ძებნის რეზულტატი:

ოპოზიცია: მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში  მზად ვართ, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში

"გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში", - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა აჩვენეს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა. "საქართველოს დემოკრატიულ, ოპოზიციურ პარტიებს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, მის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დენიელსონს, ასევე საქართველოს მეგობრებს ევროკავშირსა და აშშ-ში, იმ მონდომების, მცდელობისა და მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რაც მათ გამოთქვეს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ჩვენ გააზრებული გვაქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო მეგობრების სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას და დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი. ამავე დროს, ჩვენ ვერ მოვიტყუებთ თავს და შეთანხმების ფორმალურად მიღწევის საბაბით, გადაუჭრელს ვერ დავტოვებთ საკვანძო საკითხებს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს რეჟიმის ავტორიტარულ ინსტინქტებს. დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა ვაჩვენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა. პრეზიდენტ მიშელის საქართველოდან წასვლის მეორე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ უარყო ის მზაობა, რაც წინა დღეს პრეზიდენტ მიშელის თანდასწრებით გამოხატა. მან თქვა, რომ არც კი განიხილავს ახალ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას, ასევე უარყო პოლიტიკური კრიზისის არსებობა საქართველოში. სწორედ ღარიბაშვილის ამ რიტორიკის გაგრძელება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა მოლაპარაკებების პროცესში. მათ პრეზიდენტ მიშელის ექვსი პუნქტიდან არსებითი პროგრესის მიღწევა არცერთთან დაკავშირებით არ მიიჩნიეს დასაშვებად, ხოლო ორი საკითხის (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები) განხილვაზე პრაქტიკულად უარი თქვეს. ხელისუფლების ამ პოზიციის გამოძახილია ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატა საბანაძის გადადგომა, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა პრობლემის არსზე. გვსურს, კიდევ ერთხელ, მოკლედ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ მიშელის მიერ კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით. ახალი არჩევნების საკითხი – 8 მარტს დადებული შეთანხმების დარღვევამ, გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის კარუსელებმა, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა. არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებამ შტურმით აიღო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დააპატიმრა მისი ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის ფორმალურად გადადგომა პარტიის თავმჯდომარეობიდან და საჯარო პოლიტიკიდან მისი გაწევა. ასევე, მელიას ამგვარი ფორმით დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ივანიშვილი და გახარია რეალურადაც და ფორმალურადაც ის ცენტრალური ფიგურები იყვნენ, რომლებსაც მხარი დაუჭირა ქართული ოცნების ამომრჩეველმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ლოგიკური აუცილებლობა და ევროპული დემოკრატიული ტრადიციის შესაფერისი ნაბიჯია. ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ. ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს. ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით. ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი. პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები - პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა, ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და მათი დაკავება, შერჩევითი მართლმსაჯულება შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციასთან. ოპოზიციას აქაც მოქნილი პოზიცია აქვს. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს - ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა. საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა - არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მმართველი პარტიის სრულ დომინაციას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ. ოპოზიცია თანახმაა ნებისმიერ ქმედით მექანიზმზე, რომელიც შეცვლის არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციას და გამორიცხავს დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ოპოზიციის იგნორირებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცესში, ხოლო საარჩევნო წესები უნდა გამორიცხავდეს ან მაქსიმალურად ამცირებდეს ამომრჩევლების მოსყიდვის ან მათზე ზეწოლის შესაძლებლობას. ამისთვის ოპოზიციას შეთავაზებული აქვს როგორც ელექტრონული კენჭისყრის რეალისტური მექანიზმების შემოტანა, ასევე ამომრჩევლების იდენტიფიცირების და კენჭისყრის ფარულობის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ეს აუცილებელი ცვლილებები ამ ეტაპზე არაა ასახული პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში. სასამართლოს რეფორმა - ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა. იქამდე უნდა შეწყდეს ამ საბჭოს მიერ სასამართლოების დაკომპლექტება. აქაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ნებისმიერი რეფორმა უნდა მოიცავდეს დღევანდელი თუ მომავალი ოპოზიციის იგნორირების შეუძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებისას. ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში - საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებისა და ფუნქციების გადანაწილება ნებისმიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ გადაწონის სხვა საკითხებს. ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზოციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში. ხელმომწერ პარტიათა დიდ ნაწილს არჩევნებზე მარცხის აღიარების გამოცდილება გვაქვს. მიგვაჩნია, რომ იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების შედეგები საყოველთაო ნდობას იწვევს, საკვანძოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველაზე დიდი ზიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ნდობა საარჩევნო პროცესის, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმის მიმართ. ჩვენი ეს პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, შეიქმნას იმგვარი რეალობა, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს, ხოლო საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა დაკარგული არ აქვს. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი რეალობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის, რეგიონში დემოკრატიული პროცესების მთავარი მტრის ინტერესებშია". - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს: ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება ლელო ელენე ხოშტარია – დროა ევროპული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტია პროგრესი და თავისუფლება მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ირანმა და ჩინეთმა  25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

