფლიოში. როგორც ქვეყნის ლიდერი, ის დამნაშავეა ქვეყნის სრულ განადგურებაში და ძალადობის გამოყენებაში ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არავის უნახავს. იმისათვის, რომ ქვეყანამ ფუნქციონირება შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია ძალიან დაბალი დონისაა, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ქვეყნის სათანადო მართვაზე, როგორც მე ვაკეთებ შეერთებულ შტატებში და არა ათასობით ადამიანის მოკვლაზე, რომ კონტროლი შეინარჩუნოს. ლიდერობა პატივისცემაზეა დაფუძნებული, და არა შიშსა და სიკვდილზე,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ ირანში პროტესტის „სასტიკ ჩახშობაზე“ პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს  

25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა და მერკოსურმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა და „მერკოსურმა“ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ახლა საჭიროა ევროპარლამენტის თანხმობა და შეთანხმება ასევე უნდა რატიფიცირდეს „მერკოსურის“ წევრი ქვეყნების – არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოების მიერ. შეთანხმება მიზნად ისახავს ტარიფების შემცირებას და ორ რეგიონს შორის ვაჭრობის გააქტიურებას. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდ თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნის. ცნობისთვის, „მერკოსური“ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 1991 წელს შეიქმნა. ბლოკში არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი ერთიანდებიან. მერკოსურის წევრი იყო ვენესუელაც, რომელსაც წევრობა 2016 წელს შეუწყდა.   

ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ტარიფებზე მუქარები მიუღებელია. ,,საფრანგეთი ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია, როგორც ევროპაში, ასევე, სხვაგან. ამით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს უდევს საფუძვლად გაეროსა და ქარტიისადმი ჩვენს ერთგულებას. ამის საფუძველზე მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, და ამის საფუძველზე შევკარით ,,მსურველთა კოალიცია” მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ამ პრინციპებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. ასევე ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული წვრთნები. ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არკტიკასა და ჩვენი ევროპის წინა ხაზზე უსაფრთხოებას ეხება. არავითარ დაშინებას ან მუქარას არ ექნება ჩვენზე გავლენა არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, და არც სადმე სხვაგან მსოფლიოში, სადაც ასეთი ვითარებების წინაშე ვდგავართ. ტარიფებზე მუქარები მიუღებელია და ადგილი არ აქვს ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანი და კოორდინირებული ფორმით უპასუხებენ, თუ ისინი დამტკიცებულ იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროპის სუვერენიტეტი იყოს დაცული. ამ სულისკვეთებით მექნება საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,” - წერს მაკრონი. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი ტრამპის მუქარას აშშ-ის მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესების შესახებ, „სრულიად არასწორს“ უწოდებს. „ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა,“ - ნათქვამია მის განცხადებაში. „ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მთელი NATO-სთვისაა მნიშვნელოვანი და მოკავშირეებმა ერთად მეტი უნდა გააკეთონ, რათა არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდნენ. მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ,“ - ამბობს სტარმერი BBC-ის ცნობით. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ ის „ერთობლივ რეაგირებას კოორდინაციას უწევს.“ ტრამპის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კოშტა ამბობს: „ევროკავშირი ყოველთვის ძალიან მტკიცე იქნება საერთაშორისო სამართლის დაცვაში... რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე იწყება.“ ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. კლასი წერს, რომ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ. „ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ თუ არის, ეს საკითხი NATO-ს ფარგლებში შეგვიძლია, განვიხილოთ. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გულისხმობს,“ - წერს კალასი. განახლება:  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის. პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს. მისი განმარტებით, გრენლანდიის საკითხის მოგვარება დანიასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი. აშშ ევროპის რამდენიმე ქვეყანას 10%-იან ტარიფებს უწესებს  

