ძებნის რეზულტატი:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთის მხრიდან როგორიც არ უნდა იყოს მუქარა და ზეწოლა, საქართველო უკან არ დაიხევს

ბრჭყალებში „ტრადიციულად“ ამ რაუნდზეც გაიჟღერა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხმა, რაზეც ცალსახაა პასუხი – საქართველოსთვის მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობა არის ერთმანეთისგან განუყოფელი საკითხები და ის წითელი ხაზები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა. როგორც დარსალიამ აღნიშნა, საქართველო ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, რადგან ეს ქართული საზოგადოების შეუქცევადი არჩევანია. „როგორიც არ უნდა იყოს მუქარა და ზეწოლა საქართველოზე, ეს არის ის წითელი ხაზები, რომლისგანაც საქართველო გადახვევას არ აპირებს. დღესაც ასე ვუპასუხეთ. დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს ამ არჩევანით და მათ ამაზე პასუხი დიდი ხანია, იციან. პასუხი არის ცალსახა, ეს არის შეუქცევადი არჩევანი, არჩევანი ქართული საზოგადოების და წითელი ხაზები, რომელზეც საქართველო უკან არ დაიხევს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. შეგასენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი იმართება. წყარო: პირველი არხი

"თავისუფლება ნიკა მელიას" - სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს", - სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ნიკა მელია შეძახილებით გაამხნევეს და სკანდირებდნენ:"თავისუფლება ნიკა მელიას", "თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს". აქტივისტებმა, აქციის მიმდინარეობისას საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. აქციის მონაწილეებმა დღეს კომენდანტის საათს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ისინი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ და ავტოკოლონების მსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან წავიდნენ.

საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ცნიბით, 26 მარტს გამართული განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა. "მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების ხელყოფაში. ქართველმა მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დეტალებზე, სადაც ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება. მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების უმძიმეს მდგომარეობაზე. აღინიშნა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგები და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა დასვეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა. ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე. აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებაზე. აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობაზე, რაც ამავდროულად 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ვრცელი საუბარი შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) რეგულარულად და გამართულად ფუნქციონირების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას. აქტიური დისკუსია გაიმართა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით. ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხს და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსება. აქტიური აზრთა გაცვლა გაიმართა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მაიკლ მაკფოლი: დღეს ორივე ჯორჯიაში, როგორც ქვეყანაში, ისე აშშ-ის შტატში დემოკრატიის უკუსვლაა

დღეს "ორივე ჯორჯიაში", როგორც ქვეყანაში, ისე აშშ-ის შტატში დემოკრატიის უკუსვლაა. ამის შესახებ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლიმ Twitter-ზე დაწერა. "დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა, ორივე ჯორჯიაში (სახელმწიფოშიც და შტატშიც). ბაიდენის დღის წესრიგი დემოკრატიული განახლებისთვის, შინ და გარეთ, სულ უფრო რთული ხდება", - წერს მაკფოლი.

ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში ივლისის შემდეგ იქნება

"ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავის 2-ის" ეთერში განაცხადა. "ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არის ყველა ინდიკატორის გაუარესების ტენდენცია და ეს, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო, როდესაც შეზღუდვების დიდი შემსუბუქებები განხორციელდა ქვეყანაში, მაგრამ მესამე ტალღის პრევენციისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა, დისტანციის მაჩვენებლის გაზრდა, მეტი სანიტარიზაცია, ანუ ჰიგიენა და რაც მთავარია, პრევენცია დიდი შეკრებების. რა თქმა უნდა, ვაქცინაციასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ობიექტურები, რომ მარტში, აპრილსა და მაისში იმდენ რაოდენობას ადამიანების ვერ ავცრით, იმიტომ, რომ ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მესამე ტალღა აგვარიდოს,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 490 ადამიანს დაუდასტურდა. 219 გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 279 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 271 804, გარდაიცვალა 3746 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.77%. ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან 256 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 36, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 360. საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 178, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი: 313. მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 71, მათგან თბილისში - 49, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 579 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 15. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 845 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 353 პირი, აჭარაში - 878, იმერეთში - 956.

განათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, „კოვიდ-19“-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება. „მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლების წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელს ყოველკვირეულად იკვლევს. სამინისტროს მიზანია, საზოგადოებას და, პირველ რიგში, მოსწავლეთა მშობლებს, უტყუარი მონაცემი ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარება სკოლებში კოვიდსტატისტიკის კუთხით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია, რაც სკოლებში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას უტყუარად ადასტურებს“, - აცხადებს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე. განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა. „ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. .

რუსეთის საგარეო უწყება: ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობა

"რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ანტირუსული რიტორიკისა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლაციის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა", - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა მოითხოვეს, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. "25-26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი, ამიერკავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. ი. რუდენკო. ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ რეგულარული პირდაპირი დიალოგის უზრუნველყოფის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. მხარეებმა გაცვალეს აზრები დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა მოუწოდეს ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანის - სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ძალისხმევის მიმართებისკენ. ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა შეუძლებელია თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია მათ შორის ამიერკავკასიაში აშშ-ისა დაNATO-ს გაზრდილი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობით, მათ შორის ალიანსში საქართველოს იძულებითი წესით გაწევრიანების გეგმით", - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის კიდევ უფრო შემცირებას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე. "ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა შეფასებით, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრებზე კონტროლირებადია. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის შემდგომ შემცირებას ხელს შეუწყობდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მალე დაწყება. რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ანტირუსული რიტორიკისა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლაციის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა. ქართული მხარის მიერ არჩეული ტაქტიკა არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვანი მუშაობის კუთხით. კერძოდ, საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ამ დროს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ აქვთ შესაძლებლობა, ნიუ-იორკში ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მედია: სუეცის არხში წარმოქმნილი საცობის გამო საათში $400 მილიონის ღირებულების ტვირთი ფერხდება

სუეცის არხი გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% -ს ამუშავებს, რაც მას მნიშვნელოვან წერტილად აქცევს. Lloyd’s List- ის თანახმად, ბლოკირების ყოველი დღე 9 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს აფერხებს, რაც საათში დაახლოებით 400 მილიონ დოლარს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო მონაცემებსა და კომპანია Lloyd-ზე დაყრდნობით Cnbc ავრცელებს. Lloyd-ის შეფასებით, სუეცის არხის გავლით, დასავლეთის მიმართულებით დღეში $5.1 მილიარდის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, აღმოსავლეთისკენ კი – $4.5 მილიარდის ღირებულების. შესაბამისად, არხის ჩაკეტვა სერიოზულ პრობლემებს ქმნის მიწოდების ქსელისთვის. ცნობისთვის, სუეცის არხში 400 მეტრის სიგრძისა და 59 მეტრის სიგანის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი რამდენიმე დღის წინ გაიჭედა. 224,000-ტონიანი ხომალდი სახელწოდებით Ever Given-ი როტერდამის პორტისკენ გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი შტორმის გამო კონტროლი დაკარგა, არხში გვერდულად გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა მთლიანად დაბლოკა.

თუ უცხოეთის ჯარები დათქმულ დროს ავღანეთს არ დატოვებენ, თალიბანი ჯარებზე თავდასხმით იმუქრება

თალიბანი იმუქრება, რომ ავღანეთში უცხოელი ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს განაახლებენ, თუ ისინი არ შეასრულებენ პირობას და 1 მაისს არ გავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 1 მაისის, ვადის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თალიბები "იძულებულნი იქნებიან… განაგრძონ ჯიჰადი და შეიარაღებული ბრძოლა უცხოური ძალების წინააღმდეგ თავისი ქვეყნის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია ჯგუფის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში. თალიბებმა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ძნელი იქნება 1 მაისისთვის 2500 ამერიკელი სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან. თალიბებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმების ერთგულები არიან, რომელსაც უწოდეს კონფლიქტის დასრულების "ყველაზე გონივრული და უმოკლესი გზა".

თენგიზ ცერცვაძე: იმისთვის რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-65% ავცრათ, დღეში 3000 ადამიანი უნდა აიცრას, ამჟამად კი სულ 4300 გვყავს აცრილი

"იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში 3000 ადამიანი უნდა აიცრას, ამჟამად კი სულ 4300 ადამიანი გვყავს აცრილი", - ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. „დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე და გვაქვს ორი პერსპექტივა. პირველი - ვაქტიურობთ ვაქცინაციის მხრივ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სტაბილური და კარგი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, თავიდან ძალიან დაბალი აქტივობა იყო. ამჟამად სულ აცრილი გვყავს 4300 ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი. 15 მარტს დავიწყეთ ვაქცინაცია და მხოლოდ 4300 ადამიანია აცრილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. საბედნიეროდ, დღეის მონაცემებით, ამ 4 300 ადამიანის გარდა დარეგისტრირებულია კიდევ 11 000-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

არასამთარობო ორგანიზაციები პოლიტიკოსებს წერილით მიმართავენ და კრიზისის გადაჭრის გეგმას სთავაზობენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს წერილით მიმართავენ და პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის ხედვასა და 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს ეყრდნობა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება და მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. "ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო თვეებში ქვეყანაში თქვენი მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველასთვის ნათელია, რომ კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. მათ სურთ, იხილონ ქვეყნის განვითარებაზე მომუშავე პარტიები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ქმედებებს იღებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან... ეს ნულოვანი ჯამის თამაშია და ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე მუშაობის დასაწყებად კი ახლა საუკეთესო დროა. გვსურს შემოგთავაზოთ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ჩვენეული ხედვა, რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6 პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს. ჩვენ, ღრმად გვწამს, რომ ეს შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას: 1. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა; 2. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭიროუნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავისმხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა დაოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა); 3. ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში; 4. უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს; 5. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიცმათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა; 6. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში. ეს ნაბიჯები უნდა გახდეს საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებების ხორცშესხმის აუცილებელი წინაპირობა და ისინი უნდა გადაიდგას 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე. გვჯერა, რომ ხელისუფლების განაწილება, მმართველობის დაბალანსებული სისტემა და დემოკრატიული რეფორმები არის ყველაფრის საპირწონე და ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთადერთი გზა. ამ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი, ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, პირველადი, თუმცა მყარი საფუძველი, შევქმნათ დემოკრატიული, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა დათანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მზად ვართ, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამპროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისკუთხით. ამგვარად, მხარეებს მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა დაზემო აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებთ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. მიმართვის ავტორები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ლიბერალური აკადემია თბილისი.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ამ დროისთვის  ბავშვების ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში ბავშვების ვაქცინაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში ბავშვების აცრა არ არის რეკომენდებული, რადგან კვლევები არ არის დასრულებული. „ვაქცინაციისთვის მაქსიმალური ასაკი არ არსებობს, მინიმალური კი არსებობს. არც საქართველოში და არც მსოფლიოში ბავშვები არ იცრებიან, იმიტომ რომ ჯერ არ არის დასრულებული საფუძვლიანი კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ვაქცინის უსაფრთხოებას ბავშვებისთვის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ლადო კახაძის განმარტებით, ორსულებისთვის ვაქცინა სარგებლის მომტანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და რადიოლოგმა ლადო კახაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ ორსულებისთვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრას უკუჩვენება არ აქვს. უფრო მეტიც, აცრა საარგებლის მომტანი იქნება. მიუხედავად ამისა, კახაძემ აღნიშნა, რომ გართულება, შესაძლოა, ნებისმიერმა მედიკამენტმა, ან თუნდაც - საკვებმა ნივთიერებამ გამოიწვიოს. "ორსულობა - ეს არის სასწაული მდგომარეობა, როდესაც მთელი ენერგია, მთელი იმუნური სისტემა ირაზმება ახლად მოსავლენი სიცოცხლის პასუხსაგებ მდგომარეობაში ჩასაყენებლად, ანუ მის დამცველად და რასაკვირველია, თუ ამას წაეხმარება, ამ იმუნურ სისტემას ვაქცინა, თორემ ზიანს არ მოუტანს ნამდვილად აცრა არც ერთ შემთხვევაში. ეს არის დამატებითი კომპონენტი მუცლად მყოფი ნაყოფის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად დედასთან ერთად.... ეს სარგებლის მომტანია ყველა შემთხვევაში. აცრას უკუჩვენება არ აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ გაიგოს ისე, თითქოს გართულება არ შეიძლება მოჰყვეს, როგორ არ შეიძლება მოჰყვეს, ვიცი რომ ეს კითხვა დადგება. ყველა წამალს, ნებისმიერ ქიმიურ ელემენტს, ნებისმიერ საკვებს აქვს პირდაპირი კეთილი მოქმედება და აქვს გვერდითი მოქმედება. არა მარტო გვერდითი მოქმედება, მას აქვს გართულება, ასევე უკუჩვენება," - განაცხადა ლადო კახაძემ.

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

"ქართული ოცნების" ოფისთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქციას მართავენ. ისინი ქვეყანაში შემნილ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან მიიტანეს ბერა ივანიშვილის სურათი და ბანერი "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით, რომელზეც წერია "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, თუმცა დადგინდა ვესტიბულოპათია

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ კარდეოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძეს აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია, რაც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. „ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად, მისი რეჟიმი არის თავისუფალი, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებასა და კველევების ჩატარებას. პრაქტიკულად, კვლევები ჩატარებულია და ველით მათ შედეგებს. ამის შემდეგ, ბატონი კახი სრულფასოვნად დაუბრუნდება შრომას", - განაცხადა ზურაბ ფაღავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმი-ქობულეთის შემოვლილ გზაზე, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი კლიმატზე სასაუბროდ მიიწვია

ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი კლიმატზე სასაუბროდ სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორ დღიანი სამიტში, რომელიც 22 აპრილს უნდა დაიწყოს, 40-ზე მეტი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ლიდერები შეხვედრაზე ადამიანის ქმედებებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ. ბაიდენის განცხადებით, პუტინი და სი ძინპინი სამიტზე მოწვევის შესახებ ინფორმირებულები არიან თუმცა, მას ჯერჯერობით პირადად არც ერთ მათგანთან არ უსაუბრია.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება, - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო ახალი მდივნის თანამდებობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია, - განაცხადა მდინარაძემ.

ვაშლიჯვრის მოსახლეობა თბილისის მერიას  მშენებლობებზე მორატორიუმის მოთხოვნით მიმართავს

საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია შეიტანა, რომელსაც ხელს 5 000-მდე ადამიანი აწერს. ვაშლიჯვრის მოსახლეობა ითხოვს, დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები. ამასთანავე, მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია. ნიქალაქეები მოითხოვენ მშეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს და შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი. ამასთანავე, 28 მარტს, ვაშლიჯვრის მცხოვრებლები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ სახელწოდებით „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი“.