ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი
ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე. პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა აქტორს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს“,- აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ენტონი ბლინკენი: რუსეთის საზიანო ქმედებებს შედეგები მოჰყვება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები ასრულებს რუსეთის ქმედებების მიმოხილვას, რომლებსაც მტრულად განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა СNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესების დასაცავად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 171 ადამიანს დაუდასტურდა,382 გამოჯანმრთელდა, 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 751 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19 ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 472-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.66 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.60 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 797, აჭარაში - 201, იმერეთში - 301. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 327 პირი, მათ შორის, თბილისში - 149, აჭარაში - 32, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 50, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 161 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 865 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 354 პირი, აჭარაში - 873, იმერეთში - 1020.
ინფექციონისტი: Сovid ინფიცირებულს ვაქცინის გაკეთება ვირუსის მსუბუქად გადატანაში არ დაეხმარება, რადგან ანტისხეულები სამი კვირის შემდეგ წარმოიქმნება
"კოვიდინფიცირებულისთვის ვაქცინის მიღება, ეს არის ექსპერიმენტი და საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ", - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა. ინფექციონისტის ცნობით, თუ ადამიანი უკვე ინფიცირებულია კორონავირუსით, ვაქცინა მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში ვერ დაეხმარება. "ვაქცინის მიღების შემდეგ, ანტისხეულების გამომუშავება სამი კვირის შემდეგ ხდება, მანამდე ვაქცინა ვერ იცავს ორგანიზმს. ამიტომ ადამიანმა არ უნდა დამალოს საეჭვო სიმპტომები იმ იმედით, რომ ვაქცინის გაკეთება მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში დაეხმარება. უსიმპტომო კოვიდის დროს, თუ პაციენტმა არ იცის რომ ვირუსი აქვს, ვაქცინის გაკეთება ტრაგედიას არ წარმოადგენს, თუმცა, თუ მას ეჭვი აქვს კორონავირუსის სიმპტომებზე, ვაქცინაციისგან თავის შეკავება აუცილებელია, ტესტის გაკეთებამდე. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ", - განუცხადა Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ. რა სახის ანალიზებია საჭირო კოვიდვაქცინამდე და რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს აცრა
სუეცის არხში ჩახერგილი გემი მეჩეჩიდან გადაიყვანეს
Reuters-ი ინფორმაციით, კონტეინერმზიდი ხომალდი, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტა, მეჩეჩიდან გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება მოძრაობა სუეცის არხში. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონტეინერების გადამტანი ხომალდი მეჩეჩიდან ჯერჯერობით ნაწილობრივ გაიყვანეს და საბუქსირო გემები ახლა ხომალდის კურსის გასწორებას ცდილობენ. 400-მეტრიანი კონტეინერმზიდი იაპონური კომპანია „შოჰეი კისენის“ საკუთრებაა და პანამის დროშის ქვეშ ცურავს. 23 მარტს გემმა ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ერთი ხაზი გადაკეტა. სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდება.
საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 4 924 ადამიანია აცრილი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ჯამში აცრილია 4 924 ადამიანი, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით და რამდენი Astrazeneca-ს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 382.
კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება. დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა. შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ,,რესპუბლიკურ პარტიას" შეხვდება. ცნობისთვის, დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
სახალხო დამცველი Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. ომბუდსმენმა საზოგადოებას მოუწოდა, დარეგისტრირდნენ და აცრა ჩაიტარონ. „დღეს მე Astrazenecas ვაქცინით ავიცერი. მინდა მოვუწოდო, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთნის ამ ვაქცინით აცრა, რომ იაქტიურონ და მინდა კიდევ ერთხელ ამ ვაქცინის მიმართ ჩემი ნდობა დავადასტურო", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, ვაქცინაციას საქართველოში 14 000-მდე ადამიანი ელოდება. ეს არის იმ პირთა რაოდენობა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა. აქედან Pfizer ვაქცინის გაკეთებას აპირებს 10 700 ადამიანი, Astrazeneca-ს კი 3 263 ადამიანი. პარასკევის მონაცემებით, ახლად დარეგისტრირებულთა მხოლოდ 25% იყო მედპერსონალი, დანარჩენი კი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. მანამდე, დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა. ,,ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. ეუთო/ოდირის დასკვნებიც ვნახეთ. ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენგან რაიმე სახის დესტრუქციას ადგილი არც ჰქონია. ჩვენ ამის მომსწრე ოპოზიციის მხრიდან გავხდით. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს,"-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა შეწყდეს ,,ნამახვაჰესთან" დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უნდა შეწყდეს ,,ნამახვაჰესთან" დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ,,ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებული ხელოვნურად ინსპირირებული ტალღა უნდა შეჩერდეს". „ქართველმა მეცნიერებმა დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა „ნამახვანჰესზე“. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა გავმიჯნო გულწრფელად ჩართული მოქალაქეეები ამ პროცესში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც - უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები. ჩვენ უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი, ყოველ წელს იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ, ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა. იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, ვინც გულწრფელად წუხს იმიტომ, რომ ზოგს ინფორმაცია არ აქვს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ეკონომიკისა მინისტრს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალე, ისინი ადგილზე ჩავიდნენ და ნახეს, ყველას შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი. ასევე, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. ის, რომ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ. ასევე, შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი, ასევე რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთ მილიონიანი ფონდი. მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს კომპანიას კომპენსაციებში. გარდა ამისა, კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში. დამისახელეთ კომპანია, რომელიც კრიზისის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით და ვაფერთხებთ სამუშაოებს. ასევე საუბარი იყო რამდენიმე წლით ტერიტორიების იჯარით გადაცემაზე, ეს მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიროებრივი და ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს. ახლა საპროტესტო ტალღები დაიწყეს მცირე და მიკრო ჰესებზეც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას, ეს უნდა შეჩერდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. „ვინაიდან ჩვენ ვართ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ის რესურსი რაც გვაქვს, მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით და ინვესტორებთან და სახელმწფოსთან ერთად ამ პროექტებს განვახორციელებთ. მთავრობაში უკვე დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს. ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები სახელმწიფოს ჩართულობით და მონაწილეობთ, მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ირაკლი კობახიძე: კრისტიან დანიელსონთან დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, გაგრძელდება დეტალების განხილვა
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია დღეს კრისტიან დანიელსონს კიდევ ერთხელ შეხვდება. როგორც კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია მხარეებს შორის. „ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თურქეთის ელჩი: ამ რეგიონში ჩვენი ბედი ერთია - რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით
"ჩვენ არა მხოლოდ კარგი მეგობრები, არამედ ნათესავები ვართ. ამ რეგიონში ჩვენი ბედი ერთია: რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით" - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა TV პირველის ეთერში, ირაკლი ტაბლიაშვილის გადაემაში "კონტექსი" ისაუბრა. ელჩმა აღნშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერად ვითარდება. „ჩვენ არა მხოლოდ კარგი მეგობრები, არამედ ნათესავები ვართ: ქართული წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ თურქეთში, აფხაზები, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთა ნათესავებიც თურქეთში ცხოვრობენ – ჩვენ ნათესავები ვართ და ამ რეგიონში ჩვენი ბედი ერთია: რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით. ჩვენი პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერად ვითარდება. არა მხოლოდ დემარკირებული გვაქვს სახმელეთო საზღვარი, არამედ ერთმანეთს ვეხმარებით სატრანზიტო პროექტებში, რეგიონალურ თანამშრომლობაში. ერთმანეთთან გვაქვს ჰარმონიზებული სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხები რეგიონში. როდესაც ერთმანეთთან რაიმე შეშფოთების საგნები გვაქვს, გახსნილები ვართ. როდესაც კონფლიქტური ინტერესები არსებობს, ჩვენ გვაქვს გზები, ვისაუბროთ და ორივესთვის სასარგებლო კონსენსუსს მივაღწიოთ“,- განაცხადა ელჩმა. გარდა ქართულ-თურქულ ურთიერთობებისა, თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა გადაცემაში ყალბ ახალ ამბებზე, ოკუპაციაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის – რუსულ–თურქულ პარტნიორობაზე ისაუბრა. როგორც ელჩი აღნიშნავს, როდესაც საქართველოში ელჩის სტატუსით დაიწყო მუშაობა, პირველი ჭორი, რომელიც მან მოისმინა ყარსის ხელშეკრულებას ეხებოდა და ვრცელდებოდა, რომ ხელშეკრულება დასრულდებოდა 100 წლის შემდეგ. ელჩის თქმით, დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჯგუფები. რადგან შეუშალონ ხელი რეგიონის სტაბიულურობას. მისივე თქმით, "საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია. ყარსის ხელშეკრულება არ შეწყდება". „დავაკვირდი, რომ მსგავსი არალოგიკური სიბეცე და აშკარა ტყუილი როდესაც დღის წესრიგში დგება, ეს არა საქართველოდან, არამედ საქართველოს გარედან მოდის. ვეცადე მიმეკვლია ვებ-გვერდებისთვის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ესენი არიან ჯგუფები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამის პედალირებას ახდენენ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია: როდესაც გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს შეხედავ, დაინახავ, რომ იგი თურქეთიდან მოდის, საქართველოდან მიდის კასპიის ზღვის მიმართულებით. მათ დეზინფორმატორებს) სურთ, ეჭვის შექმნა. 2021 წელში ვიმყოფებით! ყარსის ხელშეკრულება არ შეწყდება, ბათუმის უკან დაბრუნებას არ მოვითხოვთ, სამცხე–ჯავახეთში სამხედრო ძალებს არ გავაგზავნით – ეს ღიად შემიძლია, გითხრათ. გვინდა, ადამიანები მსგავს ახალ ამბებს კრიტიკული კითხვებით კითხულობდნენ და უსმენდნენ. ეს მოდის გარედან, მაგრამ პოულობენ სასარგებლო მასალებს შიგნით. გვჭირდება მედეგობა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გახლავთ ისეთი რამ, რის იგნორირებასაც მოვახდენთ“ - განაცხადა თურქეთის ელჩმა. როგორც ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი თქმით, თურქეთი-საქართველო თანხმდებიან, რომ რეგიონში საჭიროა სტაბილურობა, დიალოგი და ოკუპაციის დასასრული. ის კონფლიქტები, რომელსაც საქართველო აწყდება, უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეა. „თურქეთს ნათელი პოზიცია გააჩნია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გააჩნია ისტორიული და იურიდიული უფლებები. კონფლიქტების მოგვარება გახლავთ საკითხები, რომელშიც სხვადასხვა მონაწილეები არიან ჩართულნი. თურქეთი არ გახლავთ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართული, რომელსაც საქართველო სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებს - ევროკავშირთან, გაერო–სთან და ეუთო–თან ერთად, მაგრამ თურქეთი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. თურქეთი-საქართველო თანხმდებიან, რომ რეგიონში საჭიროა სტაბილურობა, დიალოგი და ოკუპაციის დასასრული. კონფლიქტები, რომელსაც საქართველო აწყდება, უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ჩართულობას 6–წევროვან კავშირში, რომელიც დღის წესრიგში კიდევ ერთხელ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ დადგა და რომლის მიმართაც ოფიციალურ თბილისს მიუღებლობა აქვს რუსეთის ფაქტორის გამო, ელჩი ამბობს, რომ ანკარა თბილისზე ზეწოლას არ განიხილავს და აღნიშნავს იმასაც, რომ კავშირის თაობაზე ინიციატივა თურქეთს არ ეკუთვნის. არსებობს იდეა 3+3 რეგიონული საკითხებში თანამშრომლობისთვის. ეს შეიძლება, იყოს თანამშრომლობა, კონფლიქტების მოგვარება, მაგრამ თუ საქართველო აცხადებს, რომ მას ამ პლატფორმაში მონაწილეობა ეხამუშება, ეს შეშფოთება ჩვენ გვესმის. ჩვენს ურთიერთობაში არ გახლავთ პარამეტრი, რომ საქართველოზე ზემოქმედება მოვახდინოთ, რათა საქართველომ რაიმე გააკეთოს და ეს ნათლადაა გაცხადებული ანკარაში მინისტრ ზალკალიანის ვიზიტის დროს, როდესაც გახსნილი საუბარი ჰქონდათ ჩემს მინისტრთან – ჩავუშოღლუსთან. ვფიქრობ, საკითხიც არ დგას, საქართველოზე ზეწოლა მოხდება თუ არა. მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ რეგიონში უნდა მივიდეთ სიტუაციამდე, სადაც უსაფრთხოების პრობლემები მოგვარებული იქნება და კონფლიქტები არ იქნება გაყინული. რადგან ისინი გაყინულები არ არიან – ზეგავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე“- განაცხადა თურქეთის ელჩმა. ელჩი შეეხეო NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხსაც. მისი თქმით, როდესაც ალიანსის წევრი ხართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგჯერ უფრო ადვილად გვარდება საქართველოს სურს, გაწევრიანდეს NATO–ში. საქართველო NATO–ს წევრობას ხედავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებას. არის ისტორიაში გარკვეული დამთხვევები: თავის დროზე თურქეთი NATO–ში სტალინის გამო გაწევრიანდა – აღმოსავლეთ ტერიტორიის წართმევა სურდა, ამიტომაც შევედით NATO–ში და თქვენ იცით ალიანსის ღირებულება – NATO ცივი ომის დროს თავის მიზნებს ძალიან კარგად ემსახურებოდა. თუ საქართველოს სურვილი აქვს, ალიანსში გაწევრიანდეს, რომლის წევრიც გახლავთ თურქეთი, როგორც კარგი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ამას. ჩვენი სამხედრო წვრთნები ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებას და ზოგადად, უსაფრთხოებას. როდესაც ალიანსის წევრი ხართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგჯერ უფრო ადვილად გვარდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ნატო თავდაცვითი ალიანსია, იგი არაა მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ", - აღნიშნა ელჩმა. თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრა რუსეთ-თურქეთის ურთერთობებზე. მისი თქმით რუსეთი თურქეთის პარტნიორია. „რუსეთი ჩვენი პარტნიორია, ბიზნესს ვაწარმოებთ რუსეთთან. რუსეთი იცნობს თურქეთს, თურქეთი – რუსეთს, მაგრამ საქართველო რუსეთს უკეთესად იცნობს, ვიდრე თურქეთი – ეს ცოდნისა და მენტალობის საკითხებია. ცივი ომის დროს რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული, მაგრამ თურქეთის მძიმე მრეწველობა, როგორიც არის რკინა და ფოლადი, საბჭოთა კავშირის მიერაა შექმნილი. ყოველთვის არსებობდა ურთიერთობები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს ვავითარებთ, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია უფლება, რაიმე განცხადებები აკეთოს და არ აქვს ხმის უფლება, თუ როგორ ვაწარმოებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. სუვერენობა სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ რუსეთთან გვაქვს თანხვედრა და ინტერესების აცდენაც, ასევეა ნატო–ს წევრებთან: როდესაც დააკვირდებით ნატო–ს და ევროკავშირის წევრებს, მათაც საკუთარი ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან“. -აღნიშნა ელჩმა. როგორც ელჩი აღნიშნავს, თურქეთი და რუსეთი კარგი პარტნიორები არიან და ამან არავინ უნდა შეაწუხოს არც საქართველოში და არც სხვაგან: „თქვენთან რუსი ტურისტები ჩამოდიან და როდესაც მეგობრებს ველაპარაკები, ისინი ამბობენ, „ჩვენ არ გვჭირდებიან ისინი როგორც ოკუპანტები, ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები“. ჩვენ ურთიერთობები ისე უნდა ვმართოთ, რომ ყველა ქვეყანამ დღის ბოლოს დაინახოს, რომ გამყარებული კონფლიქტი არ გახლავთ პოლიტიკა. შევხედოთ, რა ხდება მთიან ყარაბაღში – 27 წელი იყო ოკუპირებული. ოკუპანტი ამბობდა, რომ „დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა“. ასეთი გამყარებული კონფლიქტი არ გახლავთ გზა სტაბილურობის მიღწევისა, ეს გახლავთ ილუზია. რეგიონში ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს გაგება, რომ აღნიშნული კონფლიქტების მართვა არ გახლავთ კონფლიქტების მოგვარება“- განაცხადა მან. ელჩის განცხადებით, თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას. მისი თქმით, "ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იგივე ეხება აფხაზეთს". „შავი ზღვა ყოველთვის იყო თურქეთის უსაფრთხოების დოქტრინის ცენტრში. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იგივე ეხება აფხაზეთს. შავი ზღვის კონტექსტში პრობლემა არა ზღვაში, არამედ ზღვის გარშემო – ხმელეთზეა. ზღვა დახურულია, იგი თურქულ სრუტეებში გადის, რომელიც მონტროს კონვენციის შესაბამისად ფუნქციონირებს. თურქეთი ამ კონვენციის შესრულების გარანტორი გახლავთ და ამას ძალიან ყურადღებით ვაკეთებთ. ჩვენ ზღვაზე კონფლიქტები არ გვსურს. ნებისმიერს ესკალაცია შავ ზღვაზე, პირდაპირი ზეგავლენა ექნება ყველა სანაპირო ქვეყანაზე რუსეთის ჩათვლით“,– განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „მონტროს კონვენციას ყავლი არ გასვლია – ის აღსრულებადია და სრულდება. ეს სამართლიანი თამაშია“.
ბრაზილიის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ოსვალდო ბიატო ჟუნიორმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა.
სალომე ზურაბიშვილმა და კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს. "საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა",- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე: ჯერ მოვუსმინოთ რას იტყვის, შემდეგ შევაფასებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე საუბრისას აცხადებს, რომ მან ჯერ არ იცის, თუ რას აპირებს გახარია. ჯერ მის გეგმებს მოუსმენს, შემდეგ კი შეაფასებს ყოფილი პრემიერის გეგმებს პოლიტიკაში. „რაც შეეხება გახარიას, ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო?! გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს 8 წლის განმავლობაში ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ იყო ეკონიმიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ – მინისტრი, 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ჯერ დაელოდეთ, მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის და როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას", – აცხადებს ღარიბაშვილი.
ირაკლი კობახიძე: ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ოპოზიცია პლებისციტსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნებსაც წააგებს
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. მისი თქმით, ოპოზიცია შესაძლო რიგგარე არჩევნებსაც, პლებისციტსაც და რეფერენდუმსაც წააგებს. „ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ესაა მოცემულობა. რომელი ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ოპოზიციას აქვს, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. ისინი პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რაც ჩვენი მხრიდან ითქვა, ულტიმატუმი კი არა, მოცემულობაა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია, ჩვენ - იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც არსებობს. ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ნათია თურნავა: ენგურჰესის მსგავსი ჰესები, მათ შორის, ხუდონჰესი, არის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი
"ენგურჰესის მსგავსი ჰესები, მათ შორის, ხუდონჰესი, არის ენერგოდამოუკიდენბლობის გარანტი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე“ ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ" ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც, მათ შორის, ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ „ენგურჰესის მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით”. “ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგური, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი დადგებოდა კითხვის ქვეშ. ეს არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენ ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურის მსგავსი მსხვილი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები. მათ შორის, „ნამახვანი ჰესი“, „ხუდონჰესი“, „ნენსკრაჰესი“. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველო უახლოეს პერიოდში Sinopharm-ის ვაქცინას მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველო Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. გაბუნიას თქმით, უახლოეს დღეებში ჩინური წარმოების ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, რის შემდეგაც პრეპარატის უკვე საქართველოსთვის მოწოდება გახდება შესაძლებელი. „ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას ელოდება, რომელიც ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მოლოდინის სიაშია და უახლოეს დღეებში მას უკვე ექნება ავტორიზაცია. ასევე გაგრძელდება „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდება. ეს არის „ასტრაზენეკას“ მომდევნო პარტია, რაც წინასწარი ინფორმაციით, უნდა მივიღოთ აპრილის ბოლომდე. ეს იქნება ვაქცინა, რომლითაც ჩვენ ვაქცინაციის მეორე დოზას ჩავატარებთ იმ პირებისთვის, ვინც მიმდინარე პრერიოდში იტარებს პირველ ვაქცინას. დროებს შორის ინტერვალი არის 8-დან 12 კვირამდე. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესაძლოა, ასევე მივიღოთ პირდაპირი გზით მოლაპარაკების შედეგად, თუმცა ამ დეტალებს მოგვიანებით კიდევ დავაზუსტებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ხვალიდან იმუნიზაციის პროცესი ამერიკული „ფაიზერითაც“ გაგრძელდება. ქვეყანამ „ფაიზერის“ 14 500 დოზა გასულ კვირას მიიღო.