NATO-მ წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

2026 წლის NATO-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ამჟამად ცენტრალურ ევროპაში მიმდინარეობს. წვრთნები ოფიციალურად მოკავშირეთა ოპერაციების სარდლობამ (ACO) 15 იანვარს დაიწყო. ეს არის მოკავშირეთა რეაგირების ძალების (ARF) პირველი განლაგება ნიდერლანდებში, ბრუნსუმის გაერთიანებული ძალების სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურე 11 ქვეყნიდან, მათ შორის, ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ლიეტუვის, ესპანეთისა და თურქეთის მოკავშირეთა რეაგირების ძალების დანაყოფები, ასევე, ბელგიის, საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს პერსონალი, რომლებიც ეროვნულ წვრთნებს Steadfast Dart-თან აკავშირებენ. წვრთნები აჩვენებს NATO-ს ძალებისა და სხვა მონაწილე დანაყოფების ოპერატიულ და სტრატეგიულ შესაძლებლობებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, კოსმოსურ, კიბერ, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებს აერთიანებს.  

რუსეთი ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით, საკრუიზო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს - მედია

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საერთაშორისო კრუიზების აღდგენას აზოვის ზღვაზე, რომელზე სრული კონტროლიც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაამყარა. შესაბამის ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. „შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების განახლება. მანამდე მარიუპოლსა და ბათუმს შორის არსებობდა საკრუიზო მარშრუტი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს,“ - ნათქვამია დოკუმენტებში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი კრუიზისთვის შესაძლოა, გამოყენებული იყოს გემი „მუსტაი ქარიმი“. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ ამ თბომავალს გეგმურ ტექნიკურ და კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ. „რია ნოვოსტი“ წერს, რომ აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად საჭირო სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, იეისკისა და მარიუპოლის პორტებს ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგული აქვთ. თბილისში რუსეთის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის მარიუპოლის ოკუპაცია 2022 წელს მოახდინა. გაეროს შეფასებით, ქალაქში მრავალსართულიანი შენობების 90%-მდე და კერძო სახლების 60%-მდე დაზიანდა ან განადგურდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად. იმავე წლის შემოდგომაზე რუსეთმა მოახდინა ანექსია უკრაინის ოთხი ოლქის, მათ შორის, დონეცკის ოლქის, რომლის ნაწილიც არის მარიუპოლი.  

სომხეთში, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს

სომხეთში ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია „ძლიერი სომხეთი“ დაარეგისტრირეს. ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, პარტია „ძლიერი სომხეთი“ დარეგისტრირებულია ალექსან ალექსანიანის, აშოტ ფარსიანის და ლენა მატევოსიანის მიერ, რომლებიც მოძრაობა „ჩვენი გზის“ წევრები არიან. პარტია რეგისტრირებულია „ტაშირის“ კომპანიების ჯგუფის ერევნის ოფისში. მოძრაობის პრესმდივანმა, მარიანა კაგრამანიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით საორგანიზაციო მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში პოლიტიკური ძალა მკაფიო დღის წესრიგს და სომხეთის განვითარების ხედვას წარმოადგენს. აღნიშნული პარტია 2025 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად პრო-სომხური ერქვა. „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს. ბიზნესმენი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, 18 ნოემბერს კი მისი წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივეს. სამველ კარაპეტიანს ბრალად ედება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჯარო მოწოდება, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება. მისი ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებენ კარაპეტიანის მიერ 2025 წლის ივნისში სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან, გარეგინ II-სთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა (ასკ) და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის კონფლიქტის ფონზე. კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისი დაპატიმრების შემდეგ, სომხეთის მთავრობამ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო.  