ირანმა და ჩინეთმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თეირანში მოაწერეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, აღნიშნა, რომ ირანისა და ჩინეთის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს ამჟამინდელი სიტუაცია და ის იქნება მუდმივი და სტრატეგიული. ”ირანი დამოუკიდებლად წყვეტს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან და არ ჰგავს ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც ერთი სატელეფონო ზარით შეცვლიან პოზიციას", - განაცხადა მან. ხელშეკრულების ყველა დეტალი ამ დრომდე გასაჯაროებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მოიცავს ჩინურ ინვესტიციებს ირანის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში.

თბილისში, 85 წლის ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 85 წლის ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ის განცხადებით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვლადიმერ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკი, რომელიც ზოგიერთ ანტიკორუფციულ რეფორმას ეწინააღმდეგოებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ”ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნული უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას, საფრთხეს უქმნიან უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ეროვნულ უსაფრთხოებას”, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ტუპიცკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დანიშნა.

მამუკა ჟღენტი ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე: ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გვინდა ქვეყნისთვის

„ანდრეი რუდენკოს განცხადება კრემლის ახალი პოზიცია არ არის და რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, როგორც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირისკენ სწრაფვის“, - ამ განცხადებით Europetime-თან საუბრისას, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი, კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და დაძაბულობას მოიტანს რეგიონში. საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ხშირად გვესმოდა საჯარო განცხადებები, რომ მათ არ აინტერესებთ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა და მხოლოდ NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრის დროს, რუსეთი ევროინტეგრაციის ორივე მიმართულების მიუღებლობას აფიქსირებს. „ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან რუსეთს არ შეუძლია პარტნიორობა და არ სურს მის სამეზობლოში სტაბილური, განვითარებული და დაცული სახელმწიფოები. მას სურს, მხოლოდ მისდამი მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნები. საბოლოო ჯამში კი ეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია რა გვინდა ჩვენ, როგორი მომავალი- რუსეთზე მიბმული “კრაი”, თუ დამოუკიდებელი და განვითარებული სახელმწიფო“, - აღნიშნავს დიპლომატი. _Europetime-ის კითხვაზე, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკაზე გადასვლა, როგორც ამას ექსპერტები აღნიშნავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავს მდგომარეობაში ხომ არ აყენებს საქართველოს, როდესაც აღნიშნული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს, რუსეთის წინააღმდეგობისა და ამ ქვეყნებში არსებული პრობლემების მიუხედავად? - მამუკა ჟღენტი პასუხობს, რომ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა, არათუ გაიზარდა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ამ პერსპექტივამ კიდევ უფრო შორს გადაიწია. „NATO-ში გაწევრიანება ბევრ ფაქტორთან არის კავშირში, როგორც საერთაშორისი პოლიტიკასთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. NATO ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და იმისათვის, რომ გავხდეთ მისი წევრები, გარდა სამხედრო კომპონენტისა, უნდა ვაკმაყოფილებდეთ ელემენტარულ დემოკრატიულ ტესტს, სახელმწიფოს შიგნით. როგორც ეს აშშ-ის სენატის ბოლო მოსმენისას გავიგეთ, ამ ტესტის დაკმაყოფილებისგან საკმაოდ შორს ვდგავართ. დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, არ დაეკისროს სანქციები, ან არ გაფართოვდეს ჩვენზე დახმარების ე.წ. პირობითობა. ამ ვითარებაში, NATO-ს პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადადის!“, - განუცხადა Europetime-ს მამუკა ჟღენტმა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. ჟენევაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომ საქართველო აპირებს, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და კვლავ მიისწაფის NATO-სკენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში. „ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები NATO-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ. როგორც ევროკავშირში ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, NATO-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში. მისივე თქმით, NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება გამოწვევების დასაძლევად. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ბლინკენმა და ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ასევე ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა.

