ძებნის რეზულტატი:

ზელენსკიმ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება კიევზე გამახვილდება, რომლის მოსახლეობაც რუსეთის თავდასხმების გამო, ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში, ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა გააძლიერებს ძალისხმევას უცხოელ პარტნიორებთან კრიტიკული ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად, ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდისა და დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ამასთანავე, გაამარტივებს საგანგებო მდგომარეობის დროს სარეზერვო ენერგეტიკული აღჭურვილობის ქსელთან დაკავშირების წესებს. რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაკეტებითა და დრონებით დაბომბა კიევი და მთლიანად ქვეყანა, რის გამოც, 13 იანვარს დედაქალაქის დაახლოებით 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. kyivindependent-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკოსები ზარალს აღადგენენ, ყინვა ართულებს პროცესს და სათადარიგო აღჭურვილობაც იწურება.  

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც აჩერებს

საქართველოში ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს „საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.“ საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ცნობას ციტირებს. „პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი. გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელორუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი. საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებსაც აქვეყნებს. კერძოდ: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა. არსებობს თუ არა გამონაკლისები? ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება. ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე? არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS). ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე? არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია. აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, რუსეთისთვის და ირანისთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს - Fox News  

განხილვის საგანია, „ვინ აფერხებს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთი, არამედ, უკრაინა აფერხებს. Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინაში შეჭრა დაასრულოს. მისი თქმით, ზელენსკი უფრო მეტად იკავებს თავს. „ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის გადაჭრა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების გზით, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი“. კითხვაზე, თუ რატომ თვლის, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალები არ დააკონკრეტა და აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა.“  განახლება: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება. „რუსული რაკეტები, რუსული „შაჰედები“, რუსეთის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება შეთანხმებები. როდესაც რუსეთის გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ ელექტროენერგია და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ჩვენი ხალხის გატეხვას, სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავააქტიურებთ ჩვენს დიპლომატიურ სამუშაოებს – როგორც საჯაროს, ასევე, ოფიციალურს, კერძოსა და არაოფიციალურს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.  

სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლებას ზღუდავდა

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას კონგრესის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა. სენატში კენჭისყრის შემდეგ ხმები 50-50-ზე გაიყო, რის გამოც, რეზოლუციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა. სენატის უმცირესობის ლიდერმა „დემოკრატმა“ ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ „კენჭისყრა სიტუაციას უფრო სახიფათოს ხდის.“ „დემოკრატებთან“ ერთად რეზოლუციას მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზან კოლინსმა დაუჭირეს.  

ირანელი მინისტრის თქმით, მომიტინგეების სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად. Fox News-თან ინტერვიუს დროს, არაღჩის მიმართა ჟურნალისტმა, რომ შეფასებების თანახმად, მის ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 2500-დან 12000-მდე მერყეობდეს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი. „როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ,“ - აღნიშნა არაღჩიმ. მისი თქმით, ამ „თაღლითმა, ტერორისტების მსგავსმა აქტორებმა“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმრთულებით სროლა ერთი მიზნით დაიწყეს: შეერთებული შტატების კონფლიქტში ჩათრევის მიზნით. „მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით,“ - აღნიშნა არაღჩიმ. ირანელი მაღალჩინოსნის მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა. „ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს,“ - აღნიშნა არაღჩიმ. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზებიდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს. მანამდე, ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თეირანმა მეზობლები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის დარტყმის შემთხვევაში, ამერიკულ ბაზებს დაარტყამდა. CBS News-ის ცნობით, აშშ კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე პერსონალის რაოდენობას ამცირებს, რასაც ოფიციალურმა პირებმა „პრევენციული ზომა“ უწოდეს. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება. ირანის ადამიანის უფლებათა ასოციაცია „გმობს მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენებას და გამოდის გაფრთხილებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიყენება მკვლელობების დასამალად, ინფორმაციის ჩასახშობად და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისგების თავიდან ასაცილებლად.“   დონალ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა 13 იანვარს ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ პროტესტი. მანვე აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ სამ იანვარს პირველად ისაუბრა ქვეყანაში დაწყებულ, მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე და განაცხადა, რომ "არეულობათა მონაწილეების" მიმართ მკაცრი ზომები უნდა იყოს გამოყენებული. 3 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში მან ირანის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, საფუძვლიანი უწოდა ეროვნული ფულის ერთეულის ვარდნის ფოზე არსებულ შეშფოთებას, თუმცა ხამენეიმ აღნიშნა, რომ უკმაყოფილება არ უნდა იყოს გამოყენებული საიმისოდ, რომ გაჩაღდეს "პოლიტიკური პროტესტი", ირანის მიმართ მტრულად განწყობილი საგარეო ძალების ინტერესების პასუხად. ირანში დემონსტრაციები 28 დეკემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანული რიალი მკვეთრად გაუფასურდა და ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