რომელი ქვეყნები შეუერთდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“

დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, „ღაზის მშვიდობის საბჭოში“ რამდენიმე ათეული ქვეყანა მიიწვია. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა 22 იანვარს განაცხადა, რომ გაგზავნილი 50 მოწვევიდან, დაახლოებით 35-მა მსოფლიო ლიდერმა დაადასტურა მშვიდობის საბჭოს წევრობა.  ამ ქვეყნებს შორის არიან ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები, ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, იორდანია, კატარი და ეგვიპტე. NATO-ს წევრები თურქეთი და უნგრეთი, რომელთა ლიდერებმა კარგი პირადი ურთიერთობები დაამყარეს ტრამპთან, ასევე დათანხმდნენ მონაწილეობას. თეთრ სახლს მოწვევაზე დადებითად უპასუხეს ასევე მაროკომ, პაკისტანმა, ინდონეზიამ, კოსოვომ, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, პარაგვაიმ და ვიეტნამმა. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რეგიონის ორი ქვეყანა აზერბაიჯანი და სომხეთი „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევას დაეთანხმნენ. ამ ქვეყნებმა გასული წლის აგვისტოში, აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კრემლს ჯერ არ განუცხადებია, შეუერთდება თუ არა „მშვიდობის საბჭოს.“ უცნობია ჩინეთის საბოლოო პასუხიც.  „გასულ წელს აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებში აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები იყო, თუმცა საბოლოოდ დინამიკა სტაბილური გახდა. ჩინეთი მზადაა ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით აშშ-სთან ითანამშრომლოს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა რამდენიმე დღის წინ. ვაშინგტონსა და მინსკს შორის დაახლოების ფონზე კი, აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევა ლუკაშენკომაც მიიღო. ბელორუსის პრეზიდენტმა, რომელსაც დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფებდა, მის ქვეყანაში ადამიანის უფლებების ცუდი მდგომარეობისა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო, დონალდ ტრამპის „გზავნილს“ დადებითად უპასუხა. დონალდ ტრამპმა ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ უკრაინა მიიწვია.  ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელი დიპლომატები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას განიხილავენ. ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელორუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა. „ჩემთვის რთულია, წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელორუსიც მის გვერდით დგას,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  თავის მხრივ, 18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიღო მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტისგან, შეუერთდეს მის მიერ შექმნილ ახალ საერთაშორისო ორგანოს. „ის (ორბანი - რედ.) აღფრთოვანებულია ამ მოწვევით და, ბუნებრივია, მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში,“ - აღნიშნა სიიარტომ. „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივამ აშშ-ის ზოგიერთი ახლო მოკავშირის მხრიდან ფრთხილი რეაქცია გამოიწვია - ვინ ამბობს უარს ნორვეგიამ და შვედეთმა უარი თქვეს მოწვევაზე, იტალიის ეკონომიკის მინისტრმა,ჯანკარლო ჯორჯეტიმ კი განაცხადა, რომ საბჭოში გაწევრიანება პრობლემური ჩანდა. იტალიური გაზეთი „კორიერე დელა სერა“ იტყობინება, რომ ერთი ქვეყნის ლიდერის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფში გაწევრიანება იტალიის კონსტიტუციის დარღვევა იქნება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი ასევე აპირებს მოწვევაზე უარის თქმას, რამაც ტრამპი აიძულა, რომ პარიზს ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იანი ტარიფებით დამუქრებოდა. კანადამ განაცხადა, რომ „პრინციპში“ დათანხმდა გაწევრიანებას, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.  აშშ-ის სხვა ძირითადმა მოკავშირეებმა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იაპონიამ ჯერჯერობით არ დააფიქსირეს მკაფიო საჯარო პოზიცია, თუმცა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხუთშაბათს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საბჭოს ხელმოწერის ცერემონიას არ დაესწრება. რომის პაპი ლეონ XIV ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვიეს ცნობისთვის, 16 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის დამფუძნებელ-აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. საბჭო ღაზის დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. ასევე, შეიქმნება ღაზის სექტორის ცალკე აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 11 წევრისგან იქნება შედგენილი. მათ შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს საგანგებო კოორდინატორი სიგრიდ კააგი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი. ცნობისთვის, 18 იანვარს Bloomberg-ი წერდა რომ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს.  

