ძებნის რეზულტატი:

ინდონეზიაში კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქება მოხდა

ინდონეზიაში კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქებას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა, BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ მაკასარში ეკლესიასთან შეკრებილ მრევლს თავს ორი თვითმკვლელი დაესხა თავს. ეკლესიაში მომსახურე მღვდლების ცნობით, სამართალდამცავები ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუპირისპირდნენ. ის ადგილზე მოტოციკლით მივიდა და ეკლესიაში შეღწევა სცადა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია

პრემიერი: ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის. „დღეს ევროკავშირის / შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავს აღვნიშნავთ. 2017 წლის მარტის ისტორიული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა საქართველო სანდო და ღირსეულ პარტნიორად აღიარეს. ეს დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის, გატარებული რეფორმების უმაღლესი შეფასებაა. ამ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახს და ახალი შესაძლებლობები გახსნა მის წინაშე. დღემდე საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად; ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი: ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად

კანადაში, ბიბლიოთეკაზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი

Reuters-ის ინფორმაციით, კანადაში, საჯარო ბიბლიოთეკაზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. როგორც ცნობილია, ქალაქ ვანკუვერში უცნობი მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი დანით საკუთარ თავს აყენებს ჭრილობებს, შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.

პეკინს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

ჩინეთის დედაქალაქს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ქარიშხლის გამო პეკინში ხილვადობა გართულდა, ქალაქის ქუჩები კი მტვრის სქელი ფენით დაიფარა. სპეციალისტების მტკიცებით, ჰაერის დაბინძურებამ დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

NCDC ვაქცინის პირველი დოზით აცრილთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციათა ჩამონათვალს აქვეყნებს იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. როგორც Astrazeneca-ს, ისე Pfizer-ს პირველი დოზით აცრილებს NCDC მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები: ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი - Astrazeneca და Pfizer. Astrazeneca ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, ხოლო Pfizer აცრა სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.

ილია მეორე: დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის

დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაოე ქადაგებისას განაცხადა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, განსაკუთრებით მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც "უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული". „ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად. ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს, ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ – ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ. მაცხოვარი ამბობს, „თხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად. განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით. ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენი სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის სულიერი წინსვლისთვის. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაჯილდოვოთ მოძღვარი. დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდეს მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს. „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. მშვიდობა სუფევდეს თქვენში და თქვენ გარშემო, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

კრისტიან დანიელსონი კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველი ვიზიტის დროს, ის ორი დღით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, თუმცა დიალოგის გაჭიანურების გამო ერთი კვირით დარჩა. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე: უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღება იყო უდიდესი წარმატება

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის წინ, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღება იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი. როგორც კობახიძე აცხადებს, 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. „ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ. მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, – წერს კობახიძე.

ანა დოლიძე პარტიას ,,ხალხისთვის" აფუძნებს

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე პარტიას ,,ხალხისთვის" აფუძნებს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ,,როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩვენც შეწუხებული ვართ, იმ პოლიტიკური ჩიხით რაც შექმნილია, ჩვენს პოლიტიკაში. ამ პირობებში ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% იმ კონკრეტულ ოლქში, ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს - სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ მარტივად "ხალხისთვის" ერქმევა. დღეს ჩვენ პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერებს ვაგროვებთ, რადგან კანონმდებლობა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ისე როგორც სხვა პარტია, კაბინეტში და თავის შემოგარენში, ჩვენ გავდივართ ხალხში!", - განაცხადა დოლიძემ.