ამირან გამყრელიძე: აპრილში, საქართველოში ჩინური Sinopharm-ის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა

აპრილში, საქართველოში ჩინური Sinopharm-ის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხს" განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები Pfizer-თან, Novavax-თან, Johnson & Johnson-თან და სხვა მწარმოებლებთან. „კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია Sinopharm-თან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში Sinopharm-ის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები Pfizer-თან, Novavax-თან , Johnson & Johnson-თან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ. წყარო: პირველი არხი

ირაკლი ღარიბაშვილი: პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს

"პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ თანამოქალაქეებს და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს ებრაელ ხალხთან მრავალსაუკუნოვანი გამორჩეული ძმობის ისტორიაზე და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. "პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს. ამ უძველესი ერისთვის ეს დღე არის თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში გამოვლენილი მათი სიმტკიცე და გამძლეობა თვალსაჩინო მაგალითია თავისუფლებისათვის მებრძოლი ერებისათვის და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ებრაელ ხალხთან ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით. ვუერთდები მათ სიხარულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

შესაძლოა, აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს

მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, შესაძლოა, გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხს" განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხზე მუშაობს და კონკრეტულ წინადადებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე წარადგენს. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წამახალისებელ ღონისძიებებზე სერიოზულად მუშაობს. ალბათ, ორშაბათს-სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გარკვეულ პაკეტს წარვუდგენთ. აცრას ვერავის დავაძალებთ, მაგრა, ე.წ. არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმი უკვე ბევრ ქვეყანაში შედის. მაგალითად, ზოგიერთი ავიაკომპანია არ ყიდის ბილეთებს, თუ ადამიანი აცრილი არ არის. ასევე ბევრმა ქვეყანამ შეიძლება დაბლოკოს ადამიანთა შესვლა, თუ არ ექნება ორჯერადად აცრის სერტიფიკატი. ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზე ვფიქრობთ, მაგალითად, უსაფრთხო საავადმყოფო, სადაც ყველა ადამიანი აცრილია. ეს ნიშნავს პაციენტი რომ მიდის, იქ ნაკლები შანსია ინფექციის შიდა გადადების. ვთქვათ, უსაფრთხო სამასპინძლო დაწესებულებები, რესტორნები. იქ მომსახურე პერსონალი თუ აცრილია, იმ რესტორანს შეიძლება, წამახალისებლად მიეცეს სერტიფიკატი, რომ იქ ყველა აცრილია. უსაფრთხო მოლები, პროდუქტების უსაფრთხო მაღაზიები, უსაფრთხო საკურორტო ცენტრები, ადგილები, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იქნება და ა.შ. იმაზეც ვფიქრობთ, რომ ბიზნესს დაველაპარაკოთ. ამ საკითხებზე მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და, ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენს რეკომენდაციებს წარვადგენთ და იქნებ, თვითონ ბიზნესიც გამოვიდეს წინადადებებით, როგორ შეიძლება მოტივირება გავუკეთოთ, რადგან რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი მეტად გაიხსნება“, - განაცხადა გამყრელიძემ. წყარო: პირველი არხი