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალება "ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს." „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეწყალებულთა ვინაობა ჯერ უცნობია.   

ტრამპის თქმით, ევროპა უკრაინის ომზე უნდა კონცენტრირდეს და არა გრენლანდიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე. ტრამპის განცხადებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს „100%-ით“ დაუწესებს. „ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ხედავთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ამას მათთვის. ევროპამ ყურადღება ამას უნდა მიაპყროს და არა გრენლანდიას,“ - განაცხადა ტრამპმა. კითხვას, გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალას გამოიყენებს, თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე.“ მისი თქმით, „ნობელის პრემია საერთოდ არ ადარდებს“, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს ნორვეგია იღებს. „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი, ნორვეგია ამას სრულად აკონტროლებს. ამბობენ, რომ ამასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა სინამდვილეში ამასთან საერთო ყველაფერი აქვთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს  

რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელორუსიც მის გვერდით დგას - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. რომ დონალდ ტრამპმა უკრაინა ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია. ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას განიხილავენ. ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელორუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა. „ჩემთვის რთულია, წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელარუსიც მის გვერდით დგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „რუსეთი ჩვენი მტერია, ბელორუსი კი, მათი მოკავშირე,“ - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს. დღეს ტრამპა დაადასტურა, რომ საბჭოში პუტინიც მიიწვია.  რომელი ქვეყნები მიიწვიეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“  

ლავროვმა ოკუპირებული ყირიმი და გრენლანდია, რუსეთისა და აშშ-ის უსაფრთხოების კონტექსტში ერთმანეთს შეადარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ყირიმი „არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის.“ ლავროვმა განაცხადა, რომ წესები, რომლებიც ადრე დასავლეთისთვის სასარგებლო იყო და გლობალურ წესრიგს უჭერდა მხარს, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე გაუქმებულია. მან ამჟამინდელი გლობალური სიტუაცია აღწერა, როგორც „ძალა იმარჯვებს“, რაც განსაკუთრებით აშკარაა ჩინეთის ეკონომიკურ გავლენასთან კონკურენციაში. "დააყენეთ გრენლანდიის ხალხის ადგილას ყირიმელები, თქვენთვის ბევრი რამ ალბათ, გასაგები გახდება. მეტიც, ყირიმში ხალხი რეფერენდუმზე წავიდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა პუტჩისტებმა რუსულ ენას ომი გამოუცხადეს და ყირიმის უზენაესი საბჭოს შტურმით ასაღებად ბოევიკები გაგზავნეს. გრენლანდიაში არავის არანაირი გადატრიალება არ მოუწყვია. უბრალოდ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ლავროვმა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ არის დანიის ბუნებრივი ნაწილი“, მაგრამ „რუსეთს არ აქვს მიმდინარე დავაში ჩარევის განზრახვა.“ „NATO გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიაში ჩარევით,“ - განაცხადა ლავროვმა. მისივე მტკიცებით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის მიტაცების გეგმები. „ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ აქვს. NATO-მ ალიანსის ფარგლებში გრენლანდიასთან დაკავშირებით ერთობლივ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.“ ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ. ცნოვისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის 24 თებერვალს კი, უკრაინაში შეჭრით, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

ალიევი: აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან 10 არის ევროკავშირის წევრი

აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან 10 არის ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა. „აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ფლობს ენერგორესურსებს და ექსპორტს ახდენს სხვა ქვეყნებში. რეგიონის სხვა ქვეყნები - მრავალი წლის განმავლობაში საქართველო და ახლა სომხეთი - აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების იმპორტს ახორციელებენ. ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა ევროპასთან და ევროკავშირთან იზრდება. „ჩვენ უკვე ვახორციელებთ ბუნებრივი აირის ექსპორტს 16 ქვეყანაში, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია. გაზის მილსადენების გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით, აზერბაიჯანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 იანვარს დავოსში Euronews-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი რესურსები, სატრანსპორტო სისტემა და თანამედროვე მილსადენები. „ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს ბევრ ევროპულ ქვეყანასთან და ეს საშუალებას აძლევს მათ, გააძლიერონ თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, გავყიდოთ ჩვენი რესურსები პრემიუმ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაზს მხოლოდ ევროპაში არ ვყიდით, ბოლო დროს მისი ექსპორტი სირიაშიც დავიწყეთ. თუმცა ფასის თვალსაზრისით, საუკეთესო ბაზარი, რა თქმა უნდა, ევროპული ბაზარია,“ - განაცხადა ალიევმა.  