Reuters: ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს საკითხს, რომ რეზა ფაჰლევი ირანში მხარდაჭერას მოიპოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი ოპოზიციური ფიგურა, ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი „ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს“, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ირანში მხარდაჭერის მოპოვებას საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად. „ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და, რა თქმა უნდა, თუ მიიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თეირანში საპროტესტო აქციების გამო, მთავრობის დაცემა შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში „ნებისმიერი რეჟიმი შეიძლება, დაეცეს.“ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საინტერესო პერიოდი იქნება მიუხედავად იმისა, დაეცემა თუ არა არსებული ხელისუფლება.  

დიდმა ბრიტანეთმა ირანში საელჩო დროებით დახურა

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ირანში საელჩო დროებით დახურა. ბრიტანეთის მთავრობამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ირანში დაკავების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ არიან. “პოლიტიკოს” ინფორმაციით, ირანიდან ევაკუირებულია გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს ყველა თანამშრომელი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის საელჩო თეირანში დროებით დაიკეტა და დისტანციურად იმუშავებს. ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა “პოლიტიკოს” განუცხადა, რომ საელჩოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიღებულია ვითარების შეფასებისა და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების პრიორიტიზაციის საფუძველზე. უფრო ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს. ეს არის აშშ-ის უმსხვილესი ბაზა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ჩვეულებრივ 10 ათასი სამხედრო იმყოფება. „ირანმა საჭიროა, გაიგოს, რომ მთელი მსოფლიო ადევნებს მათ თვალს და ეს ძალადობა უნდა დაასრულონ,” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა და აღნიშნა, რომ ირანზე სამხედრო დარტყმებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებდა სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას. თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-სთვის ბრიტანული რესურსების, მათ შორის - დარტყმების განსახორციელებლად საჰაერო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის მიცემა.  

ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ირანის მმართველებს ათეულობით მილიონი დოლარი გააქვთ ქვეყნიდან

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ათეულობით მილიონი დოლარი ქვეყნიდან გააქვთ. ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ირანის რეჟიმის წარმომადგენლებმა გატანილი ფული ვერ შეინარჩუნონ. „როგორც ხაზინა, რომელიც სანქციებს ახორციელებს, ჩვენ ვხედავთ, როგორ გარბიან ვირთხები გემიდან. ვხედავთ, რომ ირანის მმართველებს მილიონობით, ათეულობით მილიონი დოლარი ქვეყნიდან გააქვთ. ისინი გემს ტოვებენ და ჩვენ ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბაკნებითა და საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით ვხედავთ. ჩვენ ამ აქტივებს ვაკვირდებით, ისინი მათ შენარჩუნებას ვერ შეძლებენ,“ – აღნიშნა ბესენტმა ინტერვიუში. „ჩვენ ვახორციელებთ მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას ირანის ნავთობის ექსპორტზე, რათა შევწყვიტოთ რეჟიმის დაფინანსების წყაროები. და რაც ბოლო თვეში ვნახეთ, ეს რეჟიმის სრული ფინანსური კოლაფსია,“ - ამბობს ბესენტი.  

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ. ქართველმა წლალბურთელებმა მეტოქე 22:11 დაამარცხეს.  საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.   

ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა

BBC-ის ცნობით, გრენდლანდიის დედაქალაქ ნუუკში მცირე ფრანგული კონტინგენტი ჩავიდა. დაგეგმილ სადაზვერვო მისიაში ასევე მონაწილეობენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, თავდაპირველი კონტინგენტი მალე გაძლიერდება „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებით.“ ასია ასეთია: საფრანგეთი — 15 პერსონალი;  გერმანია — 13; ნორვეგია — 2; შვედეთი — 3; გაერთიანებული სამეფო — 1; ფინეთი — 2 პერსონალი; ნიდერლანდები — 1; გრენლანდიაში, დანიის მიერ ინიცირებულ ოპერაციაში Arctic Endurance, NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების მიერ გაგზავნილი კონტინგენტი მხოლოდ რამდენიმე ათეული პერსონალისგან შედგება. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რამდენ ხანს გაჩერდება კონტიგენტი ადგილზე.  „თუმცა ცხადია, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ 2026 წლის განმავლობაში უფრო დიდი და მუდმივი ყოფნის დაგეგმვას და ეს უმნიშვნელოვანესია იმის საჩვენებლად, რომ არქტიკაში უსაფრთხოება არახოლოდ დანიის სამეფოსთვისაა [მნიშვნელოვანი] არამედ, მთელი NATO-სთვისაც,“ - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროულს პოულსენმა. დანიისა და გრენლანდიის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონში, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ კვლავ აქვთ „ფუნდამენტური უთანხმოება“ გრენლანდიასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გააძლიერა თავისი მცდელობა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ოვალურ კაბინეტში მან ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება.“ მიუხედავად იმისა, რომ მან არ გამორიცხა ძალის გამოყენება, ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მისი აზრით, დანიასთან რაღაცის მოგვარება შესაძლებელია. ტრამპის თქმით, NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება  