ამირან გამყრელიძე: აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმატებს. აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს"

“საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა არ არის ცოტა, ანუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ვინც იმყოფებიან საავადმყოფოში ან ბინაზე, თანდათან იმატებს, რაც იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შემოვკრათ ე.წ. განგაშის ზარებს, რადგან უცბათ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში მესამე ტალღის რეალური რისკი არსებობს. „ხაზს ვუსვამ, მესამე ტალღის ალბათობა და რეალური რისკი არსებობს და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ამის შესახებ ინფორმაცია. აცრა ინფექციის ცირკულაციის შემცირებაზე სწრაფ ეფექტს არ მოგვცემს, ამიტომ სასურველი იქნება, დავიცვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43 პროცენტზეა ჩამოსული, 50 პროცენტის ქვემოთ უკვე საგანგაშოდ ითვლება. 90 პროცენტის ფარგლებში თუ გვექნება, მაშინ შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ. პირბადესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავყრილობების პრევენციას, დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვას“, - განაცხადა გამყრელიძემ. წყარო: პირველი არხი

"სტრატეგია აღმაშენებლი": ვეთანხმებით ოპოზიციის სულისკვეთებას, მაგრამ მოლაპარაკებების წინ მსგავსი შინაარსის წერილი ტაქტიკური შეცდომაა

სტრატეგია აღმაშენებელი ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ეთანხმებიან ოპოზიციის წერილის სულისკვეთებას, თუმცა მოლაპარაკებების წინ მსგავსი შინაარსის განცხადებები ტაქტიკურ შეცდომად მიაჩნიათ. "სტრატეგია აღმაშენებელი ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს. შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დღევანდელ პარლამენტში შესასვლელად მზად არიან.

ზურაბ აბაშიძე: არ გვქონდეს ილუზია, რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ

„აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეტი ძალისხმევით ამ ფორმატში მუშაობა, დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერით და უნდა ვიქონიოთ საკმარისი მოთმინება პროცესში, რომელიც უაღრესად რთულია, არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ“, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განაცხადა. მისივე თქმით, პრაღის ფორმატის მორიგი შეხვედრა, სადაც სავაჭრო ეკონომიკური და სატრანსპორტო პრობლემები განიხილება, სავარაუდოდ აპრილში ჩატარდება. „ჯერ ზუსტი თარიღი არა არის ცნობილი, ალბათ ისევ ონლაინ რეჟიმში, ამჯერადაც ჩვენ ამ ფორმატსაც გამოვიყენებთ რათა ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა აბაშიძემ. აბაშიძის თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი შედგა და საგარეო უწყების ინფორმაციაში დეტალურად არის ჩამოთვლილი ის საკითხები, რომლებიც ქართულმა დელეგაციამ დააყენა. "ჟენევის მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ამაში ჩართულია გაერო, ეუთო, ევროკავშირი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი კოლეგები. მოლაპარაკებები ეხება უპირველეს ყოვლისა იმ ურთულეს პროცესებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და საქმე გვაქვს დეფაქტო ანექსიის მცდელობასთან, საუბარი იყო ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფაზე, დარღვევებზე, ქართული მოსახლეობის განათლების და სხვა უფლებების უხეშ დარღვევებზე, იმაზე, რომ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხი. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ყოველივე ეს მძიმე სურათს ხატავს და ამ რაუნდზეც როგორც ჩანს, ვერ მოხდა ისეთი წინსვლა, რაც იმედისმომცემი იქნებოდა. ჩვენ რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაც ვნახეთ ამ შეხვედრის თაობაზე და დიამეტრალურად განსხვავებული ხედვებია, რაც იმაზე მიუთითებს, რამდენად წინააღმდეგობრივია სხვაობები პოზიციებში. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ამაში ჩართულია გაერო, ეუთო, ევროკავშირი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი კოლეგები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეტი ძალისხმევა ამ ფორმატში მუშაობა, დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერით და უნდა ვიქონიოთ საკმარისი მოთმინება პროცესში რომელიც უაღრესად რთულია, არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმისა რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ. ასეთია სამწუხარო რეალობა“, – განუცხადა პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ.