ვაშლიჯვრის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ვაშლიჯვრის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და დედაქალაქის მერიისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, თუ რა გეგმა აქვთ მეწყრული პროცესების შესაჩერებლად. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, გამოცხადდეს მორატორიუმი ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, შეჩერდეს მშენებლობა გზის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილზე და მთავრობამ უზრუნველყოს მეწყრული მასის 24 საათიანი რეალური მონიტორინგი. ,,დღევანდელი აქციის მიზანია კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაჟღეროთ ის მოთხოვნები და უფლებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ შევქმენით პეტიცია, რომელსაც ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს პეტიცია მერიაში გვაქვს შეტანილი და ველოდებით რეაგირებას. დღევანდელი აქციის მოთხოვნები იმეორებს პეტიციის მოთხოვნებს, ეს არის მორატორიუმის გამოცხადება მშენებლობებზე ვაშლიჯვარში, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ასევე, მეწყერთან დაკავშირებით ვითხოვთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და მასში ადგილობირივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართვას. ასევე ვითხოვთ შეწყდეს ესტაკადის მშენებლობა იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მისი გაგრძელება უსაფრთხოა ქალაქისთვის”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნიკოლ ფაშინიანი: აპრილში გადავდგები თანამდებობიდან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, აპრილის თვეში გადადგება და დატოვებს თანამდებობას. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება ავრცელებს. ,,აპრილში მე გადავდგები არა იმიტომ, რომ წავიდე, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ამ პერიოდის განმავლობაში მე გავაგრძელებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას," - განაცხადა ფაშინიანმა.

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი და რუმინელი მორაგბეების დაპირისპირება ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 28-17 დასრულდა. ქართველებმა პირველი საჯარიმო ლელო მე-9 წუთზე მიითვალეს. თამაშის მე-18 წუთზე, თედო აბჟანდაძის ჯარიმამ საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 10-0 გახდა. რამდენიმე წუთში, რუმინეთის ლელომ და ზუსტმა გარდასახვამ ახალი ანგარიში, 10-7 დააფიქსირა. შეხვედრის პირველი ნახევრის დასასრულს გვიანი ბოჭვისთვის გაიცა სანქცია, აბჟანდაძემ შანსი არ გაუშვა და პირველი ნახევარი ანგარიშით 13-7 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ეფექტური აღმოჩნდა ქართველების შეტევა თამაშის 49-ე წუთზე და ბექა გიგაშვილის ლელომ ბორჯღალოსნებს 5 ქულა მოუტანა. შედეგად, გარდასახვის გათვალისწინებით, ანგარიში 20-10 გახდა. ამის შემდეგ, 10-ქულიანი უპირატესობა 59-ე წუთზე, რუმინელების ლელოს შემდეგ, 3 ქულამდე შემცირდა და ანგარიში 20:17 გახდა. 63-ე წუთზე ვითარება კვლავ დაიძაბა, ბორჯღალოსნებს ჯარიმის უპირატესობა მიეცათ, თუმცა საბოლოოდ, ეს ანგარიშზე ვერ აისახა. შთამბეჭდავი იყო აკა ტაბუცაძის ლელო 68-ზე წუთზე, რომელმაც დაძაბულ ვითარებაში, არაერთი რუმინელი მეტოქე მოიტოვა უკან და ბურთის დამიწება შეძლო. შედეგად, ბორჯღალოსნების უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა და ანგარიში 25-17 გახდა. შეხვედრის ბოლო წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა იმარჯვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 28-17 დაფიქსირდა.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს. როგორც ობუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული ის მზადაა მხარეებს გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე, რომლის წარმატებით დასრულებაც ქვეყანას ზემოაღნიშნულ მიზანთან დაახლოებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები წლებია ამახვილებენ ყურადღებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა - ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს. ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში. ამასთანავე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი. საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

19:00 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველი ვიზიტის დროს, ის ორი დღით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, თუმცა დიალოგის გაჭიანურების გამო ერთი კვირით დარჩა. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.

კრისტიან დანიელსონმა და კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს. შესაბამის ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა. როგორც კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა, „ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის გამოვლინებაა". დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს. ის საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.

ესპანეთთან პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან შეხვედრაში იგებს. 43-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, შვედებთან სტუმრად, ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ. ორჯერ ესპანელებმა მოიგეს, 2016 წელს, ერთხელ - საქართველოს ნაკრებმა.

კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების თემაზე“ მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ისაუბრეს

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პოლიტიკურ პარტიებს. გვაქვს წინადადებები, იდეები რასაც ჩვენ გავუზიარებთ და, შევთავაზებთ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი და ჩვენ დავეხმარებით ამ საქმეში“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე, საქართველოში „პოლიტპატიმრების თემაზე“ მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ილაპარაკა. ამ საკითხზე მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. „თქვენ იცით იმ ექვსი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის შესახებ, რომელიც შარლ მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე, შერჩევითი სამართლის თემაზე და ამ კონტექსტში ეს საკითხები განიხილება. და მინდა ვთქვა აქ რა არის არსებითი: სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედით საკითხში ასევე არჩევნებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმაში არის განსაკუთრებით ხაზგასმული მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და კანონმდებლობა არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა. ანგარიში პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და ვილი სანიოლის გუნდი შესვენებაზე მოგებულის სტატუსით გავიდა. მეორე ტაიმი ესპანელების სრული უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრებს ძირითადად მეტოქის შეტევების მოგერიება უწევდა. გამარჯვების გოლი დამატებით წუთზე გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიში - 2:1 დაფიქსირდა. ანგარიში ფერნარდო ტორესმა გაათანაბრა. მეორე გოლი კი დანი ოლმოს ეკუთვნის. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ლევან შენგელიას, მსაჯმა უხეშად თამაშისთვის წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

რიგგარეშე არჩევნებზე ნაკლებად იყო საუბარი - არასამთავრობოები დანიელსონთან შეხვედრაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წსრმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს. „მათ გვკითხეს, თუ რა შეიძლება გახდეს კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა და მოისმინეს ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, ცხადია, ვისაუბრეთ, როგორც გუშინ გავაკეთეთ განცხადება, იმ სისტემურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას. ასევე, საუბარი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხებზე. ჩვენგან მოისმინეს ყველა ის დეტალი, როგორ წარმოგვიდგენია ამ კრიზისის განმუხტვა ამ ახალი სისტემური რეფორმების გატარების საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფს ძალაუფლების დაბალანსებას ორივე მხარეს შორის“, - განაცხადა ნინო დოლიძემ. მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას და კონსენსუსის პოვნას ემსახურება. „ჩვენ ამ ეტაპზე ​​ჯერ არცერთი მხარისგან არ მოგვისმენია, რომ აპირებენ რაიმეს დათმობას, ისეთის, რაც მათთვის წითელი ხაზია, ამიტომ სწორედ ამას ემსახურება დანიელსონის ვიზიტი, რომ დააახლოოს მათი ხედვები და შედგეს კონსენსუსი. ნაკლებად იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, რადგან თვითონაც ხვდებიან ეს ადამიანები და ჩვენც, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმსჯელონ, თუმცა ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დავინახეთ არჩევნების დროს და ამასთან დაკავშირებით ყველა ტიპის ინფორმაცია აქვთ მათ“, - აღნიშნა ნინო დოლიძემ. „დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ ძალიან მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია და უნდა შეეხოს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას, - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ მედიასთან. მისი თქმით, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხეო მიმდინარე სასამართლო რეფორმას და საარჩევნო რეფორმასაც, რომელიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გატარდეს. „„ჩვენ ასევე ვთქვით, რომ პირველი რიგის ამოცანა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. ასევე იმაზე ვილაპარაკეთ, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი და ჩვენი აზრით, კრიზისი გამოწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასევე იმან, რომ ძალაუფლება დღეს ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან“, - აღნიშნა გიგაურმა. კრისტიან დანიელსონმა მანამდე განაცხადა, რომ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების თემაზე“ მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ისაუბრეს. მან ამ თემაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

დანიელსონი არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაზე: საუბარია კომპრომისზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა თბილისში შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისევ განაცხადა, რომ ახლა კომპრომისის დროა. კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს კრიზისი მოგვარებაში დაეხმაროს. „დისტანციურად შევხვდი შვიდ ევროპარლამენტარს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე, შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, საუბარია კომპრომისზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი. ჩვენ მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია დასახმარებლად. ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი. ხაზი უნდა გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე. კომპრომისი არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი. კომპრომისი არის ევროპული გზა“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.