იტალიური და გერმანული კომპანიები ჩაერთვებიან ეუთოს „მწვანე პორტების“ პროექტში, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს

ევროპული კომპანიები კასპიის რეგიონში „მწვანე პორტების“ განვითარების მიზნით, ეუთოს პროექტებში მონაწილეობენ. ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისმა (OCEEA), „მწვანე პორტების“ პროექტი ოფიციალურად 2019 წელს დაიწყო - მისი მიზანია, დაეხმაროს კასპიისა და შავი ზღვის პორტების განსაზღვრულ რაოდენობას - ბაქოს პორტს აზერბაიჯანში, აქტაუსა და კურიკს ყაზახეთში, „თურქმენბაშის“ პორტს თურქმენეთში და ბათუმის პორტს საქართველოში. ბათუმის პორტმა „Green Port“ სტატუსი OSCE-ის მხარდაჭერით და EcoPorts PERS სტანდარტის მიხედვით, გარემოს მართვის სისტემის შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო 2024 წლის 7 ოქტომბერს მიიღო. აზერბაიჯანული მედიის  ცნობით, გლობალურმა საინჟინრო საკონსულტაციო, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების ჯგუფმა RINA-მ და პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკის წამყვანმა საკონსულტაციო გერმანული კომპანია HPC Hamburg Port Consulting-მა, ეუთოს პროექტის „მწვანე პორტებისა და კავშირგაბმულობის ხელშეწყობა კასპიის ზღვის რეგიონში“ ფარგლებში, ხუთწლიანი კონტრაქტი მიიღეს. RINA არის იტალიის საერთაშორისო საინჟინრო, საკონსულტაციო და სერტიფიცირების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ენერგეტიკის, ტრანსპორტის/მრეწველობის მდგრად და ციფრულ გადაწყვეტილებებში. HPC Hamburg Port Consulting არის გერმანული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ორიენტირებულია პორტის ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკასა და დიგიტალიზაციაზე - მხარს უჭერს პორტების ეფექტიან და მდგრად ოპერაციებს. ხუთწლიანი პროგრამის განმავლობაში, RINA და HPC, ეუთოს თითოეული პორტისთვის მორგებული ანალიზისა და სამოქმედო გეგმების მიწოდებაში დაეხმარებია, რაც ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის ემისიების მქონე ოპერაციებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას, მათ შორის, ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებებიც მოიაზრება. „ძირითადი სამუშაო ნაკადები მოიცავს განახლებადი ენერგიისა და კლიმატის ადაპტაციის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ციფრული სისტემების დიზაინს, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს ონლაინ კურსებს ევროპის წამყვან პორტებში სასწავლო ვიზიტებთან. ამ ძალისხმევის კოორდინირებით სხვადასხვა ქვეყანაში, პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობას აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, რაც ეხმარება ეროვნული პორტების სტრატეგიების ჰარმონიზაციას და მდგრადობის გაძლიერებას შუა დერეფნის მასშტაბით,“ - განმარტა HPC Hamburg Port Consulting-მა. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ასევე შექმნის ქვეყნებისშორისი თანამშრომლობის პლატფორმას მონაწილე პორტებს შორის ცოდნის გაცვლის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია კვლავ საერთო რეგიონულ მიზნად დარჩეს.  