აშშ ირანში პროტესტის „სასტიკ ჩახშობაზე“ პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს

აშშ ირანში პროტესტების ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. დასანქცირებულთა შორის არის ალი ლარიჯანი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ის ერთ-ერთი პირველი ირანელი ლიდერი იყო, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა. „აშშ მტკიცედ უდგას გვერდში ირანელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნაში. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, სახაზინო დეპარტამენტი ირანის საკვანძო ლიდერებს ასანქცირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანელი ხალხის სასტიკ დარბევაში. სახაზინო დეპარტამენტი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა მიზანში ამოიღოს ისინი, ვინც ადამიანის უფლებების ტირანული რეპრესიის უკან დგას,“ - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.  ასევე დასანქცირებულია 18 პირი და კომპანია, ვინც ჩართულნი არიან საზღვარგარეთ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლის გათეთრებაში. ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბრიუსელი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს. ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ირანის მმართველებს ათეულობით მილიონი დოლარი გააქვთ ქვეყნიდან  

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია მაჩადომ მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია ტრამპს გადასცა

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის მან ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია,“ - აცხადებს ტრამპი. ცნობისთვის, ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა. ლანჩი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პირველი პირისპირ შეხვედრა იყო ამ ორ ფიგურას შორის. შემდეგ მაჩადომ შეხვედრები გამართა ათზე მეტ სენატორთან - როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე, დემოკრატებთან.  მაჩადოს ვიზიტის მსვლელობისას თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ელოდა მაჩადოსთან შეხვედრას, თუმცა კვლავაც ინარჩუნებდა თავის "რეალისტურ" შეხედულებას - ამ ეტაპზე მაჩადოს არ აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი მხარდაჭერა. მაჩადოს თქმით, საჩუქარი „ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის „ძმობის ნიშანია.“ მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მაჩადომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს ესპანურად მიმართა: „შეგვიძლია პრეზიდენტ ტრამპზე დაყრდნობა.“ მაჩადოს არ დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა საჩუქარი დონალდ ტრამპმა. Reuters წერს, რომ მაჩადოს ჟესტი ნაწილია მისი ძალისხმევისა, გავლენა მოიპოვოს თავისი ქვეყნის სამომავლო კურსზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ხშირად საუბრობს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე, უკმაყოფილება გამოთქვა, როდესაც გასულ წელს პრემია მას არ გადასცეს.  ოფიციალურად, ჯილდო მაინც მაჩადოს დარჩება - ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება პრემიის შემდგომი გადაცემა, გაყოფა ან ჩამორთმევა. ცნობისთვის, ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მაჩადოს მონაწილეობა აუკრძალა უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც მადუროს მოკავშირეებით იყო დაკომპლექტებული. გარე დამკვირვებლებში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა ედმუნდო გონსალესმა - მას მაჩადოც უჭერდა მხარს, თუმცა მადურომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ძალაუფლება შეინარჩუნა.  კარაკასში აშშ-ის ძალების მიერ მადუროს დაკავების შემდეგ, ტრამპმა უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა მაჩადოსთვის, როგორც ვენესუელის ახალი ლიდერისთვის. ტრამპი: მე მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია ტრამპი: კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს  

კანადა და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ

კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარკ კარნიმ და სი ძინპინმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, კანადა 49 000 ჩინურ ელექტრომობილს თავის ბაზარზე დაუშვებს, ხოლო სანაცვლოდ, ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს. „ეს არის ურთიერთობა, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში შორეული და გაურკვეველი იყო“, - აღნიშნა კარნიმ. კითხვას, ჩინეთი კანადისთვის უფრო საიმედო პარტნიორია თუ არა, კარნიმ უპასუხა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა. „აშშ-სთან ურთიერთობები უფრო მრავალმხრივი, ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. ეს გასაკვირი არ არის. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა და ამის შედეგებს თქვენც ხედავთ,“ - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მარკ კარნის ვიზიტი ოტავასა და პეკინს შორის თითქმის ათწლეულის განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს მოჰყვა. კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2018 წელს დაიძაბა, მას შემდეგ რაც ოტავაში Huawei-ს მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრეს.   

აზერბაიჯანმა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „სოკარმა“ გერმანიასა და ავსტრიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო, განაცხადა კომპანიამ პარასკევს, რაც მის მიერ მომარაგებული ევროპული ბაზრების რაოდენობის გაზრდის პარალელურად ხდება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტა სცადა. კომპანიის განცხადებით,  სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გაზის მიწოდება სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით დაიწყო და ტრანსპორტირებული გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვით, აზერბაიჯანი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ივნისში კომპანიამ გერმანულ SEFE-სთან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც ყოველწლიურად 1.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას გულისხმობს. „მიწოდებები, რომლებიც იტალიის გავლით, ავსტრიასა და გერმანიაში ხორციელდება, კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიულ მასშტაბს ევროპაში. ამ ახალი ბაზრებით, აზერბაიჯანული გაზის იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა,“ - ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. TAP-მა წელს თავისი გამტარუნარიანობა კიდევ 1.2 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდა. SOCAR-ის წყაროს ცნობით, ავსტრიას წელიწადში 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიეწოდება. ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იყო, თუმცა შესაძლებელია მისი გაზრდა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის. დღემდე TAP-მა ევროპას 54.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. 2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა. ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აქედან 12.8 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას მიეწოდა, 9.6 მილიარდი კუბური მეტრი – თურქეთს (მათ შორის, 5.6 მილიარდი TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მილიარდი კუბური მეტრი – საქართველოს და 0.5 მილიარდი კუბური მეტრი – სირიას.  

ამერიკამ საქართველოს $234 150-ის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო და კავშირგაბმულობისთვის საჭირო აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც ქართველ მაშველებს, გადაუდებელ სიტუაციებში, სწრაფ და ეფექტიან რეაგირებაში დაეხმარება. აღნიშნული დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც მრავალი წელია, მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს საგანგებო სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემით, ასევე, პრაქტიკული სწავლებით და გამოცდილების გაზიარებით,“ - ნათქვამია თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  შინაგან საქმეთა მინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი - მაიორი ალეკ ჰარისონი. „ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას. დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას,“ - იუწყება შსს.  ალან პერსელის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება სამ ათწლეულზე მეტია, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.  „ეს ასახავს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებების დროს სიცოცხლის გადარჩენისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიმართულებით,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ დახმარება ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული მექანიზმის გაძლიერებას და დეცენტრალიზებას.  

სომხეთს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა ცალსახად და აუცილებლად სურს - ფაშინიანი

სომხეთის მთავრობას ცალსახად სურს, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 იანვარს, ერევანში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, „საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების სომხური ინსტიტუტის“ კონფერენციაზე პანელური დისკუსიისას განაცხადა. „გვინდა თუ არა, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ვიყოთ? დიახ, ცალსახად. როგორ წარმოგვიდგენია ეს? ჩვენ საკუთარი თავის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი და წინა პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, რომ არცერთი ქვეყანა არ მიიღება ევროკავშირის წევრად გეოპოლიტიკური ან სხვა მიზანშეწონილობის გამო. ამისათვის არსებობს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წინაპირობა: ქვეყანამ ობიექტურად უნდა დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები, სულ მცირე 97, 98, 99 პროცენტით. ჩვენი სტრატეგია ასეთია: ჩვენ ძალიან მტკიცედ და ნათლად უნდა მივყვეთ სომხეთის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ქვეყნად გადაქცევის გზას,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, როდესაც ეს მოხდება, დადგება პოლიტიკური გადაწყვეტილების მომენტი. „როდესაც სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ, ორი ვარიანტი გვაქვს: ან მიგვიღებენ ევროკავშირის წევრად, ან არ მიგვიღებენ,“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი ორივე შემთხვევაში იმარჯვებს: ერთ შემთხვევაში ის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ხდება, მეორე შემთხვევაში კი, არა, სამაგიეროდ, ის იქნება თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. „შემდეგი ნიუანსი ის არის, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთდროულად არ შეგვიძლია, ვიყოთ ევროკავშირის წევრიც და ევრაზიული კავშირის წევრიც. თუმცა ახლა სხვა რეალობა იკვეთება, რომ მიუხედავად ამისა, არსებობს სივრცე როგორც ამ გზით წასასვლელად, ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობისთვის. ჩვენ დღეს ამ სივრცეში ვართ. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ამ გზით მივდივართ. ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეუთავსებლობა არ არსებობს. „ამიტომ, ვიდრე თავსებადობა შესაძლებელია, ჩვენ გავაგრძელებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად დარჩენას. როდესაც თავსებადობა შეუძლებელი გახდება, ჩვენ გადაწყვეტილებას სომხეთის მოქალაქეებთან ერთად მივიღებთ, რაც გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვისგან,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ,  სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებების, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს. 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან არის დაკავშირებული ევროკომისარი მარტა კოსი სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირის ფორმატის შექმნის წინადადებით გამოვიდა  

ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა - მედია

ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა შეწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთი „კომერსანტზე“ დაყრდნობით წერს, რომელიც ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ პრიორიტეტი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, თუმცა შეთანხმებული პირობების მიხედვით, შესაძლოა, ჩინეთისთვის მიწოდება განახლდეს. სააგენტო წერს, რომ გაურკვეველია, მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ჩინეთი ხელმძღვანელობდა თუ რუსეთი. „ამჟამად მხარეები აქტიურად იკვლევენ ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს,“ - ნათქვამია INTERRAO-ს [რუსეთის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ჩინეთში] განცხადებაში. „ჩინურ მხარეს, რომელთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ, ასევე არ გამოუთქვამს რაიმე ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე,“ - აცხადებენ კომპანიაში. გაზეთმა „კომერსანტმა“ ელექტროენერგიის შეჩერება რუსეთში ელექტროენერგიის ფასების ზრდას დაუკავშირა. „ინტერრაო“ ჩინეთს ელექტროენერგიას, შორეულ აღმოსავლეთში სახელმწიფოთაშორისი გადამცემი ხაზების მეშვეობით, გრძელვადიანი კონტრაქტით ამარაგებს. 2012 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი ჩინეთისთვის, 25 წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 მილიარდი კილოვატ-საათის მიწოდებას ითვალისწინებს. 2023 წელს ჩინეთში ექსპორტი 3.1 მილიარდ კილოვატ-საათამდე შემცირდა. 2024 წელს კი, 0.9 მილიარდ კილოვატ-საათამდე კიდევ უფრო შემცირდა.  „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ექსპორტის განახლება შესაძლებელია, თუ ჩინეთი წარადგენს მოთხოვნას, რომელსაც თან ახლავს ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება.  ცნობისთვის, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2025 წელს 2024 წლის რეკორდულ დონესთან შედარებით შემცირდა, რაც ხუთი წლის განმავლობაში პირველი კლებაა.  

აშშ და ისრაელი ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ამერიკამ და ისრაელმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში. The Times of Israel-ის ცნობით, შეთანხმება აშშ-ის Pax Silica ინიციატივის ნაწილია, რომელიც მოიცავს ისრაელს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გაერთიანებულ სამეფოს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ავსტრალიას. Pax Silica სახელმწიფო დეპარტამენტის ფლაგმანური ძალისხმევაა ხელოვნური ინტელექტისა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ხელს უწყობს მოკავშირეებსა და სანდო პარტნიორებს შორის ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში ახალი კონსენსუსის მიღწევას. დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელი ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობას იწყებენ. აშშ-ის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს პარტნიორობა ასევე მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებას ტექნოლოგიური უპირატესობის გზით.  

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა. მოლაპარაკებები შაბათს, 17 იანვარს, მაიამიში გაიმართება. კირილ ბუდანოვის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვთან და პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიასთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით, ამერიკელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგება. „ერთობლივი შეხვედრა სტივენ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და დენიელ დრისკოლთან არის დაგეგმილი. უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ჩვენ ამ შედეგის მისაღწევად ვმუშაობთ,“ - წერს ბუდანოვი X-ზე. მანამდე, ზელენსკიმ „იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრების მერე “მეტი სიცხადე იქნება, როგორც იმ დოკუმენტებთან მიმართებით, რომლებიც უკვე ფაქტობრივად მომზადებულია ამერიკულ მხარესთან, ასევე, რუსეთის პასუხთან მიმართებაში იმ დიპლომატიური სამუშაოსადმი, რომელიც ხდებოდა და ხდება.” ზელენსკის თქმით, თუ ყველაფერი ბოლომდე იქნება შემუშავებული, შეთანხმების ხელმოწერა შემდეგ კვირას, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეა შესაძლებელი. განხილვის საგანია, „ვინ აფერხებს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას“  

CIA-ს დირექტორი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

New York Post-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს შეხვდა. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რეტკლიფმა როდრიგესს გზავნილი გადასცა, რომ „აშშ სამუშაო ურთიერთობების გაუმჯობესებას მოუთმენლად ელის.“ „შეხვედრის დროს დირექტორმა რეტკლიფმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა და ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ ვენესუელა ნარკოტრეფიკერებისთვის თავშესაფარი აღარ იყოს“, - განუცხადა New York Post-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.