დღეს, მიანმარში სამხედროებმა 90-მდე მომიტინგე მოკლეს

მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღდეგეთა აქციებზე, სამხედროებმა დღეს 90-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამის შესახვბ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტების განცხადებით, მიანმარის უსაფრთხოების ძალები სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგეებს სახლებში უარდებიან და კლავენ. საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება. სამხედროებმა ქალაქ იანგონში აშშ-ის კულტურის ცენტრიც დაცხრილეს, თუმცა არავინ დაშავებულა. BBC-ის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელიც პირველ თებრვალს მოხდა, დღემდე მიანმარში საპროტესტო აქციებზე 400-მდე ადამიანი მოკლეს. თუმცა მოსახლეობა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს. აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიანმარში არსებული ძალადობა დაგმეს. აქციების დარბევების პარალელურად, მიანმარში სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს და არჩევნების ჩატარების პირობა დადეს, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებიათ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. შვედი დიპლომატი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. დანიელსონი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში, შეხვედრებს ორშაბათიდან დაიწყებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოდის. პირველი ვიზიტის დროს, ის ორი დღით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, თუმცა დიალოგის გაჭიანურების გამო ერთი კვირით დარჩა. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. .

კრისტიან დანიელსონი: კომპრომისი სისუსტის ნიშანი არ არის. საქართველოში სამი დღე დავრჩები

კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპრომისი სისუსტის ნიშანი არ არის და ეს არის ევროპული გზა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველი, ჩავერთო მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან ერთად და დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და მოუთმენლად ველი, რომ სამშაბათს ისევ მოგმართოთ თქვენ, ჩემი მისიის დასასრულს“, - განუცხადა დანიელსონმა ჟურნალისტებს.

ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ

დღეს ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში. უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში; ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ; მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს; უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით; ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა მისი, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება.

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, პირები, რომლებსაც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ შეძენილი, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ჩვეულებრივზე ნაკლები – მაყურებლების 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული. „28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა. ამასთან, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 415 გამოჯანმრთელდა, 5 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 301-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.68 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 219-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 39, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 778, აჭარაში - 192, იმერეთში - 295. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 29, იმერეთში -71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 163, ხოლო აჭარაში - 16. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 858 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 488 პირი, აჭარაში - 909, იმერეთში - 947.

დავით ზალკალიანი: ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. „დღეს ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, რასაც მრავალრიცხოვანი რეფორმები უძღოდა წინ. ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები – მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიონალური კავშირებისა თუ ზოგადად, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. ამ პერიოდს თან ახლდა, ასევე, გამოწვევები, რის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ კოორდინირებული და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა. სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“,- წერს დავით ზალკალიანი.

ნიკოლას მადუროს Facebook-ის ანგარიში დაუბლოკეს

Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს Facebook გვერდის ანგარიში დაუბლოკეს. გამოცემის ინფორმაციით, მადუროს ანგარიში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაუბლოკეს. იანვარში მან Facebook-ზე წერდა, რომ პრეპარატი censored კორონავირუსის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა.

რომან გოცირიძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. „მქონდა არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის. სპეციალურად ავიცერი AstraZeneca, გასაგები მიზეზების გამო. რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრი, როცა ორივე კარგია“, - წერს გოცირიძე Facebook-ზე. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არამარტო სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებისთვის არამედ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად გოცირიძემ ვაქცინაცია ამ უკანასკნელი კრიტერიუმის გათვალისწინებით ჩაიტარა.