დროა, ახალი დამოუკიდებელი ევროპა ავაშენოთ - ლაიენი

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური შოკები „ევროპისთვის შესაძლებლობად უნდა იქცეს.“ ლაიენის თქმით, „სეისმური ცვლილება“, რომელსაც მსოფლიო ხედავს, „ევროპული დამოუკიდებლობის ახალი ფორმის“ შექმნის შესაძლებლობაა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს საჭიროება ახალი არ არის და არც „რეაქცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე“, არამედ, „სტრუქტურულ იმპერატივად იქცა დიდი ხნის განმავლობაში.“  „თუ ეს ცვლილება მუდმივია, მაშინ ევროპაც სამუდამოდ უნდა შეიცვალოს.“ „დროა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ავაშენოთ ახალი დამოუკიდებელი ევროპა.“ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ევროპა ირჩევს თავისუფლად ვაჭრობას ტარიფების ნაცვლად, პარტნიორობას იზოლაციის ნაცვლად, მდგრად განვითარებას ექსპლოატაციის ნაცვლად.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა გრენლანდიის საკითხზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ტარიფებით მუქარა შეცდომაა და არქტიკის უსაფრთხოებაში ევროპას და აშშ-ს საერთო ამოცანები აქვთ. ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ „ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, რომელშიც შევა არქტიკის რეგიონის საკითხიც და ეს სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.  

ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა ტრამპისგან ფაშინიანმაც მიიღო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ღაზის სექტორის აღსადგენად შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრად, მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მიიწვია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა. „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო წინადადება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მიიწვიეს თუ არა ბაქო მშვიდობის საბჭოს წევრად. რომელი ქვეყნები მიიწვიეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააარსა გლობალური ორგანო, რომელიც ცნობილია როგორც „მშვიდობის საბჭო“ -  მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულება. საერთაშორისო საბჭო ძირითადად ფოკუსირებულია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებასა და ტერიტორიაზე ომისშემდგომი სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ტრამპმა, რომელმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხში არაეფექტიანად შეაფასა, უფრო მოქნილი მექანიზმის შექმნა სცადა.  

ჩაგოსის კუნძულების სტატუსი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განხილვის საგანია

ჩაგოსის კუნძულები [ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგი] აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განხილვის საგანია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის „არასდროს წავა კომპრომისზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“ მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მიერ ჩაგოსის კუნძულების მავრიკისთვის გადაცემისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის იჯარით დაბრუნების შესახებ შეთანხმებას „დიდი სისულელის აქტი“ უწოდა და ის გრენლანდიის შესყიდვის საკუთარ მცდელობას დაუკავშირა. ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დანიისთვის გრენლანდიის წართმევა. დიდმა ბრიტანეთმა მაისში მოაწერა ხელი 3.4 მილიარდი ფუნტის (4.6 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ის შეინარჩუნებდა კონტროლს არქიპელაგის ყველაზე დიდ კულძულ დიეგო გარსიაზე, სადაც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა ფუნქციონირებს. „ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან დიეგო-გარსიაზე მდებარე ბაზა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენი პოზიცია შეასუსტა და მომავალში ბაზის ფუნქციონირებას ხელი შეუშლიდა,“ – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში. ჩაგოსის კუნძულები მავრიკს 1965 წელს გამოეყო, როდესაც მავრიკი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთმა კუნძულები 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, თუმცა მავრიკი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შეთანხმების ფარგლებში, უკანონოდ აიძულეს ტერიტორიის გადაცემა. გასული წლის მაისში მიღწეული შეთანხმების თანახმად, დიდი ბრიტანეთი კუნძულების სუვერენიტეტს მავრიკის გადასცემდა, დიეგო გარსიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე კონტროლს კი, თავად შეინარჩუნებდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ანაცხადა, რომ ვაშინგტონი „მიესალმება“ შეთანხმებას. მანვე აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს „დიეგო გარსიაში აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ობიექტის გრძელვადიან, სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას“, რაც მან „რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ აქტივად“ შეაფასა. რუბიომ ასევე განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში პრემიერ-მინისტრ სტარმერთან შეხვედრის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მიღწევას.“ ცნობისთვის, 1980-იანი წლებიდან მავრიკი კუნძულებზე სუვერენიტეტს აცხადებს და თავის საქმეს საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების მეშვეობით აწარმოებდა. 2019 წელს, გაეროს მთავარმა სასამართლო ორგანომ, საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), არასავალდებულო გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მავრიკის დეკოლონიზაციის პროცესი კანონიერად არ დასრულებულა 1968 წელს დამოუკიდებლობის მინიჭებისას და რომ დიდი ბრიტანეთი „ვალდებული იყო, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა არქიპელაგის ადმინისტრირება.“ რიში სუნაკის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის დროს, 2022 წელს გამოცხადდა, რომ დიდი ბრიტანეთი და მავრიკი შეთანხმდნენ ჩაგოსის არქიპელაგზე სუვერენიტეტის განხორციელების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. დიდი ბრიტანეთი 99-წლიან საწყისი იჯარის ხელშეკრულებას ინარჩუნებს [გახანგრძლივების ვარიანტით]. ამ იჯარის საფასურს დიდი ბრიტანეთი დაფარავს. ხელშეკრულების საწყისი 99-წლიანი პერიოდის საშუალო წლიური ღირებულება,  2025-26 წლების ფასებით 101 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფინანსური პაკეტის მთლიანი პროგნოზირებული ღირებულება 3.4 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი პროგნოზით, ის შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს.  

