ძებნის რეზულტატი:

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ და მისმა მოადგილემ, ნოდარ ფანჩულიძე თანამდებობები დატოვეს. ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად. ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე თანამდებიბიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს გადადგნენ. ცნობისთვის, ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლიდანაა.

ორ ბრალდებულს, რომელსაც ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა

მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. "აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ბლოკჩეინის დანერგვა და ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები ეკონომიკას სრულად გახსნიდა - ლევან ბოძაშვილი

"ქაღალდის Сovid სერტიფიკატების ნაცვლად, ბლოკჩეინის დანერგვის მეშვეობით, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები რომ შემოეღოთ, ქვეყნის ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებდნენ" ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარმა, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ყველა აცრილ ადამიანს, ვაქცინაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა მიეცემა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს. როგორც ბოძაშვილი აღნიშნავს, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატების შექმნას რაიმე ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. შესაბამისი სპეციალისტები იმ 42 კლინიკაში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, სრულიად უფასოდ, მხოლოდ ერთ დღეში დააყენებენ სპეციალურ პროგრამას, თუ სახელმწიფოს მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება. ასეთი კი, მისი თქმით, არ არსებობს. Europetime-თან საუბარში ბოძაშვილი აცხადებს რომ ამ თემაზე ტელეფონით ესაუბრა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, თუმცა მას დაინტერესება არ გამოუხატავს. მისივე თქმით, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ვაქცინაციისთვის ბლოკჩეინის პროგრამა უკვე დანერგეს. ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, თუ შეიქმნება ელექტრონული სერტიფიკატები, კოვიდვაქცინით აუცრელი ადამიანების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადაადგილების კონტროლი გამარტივდება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ვაქცინირებულ მოსახლეობას შეზღუდვები მოუხსნას. „ბლოკჩეინის დანერგვით, სახელმწიფო მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააჩქარებდა. გარკვეული მიზეზებით, ვაქცინას ბევრი ადამიანი არ იკეთებს. ელექტრონული სერტიფიკატების დაწესებით კი ძალდატანების გარეშე, ვაქცინირება წახალისდებოდა. ამისთვის ხელისუფლებამ უნდა დააწესოს მარტივი მოთხოვნა - ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ბარებში, კლუბებში და ა.შ. სადაც გადადების რისკი ძალიან მაღალია. თუ აცრილ ადამიანს ტელეფონში ელექტრონული სერთიფიკატი ექნება, ბარში, კლუბში, რესტორანში ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებაში შესვლისას, ტელეფონით წარადგენს ვაქცინაციის ციფრულ პასპორტს. კონტროლის გამარტივება თავისუფლად გადაადგილების მეტ შესაძლობას იძლევა, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი. მისივე თქმით, ბლოკჩეინით მონაცემები მაქსიმალურად დაცული ხდება. ამასთან ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატების შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. „ სულ 42 კლინიკაა, სადაც ვაქცინას აკეთებენ. შესაბამისი კომპანია ყველა კლინიკას სპეციალურ პროგრამას ერთ დღეში დაუყენებს უფასოდ. ამის პრობლემა არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა. ვაქცინაციის პროცესში ბლოკჩეინის და ვაქცინირების ელექტრონული სერთიფიკატის გამოყენება საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა, მარტივად აკონტროლოს აუცრელი ადამიანების ხალხმრავალი სივრცეებისგან იზოლირება. ძალიან მარტივად, ყოველგვარი ფურცლების ტარების გარეშე, ფურცლის სახით სერტიფიკატს სჭირდება ნოტარიზაცია. დადასტურება-თარგმნა დამატებითი ხარჯებია. ბლოკჩეინი ამას აკეთებს ერთ ევროდ. თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ნება არსებობს. გერმანიამ, დანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი. ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, ბლოკჩეინი ტექნოლოგიურად იდეალური შესაძლებლობაა სამედიცინო ელექტრონული ბარათების შესაქმნელად. „რა თქმა უნდა, ის თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობასთან. ბლოკჩეინი ამის საშუალებას იძლევა. როდესაც ადამიანს სურს აცრის გასაკეთებლად მივიდეს, მან არ იცის ბევრი არაფერი ამის შესახებ და როდესაც ექიმთან მიდის, მერე იწყებს იმის გახსენებას, რა აწუხებდა, რა დიაგნოზი ჰქონდა, რა მედიკამენტებს იღებდა. ეს არ ეხება მხოლოდ კოვიდვაქცინას, ყველა ტიპის აცრაზე ასე ხდება“, - განუცხადა Europetime-ს ლევან ბოძაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ასევე ისრაელში, ვაქცინაცია მხოლოდ, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათების ანალიზის შემდეგ ხდება. ელექტრონულ სამედიცინო ბარათზე კი მისი ყველა სახის ექიმთან ვიზიტის ჩანაწერია და რეცეპტით გამოწერილი ყველა მედიკამენტის შესახებ ცნობა. აღნიშნული ინფორმაცია წლების განმავლობაში გროვდება, რაც ექიმს სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს, რამდენად უსაფრთხოა იმ კონკრეტული პაციენტის აცრა. ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს ზეპირად გახსენება აღარ უწევს, რა მედიკამენტებს იღებდა, რა დაავადება ჰქონდა, რაზეა ალერგიული და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მთელი ისტორია ბარათზეა ასახული.

ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ აიცრება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, 100 ცნობილ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინა საჯაროდ ჩაუტარდება. „რაც შეეხება 100 ცნობილი ადამიანის ვაქცინაციას, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად სანდოა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება. თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს, ამ კომპონენტში არ არის ჩადებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე: კუბილიუსის განცხადება საბანაძის გადადგომაზე უადგილო იყო

"კუბილიუსის განცხადება საბანაძის გადადგომაზე უადგილო იყო", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძე ეხმაურება ევროპარლამენტარ ანდრიუსს კუბილიუსს,. რომელმაც განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს ნატა საბანაძეს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს. სამხარაძის თქმით, კუბილიუსის ეს განცხადება უადგილოა და ევროპარლამენტარის საქმე არ არის. მისივე თქმით, მას არ სმენია იმის შესახებ, რომ საბანაძის გადადგომას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება. “რაც შეეხება დაპირისპირებას, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ, რომ იქ დაპირისპირება არ ყოფილა. ხოლო კუბილიუსის განცხადება კი, ვფიქრობ, რომ საერთოდ უადგილოა და ევროპარლამენტარის საქმე არ არის, საქართველოს ელჩი და მისივე საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორ მოილაპარაკებენ ამა თუ იმ საკითხზე და თანამდებობიდან წასვლაზე”, – განაცხადა სანმხარაძემ. ანდრიუს კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, ნატალია საბანაძე აიძულეს, რომ გადამდგარიყო.

ანდრიუს კუბილიუსი ნატალია საბანაძეზე: ვფიქრობ, აიძულეს რომ გადამდგარიყო

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ფიქრობს, რომ ევროკავშირში საქართველოს უკვე ყოფილ ელჩს, ნატალია საბანაძეს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა. როგორც კუბილიუსმა განაცხადა, შესაძლოა, ეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს უკავშირდებოდეს, სადაც მან სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან კრიტიკული გზავნილები მიიღო. "მე არ ვიცნობ ყველა დეტალს, ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო. ეს ცოტა უცნაურია და ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია პრემიერმინისტრის ვიზიტთან ბრიუსელში. პრემიერმინისტრის ძალისხმევის მიუხედავად, როდესაც იგი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ევროკავშირის ლიდერობამ და ხელმძღვანელობამ არ მიიღო მისი ახსნა, თუ რას აკეთებდა მთავრობა კრიზისის დროს. მან მიიღო გზავნილები სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან და ამიტომაც იყო ალბათ მიზეზი, პრემიერმა ან სხვამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ელჩის ბრალი. ეს არის არასწორი", - განაცხადა კუბილიუსმა. მანვე აღნიშნა, რომ პრობლემა არა ელჩთან, არამედ ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, "რომლებსაც არ შეუძლიათ, კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ". ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

კარლ ჰარცელი: შესანიშნავი ხედი, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი - დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს

"დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს", – ამის შესხებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი Twitter-ზე წერს და ხაშურსა და სურამში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. „დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. შესანიშნავი ხედი სურამის ციხეზე, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი“, - წერს კარლ ჰარცელი.

ეგვიპტეში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა მინიმუმ 32 ადამიანი, 84 კი დაშავდა.

ეგვიპტეში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის განცხადებაში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სარკინიგზო კატასტროფა კაიროდან 350 კილომეტრის დაშორებით, სუჰაგის პროვინციაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა იმყოფება. ეგვიპტის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. "ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხუთშაბათიდან, 1 აპრილიდან ბურგერლანდში, ქვემო ავსტრიაში და ვენაში სრული ლოქდაუნის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაშია 6 აპრილის ჩათვლით! შესაბამისად, 1 აპრილიდან: - იხურება ყველა სავაჭრო და სხვა ობიექტი, გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა (საკვები პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ფოსტა, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები). - იზღუდება გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში. სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში: ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა. სამსახურებრივი აუცილებლობა. სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. სუფთა ჰაერზე გასვლა. გარდა ამისა, მინიმუმამდე იზღუდება სოციალური კონტაქტები. რეკომენდირებულია, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაქსიმალურად სოციალური კონტაქტებისგან თავის არიდება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, FFP2 ნიღბის ტარება და სხვა ადამიანებთან შეხვედრისას თვით ტესტირება. - დღეს არსებული ინფორმაცის თანახმად, სააღდგომო არდადეგების შემდგომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის. 12 აპრილიდან კი, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უარყოფითი PCR-ტესტი უნდა წარადგინონ. - მკაცრდება სასაზღვრო კონტროლი, ხოლო ის პირები ვინც სამსახურეობრივი მიზნით, სისტემატიურად გადაადგილდებიან (ე.წ commuter/Pendler) მათთვის სავალდებულო ხდება, PCR-ტესტის კვირაში ორჯერ წარდგენა, რომელიც არ უნდა იყოს 72 საათზე გვიან გაცემული. საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები. რეგულაციების შეცვლის შემთხვევაში, დამატებით მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 1450 საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ელისაშვილი დანიელსონზე: უფრო მომზადებული ჩამოვა, ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერმა , ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამჟამად უფრო მომზადებული დაბრუნდება. როგორც ელისაშვილის აღნიშნა, დანიელსონს ახლა უკვე ეცოდინება რომ "ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია" და ჯიუტი ხასიათი აქვს. "წარმოდგენა არა მაქვს რა წინადადებით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. ერთი ფაქტი არის, რომ ჩვენ ჯიუტ ხასიათთან დაკავშირებით უფრო მომზადებული იქნება და ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია - თუ რამეს აიჩემებს, ცდილობს, რომ ფეხი არ მოუცვალოს და კომპრომისი ცოტა ისეთ რამედ აღიქმება ქართველი პოლიტიკოსისთვის", - განაცხადა ელისაშვილმა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა. მას შემდეგ, რაც დანიელსონმა თბილისი დატოვა ის ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და ფასილიტაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება.

ძიუდოისტი თემურ ნოზაძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისის ძიუდოს გრანდ სლემზე თემურ ნოზაძემ პირველი ოქრო მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. ოქროს მედალთან ერთად მან ათასი სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა. თემურ ნოზაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და 60 კგ. წონით კატეგორიის ფინალში უზბეკეთის წარმომადგენელს ქემრან ნურილაევს შეხვდა. უზბეკი მეტოქე არასწორი ილეთის ჩატარების გამო ორთაბრძოლიდან მოიხსნა, შესაბამისად გამარჯვება ქართველ ძიუდოისტს დარჩა.

მარია ზახაროვა: შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს

შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე, კომენტირებისას ზახაროვამ აღნიშნა - „მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია - ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ“.

კახა კალაძე: ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში

"დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს", - ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა. "მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!", - წერს კალაძე. ცნობისთვის, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო წრამოიქმნება.

საპატრიარქოს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება

საპატრიარქოს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება და ვანდალიზმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კედლის მხატვრობა ნესტმა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია "დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი თითქოსდა ვანდალური ფაქტის შესახებ. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდი იუწყებოდა: „მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი უცნობია“. ჭყონდიდის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ სამრეკლოში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება. როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გაჩენილი მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს. სურათზე (იხ.ქვემოთ), რომელიც ცენტრმა გამოაქვეყნა, ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა. "შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენ მიერ ელექტოძიებით მიღებულ პროფილებს. დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ. გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთხელ. (სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში (მოძრაობს)", - ნათქვამია განცხადებაში.

5-11 მაისს GEM FEST კოლუმბიაში გაიმართება

5-11 მაისს GEM FEST კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში გაიმართება. ამის შესახებ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ BM.ge-ს განუცხადა. როგორც სიგუამ განაცხადა, Line UP-ის პირველი ნაწილი გამოცხადებულია და 1 კვირაში მოსაწვევების გაყიდვა დაიწყება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთი, დაახლოებით, 1 000 დოლარი ეღირება. როგორც გიორგი სიგუა აცხადებს, ჰყავს სამხრეთ ამერიკელი პარტნიორები და ზაფხულის განმავლობაში GEM FEST-ის მექსიკასა და კოსტა რიკაში ჩატარებასაც გეგმავს. „რატომ კოლუმბია? - GEM FEST-ში ინვესტირება მოახდინა ივენთმენეჯმენტის სამხრეთ ამერიკულმა კომპანიამ. აქ ფანტასტიური კლიმატია, გაცილებით რბილი covid-შეზღუდვებია, ვიდრე ევროპაში, ამიტომ გადავწყვიტეთ კოლუმბიით დაგვეწყო. ვაპირებთ ღონისძიებები მექსიკასა და კოსტა რიკაშიც ჩავატაროთ. დიდი ფესტივალი და გრანდიოზული შეკრება ვერ იქნება, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ვუმასპინძლებთ“, - აღნიშნა სიგუამ. გიორგი სიგუა, შორი მანძილის მიუხედავად, ფესტივალზე საქართველოს მოქალაქეებსაც ეპატიჟება. „ძალიან კი გვინდა ჩვენი თანამემამულეები დაესწრონ ივენთს, მაგრამ ისიც გვესმის რომ კოლუმბია შორსაა და ივენთი კაი გვარიანი ძვირი სიამოვნება დაგიჯდებათ. ამიტომ გადავწყვიტეთ ერთი ან ორი გულანთებული მამულიშვილი ქართველი ჩვენ დავაფინანსოთ თავისი თვითმფრინავის ბილეთით და ყველა ხარჯით. დაწერეთ კომენტარებში რამე ჭკვიანური (გვირჩიეთ რამე, მოყევით, გაიხსნეთ ისტორია, მოკლედ, რაც მოგაფიქრდებათ) და ვის კომენტარსაც ექნება ყველაზე მეტი გამოხმაურება, ამოვარჩევთ და 4 ან 5 მაისს ჩამოგაქროლებთ კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში. პირველ მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გამოვავლენთ ბედნიერ რჩეულებს“, - ნათქვამია GEM FEST-ის Facebook-გვერდზე გამოქვენებულ პოსტში. ცნობისთვის, ტურისტული მიზნებისათვის კოლუმბიის რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმია დაწესებული.

1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ ავტომობილს ძველი სანომრე ნიშნები ექნება, მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. სააგენტოში ამბობენ, რომ გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე. აქვე საყურადღებოა, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება", - ნათქვამია განცხახებაში.

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის შემდეგ მეც მქონდა გვერდითი მოვლენები

ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ AstraZeneca-ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მასაც ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რაც სისუსტეში გამოიხატებოდა. "მე თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია. ალბათ აკვირდებით რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძნობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც Pfizer-ს,“ - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით 23 მარტს საჩხერეში აიცრა.

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში შემოტანილი ვაქცინები კორონავირუსის ახალ შტამზე სრულიად მოქმედებს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში შემოსული ვაქცინები კორონავირუსის ახალ შტამზე დადებითად მოქმედებს. "ეს ვაქცინები, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულიად მოქმედებს ახალ შტამზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ AstraZeneca-ს აქვს საფუძვლიანი კვლევები. ის გამოიყენებოდა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე ბრაზილიაში. რისკი არ დგას, რომ ამ აცრების გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობის ავადობა გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დამატებით ვაქცინებზე და ვაქცინების მენიუს გაზრდაზე ვმუშაობთ და ველოდებით ასევე ვაქცინების სხვა სახეობებს,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს ხვალ ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს ხვალ ეწვევა. დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა. მას შემდეგ, რაც დანიელსონმა თბილისი დატოვა ის ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და ფასილიტაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება.