ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დღეს სამიტს გამართავენ
Deutsche Welle -ს ინფორმაციით, დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და მასში მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს. ლიდერების საუბრის მთავარი თემა Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში არსებული შეფერხებები იქნება. ასევე განხილავენ ე.წ. ვაქცინის პასპორტების საკითხსაც. ევროკავშირის ლიდერები ისაუბრებენ ევროკავშირის ურთიერთობაზე რუსეთთან და თურქეთთან. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთებით ბოლო პერიოდში, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო დაიძაბა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ევროკავშირის ლიდერებს 2009 წლის შემდეგ, პირველად სიტყვით მიმართავს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
რა სახის ანალიზებია საჭირო კოვიდვაქცინამდე და რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს აცრა
რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს კოვიდვაქცინის გაკეთება, რა სახის წინასწარი ანალიზების ჩატარებაა საჭირო აცრამდე და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე, ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა. ინფექციონისტის რამდენიმე აუცილებელი რეკომენდაცია ვაქცინის გაკეთების მსურველებს: 1. თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს სისიხლის შედედებას, სასურველია, ვაქცინაციამდე ჩაიტაროს შესაბამისი ანალიზი. 2. თუ ვაქცინაციამდე იყო კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ან აქვს კორონავირუსის დამახასიათებელი რომელიმე საეჭვო სიმპტომი, თუნდაც მსუბუქი, ვაქცინაციამდე აუცილებლად უნდა ჩაიტაროს კოვიდტესტი. მხოლოდ ვირუსის გამორიცხვის შემდეგ უნდა მივიდეს ვაქცინის გასაკეთებლად. 3. თუ ადამიანი არის ალერგიული კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ვაქცინა შეიცავს, ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს. 4. თუ ადამიანი უკვე ინფიცირებულია კორონავირუსით, ვაქცინა მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში ვერ დაეხმარება. ვაქცინის მიღების შემდეგ, ანტისხეულების გამომუშავება სამი კვირის შემდეგ ხდება, მანამდე ვაქცინა ვერ იცავს ორგანიზმს. ამიტომ ადამიანმა არ უნდა დამალოს საეჭვო სიმპტომები იმ იმედით, რომ ვაქცინის გაკეთება მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში დაეხმარება. როგორც ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, დღეს არსებული ინფორმაციით, ვაქცინა იძლევა ერთწლიან იმუნიტეტს. ინფექციონისტის განცხადებით, უსიმპტომო კოვიდის დროს, თუ პაციენტმა არ იცის რომ ვირუსი აქვს, ვაქცინის გაკეთება ტრაგედიას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ მას ეჭვი აქვს კორონავირუსის სიმპტომებზე, ვაქცინაციისგან თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. "კოვიდინფიცირებულისთვის ვაქცინის მიღება, ეს არის ექსპერიმენტი და საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ. ამასთან არსებობს შედედების საწინააღდეგო წამლები, რაც გამოიყენება კარდიოლოგიაში, ჰემატოლოგიაში. ვინც ასეთ პრეპარატებს იღებენ და აქვთ შედედების პრობლემა, უმჯობესია, გაიკეთონ ლაბორატორიული კვლევები და მომზადებული მივიდნენ ვაქცინაციაზე. ეს არ ეხება ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს, ვისაც არასდროს არ დაფიქსირებია სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა. ვალდებული არ არიან წინასწარი კველევები ჩაიტარონ. რაც შეეხება ანატიბიოტიკებს, ანტიბიოტიკი ინიშნება გარკვეული მწვავე ინფექციური ბაქტერიების შემთხვევაში. თუ ადამიანი ამ მედიკამენტებს იღებს, ესეიგი მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, თან ეს პრობლემა არის მწვავე და იმ მომენტში საჭიროებს მკურნალობას, შესაძლოა ვაქცინაცია გადაიდოს. არის მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის შესახებაც პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მედიკამენტები ხელს არ უშლის ვაქცინაციას. ამას ექიმი წყვეტს. როდესაც იკრიბება სრულფასოვანი ინფორმაცია, ექიმი წყვეტს იმ კონკრეტულ მომენტში გაუკეთოს ვაქცინა, თუ გარკვეული ვადით გადადოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები ვინც ვაქცინაციაზე მიდიან, კარგად მომზადებულები იყვნენ და ექიმს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. თუ ადამიანი არის ალერგიული კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ვაქცინა შეიცავს რა თქმა უნდა ეს უკუჩვენებაა და ასეთ ადამიანს ვაქცინა საერთოდ არ უნდა გაუკეთდეს. თავისი სამედიცინო ანამნეზი კარგად უნდ მოუყვეს ექიმს, რათა ექიმმა სრულყოფილად შეაფასოს მისი მდგომარეობა", - განუცხადა Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ. ინფექციონისტი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღეების სტატისტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობა რეგულაციებს სათანადოდო აღარ იცავს. "ბოლო ორი დღის განმავლობაში 500-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები. ასეთი ზრდის ტენდენცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა. ინფიცირების ასეთი ზრდა სპონტანურად არ მომხდარა. ამას თავისი მიზეზი აქვს. რეკომენდაციებს ფაქტობრივად აღარ ასრულებენ, დაიწია პირბადის გამოყენების პროცენტმა. ეს ყველაფერი კი ცუდად ისახება ეპიდსიტუაციაზე. კარგია, რომ დრამატული სიტუაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ თუ ამ დინამიკით გაგრძელდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ. მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ. პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ამ ეტაპზე არის ერთადერთი გზა. მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება მასთან ბრძოლა", - აცხადებს Europetime-თან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
თეა წულუკიანი: თუ გიორგი გახარია გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას ნამდვილ ოპოზიციონერობას გაუწევს. „მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია, მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება.
NEW YORK POST: აშშ-ში ათასობით მიგრანტი ბავშვი კოვიდდადებითი აღმოჩნდა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გასული წლის მონაცემებით, თავშესაფრში მცხოვრები ათასობით მიგრანტი ბავშვი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას New york post-ი ავრცელებს. თითქმის 2 900 არასრულწლოვნიდან, რომლებიც კოვიდდადებითები აღმოჩნდნენ, ამჟამად 319 ბავშვი ჯანდაცვის სისტემაში ირიცხება და იზოლაციაში იმყოფება. გამოცემის ცნობით, HHS- ის თავშესაფრებში 11 500-ზე მეტი ბავშვი იმყოფება და დაახლოებით 3% COVID19-ის გამო იზოლაციაშია. ანგარიში გამოქვეყნდა იმ ფონზე, როდესაც ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნები აშშ-მექსიკის საზღვარიდან ჩამოდიან. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 24 მარტიდან კორონავირუსის 40 000-მდე ტესტი ჩატარდა უსახლკარო ბავშვებზე, რომლებიც 22 შტატში 200-ზე მეტ თავშესაფარში იმყოფებოდნენ.
ანგელა მერკელი: ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირმა ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა. მერკელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი გერმანიაში არც ისე სწრაფად მიდის და ამის მთავარ მიზეზად ვაქცინის მიწოდებაში არსებულ ხარვეზები დაასახელა. „ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ექსპორტს არ ახორციელებს და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რისი წარმოებაც ევროპაში მოხდება“, – განაცხადა მერკელმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მედიაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მედიაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელმომწერი ორგანიზაციები მიესალმებიან ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში. ,,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მივესალმებით ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი ქრისტიან დანიელსონის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში. დასაფასებელია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტის დაწყებისთანავე, ბატონი დანიელსონი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ასევე, სპეციალური წარმომადგენლის დახმარებითა და ძალისხმევით, პოლიტიკურმა ძალები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და გამართეს შეხვედრების სერია. სამწუხაროდ, ბატონი დანიელსონის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელმომწერი ორგანიზაციები, სინანულს გამოვთქვამთ, რომ მედიაციის პროცესში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. აღნიშნული კი, საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ. მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრიკავშირი საფარი (HRHT) ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უფლებები საქართველო დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
მეთიუ ბრაიზა: მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია, მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც ხდება
აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას Europetime-თან აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და მთავარ გზავნილებზე მიუთითებს. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და ახლა მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც საქართველოში ხდება. „ამ მოსმენიდან ჩემთვის მთავარი გზავნილები იყო: ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და კომპრომისული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული სისტემის აღსადგენად. მეორე - მთავრობამ უნდა დაადასტუროს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და პასუხისმგებელია იმაზე, რომ ეს ასეა. მესამე - ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ახლოსაა თავისუფალ, სამართლიან არჩევნებთან და არის კონკურენტული, თუმცა ბევრი პრობლემით, საკმარისი არ არის. რეალურ დემოკრატიაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გადაჭრის დავებს ოპოზიციასა და მთავრობას შორის. მათ ეს მექანიზმები უნდა გამოიყენონ. მეოთხე - მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით ახლა, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის ეს ყველაფერი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს, როდესაც დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალიან აქტიურობდა, რათა გავლენა ჰქონოდა ამერიკის არჩევნებზე; გამოეწვია უთანხმოება; პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ხალხს არ ჰქონოდა ნდობა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მიმართ. ასე რომ, ის, რის თქმასაც სენატორი შაჰინი, ჯორჯ კენტი და სხვა ჩემი მეგობრები ცდილობდნენ სენატში, არის შემდეგი: საქართველო, შენ ეს საკითხი უნდა მოაგვარო, უნდა იპოვო გზა, დაუბრუნდე დემოკრატიულ კურსს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, „თუ კრიზისის გაღრმავდა და უბრალოდ, არ გადაიჭრა, კონკრეტული პირებისადმი სანქციების დაწესება, თავად ამ პირების ქცევაზეა დამოკიდებული, თუმცა, ამერიკელი დიპლომატის აზრით, თუ აშკარად გახდა, რომ ადამიანები მთავრობაში, ძირს უთხრიან დემოკრატიას, მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება, სანქციები შესაძლებელია, თუმცა მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდება, რომ ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკურ დაძაბულობას უწყობს ხელს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მედიაციის მექანიზმს დანიელსონის მონაწილეობით, ეს ალბათ შეამცირებს ამ სანქციების შესაძლებლობას. მეთიუ ბრაიზას თქმით, აშშ განაგრძობს საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავებისადმი მხარდაჭერას და ეს არის როგორც აშშ-სა და საქართველოს, ასევე. ნატოს ინტერესში. „აშშ განაგრძობს იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატია და მისწრაფებები ნატოში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა. ეს არის უმთავრესი საქართველოსთვის. ევროკავშირს და აშშ-ს სურთ, მოაგვარონ თქვენი პრობლემები, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, იპოვონ გზა და მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილებები. გამოსავალი არც რევოლუციაშია და არც ოპოზიციის განადგურებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.
დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ექსპრემიერს პანდემიის პერიოდში ლობისტური საქმიანობის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ, კონკრეტულად კი, ქემერონი კომპანია Greensill-თვის საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, ქემერონმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ პირად ტელეფონზე დაუკავშირდა და კომპანიისთვის პანდემიის ფარგლებში გამოყოფილი სოლიდური კრედიტის მიღებას შეეცადა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობით, ყველა, ვინც ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული, ვალდებულია, ოფიციალურად დარეგისტრირდეს. ამ კანონის დარღვევა ჯარიმას, ან პატიმრობას ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში, კომპანია Greensill-მა კრედიტი ვერ მიიღო, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შედეგად, კომპანია გაკოტრდა.
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გეგმავს კენჭისყრას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით გეგმავს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. „დიახ, ვგეგმავ მეორე ვადით კენჭის ყრას. მოველი ამას“, - განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი: ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მსგავსად მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს შეადარა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ის ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, პუტინის მსგავსად, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა“, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა დარჩება მსოფლიო ეკონომიკის ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მის ჩანაცვლებას ცდილობს. „ეს არ მოხდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ზრდას და გაფართოვებას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ში გაწევრიანება სუვერენული ქვეყნის არჩევანია, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე განაცხადა. ,,ალიანსში გაწევრიანება სუვერენული ქვეყნების უფლებაა და ჩვენ მას პატივს ვცემთ. ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ჩვენ არ განგვისაზღვრავს კონკრეტული ვადები. დღეს ჩვენ ვეხმარებით უკრაინას და საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან და წევრობასთან დაახლოებაში, მაგრამ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებაზე მიიღება კონსენსუსის გზით. ამიტომ, არ შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის ჩათვლიან მოკავშირეები, რომ უკრაინა და საქართველო შეუერთდნენ ალიანსს", - განაცხადა სტოლტენბეგმა.
AstraZeneca ვაქცინას სპრეის სახით გამოუშვებს
Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანია AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მოხალისეებს ეძებენ, რომლებზეც ვაქცინა-სპრეის გამოცდიან. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი ამჯერად, ე.წ. ცხვირის სპრეის ფორმით იქნება წარმოდგენილი. ცდების პირველ ეტაპზე 30 ფიზიკურად ჯანმრთელი, ზრდასრული 40 წლამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა ნახევარი პრეპარატის ერთ დოზას მიიღებს, მეორე ნახევარი - ორს. ცდა დაახლოებით ოთხ თვეს გაგრძელდება. ვაქცინის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, მასში კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართვა იგეგმება.
ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს 118 ბელარუს მოხელეს
Reuters-ის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს 118 ბელარუს მოხელეს. გამოცემის ინფორმაციით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააფართოებენ ბელარუსის რეჟიმის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რეგიონული ხელუსფლების სისტემაში მომუშავეებს შეეხებათ. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ერთობლივი სანქციებით დაწესებული შეზღუდვები განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში და სანქციები იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობდნენ.
ჯო ბაიდენის განცხადებით, პირველ მაისამდე ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთის დატოვება რთული იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა პირველ მაისამდე ამის გაკეთება რთული იქნება. პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, დარჩებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2022 წელსაც, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მას ეს ვერ წარმოუდგენია „თუ ჩვენ დავტოვებთ, ამას გავაკეთებთ უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად. ჩვენ დავტოვებთ, კითხვა ის არის, როდის დავტოვებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თამარ გაბუნია - დღეში 3 000 ადამიანის აცრა გვჭირდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღიურად დაახლოებით 3 000 ადამიანი უნდა იკეთებდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რათა ჯანდაცვის სისტემამ მოახერხოს იმ სამიზნე ჯგუფებთან დაახლოება, რომელთა ვაქცინაციასაც უწყება შემდეგში გეგმავს. გაბუნიას თქმით, დღეს უკვე ვაქცინაციისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. „პროგრამა ძალიან სწრაფად და კარგად იკრეფდა ძალას, მაგრამ მომდევნო დღეს მოხდა სრულიად წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ სამედიცინო პროფესიონალებში ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი აქტივობა. დღეს უკვე, 10 000-ზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ დღეს ეს აქტივობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ Pfizer ვაქცინა არის, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთი არჩევანი, არამედ იმითაც, რომ 65 წლის ზემოთ პირებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა გაიხსნა. აქედან რამდენია Pfizer და რამდენი Astrazeneca , მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დღეს ჯამურად, 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებელია. აქტივობა იყო, როგორც Astrazeneca -ს, ისე Pfizer-ს მიმართულებით და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ - საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მათ ამნისტია შეეხოთ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ბრალდებულებს დაუბრუნდეთ გირაოს თანხები, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გასული წლის 11 იანვარს გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.
ჯო ბაიდენმა გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 11 წლიანი პაუზის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღორძინების მზაობა. „პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძლიერი ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებშია. მან ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას. მან ასევე ისაუბრა საერთო გამოწვევებზე მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე, როგორიცაა COVID19-თან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და იმის უზრუნველყოფა, რომ დემოკრატიებმა და არა ავტოკრატიებმა დაადგინონ წესები. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა, 307 გამოჯანმრთელდა, 6 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 446-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.60 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.89%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 307 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 585-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 177, იმერეთში - 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის, თბილისში - 143, აჭარაში - 29, იმერეთში - 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 15. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 838 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 387 პირი, აჭარაში - 784, იმერეთში - 953.
ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ი გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ი გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აღნიშნავენ, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია. მისი თქმით, ამ პრეპარატების ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციაზე უარის თქმა. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღეს მიმდინარეობს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენი მოქალაქეების ნდობა ასევე Astrazeneca-ს მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნა მინისტრმა.
კელი დეგნანი: გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაში ინვესტირებას გარდამტეხი ცვლილებების მოტანა შეუძლია
,გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ერთგული კომპანიები, გვჭირდება მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა და გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც უფრო მეტად მიიღებენ მონაწილეობას ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ,,ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოებაზე განაცხადა. დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, იმისათვის რომ, ქვეყანამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენება და შექმნას წარმატებული და ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მოქალაქის საჭიროებას. ,,მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო მაგდა მაღრაძეს, ათასწლეულის ფონდსა და გაეროს ქალთა ფონდს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს და მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, როგორც ადამიანის უფლებას და როგორც აუცილელებელ ფაქტორს მდგრადი და თანასწორი განვითარებისთვის. ეს კარგად აისახა ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდის ინიციატივაში, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის გაერთიანებულ ერებთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ინტენსიურ თანამშრომლობას. ვიცით, რომ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაში ინვესტირებას გარდამტეხი ცვლილებების მოტანა შეუძლია ადამიანური პოტენციალის რეალიზების კუთხით. დღეს ყველა თანხმდება, რომ წარმატებული საზოგადოებისთვის აუცილებელია გოგოებსა და ქალებს, ბიჭებსა და კაცებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ტექნოლოგიებზე. სწორედ ამ სულისკვეთებით ხელმძღვანელობს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა და დანიშნა კაბინეტი, სადაც წამყვან პოზიციებზე ქალთა რეკორდული რაოდენობაა, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საელჩოც წარმოაჩენს ამ ღირებულებებს. ჩემი მოადგილისა და ჩემ გარდა, საელჩოში ხელმძღვანელი პოზიციების ნახევარზე მეტს ქალები იკავებენ, მათ შორისაა თავდაცვის ატაშე და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამუშაო ძალაში ქალთა ინტეგრაციას და მოხარული ვარ, რომ ეს ინოვაციური კომპანიები ძალისხმევას არ იშურებენ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორეო, რომ გენდერულ თანასწორობას, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ, როგორც აუცილებელ ადამიანის უფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებას, არამედ, როგორც საჭიროებას კომპანიების წარმატებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. დამტკიცებულია, რომ გენდერული უთანასწორობა ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს შეადგენენ, ისინი მსოფლიო სიმდიდრის მხოლოდ ერთ პროცენტს ფლობენ. ქვეყანა ან კომპანია, რომელიც უგულებელყოფს თავისი პოტენციალის ნახევარს, ვერ იქნება სრულად კონკურენტული და წარმატებული გლობალურ ბაზაზე, ეს შებოჭილი ხელით ასპარეზობას ჰგავს. ცნობილია, რომ ორგანიზაციები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი წამყვან პოზიციაზე, საერთო ჯამში ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს. მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად ქალთა სტატუსის გაუმჯობესება ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ თანასწორობას, და ცდილობენ სრული და თანასწორი მონაწილეობის ხელის შემშლელი ბარიერების შემცირებას, ბევრად უფრო მომგებიანი და წარმატებული არიან. სამწუხაროდ, მსოფლიოში COVID-19 პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მწვავედ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება კრიზისებმა უთანასწორობა გააძლიეროს. ქალები და გოგონები ამ პანდემიის ტვირთს ატარებენ ხილულად თუ უხილავად. ქალები, რომლებიც წინა ხაზებზე მომუშავეთა საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ, უმუშევრობის დიდი პრობლემის წინაშე დგანან და არაპროპორციულად აქვთ ნატვირთი მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები. ამ კრიზისის პერიოდში სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაკკინსის გლობალურმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალები შეადგენენ გლობალური სამუშაო ძალის მხოლოდ 39 პროცენტს, მათზე მოდის პანდემიით გამოწვეული დაკარგული სამუშაო ადგილის 54 პროცენტი. ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ქალთა თანასწორობა არა მხოლოდ იურიდიულ დაბრკოლებებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოებრივ გამოწვევებს აწყდება, რაც ასევე მოიცავს ოჯახში პასუხისმგებლობების უთანასწორო გადანაწილებასაც. გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ერთგული კომპანიები, გვჭირდება მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა და გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც უფრო მეტად მიიღებენ მონაწილეობას ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში, მათ შორის საოჯახო პასუხისმგებლობის უფრო სამართლიანად გადანაწილებაში. მე მადლობას ვუხდი დღეს აქ წარმოდგენილ კომპანიებს, თანასწორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. გასულ შემოდგომაზე, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შრომის კოდექსში გენდერული თანასწორობის დაცვის გაძლიერების კუთხით. 2019 წელს კი მიიღო მნიშვნელოვანი კანონი სექსუალურ შევიწროებაზე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯებია სამუშაო ადგილზე ქალთა წარმატების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ეს ნაბიჯები პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილია. ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო და ეფექტური მოქმედება. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, იმისათვის რომ, ქვეყანამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენება და შექმნას წარმატებული და ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მოქალაქის საჭიროებას", - განაცხადა დეგნანმა.