მაკრონის თქმით, ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, “მიუღებელი ტარიფების დაგროვებით” და ქვეყნების “სუვერენიტეტის” წინააღმდეგ ზეწოლით ვაშინგტონი “ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას”. მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპას “ძალიან ძლიერი” ინსტრუმენტები აქვს სავაჭრო საკითხებში და ისინი უნდა “გამოიყენოს” თუ მას “პატივს არ სცემენ.” “სიგიჟე ის არის, რომ შეიძლება ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც იძულების საწინააღმდეგო მექანიზმს სულ პირველად გამოვიყენებთ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? ეს სიგიჟეა, ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ეს არასაჭირო აგრესიის შედეგია. მაგრამ ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ,” - განაცხადა მაკრონმა. ასევე, მან ისაუბრა რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე და თქვა, რომ „მსოფლიოსკენ მივდივართ, სადაც კანონი ის აღარ არის, რაც ვიცოდით. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომხრეა “კანონის უზენაესობის, ვიდრე სისასტიკის” და სხვებს მოუწოდა “პასიურად არ მიიღონ უძლიერესის კანონი.”  

მოლდოვა დსთ-დან გასვლის ეტაპზეა

მოლდოვა აგრძელებს საჭირო ფორმალობების დამუშავებას, რათა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი დსთ-დან გასვლა დაასრულოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპსოიმ განაცხადა. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. ის უკრაინასა და ევროკავშირის წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს. ქვეყანამ დსთ-ს ყველა აქტივობაში მონაწილეობა 2023 წლიდან შეწყვიტა. „მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დსთ-სთან სამი შეთანხმების დენონსაციის დადასტურების პროცესში ვართ,“ - განუცხადა პოპსოიმ რადიო მოლდოვას, გაიხსენა შეთანხმებები, რომლებიც 1991 წელს ორგანიზაციის დაარსების საფუძველი გახდა. „ამ სამი შეთანხმების დენონსაცია ნიშნავს, რომ იურიდიული თვალსაზრისით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვართ წევრები. დე ფაქტო, ჩვენ გარკვეული დროით შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა, მაგრამ დე იურე ჩვენ კვლავ იქ ვართ.“ ცნობისთვის, მაია სანდუ 2024 წელს ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. გასულ წელს, მისმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ კი, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა შეინარჩუნა. ამავე თემაზე წაიკითხეთ: მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა მოლდოვა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო